რეკლამაspot_img

ფრანგული ბაღების ხიბლი

ბაღის სილამაზეზე, მის მოწყობასა და ლანდშაფტურ დიზაინზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ისეთ ფენომენს, როგორიცაა ფრანგული სტილის ბაღი, ანუ ბაღი „ფრანგულად“ (Le jardin a la francaise). ფრანგული ბაღის დიზაინის ჩამოყალიბება იწყება მე -16 საუკუნიდან, მაგრამ მისი ფესვები შედარებით ადრე, იტალიაშია საძიებელი. ფრანგმა მოგზაურებმა იტალიიდან სამშობლოში ჩაიტანეს სიმეტრიულად დაგეგმილი ბაღების პირველი მონახაზები. დროთა განმავლობაში გართულდა ფრანგული ბაღების არქიტექტონიკა და გამდიდრდა მისი მცენარეული საფარი. ბაღის იერში თანდათანობით გამოიკვეთა ისეთი ესთეტიკური პრინციპები, რომლებითაც, ზოგადად, ფრანგული კულტურა გამოირჩევა.

ბაღის მოწყობა და მოვლა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ის, პირველ რიგში, ფრანგი არისტოკრატიის გემოვნებით იქმნებოდა. მდიდრული ბაღები ამშვენებდა მეფეთა და დიდებულთა სასახლეებს და ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული.
ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობათა აღიარებით მებაღე-დიზაინერები დაუპირისპირდნენ „ველურ“ ბუნებას. მათ მიერ შექმნილ ბაღს სხვა ქვეყნების ბაღებისგან მკვეთრად განასხვავებდა ხელოვნური დაგეგმარება და სრულყოფილ ჰარმონიამდე აყვანილი გეომეტრიული წყობა. ეს ხელოვნება უმღლეს დონეზე აიყვანა საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV-ის მებაღემ, მხატვარმა და არქიტექტორმა ანდრე ლენოტრმა (1613-1700), რომელმაც შექმნა ვერსალის სასახლის ბაღის ულამაზესი კომპოზიციები. ლენოტრის სახელს უკავშირდება, ასევე, პარიზის მოედნებისა და დიდებულთა არაერთი ბაღის დიზაინის ავტორობა.
XVII საუკუნეში ფრანგული ბაღების მოდა გავრცელდა სხვა ევროპულ ქვეყნებში და პოპულარობის პიკს მიაღწია. ფრანგი მებაღეების გამოცდილების გაზიარების სურვილი დიდი იყო, თუმცა ამ დარგში თეორიული სახელმძღვანელო XVIII საუკუნის დასაწყისამდე არ შექმნილა. ეს პროექტი პირველად განხორციელდა ფრანგი ნატურალისტის, მოყვარული მხატვრისა და ხელოვნების ისტორიკოსის, დიდრო-დალამბერის ენციკლოპედიის თანაავტორის – ანტუან-ჟოზე დეზალიე დ’არჟენვილის (1680-1765) მიერ.
ბაღების ხელოვნებით გატაცებულმა ანტუან-ჟოზე დეზალიემ იტალიასა და ინგლისში მოგზაურობის შემდეგ, ლენოტრის ნახატებისა და ახალი პროექტების საფუძველზე, 1709 წელს პარიზში გამოსცა პროპორციულად დაგეგმილი ბაღის პირველი თეორიული და პრაქტიკული სახელმძღვანელო – „მებაღეობის თეორია და პრაქტიკა“(La theoric et la pratique du jardinage). აღნიშნული წიგნი რომ ძალზე მოთხოვნადი გახდა, ჩანს იქიდან, რომ მხატვრის სიცოცხლეში ოთხჯერ დაიბეჭდა და ითარგმნა სხვა ენებზე. ამ დროს უკვე შეიცვალა ფრანგული კლასიკური ბაღის დანიშნულებაც: წიგნის შესავალში აღნიშნულია, რომ გამოცემა განკუთვნილია არა მარტო შეძლებული მოქალაქეებისა და სპეციალისტებისთვის, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებისთვის – მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება და სოფელი.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცულია ფრანგი ნატურალისტის 1714 წლის მეოთხე, შევსებული და ყველაზე სრულყოფილი გამოცემა. ამ უნიკალურ წიგნში ჩართულია 49 სპილენძის გრავიურა. ტექსტის ოთხ ძირითად განყოფილებაში ბაღის დაგეგმვის, მოწყობისა და მოვლის ძირითადი საკითხებია განმარტებული: პირველ ნაწილში ლანშაფტური დიზაინის თეორიაა ჩამოყალიბებული, მეორეში ბაღის ნახაზის მიწაზე გადატანის მეთოდებია განხილული, მესამე ნაწილში მცენარეთა სახეობებზე, ანატომიასა და გამრავლებაზეა საუბარი, ხოლო ბოლო, მეოთხე თავი, ბაღის მორწყვის ტექნიკურ საშუალებებს – ჰიდრავლიკას ეძღვნება.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფრანგული ბაღი სხვა ქვეყნების ბაღებისგან სიმეტრიული გეომეტრიული დაგეგმარებით გამოირჩევა. ის ზოგან დამრეც ტერასებზეა განლაგებული, რათა ზემოდან კარგად აღვიქვათ სივრცე და პარკის განაშენიანების პერსპექტივა. ბაღის კომპოზიციურ წყობას აგვირგვინებს შთამბეჭდავი სასახლე ან ციხე-სიმაგრე. ხელოვნურად შექმნილი ბუნება აქ არქიტექტურის გამოძახილია: ბაღის ცალკეული ადგილები მდიდრული სასახლის ინტერიერს მოგვაგონებს; ყვავილთა კლუმბები, ე.წ. „საწოლები“ როკოკოს ორნამენტებითაა ჩაგვირისტებული, ცალკეული მონაკვეთები („ოთახები“) ხეებისა და გაკრეჭილი ბუჩქების დეკორატიული კედლებით – ბასკეტებითაა შემოსაზღვრული; მოდენის ცენტრი და ბაღის მყუდრო კუთხეები კლასიკური ქანდაკებებითაა დამშვენებული. პარკებსა და ბაღებში ოპტიკური ეფექტები იქმნება შადრევნებისა და გუბურების საშუალებით. ხელოვნურ ტბორებში მოჩანს ცისა და მწვანე მცენარეების ანარეკლი. დეჟალიე დ’დარჟენვილის მიერ წარმოდგენილ ნახაზებში გათვალსიწინებულია კომპოზიციის შემადგენელი მრავალი დეტალი, რაც მებაღე-დეკორატორს ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს.
საინტერესოა წიგნში ჩამოთვლილი მცენარეთა სახეობები. მათი ერთწლიანი და მრავალწლიანი ჯიშები საგულდაგულოდ იყო შერჩეული. უპირატესობას ანიჭებდნენ სხვადასხვა შეფერილობის დაბალ ან საშუალო სიმაღლის ყვავილებს, რომლებიც კლუმბების რთულ შიდა სიმეტრიას არ არღვევდა. ზემოთ დასახელებულ გამოცემებში ასეთ ყვავილებს შორის მოხსენიებულია: მინიატურული ვარდი, მიხაკი, ტიტა, პიონი, ბეგონია, ნასტურცია, ანემონა, გიაცინტი, ზიზილა, ზამბახი, ბალზამინი, ამარანტი, კამპანულა, თეთრი ლილია და მარტის ია. არკებსა და სხვა არქტიტექტურულ ნაგებობებს ხვიარა მცენარეებით აფორმებდნენ. XVII-XVIII საუკუნეების ფრანგული ყაიდის ბაღებში ყვავილოვანი „ხალიჩების“ გამყოფებად რგავდნენ ადვილად ფორმირებად ბუჩქებსა და მრავალფეროვან დეკორატიულ მცენარეებს: არღავანს (იუდას ხეს), ტაქსუსს, კოტონესტერს, ბზას, ღვიას, დაფნას, ჰოსტას, ლონიცერას, ლენტისკს, აბზინდას, სანტოლინას, სოკომორს, ჟასმინსა და ოლეანდრას. ანტუან ჟოზეფ დეზალიე დ’არჟენვილის ცნობით, მებაღეები ცდილობდნენ გაემრავლებინათ ერთი სახეობის ყვავილთა სხვადასხვა ჯიშები. ისინი ესტეთიკური დანიშნულებით იყენებდნენ ლიმონის, მანდარინისა და ფორთოხლის მარადმწვანე ხეებს, იმავე მიზნით რგავდნენ ბროწეულსაც. დეზალიე დ’არჟენვილის ნაშრომში დაწვირლებითაა აღწერილი ის სქელვარჯიანი, მაღალი ხეები , რომლებიც კარგი ჩრდილით გამოირჩევა: მუხა (ავტორის აზრით, „ხეთა მეფე“), ცაცხვი, რცხილა, წიფელი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი, პავლოვნია და ტირიფი. ავტორი გასამწვანებლად წიწვოვანი ხეებიდან უპირატესობას ფიჭვს, ნაძვს და კიპარისს ანიჭებს. ბაღებსა და პარკებში სწორედ ამგვარი ხეები ამშვენებდა ხეივნებსა და ფანჩატურებს.
ანტუან – ჟოზეფ დეზალიე დ’არჟენვილის მიერ თითქმის საუკუნის წინ შედგენილი ფუნდამენტური ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თემაზე არსებულ წიგნებს შორის. 2002-2003 წლებში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა მისი ახალი გამოცემები, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ლანდშაფტის თანამედროვე დიზაინერებსა და პრაქტიკოს მებაღეებს შორის.
თბილისში ფრანგული სტილის პირველი ბაღი დააპროექტა შვედმა არქიტექტორმა ოტო იაკობ სიმონსონმა. საზოგადოებრივი დანიშნულების რესტორნიანი ბაღი გაიხსნა 1865 წელს და მას რუსეთის მეფის, ალექსანდრე II სახელი ეწოდა. დღეს ეს ბაღი ორ ნაწილადაა გაყოფილი და „ცხრა აპრილისა“ და „გიორგი ლეონიძის“ სახელს ატარებს.

მანანა სამაშვილი

The arrangement and maintenance of the garden were associated with great expenses, so first of all, gardens were created according to the taste of French aristocracy. The kings’ and other noble palaces were decorated with the luxurious gardens stretched over to the vast area.
By recognizing unlimited human abilities, gardener designers confront “wild” nature. One can easily distinguish French gardens from the gardens of other countries by artificial planning and the geometric line of perfect harmony. This art was taken at the highest level by the gardener of the king of France, Ludovico XIV, artists and architect Andre Le Norte (1613-1700), who created the most beautiful compositions of Versailles Palace Garden. The name of the Le Norte is also associated with the design of many gardens of Parisian squares and noble palaces.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები