რეკლამაspot_img

ცეცხლსასროლი იარაღების ევოლუცია

ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო იარაღის დამზადება და გამოყენება. თავდაპირველად მას იარაღი თავის გადარჩენისთვის ესაჭიროებოდა. ნადირობით მოიპოვებდა საკვებს და იცავდა სანადირო ტერიტორიას. შუა საუკუნეებამდე იარაღს წარმოადგენდა დანა, ხანჯალი, შუბი, შურდული და ხელკეტი…
მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპაში პირველად გამოჩნდა იარაღი,რომელიც ჭურვს ისროდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების მეშვეობით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შავ დენთს გაცილებით ადრე იცნობდნენ, მას ძირითადად ფოიერვერკებისთვის იყენებდნენ. არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დენთი ევროპაში: ერთი ვერსიით დენთის რეცეპტი ჩინეთიდან ვენეციელმა ვაჭარმა, მარკო პოლომ, შემოიტანა (1271- 1292 წლებში პოლო სავაჭრო ექსპედიციის ფარგლებში პეკინში იყო). სხვა ვერსიით დენთის ფორმულა გერმანელებმა როჯერ ბეკონმა და ბერთოლდ შვარცმა შეადგინეს, ადამიანი მიხვდა, რომ დენთი არა მარტო ფოიერვერკებისთვის გამოდგებოდა, არამედ ჭურვის გასატყორცნადაც.
პირველი ჭურვის მსროლელი იარაღი წარმოადგენდა მეტალის მოკლე მილს, რომელიც ხის სადგარზე იყო მიმაგრებული (ასრულებდა კონდახის ფუნქციას). მას ერთი ბოლო დახშული ჰქონდა, რომელშიც დატოვებული იყო პატარა ჭრილი ცეცხლის მისაწოდებლად. მეორე ბოლოდან ხდებოდა დენთისა და ჭურვის ჩადება (ჭურვად იყენებდნენ კენჭებს, ტყვიებსა და მეტალის ბოთლებს). აფეთქებას პირველად გახურებული ნახშირით ან ანთებული ხის წკირით ახდენდნენ. მოგვიანებით ამფეთქებლად პატრუქის გამოყენება დაიწყეს. პატრუქის დეტონატორად გამოყენებას გააჩნდა მთელი რიგი ნაკლოვანებებისა. ასე მაგალითად: ქარიან და წვიმიან ამინდში ძნელდებოდა აფეთქება. ასევე ღამით იარაღის გამოყენებისას ანთებული პატრუქი ხილულს ხდიდა მსროლელის მდებარეობას მოწინააღმდეგისთვის. პატრუქის დეტონატორის შემდეგი თაობა საკეტი გორგოლაჭის გამოგონებაა. ის შედგებოდა მეტალის დისკისგან, რომელიც მოქმედებაში მოდიოდა სპირალური ზამბარით. ეს მექანიზმი იძაბებოდა ქანჩით და ფიქსირდებოდა (იკეტებოდა). დაკეტილი ბორბალი მოქმედებაში მოჰყავდა სასხლეტ კავს, დისკი სპირალური ზამბარის მოქმდებით ბრუნდებოდა და ეხახუნებოდა კაჟს, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაპერწკალი, რომელიც, თავის მხრივ, ანთებდა დენთს. დამცემი მექანიზმის შემდეგი თაობაა ე.წ. კაჟის საკეტი. ამ საკეტში გამოჩნდა ჩახმახი,  რომელშიც სპეციალური ჭანჭიკებით მაგრდებოდა კაჟი. დაძაბული ჩახმახი მოქმედებაში მოჰყავდა ზამბარას, რის შედეგადაც კაჟი ეხახუნებოდა მეტალის ფირფიტას. ფირფიტა კი, თავის მხრივ, განთავსებული იყო უშუალოდ დენთთან.
კაჟის საკეტის გაუმჯობესების შედეგად გააკეთეს ორჩაქუჩიანი საკეტი: პირველი მათგანი ზემოაღწერილი ჩახმახის პრინციპით მოქმედებდა, ხოლო მეორეზე ჩამაგრებული იყო კვესი, რომელიც, თავის მხირვ, უშუალოდ დენთთან იყო მოთავსებული.
გაუმჯობესების მიუხედავად, დენთის ანთება კვლავ პრობლემატური იყო წვიმიან ამინდში. ამიტომ გამოგონებული იყო ე.წ. საფარი (სახურავი), რომელიც ეფარებოდა ნაპერწკლის წარმოქმნის ადგილს. ამავე დროს საფარი კვესის ფუნქციასაც ითავსებდა.
შუა საუკუნებიიდან მომდინარე, სანადირო იარაღის ევოლუცია სამხედრო დანიშნულების იარაღის განვითარების პარალელურად ხდებოდა, პირველი სანადირო თოფი ინგლისელების მიერაა გაკეთებული. სანადირო სცენების პირველი გრავირება 1545 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ნადირობა მხოლოდ დიდგვაროვანთა პრივილეგია იყო. ბრიტანეთის პარლამენტის 1542 წელს გამოცემული კანონით ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა მხოლოდ მსხვილ მიწათმფლობელებსა და დიდგვაროვნებს შეეძლოთ (მათი წლიური შემოსავალი 100 გირვანქა სტერლინგზე მეტი უნდა ყოფილიყო). გლეხებსა და მდაბიოებს ნადირობაში მხოლოდ მარეკების ფუნქციის შესრულება ევალებოდათ.
მე-17 საუკუნის დასაწყისიდან სულ უფრო ფართო მოხმარებას ჰპოვებს გლუვლულიანი იარაღი.
იარაღის განვითარების ისტორიაში ნამდვილი გარღვევა იყო ბრიტანელი ქიმიკოსის ჰოვარდის 1799 წლის გამოგონება. გამოგონების ავტორმა „მგრგვინავი ვერცხლისწყალი“ უწოდა. მის საფუძველზე 1808 წელს შოტლანდიელმა მღვდელმა ალექსანდერ ფორსაიტმა შეიმუშავა ახალი ქიმიური ნივთიერება ფულმინატი, რომლის მოთავსებაც შესაძლებელი იყო პატარა კაფსულაში. ამ გამოგონებების შედეგად, დენთის ანთებამ ღია სივრციდან დახურულში გადაინაცვლა. კაფსულის აფეთქებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ საჭირო სიძლიერის დარტყმა. ამისთვის შემუშავებული იქნა ე.წ. ჩაქუჩები, რომელიბიც პირველად ჩახმახების ანალოგს წარმოადგენდნენ. დარტყმის შედეგად კაფსული ფეთქდებოდა და ბრანდმილს („ბრანდტრუბკას“) საშუალებით მიეწოდებოდა დენთს.
ზემოაღწერილი პერიოდების იარაღები ლულის ტუჩიდან იტენებოდნენ და მათი სწრაფმსროლელობა საკმაოდ დაბალი იყო. შემდეგი ეტაპი გახდა მასრის გამოგონება.
1812 წელს შვეიცარელი მეიარაღის, იოჰან საიმონ პაულის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული თითბრის ვაზნა გახლდათ პირველი მცდელობა მასრის კეთებისა.
1832 წელს ცნობილმა მეიარაღემ ლეფორშემ შექმნა პირველი ვაზნა, რომელიც გააუმჯობესა 1840 წელს. ეს გახლდათ პირველი მეტალის სარჭიანი ვაზნა.
1850 წელს ინგლისში გამოგონებულ იქნა T – სებური სისტემის დამცემი მექანიზმი სახაზინო გადატენვის თოფებისათვის, რომლის მრავალმხრივი გაუმჯობესების შედეგად, მივიღეთ დღევანდელი სახის ჩახმახი. შემდეგი ეტაპი სარჭიანი ვაზნის ცენტრალური აფეთქების ვაზნით შეცვლა გახდა.
1875 წლის პატენტი, რომლის ავტორებიც ბირმინგემელი ოსტატები ენსონი და დილი იყვნენ, წარმოადგენს დღევანდელი შიდაჩახმახებიანი თოფის საბაზო მექანიზმს. საკეტი ენსონ-დილის სახელითაა ცნობილი და ის მორიგი გარღვევა იყო იარაღის განვითარების ისტორიაში.

მეოცე საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა უფრო დიდი ყალიბებისა და მუხტების გამოყენების ტენდენცია გლუვლულიანებში. მათი სავაზნეები 76 მმ ან 89 მმ სიგრძის გახდა. სახსნელი ჩოკების კომპლექტი ასეთ თოფებს უნივერსალურს ხდის

გელა ჩავლეშვილი
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი მონადირე. ge

რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები