რეკლამაspot_img

მიზანი – ნაკლები ზიანი გარემოს

მდინარე მაშავერას იქთიოფაუნის კვლევა
კვლევა ჩატარებულია ,,მწვანე ბოლნისის“  მიერ, ექსპერტი აბესალომ ჯალაღონია

საველე კვლევის მიზანია მონაცემების შეგროვება მდინარე მაშავერას 7 კილომეტრიან მონაკვეთზე  ეკოლოგიური საბაზისო მონაცემების შემუშავების მიზნით, რადგან  აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს  საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთმა უმსხვილესმა საწარმომ, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებით საქმიანობას ეწევა. კომპანიები „არემჯი  გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და  ოქროსშემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავებით აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარ-ფაბრიკატის სახით).

  • საველე კვლევის მიზანია მდ. მაშავერას 9 წერტილიდან ნიმუშების აღება;
  • თევზის სახეობების, მათი პოპულაციის ასაკობრივი ურყევობის დადგენა;
  • ძირითადი სახეობების თევზების იდენტიფიკაცია;
  • მდინარის ნიმუშების აღების ადგილებიდან ფიტო და ზოოპლანქტონის არსებობის და/ან არ არსებობის დადგენა;
  • თევზებში (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული) დაავადებების გამოვლენა მიკროსკოპის საშუალებით;
  • ანალიზი ბაზის შესაქმნელად, რათა შეფასდეს მდ. მაშავერას იქთიოფაუნაზე შესაძლო გავლენა.
  1. საკვლევი ტერიტორია და ნიმუშების აღების ადგილები
  2. „მაშავერა ქვედა“ საკვლევი წერტილი მდებარეობს მდ. მაშავერაში კაზრეთულას ჩადინების წერტილიდან მდინარის დინების მიმართულებით ქვედა წელში, დაახლოებით 5 კმ-ის მანძილზე. ამ წერტილებში შესაძლებელია დაფიქსირდეს საწარმოს ტერიტორიიდან გასული ნებისმიერი დაბინძურებული წყალი და მჟავე კარიერული წყლები (ამავე უბანზეა დამონტაჟებული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური დაკვირვების სადგური).
  3. „მაშავერაფონის“ შერჩეული წერტილები მოიცავს კაზრეთულას შეერთების წერტილიდან მდ. მაშავერას ზედაწელს, მდინარის საპირისპირო მიმართულებას დაახლოებით 2 კმ-ის მანძილზე და წარმოადგენს ფონური კვლევების ტერიტორიას.

შესასწავლი ბიოლოგიური რესურსები:

  • თევზები;
  • მაკრო – უხერხემლოები;
  • პერიფიტონი;
  • დაავადებები;
  • წყლის ხარისხი;

მდინარე მაშავერაზე მითითებული ლოკაციები წარმოადგენს შესასწავლი ადგილების მაქსიმალურ და/ან მინიმალურ რაოდენობას.

 შესაგროვებელი მონაცემები მოიცავს:

  • თევზებს – ორიენტირება ხდება სახეობების სიმრავლეზე, გავრცელებასა და თევზების ქსოვილების დაავადებებზე, დაბინძურებაზე;
  • მაკროუხერხემლოები – მრავალფეროვნება, სიმრავლე;
  • პერიფიტონი – რიყის ქვებსა და ლოდებზე მზარდი ბიომასა, რომელიც იქმნება სუფთა წყალში, დაბალი დინების პირობებში, სინათლის კარგი შეღწევადობით;
  • წყლის ხარისხი – ორიენტირება ხდება მძიმე მეტალებზე, ურბანულ დამაბინძურებელ ნივთიერებებზე, მიკრობიოლოგიურ ანალიზზე.

მეთოდოლოგია

მომზადდა ნიმუშების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდოლოგია, რათა შეგროვდეს ობიექტური მონაცემები მდინარე მაშავერაზე წყლისა და ჰიდრობიონტების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, 2017 წ. ფარცვანიას, კაშიას, ჰანუმოლშას „ფერმერობა მეთევზეობაში“, 1980 წლის (პატარიძის, კოხიას, კაკაურიძის) კვლევების და „თევზისა და თევზის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა“ (ნათიძე, ხელაია, მარტაშვილი, ფირანიშვილი, თორთლაძის) მეთოდების მიხედვით.
თევზები დომინანტური ცხოველების ჯგუფია წყლის ბიოცენოზში, ისინი ადაპტირდნენ წყლის გარემოში სხვადასხვა პირობებთან, მათზე ზემოქმედი ფაქტორებია – ბიოტური და აბიოტური ფაქტორები. თევზები მათი საარსებო გარემოს ძირითად ინდიკატორებად ითვლებიან, თავიანთი მრავალმხრივი ქცევითი სტრატეგიებიდან, ასევე ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის პირობების ფართო სპექტრის მიმართ თავიანთი სენსიტიურობიდან გამომდინარე.  

სტატისტიკური ანალიზი

სტატისტიკური ანალიზი გამოყენებულ იქნა მრავალფეროვნების დასადგენად. მრავალფეროვნება შეფასდა დაჭერილი სახეობის რიცხოვნობით, რაც თევზის სახეობის სიმრავლის მაჩვენებელია.

მაკროუხერხემლოები

ნიმუშები ავიღეთ იმავე ადგილებში, სადაც განხორციელდა თევზჭერა, ადგილების შერჩევა მოხდა მდებარეობის შემოწმების შემდეგ.

 მონაცემთა შეგროვების მეთოდები

ფიტო და ზოოპლანქტონი შეგროვდა ჩოგანბადით, მიკროორგანიზმები მოთავსდა მინის ჭურჭელში შემდგომი ანალიზისათვის. მიკროსკოპული დათვალიერებით დადგინდა მათი სახეობები: ფიტოპლანქტონი (აფანიზომენონი, სპიროგირა, მიკროცისტისი, მელოზირა); ზოოპლანქტონი (ინფუზორია, როტიფერები, დატოტვილულვაშიანი კიბოსნაირნი); ბენთოსი – მდინარის ფსკერზე მცხოვრები უხერხემლოები (მცირეჯაგრიანი ჭიები, ამფიპოდა, ერთდღიანი მატლები, მოლუსკა, რუისელები).

პერიფიტონი

პერიფიტონი აღნიშნავს ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებიც არსებობენ თითქმის ყველა დინების ზედაპირზე, მასში ჩვეულებრივ დომინირებს ფსკერული წყალმცენარეები, მოიცავს ბაქტერიებს, სოკოებსა და სხვა ორგანულ ნივთიერებებს. ფსკერული წყალმცენარეები არიან პირველადი მწარმოებლები მდინარეში, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვებს მაკროუხერხემლოებისა და თევზებისათვის. ფსკერული წყალმცენარეები სწრაფად რეაგირებენ შეცვლილ გარემო პირობებზე და პირველი ორგანიზმები არიან, რომლებიც რეაგირებენ და სტრესიდან გამოდიან.
წყალქვეშა ეკოსისტემაში ფსკერზე მცხოვრები მაკროუხერხემლოები წარმოადგენენ კვების ჯაჭვის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით – თევზებისათვის. ბევრი უხერხემლო იკვებება წყალმცენარეებითა და ბაქტერიებით, რომლებიც საკვები ჯაჭვის ქვედა დონეზე არიან. სიმრავლისა და პოზიციის გამო ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ბუნებრივი ენერგეტიკული ნაკადის, ისე საკვები ნივთიერებების კუთხით. ნაკადის რეგულირება, მდინარეების დამბებისა და წყალსაცავების მოწყობით, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც იწვევს წყლის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დასუსტებას. ძირითადი მწარმოებლების თანასაზოგადოების სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება ასახულია საკვები ჯაჭვის უმაღლესი კომპონენტების შემდგომ ცვლილებებზე, მაგალითად, ფსკერზე მცხოვრებ მაკროუხერხემლოებსა და იქთიოფაუნაზე.
მდ. მაშავერას სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა:

  • კაზრეთულას გაწმენდითი ნაგებობის სხვადასხვა ფილტრებთან ერთად კირის ფილტრების დამონტაჟება;
  • მდ. მაშავერაზე კაზრეთულას ჩადინების წერტილიდან სოფ. კიანეთის მცირე კაშხლამდე;
  • დანალექი გრუნტის მექანიკური ამოწმენდა.

სოფელ რატევნიდან რაჭისუბნის „სლუჟამდე“, მდებარეობის შესაბამისად, ჩაღრმავდეს მდინარის კალაპოტი შესაბამისი სტანდარტით, რათა მთელ ამ ფართობზე მოეწყოს ადგილობრივი და მომავალში მიგრანტი სახეობის თევზებისათვის გამოსაზრდელი და გამოსაზამთრებელი პირობები.
მდ. მაშავერას ბიომრავალფეროვნებისათვის იქთიოფაუნის მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია წლის ოთხივე პერიოდში, გაზაფხულზე ტოფობისათვის მათი ნასუქობის, სახეობების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენა, ზაფხულში ტოფობის ადგილების დაფიქსირება და ლიფსიტების გუნდის (ჯოგის) ნახვამდე მუდმივი მეთვალყურეობა, შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლომდე, მიმდინარეობს თევზების ყველა ასაკობრივი ჯგუფის გამოზრდა გამოსაზრდელ ადგილებში, ამ პერიოდში დგინდება მათი ნასუქობის კოეფიციენტი (გამოზამთრებისათვის აუცილებელია თევზებმა დააგროვონ თავიანთი წონის 14% ცხიმი) და ზამთარში მდინარის აუზში გამოსაზამთრებელი ადგილების მოძიება, მათზე მომავალში შესაძლებელია მდ. მტკვრის აუზში მობინადრე თევზების: ჭანარის, მურწას, წვერას, ხრამულის, ასევე სხვა სახეობის თევზების ხელოვნური ინკუბირება, გამოზრდა და მაშავერას ტიპის მდინარეებში მათი გაშვება.
სოფელ რატევნიდან რაჭისუბნის  „სლუჟამდე“ აქვთ მოწყობილი ორი კარიერი, მათ მეპატრონეებს უნდა მიეცეთ  შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურებიდან მკაცრად განსაზღრული პერიოდი მდინარის კალაპოტიდან ბალასტის ამოღებისათვის. მაგალითად, არ შეიძლება მდინარის კალაპოტის ცვლილება ტოფობის წინა, ტოფობისა და გამოსაზრდელ პერიოდებში, რადგან ის საგრძნობლად ამცირებს საკვებ ბიომასას და არღვევს ტოფობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას მდინარეში. ბალასტის ამოღება მდინარიდან შესაძლებელია მხოლოდ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, მათი ეს საქმიანობა უნდა იქნეს გამოყენებული მდ. მაშავერაზე თევზებისათვის აუცილებელი საარსებო გარემოს შესაქმნელად.

რეკომენდაციები მართვის კუთხით:

ზემოქმედება მდ. მაშავერას ეკოსისტემაზე იქნება მეტად უმნიშვნელო თუ:

ა) კაზრეთულას ჩადინებამდე მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობები თანამედროვე ტექნოლოგიებით;

ბ) მდ. მაშავერას დანალექი ადგილები კაზრეთულას ჩადინებიდან რაჭისუბნის „სლუჟამდე“ ამოიწმინდება  დანალექისაგან;

გ) მდ. მაშავერას ბიომრავალფეროვნებისათვის იქთიოფაუნის მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება;

დ) მდ. მტკვრის აუზში მობინადრე თევზების: მურწა, ჭანარი, ხრამული, წვერა და სხვა თევზების ხელოვნური ინკუბირებისა და მათი ლარვების გამოსაზრდელი მეურნეობა მოეწყობა.

 

 

გარემოსდაცვით საკითხებში „არემჯი კოპერის“ დირექტორის მიხეილ კვარაცხელიას ინფორმაციით, კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, მდ.კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის მიზნით უკვე ერთი წელია რაც სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმვის, დაპროექტებისა და სამშენებლო სამუშოები, რომლის საბოლოო მიზანს მდინარის სრული დაცვა წარმოადგენს.
სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული მდ. კაზრეთულასთან მიმართებაში „ხისტი“ მეთოდის გამოყენებაზე რაც, მდინარის გარკვეული მონაკვეთის, დროებით მილში ინკაფსულაციას გულისხმობს. აღნიშნული პროექტის მეორე სტადია მოიცავს მდინარის ქვემო წელში ავარიული დამჭერი რეზერვუარების კასკადის მშენებლობას (რაც ფაქტიურად უკვე დასრულებულია), ხოლო  ბოლო ეტაპი მოიცავს აღნიშნული კასკადის შემდგომ ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. პროექტის მესამე ეტაპის წინასაპროექტო სამუშოები მიმდინარეობს და მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დაწყება.
იგივე მიზანს ემსახურება კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი, რაც გულისხმობს სპილენძის კუდსაცავიდან დრენირებული წყლების საკონტროლო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს პროექტიც უკვე დასკვნით სტადიაშია და წლის ბოლოსათვის სპილენძის კუდსაცავიდან დრენირებული დაბინძურებული წყლის მდინარეში მოხვედრის ალბათობა სრულიად გამოირიცხება.
კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნული პროეტქებით. მათ აქვთ გრძელვადიანი გარემოსდაცვითი გეგმა, რომელშიც ასახულია მდ. მაშავერას აღდგენის სამუშაოები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომპანია თანამშრომლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა ჯგუფთან, რომლებმაც უკვე დაიწყეს გარკვეული კვლევების ჩატარება და მომავალი წლის განმავლობაში ამ და კიდევ სხვა დამატებითი კვლევების საფუძველზე განსაზღვრავენ თუ რა სახის კონკრეტული სამუშოები იქნება ჩასატარებელი მდ. მაშავერაში იქტიოფაუნის საბოლოო აღდგენისათვის.
კომპანიას შემუშავებული აქვს ახალი მონიტორინგის გეგმა, რომელიც მოიცავს მდინარეების ხეობებში იქტიოფაუნის მონიტორინგს.

 

ENG
Impact on the river Mashvera’s ecosystem will be very insignificant if:

  1. A) water treatment facilities with modern technologies will be arranged before the river of Kazretsula joins the river of Mashavera;
  2. B) the river Mashvera’s sedimentary places will be cleared from the junction of rivers of Kazretula and Mashavera till the Rachisubani village;
  3. C) the constant monitoring of Mashaveras biodiversity;
  4. D) arrangement of the artificial incubation of local fishes and their livestock farms;
რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები