რეკლამაspot_img

ჭიათურა

ევროპის კარი კი გაიხსნა, მაგრამ საინტერესო ადგილების ნაკლებობა არც საქართველოშია. ჭიათურა უსამართლოდ მივიწყებული ქალაქია. ნამდვილი მოგზაურებისთვის აქაური მრავალფეროვნება  აღმოჩენა  იქნება.

ჭიათურა პატარა ქალაქია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს მის მიდამოებში დაწყებული მანგანუმის (გამოიყენება ფოლადის წარმოებაში) მოპოვების წყალობით ჩამოყალიბდა და დაიწყო განვითარება, როგორც მზარდმა ინდუსტრიულმა დასახლებამ. მისი ძირითადი ღირსება  ინდუსტრიული მემკვიდრეობაა მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი შენობებითა და საინჟინრო ნაგებობებით. ქალაქი გამოირჩევა თავისი დრამატული ლანდშაფტით: მდინარის გასწვრივ განლაგებული კლდოვანი ფლატეებით. ქალაქის უბნებს შორის სიმაღლის დიდი სხვაობის გამო საბაგირო გზების რთული სისტემა განვითარდა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს ბოლო წლებში და ხდება თანამედროვე საბაგირო სისტემით და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. ქალაქში მდ. ყვირილას პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც მრავალი გამოქვაბულია შემორჩენილი, რომლებში შესვლა მხოლოდ გამოცდილმა მთამსვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით. აქ აღმოჩენილია ადრეული ზედა პალეოლითური (34000 წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები. ყველაზე ძველი ძაფი აღმოჩენილი იყო ჩეხეთში (ძვ.წ. 29000 წ)… დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელს მსოფლიოში. ჭიათურის პლატოზე და მის მიმდებარე სოფლებში მრავლადაა სამონასტრო კომპლექსები, სადაც დაახლოებით VI-VIII სს-ში უკვე მიმდინარეობდა სამონაზვნო ცხოვრება. შორს წაგვიყვანს დაწვრილებით ჩამოვთვალოთ, თუ რა ღირსშესანიშნაობებია ქალაქსა და  მის  მიმდებარე  სოფლებში.

ჭიათურის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია სახელმწიფოში. ქალაქს აქვს კულტურის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამუსიკო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები, აქვს საფეხბურთო სტადიონი და წარმატებით ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობა. ჭიათურაში მრავლადაა საგანმანათლებლო კერები, ბიბლიოთეკები, რომლებსაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტებით, მათ შორისაა პროექტი, რომელიც გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების გამოცოცხლება-განვითარებას, წიგნადი ფონდით შევსებას და ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, ასევე მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ტექნიკით ბიბლიოთეკის  უზრუნველყოფას, რომელსაც, ქალაქის ადგილობრივ მმართველობასთან ერთად, მხარში უდგას ჯორჯიან მანგანეზის საწარმო, რომელიც ახორციელებს მანგანუმის მოპოვებასა და გადამუშავებას და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. აქ მოიპოვება უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშა, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, არის მარმარილოს საბადო  და  სხვა.

ჭიათურა, როგორც საწარმო, განსაკუთრებით დგას მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე. გარემოსადმი მიყენებული ზიანის უდიდესი ნაწილი მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება: დაბინძურებული წყალი, ჰაერი, ღია კარიერები და გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები. ამ მძიმე ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა მუდმივი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან, რათა დარეგულირდეს მანძილი სამრეწველო ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომ აღმოიფხვრას მავნე ზეგავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე მდინარე ყვირილაზე უნდა იყოს გამწმენდი ინფრასტრუქტურა  ჩამდინარე წყლებისა, რაც მადნის დახურული გადამუშავების ციკლს წარმოადგენს და გამორიცხავს მდინარე ყვირილას დაბინძურებას. მუდმივად უნდა ხდებოდეს მანგანუმის მოპოვების ადგილებზე მიწის რეკულტივაცია და მწვანე ნარგავების განაშენიანება. ბოლო დროს წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ საწარმომ შეიძინა მანქანა, რომლის საშუალებითაც ირეცხება გზები, აიკრძალა მძიმეწონიანი, მადნით დატვირთული მანქანების გადაადგილება ქალაქში. თუ დაცული იქნება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და ნორმალურ პირობებში მოუწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება, ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი იქნება ჭიათურა როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტული განვითარების თვალსაზრისით.

თეა გაჩეჩილაძე

ENG
Recently more attention has been paid to projects implemented by the National Parliamentary Library of Georgia and the Library Association of Georgia in the municipality of Chiatura, including projects aimed on the development of rural libraries, providing more books, and accessing the Internet for all rural libraries.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები