რეკლამაspot_img

უნიკალური ენტომოლოგიური ალბომი

ნინო ხვედელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თანამედროვე ენტომოლოგია რთული მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის
მწერებს, მათს სტრუქტურასა და ცხოვრების ნირს, მათს ინდივიდუალურ და
ისტორიულ განვითარებას, ფორმების მრავალფეროვნებას, დედამიწაზე მათ
განაწილებას დროსა და სივრცეში, ურთიერთობას გარემოსთან, მათ როლს სოფლის
მეურნეობასა და ადამიანის ცხოვრებაში და ა.შ. ამოცანების მიხედვით, იგი იყოფა
ქვედარგებად.
სიტყვა ენტომოლოგია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვა სიტყვით ნიშნავს
სწავლებას მწერების შესახებ (ἔντομον – მწერი და λόγος – სწავლება). მწერების
მრავალფეროვანმა და საინტერესო სამყარომ უხსოვარი დროიდან მიიქცია
ადამიანების ყურადღება. პირველი ენტომოლოგიური ცნობები გვხვდება ჩვენს
ერამდე შექმნილ ძეგლებში: ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის თიხის
ფირფიტებზე და ეგვიპტურ პაპირუსებში აღწერილია კალიების დამანგრეველი
თავდასხმები. ამავე პერიოდის ძველ ჩინურ ხელნაწერებში საუბარია აბრეშუმის
ჭიების გაშენებისა და ბოსტნის მავნებლი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის
მეთოდებზე.  ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს (ძვ. წ. IV ს.) ნაშრომები
შეიცავს ცნობებს მწერების შესახებ.  ჯერ კიდევ მაშინ მეცნიერმა ცალკე გამოყო
„უსისხლო ცხოველების“, ანუ „ენტომას“ ჯგუფი. თუმცა, ენტომოლოგია, როგორც
მეცნიერება, წარმოიშვა მხოლოდ XVII საუკუნეში. მას საფუძველი ჩაუყარეს
ჰოლანდიელმა, იტალიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა: ი. სვამერდმა (ფუტკრის
ანატომიისა და განვითარების შესახებ), მ. მალპიგმა (აბრეშუმის ჭიის ანატომიისა და
განვითარების შესახებ), ფ. ბუონანიმ (მწერების პირის ღრუს აპარატის აგებულება)
და ი. გედარტმა (მწერების მეტამორფოზები).

XVII საუკუნეში მწერების სისტემატიზაციის შექმნის პირველი მცდელობები
ჰქონდა ინგლისელ მეცნიერს ჯონ რეის. მწერების ანატომიის შესწავლა  XIX
საუკუნის შუა ხანებამდე ძირითადად შემოიფარგლებოდა მათი გარეგნული
შესწავლითა და ქიტინოვანი ჩონჩხის აღწერით. მოგვიანებით საჭირო
გახდა მწერების სხეულის ნაწილების ჰისტოლოგიური სტრუქტურის შესწავლა.
მათი სხეულის დანამატების ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასარკვევად აუცილებელი
იყო ემბრიოლოგიური კვლევები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ზოგიერთი დანამატი
მოდიფიცირებული კიდურია, ზოგი კი უბრალოდ ქიტინური ჩონჩხის გამონაზარდი
და მას არ გააჩნია მორფოლოგიური მნიშვნელობა.
მწერების მორფოლოგიამ მრავალი მკვლევარი დააინტერესა. ერთ-ერთი
მათგანი გახლდათ გერმანელი ნატურალისტი, ენტომოლოგი და ილუსტრატორი
კარლ გუსტავ იაბლონსკი (1756–1787). იგი პრუსიის დედოფლის, ელიზაბეტ-
ქრისტინა დე ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნის (1715-1797) პირადი მდივანი
იყო. გუსტავი გატაცებული იყო ენტომოლოგიით. იგი მუშაობდა მწერთა კლასის
მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა აგებულებისა და განვითარების საკითხებზე.
გუსტავ იაბლონსკიმ გამოსცა ნაშრომი „Natursystem aller bekannten in – und
ausländischen Insekten: Käfer Atlas“. ალბომის პირველი ტომი – მწერები (ლათ. 2
„Insecta“) დაიბეჭდა 1783 წელს, ბერლინში. მისი ერთი ნაწილი – „Lepidoptera“
დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის მუზეუმის“ ფონდში. ეს ერთ-ერთი
ყველაზე ადრეული და ფუნდამენტური ნაშრომია ქერცლფრთიანების ანუ პეპლების
შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ალბომი დაზიანებულია. არ
ახლავს არც თავფურცელი, მის ფუნქციას ასრულებს ფანქრით შესრულებული
ჩანაწერი.

მწერები ცხოველთა სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები
არიან. მათი მილიონ სამასი ათასი სახეობაა აღწერილი. იაბლონსკი
არაჩვეულებრივად ხატავდა. ალბომში ჩანახატების უმრავლესობა ავტორის მიერ
არის შესრულებული. თითოეული გრავიურა ესთეტიკური დახვეწილობითა და
მეცნიერული სიზუსტით ხასიათდება. ამიტომ ენტომოლოგთა წრეებში დღესაც
აღნიშნავენ, რომ იაბლონსკის ნაშრომი უნიკალურია, რადგან მწერების შეფერილობა
და მათი სხეულის ფორმები სამეცნიერო სიზუსტით არის გადმოცემული.
„Natursystem aller bekannten in- und ausländischen Insekten“ გახლდათ
მეცნიერის მთავარი ენტომოლოგიური ნაშრომი ეგზოტიკურ და ევროპულ
პეპლებზე. იაბლონსკი აღნიშნავდა პეპლების ბუნებრივ ფორმებს, ფერებსა და
დეკორატიულ ნიმუშებს. ეს იყო პეპლების კატალოგიზაციის პირველი მცდელობა,
რომელიც მთლიანად კარლ ფონ ლინეის ტაქსონომიურ სისტემას ეყრდნობოდა.
გამოცემაში განხილულია ფეხსახსრიანების (Coleoptera) ტიპის, ქერცლფრთიანების
(Lepidoptera) რიგის მრავალი ეგზოტიკური და ევროპული პეპლის სახეობა. 27,5×21,5
სმ. ზომის ალბომი მოიცავს 51 გრავირებულ ფურცელს. თითოეულ ფურცელზე
ორიდან თორმეტამდე სხვადასხვა სახეობის პეპელაა ასახული. გამოცემის
შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ პეპლების ბუნებრივი შეფერილობის
გადმოცემა. ალბომის ილუსტრაციები სპილენძზე გრავირების მეთოდით არის
შექმნილი. გრავიურები შეასრულა დარშოუმ, შმიდტმა, ჰაუზინგერმა და სხვებმა.
იმდროინდელი სტამბა არ იძლეოდა შესაძლებლობას, შეექმნათ მაღალი ხარისხის
ფერადი ილუსტრაციები, ამიტომ იბეჭდებოდა მხოლოდ პეპლების კონტურები,
რომლებიც შემდგომ იღებებოდა. ალბომის უნიკალურობა, მეცნიერული
თვალსაზრისის გარდა, ისიც არის, რომ მისი ილუსტრაციები აკვარელის ფერადი
საღებავით ხელით არის გაფერადებული.

გასაკვირი არ არის კარლ გუსტავის გატაცება ბუნების ყველაზე პატარა
არსებებით, განსაკუთრებით კი – პეპლებით. ისინი ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი
გამორჩეული ჯგუფია არა მხოლოდ მეცნიერული ღირებულებების, არამედ დიდი
ესთეტიკური მნიშვნელობის გამო. სწორად, ამით არის გამოწვეული მრავალი
კოლექციონერის დაუოკებელი სწრაფვა, რაც შეიძლება მრავლად მოიპოვონ
გამორჩეულად ლამაზი და იშვიათი სახეობები.
პეპლები გავრცელებულნი არიან თითქმის ყველა კონტინენტზე, დედამიწის
ყველა ბუნებრივ ზონასა თუ სარტყელში, რაც მათ ბიომრავალფეროვნებას
განსაზღვრავს. მსოფლიოში ცნობილია პეპლების ასორმოცი ათასი სახეობა. მათ
მრავალფეროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი
ეკოსისტემების ფუნქციონირებისა და მდგრადობის შენარჩუნებაში. დიდია მათი როლი კვებით კავშირებში. ეს განსაკუთრებით ითქმის მატლის ფაზაში –
მუხლუხოებზე, რომლებიც მრავალი ცხოველისა და ფრინველისათვის გემრიელ და
ნოყიერ საკვებს წარმოადგენს. აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყანაში (ჩინეთი,
იაპონია, კორეა და სხვა) ისინი მოსახლეობის კვების რაციონის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილია.

პეპლებიდან აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ჯგუფი – დამმტვერავები,
რომლებიც მონაწილეობენ მცენარეების გამრავლებაში. ისინი ახდენენ
ენტომოფილური მცენარეების ჯვარედინ დამტვერვას. ამ მხრივ ყურადსაღებია
ღამის პეპლები. მათ გარეშე მცენარეები ვერ წარმოქმნიან თესლს.
კარლ გუსტავ იაბლონსკი გარდაიცვალა 31 წლის ასაკში. მან მხოლოდ ერთი
ტომის – ქერცლფრთიანების და ხოჭოების გამოცემა მოასწრო. გუსტავის
გარდაცვალების შემდეგ მისი ნაშრომების რედაქტირებას შეეჭიდა მისი კოლეგა –
იოჰან ფრიდრიხ ვილჰელმ ჰერბსტი (1743-1807). მან გამოსცა კარლ გუსტავის
ენტომოლოგიური ნაშრომის – „Natursystem aller bekannten in – und ausländischen
Insecten“ – შემდეგი ცხრა ტომი. ტომეული ბერლინში დაიბეჭდა 1785-1804 წლებში.
იაბლონსკი-ჰერბსტის ტომეული მნიშვნელოვანი სიტყვა იყო
ენტომოლოგიაში, როგორც სამეცნიერო-კვლევითი თვალსაზრისით, ასევე სოფლის
მეურნეობასა და მედიცინაში ჩატარებული პრაქტიკული სამუშაოებისათვის.
ამასთანავე, ამ გამოცემამ საფუძველი ჩაუყარა ენტომოლოგიური ატლასების
შექმნის კულტურას.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები