რეკლამაspot_img

ველური ბუნება – ჩვენი საგანძური

მსურს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ნადირობის კანონის თემას. წლები გადის და მის სრულყოფას საშველი არ ადგას, არადა სანადირო ტურიზმის განვითარება ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებს როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. მისი არსი და ფუნქცია უმნიშვნელოვანესია როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარების მხრივ.
წარმოუდგენელია ტყის კოდექსის განხილვა ნადირობის კანონის გარეშე; ეს იგივეა, ააშენო სახლი და არ გათვალო მაცხოვრებელზე. ამდენად, აბსურდია ჩატარდეს ტყით მოწყობა მობინადრე ცხოველების საცხოვრებელი პირობების გათვალიწინების გარეშე. ასევე შეუძლებელია ფლორისა და ფაუნის ბალანსის შენარჩუნება მათი თანაარსებობის აუცილებელი პირობების გარეშე. თუ ვინმეს ოდნავ მაინც ჰქონია შეხება ბუნებასთან, შეამჩნევდა, რომ ეს ხარვეზი მკვეთრად არის გამოხატული და უარყოფითად მოქმედებს ფაუნის ბუნებრივი აღწარმოების პროცესზე. ასევე, მდინარეებში ჰესების, ინერტული მასალის ქაოსური მოპოვებისა და ბრაკონიერული მეთოდებით თევზჭერის გამო, თითქმის განადგურების პირასაა მისული იხტიოფაუნაც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საოცარი ტემპით იზრდება ტურიზმი და მოთხოვნილება ნადირობაზე, სახელმწიფოს ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ შეუფასებია სანადირო ტურიზმის არსი. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ბოლო 10–12 წლის მანძილზე  წამოწყებული ინიციატივები სათანადო კანონის შექმნაზე ყურადღების მიღმა რჩება და წარუმატებლად მთავრდება. არადა, სანადირო ტურიზმის ასეთი მდგომარეობით იკარგება დიდი ფინანსური შემოსავლები, ისევე როგორც შესაძლებლობა, ხელი შეეწყოს სოციალური საკითხების მოგვარებას. სანადირო ტურიზმი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი სფეროა. იხილეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა: როგორ ინდუსტრიულ დონეზეა აყვანილი ეს მიმართულება. კიდევ ერთხელ დავძენ, რომ სანადირო ტურიზმი მთლიანობაში მთელი ინდუსტრიაა და მოიცავს იმ სოციალურ სფეროს, სადაც მოსახლეობის დასაქმებისა და ინფრასტრუქტურულ მოწყობაში  ყველაზე  მეტი პრობლემები გვაქვს. ასევე, ნუ დავივიწყებთ ქვეყანაში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, რაც სანადირო ტურიზმთან თანხვედრაშია.
სანადირო ტურიზმის სწორი პოლიტიკა გულისხმობს მის მართვასა და განვითარებაში წამყვანი როლის საზოგადოებისთვის მინიჭებას (საზოგადოებაში იგულისხმება სხვადასხვა კლუბებისგან შემდგარი ე.წ. „საზოგადოება“). ამდენად, მართვისთვის საჭირო ადამიანური რესურსი სახელმწიფოს არ დააწვება ტვირთად. ხოლო სახელმწიფო უნდა მოგვევლინოს ამ სფეროს კოორდინატორ, მარეგულირებელ და მაკონტროლებელ შტოდ. ეს კი გამართული საკანონმდებლო ბაზის გარეშე შეუძლებელია.

თეიმურაზ ტყემალაძე
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა
ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე

ENG
“…Despite the fact that tourism constantly increases in Georgia as well as the demand for hunt, the state has not yet appreciated the essence of hunting tourism. The initiatives to create an appropriate law on hunt that took place during the last 10-12 years unfortunately remain as only initiatives and end up unsuccessfully. However, in terms of hunting tourism, huge financial revenues are lost as well as the possibility of solving social issues…”

რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები