რეკლამაspot_img

ნავთობპროდუქტებით  გარემოს  დაბინძურების ლიკვიდაცია და პრევენცია – ქართული  ინოვაციური  ტექნოლოგია

ზღვის სანაპირო ძალზე მნიშვნელოვანი ზონაა როგორც ეკოლოგიური, ასევე ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობით. ეს ზონა მოიცავს ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროს საკმაოდ მოწყვლად სასაზღვრო ზოლს,  მაგრამ გარდა ზღვასა და ხმელეთს შორის კონტაქტის არეალისა, აღნიშნული ზოლი წარმოადგენს გეოგრაფიული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედებათა რთულ კომპლექსს, სივრცეს, სადაც, ერთი მხრივ, ადამიანი, თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, განსაკუთრებული ინტენსივობით ზემოქმედებს გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, თავს იყრის ზღვის, ხმელეთის, მდინარეების შესართავების, ჭარბტენიანი ტერიტორიების უნიკალური, მდიდარი ბიომრავალფეროვნების მქონე  ეკოსისტემები. ამგვარი ურთიერთქმედება წარმოიქმნის კონფლიქტის არეს, რომლის გადაჭრა მნიშვნელოვან ზოგადსაკაცობრიო  გამოწვევას წარმოადგენს.
საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების შედეგების გასაშუალოებული მონაცემების შესაბამისად, ზღვისპირა ქვეყნების მოსახლეობის მინიმუმ 50% სანაპირო ზონაში ცხოვრობს. ამას ემატება სანაპირო ზოლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა საკურორტო  სეზონის დროს. ძალზე შესამჩნევია საზღვაო გადაზიდვების როლის გაზრდა გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში. ე.წ. “სატრანსპორტო დერეფნების” უმეტესი ნაწილის ვექტორი ზღვისკენაა მიმართული, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სხვადასხვა დანიშნულების ახალი პორტების მშენებლობას ან არსებულის ტვირთბრუნვის გაზრდას. ეს კი განაპირობებს სანაპირო ზონაში განსაკუთრებული (ხელსაყრელი) ეკონომიკური და საბაჟო რეჟიმების ზონების შექმნას, რაც აღნიშნულ ზონებში ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას დამატებით მიმზიდველობას სძენს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 23 მეგაპოლისიდან 16 სწორედ სანაპირო ზონაში მდებარეობს.
სანაპირო ზონის მიმზიდველობა და მისი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების გაძლიერება უკავშირდება აღნიშნული ზონის ბუნებრივი რესურსების ინტენსიურ მოხმარებას. შესაბამისად, სანაპირო ზონის მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ხდება აქ არსებული ბუნებრივი კომპლექსების პოტენციალისა და გარემოს არსებული მდგომარეობის ზედმიწევნით ცოდნა, რესურსების რაციონალური გამოყენების დაგეგმვა, აგრეთვე, გარემოზე ანთროპოგენური დატვირთვის შერბილების თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნული სანაპირო ზონის მართვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რის გარეშეც უმეტეს შემთხვევაში გვაქვს რიგი ნეგატიური შედეგებისა, მათ შორის:

  • ლანდშაფტური, ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით ღირებული მიწის  რესურსების დაკარგვა;
  • საკუთრების (საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, ინფრასტრუქტურის ობიექტები და სხვა) დაზიანება ან განადგურება;
  • ბიომრავალფეროვნების (ზღვის, მდინარის, ხმელეთის) სახეობების გაქრობა;
  • კულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების ობიექტების დაკარგვა;
  • სანაპიროს რესურსებზე საზოგადოების წვდომის შეზღუდვა;
  • გარემოზე ანთროპოგენური დატვირთვის (ჰაერში ემისიები, ხმაური, ჩამდინარე წყლებითა და ნარჩენებით ზღვის დაბინძურება, ლანდშაფტის ვიზუალურ-ესთეტიკური მახასიათებლების გაუარესება და სხვა) უკონტროლო გაზრდა.
    ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს.

საერთაშორისო დონეზე განხორციელებული კვლევებიდან და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სანაპირო ზონის წარმატებული და მდგრადი ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ამ ზონის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, აგრეთვე მათი უაღრესად რაციონალური, მიზანშეწონილი გამოყენებისა და აღწარმოების  გარეშე.
საქართველოში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად გეოეკოლოგიურ სისტემად მიჩნეულია შავი ზღვის სანაპირო ზონა. აქ იგულისხმება ზღვის დონის პერმანენტული აწევის (ასევე სეზონური ფლუქტუაციების) შედეგად ზღვის ნაპირის წარეცხვისა და უკან დახევის პროცესი, რომელსაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სანაპირო ზონაზე ანთროპოგენური დატვირთვის ფაქტორის განუხრელად ზრდა (ინტენსიური სამეურნეო  ათვისების შედეგად).
ზემოაღნიშნულის ტიპური მაგალითია აჭარის სანაპირო ზონა, რომლის სახმელეთო ზოლის დიდი ნაწილი სხვადასხვა ინტენსივობით ირეცხება, ხოლო მისი ცალკეული მონაკვეთები ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც სტიქიური უბედურებების რისკის შემცველი.
ზღვისპირა დასახლებების კომუნალური ინფრასტრუქტურის არასათანადო მდგომარეობის გამო ზღვა ბინძურდება ჩამდინარე წყლებით, ხოლო პლაჟების ნარჩენებით დაბინძურება ზოგჯერ თითქმის კატასტროფულ ზღვარს უახლოვდება (თუმცა ბოლო დროს კლების ტენდენცია შეიმჩნევა). ეს იწვევს სანაპირო ზონის რეკრეაციული რესურსების გაღარიბებას, დამსვენებელთა და ტურისტების ნაკადის შემცირებას, აგრეთვე, საბოლოო ჯამში, ზოგადად მოსახლეობის იმ ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესებას, რომელიც თვითდასაქმებულია ტურიზმისა და საკურორტო მომსახურების სფეროში (მცირე სასტუმროები, ბინის გაქირავება, ტრანსპორტით მომსახურება, კვების პროდუქტებით მომარაგება და სხვა).
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მთავარი ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებში ან სუსტადაა განვითარებული ან პრაქტიკულად არ არსებობს სე-პარირებული ჩამდინარე წყლების შემკრები და სანიაღვრე, აგრეთვე ცენტრალიზებული გამწმენდი სისტემები – აშკარაა, რომ მიუხედავად ეკოლოგიური პრობლემატიკისადმი რომელიმე ცალკეული მუნიციპალური სამსახურის სათანადო მიდგომისა, უმეტეს შემთხვევაში დაბინძურება შავ ზღვაში ხვდება.
საქართველოს აქტიურმა ჩართვამ გლობალურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში გამოიწვია არსებული პორტების დატვირთვის გაზრდა და ახალი პორტების მშენებლობა. საყურადღებოა, რომ გადაზიდვებში დიდი ნაწილი უჭირავს ენერგომატარებლების (ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები) საზღვაო გადაზიდვებს. ამ მიზნებს ემსახურება ორი სპეციალიზებული ობიექტი (სუფსის ნავთობის ტერმინალის საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობა, ყულევის ნავსადგური), აგრეთვე სპეციალიზებული ტერმინალები ფოთისა და ბათუმის პორტებში. თავის მხრივ, ეს იწვევს ნავთობის ნახშირწყალბადებით ზღვის აქვატორიის დაბინძურებას. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წყლის ზედაპირზე ფლოტაციის უნარიდან გამომდინარე, ბინძურდება სანაპირო პლაჟებიც (ზვირთცემის ზოლის ფარგლებში).
ბოლო წლებში შავი ზღვის დაბინძურების მონიტორინგული შესწავლების შედეგად აშკარად გამოიკვეთა ზღვის სხვადასხვა პოლუტანტებით დაბინძურების სურათი.  ძირითადი დამაბინძურებელი ნავთობის ნახშირწყალბადებია. ამ თვალსაზრისით ე.წ. “ცხელ წერტილს” აჭარის სანაპირო, კერძოდ კი ბათუმის აკვატორია წარმოადგენს.
ბათუმი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან უკავშირდებოდა ნავთობის მიღების, გადატვირვისა და გადამუშავების ოპერაციებს, ამდენად, ბათუმის პორტში, ამჟამად მიმდინარე ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა, არსებულ არახელსაყრელ სიტუაციას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (ე.წ. „ბნზ-ს“) ყოფილ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული დაბინძურება. მდინარეები ყოროლისწყალი და ბარცხანა, რომელთა მიმართულებითაც ხდება ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერი-ტორიიდან მიწისქვეშა წყლების განტვირთვა, პრაქტიკულად შავი ზღვის ნავთობის ნახშირწყალბადებით დაბინძურების პერმანენტულ წყაროს წარმოადგენს. ამ ზონაში ასევე შესამჩნევია ჰაერის დაბინძურება (ნავთობის ინტენსიური სუნი). რაც ყველაზე საყურადღებოა, გრუნტის ნავთობით დაბინძურების გამო პრაქტიკულად გამოუყენებელი ხდება რამდენიმე ათეული ჰექტარი ტერიტორია ბათუმის ცენტრში, სადაც მიწის ღირებულება წლიდან წლამდე  მატულობს..
ეკოლოგიური თვალსაზრისით ნავთობით დაბინძურება საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბათუმის სანაპიროს რეკრეაციულ და ტურისტულ მნიშვნელობას – აქვატორიისა და პლაჟების დაბინძურების ეკონომიკური შედეგი შესაძლოა უფრო მძიმეც კი აღმოჩნდეს, თუმცა ეს ორი ფაქტორი მჭიდროდაა ურთიერთდამოკიდებული.
პრობლემების მთელი კომპლექსიდან (რაც ზოგადად ახასიათებს სანაპირო ზონას), საქართველოში ზოგიერთი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რისი მიზეზიც ძირითადად კომპლექსური მართვის მწყობრად ჩამოყალიბებული მიდგომებისა და მეთოდების გამოუყენებლობაა.
ეს, თავის მხრივ, ქმნის საზოგადოების ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ინტერესებს შორის კოლიზიების წარმოქმნის ნიადაგს, ამდენად, დადებითი ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია ერთ სისტემად იქნას მოაზრებული ბუნებრივი გარემო და ეკონომიკური საქმიანობა. ამგვარი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია:

  • სანაპირო ზონის ეკოსისტემის შემქმნელი და მათი პროდუქტიულობის განმაპირობებელი ბუნებრივი პროცესები;
  • რესურსები, რომელთა გენერირებაც ხდება სანაპირო ზონის ეკოსისტემებით;
  • ამ რესურსების გამოყენების შედეგად მისაღები პოტენციური ეკონომიკური და სოციალური სარგებლის განსაზღვრა;
  • სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებისა და მალიმიტირებელი ზღვრების დადგენა (ხელმისაწვდომი რესურსებიდან გამომდინარე).

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე თანამედროვე, გარემოს დამზოგი, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
თუ ზოგად მიდგომებს ნავთობით ზღვის აკვატორიისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების კონკრეტული პრობლემის ჭრილში განვიხილავთ, მიზანშეწონილია ისეთი მიდგომისა და მეთოდის გამოყენება, რომლებიც, მიმდინარე ეფექტურობის გარდა, შედეგის მდგრადობაზეც იქნება ორიენტირებული.
საზოგადოდ ცნობილია, რომ ნავთობპროდუქტებით დაბინძურებასთან ბრძოლის მექანიკური და ქიმიური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მის სრულ ლიკვიდაციას. იმავდროულად ამ მეთოდების არამდგრადი შედეგები და თანმდევი გვერდითი მოვლენები (ნარეცხი ხსნარების, ნავთობპროდუქტის ნაღვენთითა და ზეთებით დაბინძურებული გრუნტის შემდგომი უტილიზაცია) საგრძნობლად აძვირებს მათი გამოყენებით გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებს.
თანამედროვე მიდგომებში სულ უფრო და უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება ნავთობით დაბინძურებული გარემოს (წყალი, ნიადაგი, გრუნტი და ნებისმიერი ტიპის სხვა სუბსტრატი) გაწმენდის ისეთ მეთოდებს, რომელთა გამოყენებისას:

  • არ მოიხმარება სინთეზური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები;
  • გაწმენდა ეფუძნება ბუნებრივ, ბიოლოგიურ პროცესებს;
  • არ გვხვდება გენმოდიფიცირებული, პათოგენური ან მოცემული გარემოსათვის  უცხო  მიკროორგანიზმები;
  • დროის ხანგრძლივ პერიოდში მიიღება მდგრადი ეფექტები ნაკლები დანახარჯებით;
  • არ წარმოიშობა ეკოლოგიური თვალსაზრისით არახელსაყრელი გვერდითი მოვლენები;
  • არაა მკაცრად ლიმიტირებული სტანდარტები და მიიღწევა საკმაო მოქნილობა გამოყენების ადგილისა და პირობების თვალსაზრისით.

პროცესი იოლად კონტროლირებადია ვიზუალური ინდიკატორების მეშვეობით და არ საჭიროებს გარემოს მონიტორინგისათვის  ძვირადღირებულ  ქიმიურ  ანალიზებს შესაძლებელია გამოყენებული იქნას ისე, რომ არ  შეზღუდოს ამავე ტერიტორიაზე (აკვატორიაში) მიმდინარე სხვა საქმიანობა ან ნებისმიერი აქტივობა.
ამ კრიტერიუმებს კარგად შეესაბამება კომპანია “ბაიოქიურის” ნავთობის ბიოლოგიური დესტრუქციის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით გარემოს ნებისმიერი ხარისხით დაბინძურების ლიკვიდაციისა და პრევენციისათვის გარემო პირობების ძალზე ფართო სპექტრში.
აღნიშნული ორიგინალური  მეთოდი (სათანადო ბიოპრეპარატი) შექმნილია საქართველოში, ქართულ ინოვაციურ ტექნოლოგიას წარმოადგენს და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკაში 2004 წლიდან (2007 წელს დაპატენტებული იქნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ).
2014  წელს მეთოდმა გაიმარჯვა  ქართული მწვანე  ბიზნესის კონკურსში, ნომინაციაში  „მწვანე ტექნოლოგია“, ხოლო 2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანადაფინანსების გრანტების სტარტაპ პროექტების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულ პროექტად გამოცხადდა, როგორც ნავთობპროდუქტებით დაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა და უნივერსალური ტექნოლოგია, რაც ამარტივებს დაბინძურების გაწმენდის პროცესს.
მეთოდი პრაქტიკაში მასშტაბურად პირველად გამოიყენეს 2004-2006 წლებში, საგარეჯოს რაიონის სოფ. ნინოწმინდის მახლობლად, ჭაბურღილიდან ავარიული ამოფრქვევის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას. ამ შემთხვევაში მეთოდი გამოყენებულ იქნა, როგორც ექსტრემალურად  დაბინძურებული ნიადაგისა და ტყიანი ფართობის (ჯამურად 150 ჰა-მდე.), ასევე წყალსატევის (მდინარე) გაწმენდისათვის.
საყურადღებოა, რომ სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგს აწარმოებდა გარემოს ნავთობით დაბინძურებაზე რეაგირების სფეროში ცნობილი საერთაშორისო კომპანია Oil Spill Response Limited (http://www.oilspillresponse. com), რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მეთოდის ეფექტურობასა და შედეგების მდგრადობას, რაც დადასტურებული იქნა ასევე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და იტალიური გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია Saga  Consulting-ის მიერ.
2005 წელს იმავე მეთოდით ეფექტურად გაიწმინდა რკინიგზის გასწვრივ (ოჩხამური-ნატანების მონაკვეთი) ნავთობით დაბინძურებული გრუნტი.
2006-2008 წლებში ნავთობის სხვადასხვა ობიექტსა და ბათუმის ნავთობის ტერმინალის ბაზაზე ჩატარდა რიგი ექსპერიმენტი, რომლებმაც აჩვენეს, რომ მეთოდის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებულ ნებისმიერ სუბსტრატზე (ნიადაგი, გრუნტი, ღორღი, ბეტონის ზედაპირი, წყლის რეზერვუარი, ნავთობის რეზერვუარი, ნავთობშემცველი შლამები და სხვა) ნებისმიერი ხარისხის დაბინძურების შემთხვევაში. ამასთან, მეთოდი საკმაოდ ეფექტურია სწორედ აჭარის კლიმატურ პირობებში (ტემპერატურა, ტენიანობა)
2009 – 2015 წლებში მეთოდი გამოყენებული იქნა ნავთობის კომპანია British Petroleum-ის საქართველოს ობიექტებზე (კონტრაქტორი შპს „სანიტარი“) ნავთობით დაბინძურებული გრუნტის  (100 ტონაზე მეტი) გაწმენდისა და რემედიაციის  მიმართულებით.
მეთოდის შექმნის იდეა გაჩნდა 2000 წელს, შავი ზღვის აკვატორიის ნავთობით დაბინძურების კვლევების პროცესში და მას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ნებისმიერ ეკოსისტემას გააჩნია თვითგაწმენდის უნარი (პოტენციალი).
აღნიშნული ვრცელდება ბუნებრივი წარმოშობის ორგანული ნივთიერებებზეც (ნავთობი და მისგან წარმოებული მაზუთი, ზეთები, დიზელის საწვავი, სხვადასხვა ტიპის ბენზინი, ნავთი), რომლებიც ექვემდებარება ბუნებრივ ბიოლოგიურ დესტრუქციას.

მეთოდი გულისხმობს სწორედ ზემოხსენებული ბუნებრივი პოტენციალის რეგულირებად სტიმულირებას ბიოდესტრუქციის ინტენსივობის გაზრდისა და მისი დროის პერიოდის  შემცირების მისაღწევად.  მეთოდში გამოიყენება მხოლოდ ადგილობივი (აბორიგენი) მიკროორგანიზმები მათი გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე, ამდენად, შესაძლებელია ითქვას, რომ მას არ შეაქვს რაიმე დისბალანსი ლოკალურ ეკოსისტემაში და მაქსიმალურად ეფექტურია ამ ეკოსისტემისათვის. ამასთან, საკვები არე, რომელიც მიკროორგანიზმების სტიმულირებისათვის გამოიყენება, შეიცავს მხოლოდ არატოქსიკურ, შეზღუდვის გარეშე გამოყენებად მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს, შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იქნას ბუნებრივ ეკოსისტემებში, სამრეწველო სივრცეში, საზოგადოებრივ ადგილებში, სხვა სენსიტიურ და მოწყვლად ტერიტორიებზე (აკვატორიაში).

მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია ნავთობბაზების, რეზერვუარების (მათ შორის მიწისქვეშა) და ნავთობპროდუქტების სადენების არეალში გარემოს დაბინძურების ლიკვდაციისა და პრევენციის თვალსაზრისით. ბიოლოგიური პრეპარატის ნიადაგში შეტანა გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნავთობით დაბინძურების ხელსაყრელი ფონური მდგომარეობის შენარჩუნებას, ხოლო ნავთობპროდუქტის დაღვრის შემთხვევაში საჭირო არ ხდება დაბინძურებული ნიადაგის, გრუნტის   მოხსნა და გადატანა, რაც საგრძნობლად ეკონომიურია სხვა მეთოდებთან შედარებით.
შედეგად მიიღწევა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების სტაბილური ეფექტი, რაც არაერთხელ დადასტურდა მისი გამოყენების პრაქტიკიდან, როგორც ექსპერიმენტებისას და ჩვეულებრივ შემთხვევებში, ასევე ნავთობის კატასტროფული ტიპის დაღვრაზე ავარიული რეაგირების შემთხვევებში.
ზემოთ აღწერილი მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი მიდგომა შეიძლება იქნას გამოყენებული ერთი კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი მიდგომა მაქსიმალურად იქნას ადაპტირებული ადგილობრივ ეკოლოგიურ, სოციალურ  თუ ბიზნეს გარემოსთან.
საქართველოს სანაპირო ზონაში არსებული პრობლემების კომპლექსი ფართო სპექტრისაა და სისტემურ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ დღეისათვის აშკარად იკვეთება ორი მიმართულება, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევას და მიზნობრივად მიმართულ ძალისხმევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარემოს დეგრადაციის შეუქცევადი პროცესები და აუნაზღაურებელი ზარალი მივიღოთ. სახელდობრ: ნაპირების აბრაზია და სანაპირო ზოლის მიმდებარე მიწების ეროზია – ბუნებრივი მიზეზების გარდა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს არარაციონალური განაშენიანება, რაც მიწების დეგრადაციას იწვევს. მნიშვნელოვანია პერმანენტულად ხორციელდებოდეს ნაპირების წარეცხვისაგან დაცვის ეფექტური და ადგილობრივ პირობებს მორგებული ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება რეკრეაციული  რესურსების დიდი ნაწილი.
რეკრეაციული პოტენციალის დაქვეითება სანაპირო ზონის აკვატორიის წყლის დაბინძურების გამო მნიშვნელოვანია წყლის დაბინძურების სამრეწველო წყაროების (ნავთობის ტერმინალები, საწარმოები, პორტები და სხვა) კონტროლი, აგრეთვე ხმელეთზე არსებული ისტორიული დაბინძურების კერების გამოვლენა და ლიკვიდაცია.

სოლომონ ცაბაძე

          BIOCURE vs BIO STIMULATION

  • Speed – We are twice as faster.
  • Success rate – 100%. We didn’t have any case when we didn’t exceed the target.
  • Cost – One of the most cost-effective technologies.
  • Eco-friendliness – 100%, No side effects or off target effect.

COMPETITIVE ADVANTAGES

  • Easy entry – No special equipment or qualification.
  • In-Situ / Ex-Situ
  • One solution – For any kind of media (soil / subsoil / sand/ gravel / water / groundwater / seawater)
  • One solution – For any kind of hydrocarbon contaminant (crude / diesel/ gasoline / kerosene / lubricants)
  • No environmental impact (can be used even in nature reservations)
რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები