რეკლამაspot_img

ახალი წლის მისტერია

მინდა შეგიქმნათ საახალწლო განწყობა და გადმოგდოთ ჩემი ოპტიმიზმი. ჩემი რჩევები და პროგნოზები განსხვავდება ასტროლოგების პროგნოზებისაგან, რადგანაც სხვადასხვა კულტურის, ტრადიციისა და სიმბოლოს ანალიზზეა დაფუძნებული. ვიმედოვნებ, ეს რჩევები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
დღესასწაული ბევრია, მაგრამ, დამეთანხმებით, ახალი წელი სულ სხვაა. მასში არის მისტიკური, იდუმალი, გვეუფლება რაღაც სიახლის ქვეცნობიერი მოლოდინი. კაცობრიობა ოდითგან ცდილობს შეიმეცნოს და სისტემაში მოიყვანოს სამყაროს კანონზომიერებები, თუმცა ესმის, რომ მათი მართვა ადამიანს არ ძალუძს. ასტროლოგების პროგნოზები ამა თუ იმ წლის სასიკეთო თუ ნეგატიური ტენდენციების შესახებ და აღმოსავლური და დასავლური მითოლოგიური სიმბოლოების ანალიზი გვაძლევს შანსს, რომ აღმოვჩნდეთ საჭირო დროს საჭირო ადგილას და უკეთ გამოვიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები. მართალი გითხრათ, ვირთხისადმი არასოდეს ვყოფილვარ სიმპათიით განწყობილი და მისი მფარველობის ქვეშ მოსული წლისაგან სასიკეთოს არაფერს ველოდი. მაგრამ როცა უფრო ღრმად ჩავწვდი ამ სიმბოლოს აზრს, აღმოვაჩინე, რომ ის ფრიად პატივცემული და დაფასებული არსებაა. ვირთხა ოჯახის სიმტკიცის, სიბრძნის, ხვავისა და ბარაქის სიმბოლო ყოფილა. და მართლაც აბა დავფიქრდეთ, სად ჩნდება ვირთხა? იქ, სადაც სიმდიდრე და სურსათ-სანოვაგეა, ხოლო ცარიელ ბეღელში არაფერი ესაქმება. ე.ი. მისი წელი სიმდიდრის მომტანი იქნება. ვირთხა მეცნიერებსა და სწავლას მოწყურებულებსაც პატრონობს. ძველ ჩინეთში მას სიყვარულის ვარსკვლავის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და სიყვარულით შექმნილი ოჯახების მფარველად მიიჩნეოდა. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ წელს სიყვარულით შექმნილი ოჯახების რიცხვი გაიზრდება იაპონიაში. ვირთხა ბედნიერების ღმერთის განუყრელი მეგობარი და  მეგ-ზურია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ბედნიერების გზაზე გაგვიყვანს!
ე.ი. ხვავის,  ბარაქის,  სიმდიდრის,  სიყვარულისა და  ბედნიერების  წელი  გვექნება!
ამბობენ,  რომ ვირთხას თუ მოიშინაურებ,  კაკალს და ხორბალს თუ არ მოაკლებ და ზოგჯერ ყველითაც გაანებივრებ,  ეს მადლიერი არსება ოქროს მოგიტანს მადლობის ნიშნად. ხოდა, როგორც განმიმარტეს,  ეს ნიშნავს,  რომ ახალ ინვესტიციებს უნდა ველოდოთო!
ამდენი ღირსების ფონზე მისი მატყუარობის რეპუტაცია აბა რა მოსატანია?! მერედა, იცით, საიდან მოდის? როდესაც ბუდამ გადაწყვიტა ამქვეყნის დატოვება, თავისთან იხმო ცხოველები. ყველანი თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ მის სანახავად. ხარი აშკარად პირველობდა. ვირთხამ თავი შეაცოდა, შეეხვეწა ხარს, შენ დიდი და  ძლიერი ხარ,  მე კი პატარა და სუსტიო, დავიღალე ვეღარ მოვდივარ და იქნებ წამიყვანოო. ხარს შეეცოდა ვირთხა და ზურგზე შეისვა. ხარი პირველი მივიდა ბუდასთან. მაგრამ მოულოდნელად ვირთხამ ისკუპა და თვითონ წარსდგა ღვთაების წინაშე პირველი. სწორედ აქედან მოდის მისი ცუდი რეპუტაცია. მაგრამ ხომ იცით, მიზანი ამართლებს საშუალებასო! პირველობის ჟინი და ღვთაების წინაშე თავის გამოჩენის სურვილი – ეს ისეთი ცდუნებებია,  რომლებსაც ადამიანები ვერ  უძლებენ,  არათუ  ვირთხები!…
მართალია იეშმაკა, ყველას გადაახტა, მაგრამ,  სამაგიეროდ, მიაღწია საწადელს და 12 წლიანი ასტროლოგიური ციკლი სწორედ მისით იწყება.
მისი საფიქრალი ახალი ოჯახების შექმნა და ოჯახურ სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება. არც ფერმერებსა და მიწათმოქმედებს დატოვებს ვირთხა ყურადღების გარეშე. ზოგადად, სიმშვიდეს, მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებას, ხვავსა და ბარაქას უნდა მოველოდეთ.
ამ  ნაძვის ხის ტრადიცია

ნაძვი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. სახლი იწმინდება ავი სულებისაგან. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციაში  ნაძვი მარადიული  ახალგაზდობის,  სიკეთის, კეთილშობილების, აღორძინების, განახლების და ჯანმრთელობის  სიმბოლოა.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან წამოვიდა. კელტები, რომლებიც მცენარეებს ცოცხალ სულებად თვლიდნენ, ნაძვს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ, როგორც უკვდავების მომცემსა და სამართლიანობის მფარველს. მათი ღრმა რწმენით, სწორედ ნაძვის წიწვებში ცხოვრობს ტყის კეთილი სული. მეომრები ომში წასვლის წინ საკულტო რიტუალს ასრულებდნენ: უხუცეს ნაძვს ეახლებოდნენ ნაირნაირი საჩუქრით, რომლებითაც მის ტოტებს რთავდნენ და მტერზე გამარჯვებას სთხოვდნენ. მათ სწამდათ მისი სასწაულმოქმედი ძალისა და სჯეროდათ,  რომ თუკი მის კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ, მათი მფარველი გახდებოდა, სიკვდილისაგან დაიფარავდა და შინ გამარჯვებულნი და საღსალამათები დაბრუნდებოდნენ.
ბევრმა არ იცის, რომ საშობაოდ ნაძვის მორთვა ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც გერმანიიდან წამოვიდა, და მარტინ ლუთერის სახელს უკავშირდება. სწორედ მან შეიტანა ნაძვი ეკლესიაში და მისი კენწერო ვარსკვავით შეამკო, როგორც  ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლო, ხოლო ტოტებზე სანთლები დაუნთო, ბეთლემის შუქის სიმბოლოდ. თანდათან ამას ახალი სამკაულები მიემატა: ნაყოფიერების ნიშანი ვაშლი და ღვთიური სიბრძნის შეუცნობადობის სიმბოლო -კაკალი.
ეს ლამაზი ტრადიცია სწრაფად გადაიღეს ინგლისელებმა. მოგვიანებით კი ის მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა და იმდენად შეესისხლხორცა შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,  რომ დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია შობა ათასნაირი შუქითა და სათამაშოებით მორთულ-მოკაზმული ნაძვის გარეშე.
თურმე საშობაო ნაძვის ხეს დაბადების დღეც ჰქონია,  უფრო  სწორად, წელი – 1513.
ახალი წლის დადგომის ზეიმით აღნიშნვას 4000 წლიანი ისტორია აქვს. ეს ტრადიცია დასაბამს იღებს მესოპოტამიაში, საიდანაც წამოსულმა ებრაელებმა  წამოიღეს და მალე  მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
ძალიან საინტერესოდ ხვდებოდნენ ახალი წლის მობრძანებას ბაბილონში. მეფის ოჯახის ყველა წევრი განიმოსებოდა, იხდიდა მდიდრულ სამოსს, იმოსებოდა უბრალოდ და თერთმეტი დღით ქალაქიდან უჩინარდებოდა. მათი ადგილსამყოფელი არავის არ უნ და სცოდნოდა. ეს თერთმეტი დღე კალენდარში არ ფიქსირდებოდა, თითქოს არც არსებობდა. ამ დროს ქვეყა ნაში სრული თავისუფლება სუფევდა. ყველა განცხრომას ეძლეოდა. არავინ მუშაობდა. კანონი არ კანონობდა. არავინ ისჯებოდა. თერთმერტი დღის შემდეგ მეფის ოჯახი ბრუნდებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა.
ყველა ქვეყანას თავისი კალენდარი ჰქონდა და, შესაბამისად, წლის ათვლა სხვადასხვა დროს იწყებოდა, რაც, როგორც წესი, იმ ქვეყანაში მოსავალის აღებასთან იყო დაკავშირებული,ზოგან გაზაფხულს ემთხვეოდა,ზოგან კი შემოდგომის დასაწყისს.
ახალი წლის ათვლა 1 იანვრიდან არცთუ ისე  ძველია – ჩვენს წ.აღ-მდე 45 წელს დაიწყო, როდესაც რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ახალი კალენდარი შემოიღო. სწორედ ის, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ. წლის I თვეს მან იანვარი უწოდა ორსახიანი ღვთაების იანუსის საპატივცემულოდ, რომელიც ერთი სახით წარსულში იყურება, მეორით კი მომავალში.
დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმპერატორ პეტრე I-ს, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე ერთიანი კალენდარი დაეკანონებინა. ამისათვის მან სპეციალური კანონი გამოსცა, რომელითაც ახალი წლის შეხვედრა 1-ლი იანვრის გარდა სხვა დროს იკრძალებოდა; ურჩობისათვის „სასტიკი“ სასჯელიც დაწესდა – წვერის გაპარსვა!
საქართველოში ძველად ახალი წელი აგვისტოში იწყებოდა, მე-7 საუკუნიდან სექტემბერში გადმოინაცვლა,  ხოლო მე-9 საუკუნეში მარტმა ჩაანაცვლა. 1 იანვარი მხოლოდ მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში დაკანონდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ხვდება ზარზეიმით, ბევრ ქვეყანაში დღემდე შემორჩა ახალი წლის ძველი დროით შეხვედრის ტრადიცია. ასე მაგალითად, ბირმაში საახალწლო დღესასწაულს, „ტინჯანს“, 1 აპრილს აღნიშნავენ და მის საპატივცემულოდ მთელი კვირა ერთმანეთს წყალს ასხამენ.
ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში ყვავილებითა და ბრჭყვიალა სამკაულებით მორთულ-მოკაზმული მოსახლეობა ახალ წელს 1 ოქტომბერს ზეიმობს.
მუსულმანური სამყარო მთვარის კალენდრით ხელმძღვანელობს და მათი ახალი წელი 11 დღით უსწრებს  ევროპულს. ირანში ეს თარიღი 21 მარტია.
ასე რომ, საქართველო არ ყოფილა გამონაკლისი, სადაც ახალ წელს 2-ჯერ ხვდებიან: 31 დეკემბერს – როგორც მთელი მსოფლიო, და 14 იანვარს – მართმადიდებლური  კალენდრით.

სად ჯობია შეხვდე ახალ წელს?
სანამ გადაწყვეტ, სად შეხვდე ახალ წელს, გაეცანი უცხო ქვეყნების წესჩვეულებებს, რათა იცოდე, სად რა შარს შეიძლება გადაეყარო.
თუ ახალი წლის ღამეს იტალიაში აღმოჩნდი, ტრავმის კანდიდატი ხარ! ფრთხილად იყავი. იარე შუა ქუჩაში, არ მიუახლოვდე სახლებს, თორემ შეიძლება საახალწლო ტრადიციის მსხვერპლი გახდე! აქ ითვლება, რომ სწორედ ამ ღამეს ძველი ნივთების ფანჯრრიდან გადაყრა მოუტანს ოჯახს ხვავსა და ბარაქას. ამიტომ იყრება ყველაფერი – ჭურჭელი, წიგნები, ავეჯი…
დანიაშიც არა ხარ ტრავმისგან დაზღვეული. აქ ითვლება, რომ ახალი წლის დადგომისას ორივე ფეხი ჰაერში უნდა გქონდეს, რომ წარსული წლის პრობლემები თან არ გამოიყოლო. ამისათვის სკამზე ან სხვა სიმაღლეზე ადიან და ახალ წელიწადში შეხტომით გადადიან.

პერუში შეიძლება გარკვეული საფრთხეების წინაშე აღმოჩნდე. კაცები ხელჩართული ჩხუბით ხვდებიან ახალ წელიწადს და გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს, რითიც ცდილობენ ძველი წლის პრობლემების თავიდან მოშორებას. გასათხოვარი ქალები ნორჩი ყლორტებით ხელში საქმროს საძებნელად გამოდიან და თუ თვალი დაგადგეს,  მოგაწვდიან. ფრთხილად, ხელს თუ შეახებ, შენი ბედი გადაწყვეტილია! ქუჩაში 1 წუთითაც არ მოდუნდე, თორემ შეიძლება სინათლის სისწრაფით მორბენალი დიდ ჩემოდნიანი დაგეტაკოს. ეს მოგზაურობის მოყვარულების საახალწლო  რიტუალია.

შოტლანდიაში შეიძლება კუპრიან კასრში  ამოყო თავი. მოერიდე აღმართებს, საიდანაც შეიძლება კუპრით სავსე  კასრი მოგორავდეს, რომელშიც შოტლანდიელები თავიანთ პრობლემებს „ყრიან“, ცეცხლს უკიდებენ და დაღმართზე აგორებენ.
პანამაში – პოლიტიკოსების ფიტულებს, ე.წ. „მონეკას“,  ცეცხლს უკიდებენ. ფრთხილად! არ  აჰყვე  ცდუნებას!
ავსტრიაში – შეიძლება სმენა დაკარგო. თუ სუსტი გული გაქვს, ეცადე ახალი წლის ღამეს არ გახვიდე ქუჩაში. ავსტრიელები ისვრიან ყველაფერს, რაც ხმას გამოსცემს და თვითონაც საოცარ ხმაზე კიჟინებენ. კანონმორჩილი ავსტრიელები მთელი წლის დაგროვილ სროლის ჟინს სწორედ ასე იკმაყოფილებენ, რადგან კანონით მხოლოდ ამ 1 ღამეს შეიძლება დაუსჯელად ხმაური!
შვეიცარიაში შეიძლება ზღვის ურჩხულს გადაეყარო, რომელიც, მართალია, ლეგენდის მიხედვით, რომის პაპმა სილვესტრმა დაატყვევა, მაგრამ, როგორც ამბობენ, 1000 წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს თავის დაღწევას.
ბირმაში – შეიძლება ფილტვების ანთება დაგემართოს, თუ სუსტი ჯანმრთელობა გაქვს, მოერიდე ქუჩაში გასვლას. ახალ წელს აუცილებლად წყლის შემოსხმით მოგილოცავენ და, რაც უფრო პატივს გცემენ, მით მეტ წყალს გაიმეტებენ შენთვის!

კუბაში შეიძლება ტანსაცმლი ისე დასვარო, რომ გადასაგდები გაგიხდეს. საათი 11-ჯერ რომ დაჰკრავს, იწყება ფანჯრებიდან ნარეცხი წყლის გადასხმა, რომ ძველი წლის სიბინძურე მოიშორონ, წარმავალ წელს გაატანონ.
ტიბეტში – შეიძლება წონაში მოიმატო. ითვლება, რომ რაც მეტ ტრადიციულ ღვეზელს შეგაჭმვენ, მით მეტი ბარაქა შემოუვათ სახლში. უარის თქმა დიდი ცოდვაა. მოგიწევს ყველა მოწოდებული ღვეზელის მირთმევა. თანაც, ვერ გეტყვი, რომ დიდად გემრიელია.
უკრაინაში მხოლოდ კაცებს გელით საფრთხე. განსაკუთრებით უცოლოები იყავით ფრთხილად. შეიძლება ეჟვანი შეგაბან. ტრადიციისამებრ, ამ ღამეს გასათხოვარი ქალები მკითხაობენ და ფანჯრიდან  ფეხსაცმელს ისვრიან. ვისაც მოხვდება მისი საბედოც ის ყოფილა.
იაპონიაში ახალი წლის ღამეს სამარისებური სიჩუმე გაგაოცებს, მაგრამ იცოდე, რომ ეს მხოლოდ მზადებაა ახალი წლის შესახვედრად. ისინი ერთად სხდებიან, ჩუმად ემშვიდობებიან მიმავალ წელს, თავისთვის იხსენებენ ყველა მოვლენას და აანალიზებენ  შეცდომებს, ეძებენ  გადაწყვეტის გზებს. გული არ გაგისკდეს, როცა უეცრად ყველა მხრიდან  შემოგესმება ხმამაღალი სიცილი. საათის პირველის ჩამოკვრისთანავე  ყველანი ერთად იწყებენ მთელი ხმით სიცილს. ამით ცდილობენ მოიზიდონ მხიარულება და წარმატება. თანაც ავ სულებს აფრთხობენ, რომლებიც ახალ წელთან ერთად ცდილობენ შემოიპარონ. ამისათვის კიდევ ერთი ეშმაკობა აქვთ – გარეთ გადიან  და ქვების რახარუხს იწყებენ.
ბერძნები ამისათვის სახლის წინ ჭურჭლის მტვრევას  იწყებენ.

მარტო იაპონელები როდი აფრთხობენ ავ სულებს. სხვა ქვეყნებში მათ სხვადასხვა მეთოდით უმკლავდებიან. ქართველები მრავალჟამიერს აგუგუნებენ! (აი აქაური ჭინკები თურმე კრიმანჭულის გაგონებაზე გარბიან თავქუდმოგლეჯილები ისე, რომ ჭიაკოკონაც არ სჭირდებათ).
იქნებ ჯობდეს დარჩე სახლში, მოემზადო ახალი მფარველის ღირსეულად შესახვედრად და მოიპოვო მისი 1 წლიანი, მაგრამ გარანტირებული მფარველობა.

როგორი ნაძვის ხე დავახვედროთ ვირთხას რომ მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?

წელს ნაძვის მორთულობაში უნდა ჭარბობდეს თეთრი და ვერცხლისფერი, შეიძლება შეერიოს ცოტაოდენი ოქროსფერი. როგორც კომპეტენტური წყაროებიდან შევიტყვე, ვირთხას იისფერი ჰყვარებია. ამიტომ გირჩევთ, საახალწლო ინტერიერში იისფერი დეტალები შეიტანოთ, რითაც ვირთხა ფრიად კმაყოფილი დაგირჩებათ.
რადგანაც ვირთხა ოქროს ცნობილი მოყვარულია, ნაძვის ქვეშ დადგით წყლით სავსე გამჭირველე შუშის ჭურჭელი, ჩააგდეთ შიგ „ოქროს“ მონეტა. დადგით ისე, რომ  მობრძანებულმა ვირთხამ კარგად დაინახოს. ნაახალწლევს მონეტა ამოიღეთ, მზეზე გააშრეთ და ჩაიდეთ საფულეში, რომელსაც თან ატარებთ, შეინახეთ წლის ბოლომდე. ეს იქნება თქვენი ფინანსური კეთილდღეობის თილისმა მთელი წლის განმავლობაში. უხვად მოფანტეთ ნაძვის ქვეშ ვირთხის საყვარელი  სასუსნავი: სიმინდი, თხილი, კაკალი და სხვადასხვა მარცვლეული.

სად უნდა დავდგათ ნაძვი?

ნაძვის ხის სწორ ადგილას დადგმა არცთუ ისე სახუმარო საქმეა! ჯერ უნდა გადაწყვიტო, თუ რას ითხოვ ამ წელს შენი მფარველი ანგელოზისაგან და მერე შეარჩიო ნაძვისთვის ადგილი. ფენშუის მეტრებს ეს კარგად გაუთვლიათ და, მოდით, ვენდოთ მათ რჩევებს.
რომელ სფეროში მოგიტანს ნაძვი წარმატებას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ადგილას  დგას.
თუ გინდა გახდე ძლიერი და ყველასათვის საინტერესო პიროვნება, დადგი ნაძვი პიდაპირ შესასვლელთან ახლოს;
თუ ოჯახურ სიმყუდროვეზე ოცნებობ, დადგი მარცხენა კედელთან;
თუ შენი მიზანი ინტელექტუალური ზრდა ან საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაა, დადგი ნაძვი კართან ახლოს, მარცხენა კუთხეში;
თუ მატერიალური მდგმარეობის გაუმჯიბესება გსურს, დადგი მარცხენა შორეულ კუთხეში;
თუ სექსისა და ინტიმური კავშირის პრობლემები გაქვს, დაგეხმარება კარიდან შორს მდებარე მარჯვენა კუთხეში მდგომი ნაძვი;
მაჯვენა კედელთან მდგომი ნაძვი ბავშვებს მოუტანს სიხარულს ;
თუ ყველაფერი ცოტ-ცოტა გსურს, ან ზუსტად არ იცი, რას მიანიჭო უპირატესობა, დადგი ნაძვი შუა ოთახში.
აბა, რა ახალი წელია სანტას გარეშე?

ყველა ქვეყანას თავისი საახალწლო გმირი ჰყავდა, რომელსაც ბავშვები გულისფანცქალით ელოდნენ.
საქართველოში ეს არის მეკვლე,  რომელიც ტყიდან მოდის და საჩუქრად ტკბილეული და ნუგბარი მოაქვს. სანუკვარი სურვილის ასრულება კი მისი კომპეტენცია არ არის. სურვილი მხოლოდ იმას შეუსრულდება, ვინც მოახერხებს და სხვებისგან უჩუმრად მოახერხებს ჩიჩილაკის მოპარვას.
იტალიაში ეს არის ბიფანა – ცოცხზე შემომჯდარი მხცოვანი ფერია, რომელსაც ბავშვებისთვის  საჩუქრები მოაქვს და წასვლის წინ ამ ცოცხით სახლსაც დაგვის.
ფრანგ ბავშვებს ჩოჩორზე შემომჯდარი პერნოელი წინდებში უტოვებდა საჩუქრებს. მაგრამ არცთუ ისე უანგაროდ. სამაგიეროდ, მისი საყვარელი ჩოჩრის – ომელასთვის – ამ წინდაში სტაფილო უნდა დაეხვედრებინათ. ჩინელი ბავშვები შან ლან დაუჟენს და მის სასაცილო ჩოჩორს ელიან.
მუსლიმურ ქვეყნებში კი ბავშვებს ხიზირ ილიაკი ასაჩუქრებს.
რუსი თოვლის ბაბუა არცთუ ისე დიდი ხანია, რაც წითელლოყება საჩუქრების მომტანი კეთილი მოხუცი გახდა. საუკუნეების მანძილზე ის ყინვისა და სიცივის მრისხანე მბძანებელი იყო და შიშის ზარს სცემდა მთელ ჩრდილოეთს.
კიდევ ბევრია სხვადასხვა ქვეყანაში საჩუქრების მომტანი საახალწლო პერსონაჟი, მაგრამ ფაქტია,  რომ სანტა კონკურენციის გარეშეა. იცით, რატომ? ის არავის არ სჯის და სხვებისაგან განსხვავებით მხოლოდ საჩუქრები კი არ მოაქვს, არამედ სურვილებსაც ასრულებს! დღედაღამ შრომობს თავის სამფლობელოში-ლაპლანდიაში, კითხულობს წერილებს, ახარისხებს სურვილებს და ცდილობს, რომ არავის იმედი არ გაუცრუოს. სწორედ ამიტომაა რომ ამერიკელების 86% ენდობა მას და ელის მისგან სასწაულს. იქნებ სწორედ აქ არის „ამერიკული ოცნების“ საიდუმლო.?

როგორი საახალწლო სუფრა უნდა დავახვედროთ თეთს მეტალურ ვირთხას?
ეს ვირთხა ფუფუნების მოყვარული გახლავთ. ის ყველაფერს აქცევს ყურადღებას. მას არც ზედმეტად გადაპრანჭული სუფრა მოეწონება და არც უბრალო. მას უყვარს მდიდრულად გაწყობილი მაგიდა,  თეთრი სუფრა, სასურველია ვერცხლის ატრიბუტებით დამშვენებული. ჭურჭელი ოქროსა და ვერცხლის ფერებში. ბროლის ჭიქები და შანდალი. გამჭირვალე ლარნაკებში სხვა-დასხვა ბურღული, თხილეული, წაბლი და ხილი. მას ყველაფერი მხოლოდ ნატურალური მოსწონს. სუფრა გააწყვეთ ცოცხალი მცენარეებითა და მწვანილით. ცენტრში დადგით წყლით სავსე გამჭირვალე ჭურჭელი და გარშემო შემოუწყვეთ თეთრი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი სანთლები. არ დაგავიწყდეთ ყვითელი ფერის ხილი: ვაშლი,  მსხალი,  ფორთოხალი,  მანდარინი,  ლიმონი. კერძები უნდა იყოს მრავალფეროვანი, უფრო – ბოსტნეულის. სასმელებიდან – კომპოტი, წითელი ღვინო და ლიქიორები. არ დაგავიწყდეთ იის კონა, რადგან, როგორც გავიგე,  თეთრ ვირთხას იები ჰყვარებია.
ყველა ქვეყანას აქვს რაღაც განსაუთრებული საახალწლო ტრადიციული კერძი, მაგრამ აბა რომელი შეედრება ჩვენსას. ქართული საახალწლო სუფრის მშვენებას  –  საცივს?
საცივი კულინარიული და სამკურნალო ხელოვნების გასაოცარი სინთეზია! ნამდვილი შედევრი!
ის უბრალო საჭმელი არ გეგონოთ! ეს უგემრიელესი კერძი მხოლოდ საახალწლო სუფრის მშვენება როდია! ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ახალ წელს, უგემრიელესი კერძის სახით სერიოზულ სამკურნალო საშუალებას, ნამდვილ „სიცოცხლის ელექსირს“ იღებთ? გასაოცარია ამ კერძის შემქნმელის ორიგინალური აზროვნება,  რომელმაც ასეთი ფორმით დაგვიტოვა შესანიშნავი გამაჯანსაღებელი საშუალება. თანაც „ინსტრუქცია“ მოაყოლა – მიირთვით ახალ წელს! ჩვენც სწორედ ასე ვიქცევით!
წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა ტრადიციებისა და რიტუალების სახით დაგვიტოვეს. ასეა საცივის შემთხვევაშიც,  ვიცით,  რომ ეს კერძი საახალწლოა, მაგრამ არ ვიცით რატომ. თუმცა, ერთი რამ ცხადია – საცივს ახალ წელს სულ სხვა გემო აქვს, სხვა დროს კი არც გვინდება. რატომ მაინცადამაინც ახალ წელს?
ამ დროს წლის „ენერგეტიკული ბიუჯეტი“ ამოწურულია. ახლოვდება ახლი წელი და რაღაც სიახლის მოლოდინი გვეუფლება. ინტუიციით ვგრძნობთ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა რაღაცის შანსი. გონებაში ვსახავთ სამომავლო გეგმებს. ვადგენთ ახალ სამოქმედო პროგრამას. და, აი, დგება ნანატრი ახალი წელი. განვლილი ისტორიას ბარდება. სამყაროს ფერხული თავიდან იწყება. შემოდის ახალი, თვისობრივად განსხვავებული ენერგიის ნაკადი. მასთან ადაპტირებას სხეულის განახლებაც ჭირდება. აი სწორედ აქ ასრულებს საცივი ადაპტოგენის როლს. მასში შემავალი სანელებლები ახდენენ ზემოქმედებას სხვადასხვა სისტემაზე და მწყობრში მოჰყავთ ორგანიზმი. აქტიურდება  სასიცოცხლო ძალები, ძლიერდება იმუნიტეტი, იწყება თვითგანახლების პროცესი. საცივის ყოველი კომპონენტი ცალკე აღებული წამალია. თურმე ძლიერ სტიმულატორებთან გვაქვს საქმე. მათი კომპოზიცია გასაოცარ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება  არ არის საჭირო, სრულიად საკმარისია ახალი წლის დღეებში. ამ სამკურნალო კომპლექტის უკეთესი შეთვისებისათვის აუცილებელია ცხოველური ცილა, რისთვისაც ასევე ბრძნულად იქნა შერჩეული ინდაური, რადგანაც მისი ბულიონიცა და ხორციც ყველაზე სასარგებლო და ადვილად ასათვისებელია.
მართლაც საოცრებაა – გურმანულ კერძს მიირთმევ და თან ჯანმრთელდები!
სხეულის განახლება და თვითაღდგენა რომ უფრო ეფექტური იყოს, ამისათვის საჭიროა მისი წინასწარ მომზადება განწმენდის სახით. ჩვენმა წინაპრებმა ამაზეც იზრუნეს და ახალი წლის წინ საშობაო მარხვა დაგვიკანონეს, რომლის დროსაც სულიერ განწმენდასთან ერთად ფიზიკურიც ხდება. აი კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენს ტრადიციებში დიდი სიბრძნეა ჩადებული.
ასე რომ, მიჰყევით ტრადიციას, იმარხულეთ, შეხვდით მხიარულად ახალ წელს, მიირთვით საცივი და იყავით ჯანმრთელნი!
ახალი  წლის  ღამის  სურვილები  სრულდება!
გილოცავთ შობა – ახალ წელს! სურვილები აგსრულებოდეთ!

თინათინ თოფურია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჰომეოპატიის აკადემიის პრეზიდენტი
ადამიანის ეკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე

 

There is a lot to celebrate, but probably everybody agrees, the New Year is different. It contains a mystical, mysterious, subconscious expectation of something new. Humankind is trying to understand and bring into control the laws of the universe, yet it is understood that humans cannot govern them. Astrologers’ forecasts of positive or negative trends for a year or so, and analysis of eastern and western mythological symbols give us a chance to find ourselves in the right place at the right time and make better use of our opportunities.

რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები