რეკლამაspot_img

მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში

ულამაზესი ლანდშაფტითა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით  გამორჩეული თუშეთი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია საქართველოში და  მნახველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

თუშეთში მდგრადი ტურიზმის მოდელის განვითარებას უკვე რამდენიმე წელია USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ აქტიურად უჭერს მხარს და მრავალი ნაყოფიერი ინტერვენციის ავტორია. შედეგად, თუშეთის განვითარების მოდელი საკმარისად კარგი პრეცედენტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც წარმატებით განხორციელდეს.

თუშეთში 4 ძირითადი ხეობაა და თითოეულს ცალ-ცალკე სათემო საბჭო ჰყავს. მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით, „ზრდას“ ინიციატივით შეიქმნა „ბაბანეურის ჯგუფი ახმეტაში“, რომელთა დახმარებითაც მოსახლეობასთან მუშაობა ყველა სეზონზე შესაძლებელი გახდა. „ბაბანეურის ჯგუფში“ გაერთიანდნენთუშეთში მომუშავე ბიზნესები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და თუშეთის მოსახლეობა, ფაქტობრივად, ყველა, ვინც ამ კუთხისთვის მნიშვნელოვანია.

საგულისხმოა, რომ პროექტის მხარდაჭერით ადგილობრივები უკვე მესამე წელია, რაც ინტენსიურად სწავლობენ ინგლისურ ენას და ეცნობიანროგორ უნდა შექმნან ბიზნეს და წლიური სამოქმედო გეგმები. მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ პროექტების განხორციელების სრულ ციკლში და საკუთარ ძალისხმევას მათ გასაუმჯობესებლად არასდროს ზოგავენ.

როგორც USAID-ის პროექტის “ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი – ქეთი ჭუმბურიძე საუბრისას აღნიშნავს, სათემო გაძლიერების მიღმა ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარებაც. „ინფრასტრუქტურა გულისხმობს ეკონომიკურ სათემო გაძლიერებას. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ნაბიჯი იყო თუშეთში ჩვენ მიერ გაკეთებული სამაცივრე მეურნეობა პროდუქტების ერთიანი მომარაგებისა და საჭირო დროს საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით. აღნიშნული მაცივარი სრულიად მზის პანელების გამომუშავებულ ენერგიაზე მუშაობს. აუცილებელია ისიც, რომ თუშურ სუფრაზე იქაური ხორც-პროდუქტები იყოს, რომლის შენახვა მარტივად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, სამაცივრე მეურნეობებით ხელს ვუწყობთ ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებას და გამართულ ლოგისტიკასაც.

თუშეთის მდგრადი ტურიზმის განვითარების პროგრამის ფარგლებში „ზრდას“ ასევე საკემპინგო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც იზრუნა. მოცემული აქტივობის მიზანიგახლდათ რეგიონშიტურისტული ნაკადის ოთხივე ხეობაზე თანაბრად გადანაწილება, ცენტრის განმუხტვისა და  დამაზიანებელი პროცესების თავიდან არიდების მიზნით.ამისათვის, ომალოში დაიგეგმა ე.წ დეპრესიული ხეობების ათვისებისა და გამოცოცხლების კამპანია, რისთვისაც გომეწრის ხეობაში საკემპინგო ადგილები მომზადდა.მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაცულ ტერიტორიებზე, ნარჩენების მართვისა და ხანძრის პრევენციისთვის, საკმაოდ აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ თუშეთის გაცნობას ტურისტი პირველ რიგში ვიზიტორთა ცენტრიდან იწყებს. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში, მოხდა თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის რედიზაინიც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუშეთის მდგრად განვითარებაში ასევე დიდ როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვახტანგ გიუნაიძის ხელმძღვანელობით, რომელიც პროექტის უმთავრესი პარტნიორია. ამ სამსახურს ჰყავს რეინჯერები, რომელთა მთლიანი აღჭურვილობით მომარაგება პროექტმა საკუთარ თავზე აიღო. გაკეთდა ტურისტული გიდების პროგრამაც, სადაც გადამზადდნენ როგორც საცხენოსნო, ასევე გამყოლი გიდები. მდგრადობის ელემენტი კი სწორედ იმაში მოიაზრება, რომ „ზრდამ“ მოახერხა ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩამოიყვანეს ბრიტანელი ექსპერტი, რომელმაც სპეციალური პროგრამა შექმნა, კურსმა უკვე მიიღო სახელმწიფო ავტორიზაცია და  6 კოლეჯში, სადაც მსურველებს შეეძლებათ სერტიფიცირებული გიდები გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი კოლეჯი დღეს ქვემო ალვანშიც გვხვდება.

„საცხენოსნო ტურიზმს რაც შეეხება, დღესდღეობით სათავგადასავლო ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მსოფლიოში, ცხენებიკი თუშეთში ძალიან პოპულარულია. იქ უკვე 12 საცხენოსნო გიდიგვყავს. მათ გადასამზადებლად საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ საცხენოსნო ტურიზმის სპეციალისტები. პრაქტიკული ნაწილისთვის კი გიდები თავად წავიყვანეთ საზღვარგარეთ და ადგილზე დეტალურად ვაჩვენეთ, თუ რა და როგორ ხდება ამ საქმიანობაში. ისინი თავად გაეცნენ ყველაფერს,რაც ამ სფეროს მაღალი სტანდარტის სერვისისთვისაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ თუშეთში გვყავს ქალი გიდიც − თინა იდიძე, რომელიც საცხენოსნო ტურიზმის და შორ მანძილზე რბოლის ასოციაცია (ERETA) საბჭოს წევრია“.

როდესაც თუშეთზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს მისი კულტურული მხარეც. როგორც ქეთი ჭუმბურიძე გვიყვება, მათ თუშეთში არსებული უძველესი და უნიკალური კედლის მხატვრობისა და პიქტოგრამების ტურისტებისთვის გაცნობის საკითხზეც იმუშავეს.

„დაახლოებით 10 სოფელში შევქმენით პიქტოგრამებისა დაკედლის მხატვრობის ტური. მოწესრიგდა        ინფრასტრუქტურა, განთავსდა ბანერები, რომელზეც ისტორიული ფაქტებია მოთხრობილი. რეალურად, ეს ახალი ტურისტული პროდუქტია. ამ თემით დაინტერესებული ადამიანების  რიცხვი მთელ მსოფლიოში მზარდია. ფაქტობრივად, ეს დამატებითი ატრაქცია  და მრავალფეროვნების საშუალებაა, ხოლო რაც უფრო მეტ სერვისსა და შესაძლებლობას შეუქმნი ტურისტს, ის მეტად დაიხარჯება და უკეთესი შთაბეჭდილებებით წავა შენგან.“

რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, თუშეთში ვხვდებით უძველეს მუზეუმს − კესელო, სადაც შემონახულია ძველი არტეფაქტები. უნდა აღინიშნოს, რომ აქ არანაირი პირობა არ არსებობდა, სადაც მათი შენახვა უსაფრთხოდ იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, თუშეთში ცხოვრობს იდოიძეების საოცარი ოჯახი და უკვე წლებია, რაც ბატონი ნუგზარ იდოიძე მის ოჯახთან ერთად უვლის კესელოს და მის არტეფაქტებს. ეს არის მათი მხრიდან სრულიად მოხალისეობრივი  საქმიანობა. როგორც ქეთი ჭუმბურიძე აღნიშნავს, „ზრდას“ მიერ საქართველოში დაფინანსებულ 15 მუზეუმს შორის კესელოს მუზეუმიცაა,რომელსაც შესაბამისი სამუზეუმო აღჭურვილობა გადასცეს.

ამრიგად, ამ წლების განმავლობაში თუშეთში პროექტ „ზრდას“ფარგლებში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხის ინტერვენცია განხორციელდა, რამაც ადგილზეშემოსავლები 4 300 000 ლარამდეგაზარდა.ერთიმცირერეგიონისთვის საკმაოდ დიდი შედეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ინვესტიციები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

„აქ მომუშავე დონორთა სწორ მუშაობას, კოორდინაციას და კიდევ ახალი მექანიზმების შემუშავებას კი, დამატებით სულ სხვა, უფრო მასშტაბურ შედეგებზე გასვლა შეუძლია. ამის კარგი მაგალითია USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). გვინდა, თუშეთი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათად იქცეს და აქ განვითარებული მდგრადი ტურიზმის მოდელი სამაგალითო იყოს სხვა რეგიონებისთვისაც, რისთვისაც ძალისხმევას არ ვზოგავთ“ =  ქეთი ჭუმბურიძე.

საერთო ჯამში, 2018-2021 წლებში “ზრდა“-ს ინვესტიციამ თუშეთში დაახლოებით 600,000 ლარი შეადგინა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გენერირებამ, მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტში, 4.1 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც ნახევარი თუშეთს ეკუთვნის. აღნიშნული ინვესტიციების შედეგად შეიქმნა  45-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები