რეკლამაspot_img

თევზის მეურნეობა

თევზის მეურნეობა, მეცნიერული თვალსაზრისით, ბიოლოგიური ბუნებათსარგებლობის დარგია, რომელიც ძირითადად დაკავბეულია თევზის რესურსების ექსპულატაციით, დაცვითა და აღწარმოებით. ხშირად ამ დარგს ასევე მიაკუთვნებენ ზღვის, წყლის უხერხემლო ცხოველებისა და კვებითი და ტექნიკური წყალმცენარეების ექსპლუატაციას, დაცვასა და აღწარმოებას.
თევზის მეურნეობის სტრუქტურაში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ქვედარგები:

  • საზღვაო (ოკეანური) თევზჭერა;
  • მტკნარი წყლის თევზჭერა;
  • სამოყვარულო თევზჭერა, საზღვაო და მატერიკულ თევზსაჭერებში;
  • ზღვის ცხოველების (ვეშაპისებრებისა და ფარფლებიანების მოპოვება);
  • წყლის უხერხემლოების მოშენება;
  • სატბორე თევზმოშენება;
  • თევზის მოზარდეულის მოშენება აღწარმოების მიზნით;
  • წყალმცენარეების შეგროვება და დამზადება.

ცალკეული ქვედარგები მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს და მათი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ერთიან კომპლექსებში.
მეთევზეობას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევენ. საუკუნეთა მანძილზე ქართველი ხალხის სამეურნეო ცხოვრებაში მეთევზეობამ მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, საქართველოს ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით, და მეორე მხრივ – ქართველი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობებით. მეთევზეობის განვითარებაზე საქართველოში მოგვითხრობს არაერთი ისტორიული წყარო. სხვადასხვა ეპოქაში საქართველოში თევზჭერის განვითრებაზე გვიამბობენ ჰეროდოტე (484-425 ჩვ.წ.აღ), ქსენოფონტე (IV ჩვ.წ.აღ), არაბი გეოგრაფები (X-XIII საუკუნე), კათოლიკე მისიონერი დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი (XVII საუკუნის 30-იანი წლები), ფრანგი მოგზაური ჟ. შარდენი (XVII ს.), ვახუშტი ბატონიშვილი, იესე ბარათაშვილი (XVIII ს.), გიულდენშტედტი (XVIII ს-ის 70-იანი წლები). ასევე მნიშვნელოვან საარქივო წყაროს წარმოადგენს საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწე რუსეთის სამეფო კარის მთავარმართებლების საარქივო მასლა, სადაც მრავლად გვხვდება თევზის რეწვასთან, თევზის ვაჭრობასა და მათ რეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
ხანგრძლივი ისტორიული წარსულის მიუხედავად, მეთევზეობის, როგორც სამრეწველო დარგის განვითარება საქართველოში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო ინტენსიური განვითარება კი გაგრძელდა 60-იანი წლებიდან საოკეანო თევზსაჭერი ფლოტის ჩამოყალიბებითა და თევზის გადამუშავების ინფრასტრუქტურის განვითარებით.
გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თევზის რეწვის განვითარების მიზნით საქართველოში მეცნიერულად შეისწავლეს ზღვისპირეთისა და შიდა წყლები, რის შემდგომაც შემუშავდა თევზის მოპოვებისა და გადამუშავების პერსპექტიულო გეგმა, რომლის რეალიზაცია დაევალა „საქსახვაჭრობას“, შემდეგ – აქციონერთა საზოგადოებას „საქთევზს“ (1930 წლის 21 იანავრი), ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე კი – თევზის მრეწველობის სახელმწიფო ტრესტს „საქთევზს“.
პარალელურად, საქართველოს ზღვისპირა რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სოხუმი, გაგრა) იქმნებოდა მეთევზეთა კოლმეურნეობები და 1932 წელს შეიქმნა თევზმჭერი კოლმეურნეობების კავშირი „საქთევზკოლმკავშირი“.
თევზეულის რესურსების გარზდის მიზნით, 1929 წლიდან საქართველოში ხორციელდებოდა ღონისძიებები სატბორე მეურნეობების შესაქმნელად. ამ კუთხით პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა ჯაპანის სატბორე მეურნეობის მოწყობა.
1931 წელს საქართველოში შეიქმნა თევზის მეურნეობის სამეცნიერო სადგური და თევზჭერის რეგულირებისა და თევზეულის მარაგის დაცვის სახელმწიფო ინსპექცია.
1930-1950 წლებში კომერციულად ძვირფას თევზებად მიიჩნეოდა: ქაფშია, შპროტი, შავი ზღვის სტავრიდა, ტიურბო, კეფალის ხუთი სახეობა, ზუთხისებრთა ხუთი სახეობა, შავი ზღვის ქაშაყი, ქერჩის ქაშაყი, აზოვის ზღვის ქაშაყი, პალიასტომის ტბის ქაშაყი, შავი ზღვის ორაგული, ეკლიანი ძაღლთევზა. მათ გარდა, იმავე პერიოდში საქართველოში მოიპოვებდნენ ხამანწკებს, რაპანას და დელფინების სამ სახეობას. ამ ისტორილ მონაკვეთში საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი შედგებოდა რამდენიმე ათეული არათვითმავალი ნავის, ბარკასისა და მცირე გაბარიტისა და სიმძლავრის გემებისგან. თევზჭერა ხორციელდებოდა ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით, და ძირითადად – ნაპირთან.
1932 წელს სულ მოიპოვებოდა 75 930 ცენტერი თევზი. თევზის გადამამუშავებელმა ქარხნებმა, სულ დაამზადეს 21 195 ცენტერი პროდუქცია (ძირითადად- დამარილებული თევზი)
1940 წელს საქართველოს თევზის მრეწველობამ, რომელსაც უკვე გააჩნდა 15 ერთეული თვითმავალი ფლოტი, შეძლო საქართველოს წყლებსა და ქერჩის სრუტეში 82 128 ცენტერი თევზის მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.
1945 წლიდან თვზმჭერმა ორგანიზაციებმა დაიწყეს სეინერის ტიპის გემების გამოყენება. ამ დროისთვის მეთევზეთა ძირითადი სამიზნე თევზის სახეობა შავი ზღვის ქაფშია გახდა. სტავრიდასა და კეფალის ჭერა წარმოებდა მცირე და საშუალო ზომის სეინერებით. თევზის მეურნეობაში ჩართულმა საწარმოო ორგანიზაციებმა, დაიწყეს სხვადასხვა სახის თევზპროდუქციის გამოშვება, მათ შორის: შებოლილი, დამარილებული, გაყინული, კონსერვირებული ქაფშია, ქაფშია ტომატის სოუსში, ქაფშია ზეთში. მოიმატა ისეთი სახეობის თევზების ფასეულობამ, როგორებიცაა: სტავრიდა, კამბალა, ხონთქარა, კეფალი. დაიწყო თევზის ფქვილისა და ნატრიუმის პიროსულფატის დაკონსერვებული თევზის ფარშის წარმოება (გამიყენებოდა შინაური ცხოველების საკვებად).
საქართველოში თევზის მეურნეობის მკვეთრი აღამავლობა დაიწყო 1950 წლიდან, როდესაც „საქთევზის“ ტრესტისა და „საქთევზკოლმკავშირის“ თევზსაჭერი ფლოტი აღსდგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღდგენა გულისხმობდა არა მარტო თვითმავალი გემების რიცხობრივ მატებას, არამედ მათი საერთო სიმძლავრისა და ტვირთამწეობის ამაღლებას. ამ პერიოდში ბათუმში შეიქმნა თევზსაჭერი ბაზა, ხოლო სოხუმში – თევზსაჭერი სამოტორო სადგური, რომლებიც ემსახურებოდნენ მეთევზეთა კოლმეურნეობებს.
1954-1957 წლები გამოირჩევა თევზის ჭერის ზრდით. მატულობს მოპოვებული თევზის მოცულობა და ფართოვდება მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები. გემების მოცდენის შემცირების მიზნით, სოხუმის სამოტორო სადგურის ბაზაზე იქმნება გემშემკეთებელი საწარმო, სადაც მზადდებოდა აგრეთვე თევზსაჭერი იარაღები. თევზკომბინატად გარდაიქმნენ ქარხნები ბათუმში, სოხუმსა და ფოთში, აშენდა ახალი თევზის ქარხანა თბილისში. ექსპლუატაციაში შევიდა მაცივრები და ყინულის მწარმოებელი საამქროები, რომელბიც ემსახურებოდნენ ფლოტსა და გადამამუშავებელ საწარმოებს.
1963 წელს „საქთევზმრეწვის“ ტრესტმა მიიღო პირველი „ტროპიკის“ ტიპის თევზსაჭერი ტრაულერი „შოთა რუსთაველი“, რომელმაც ექსპლუატაციის პირველივე წელს, ატლანტის ოკეანეში, მოიპოვა 23 400 ტონა მაღალი ხარისხის თევზი. ტრესტის სისტემაში შეიქმნა საოკეანო თევზჭერის სამმართველო (ქ.ფოთი) და 1964-1965 წლებში სამმართველომ დამატებით მიიღო „ტროპიკისა“ და „ატლანტიკის“ ტიპის საოკეანო თვზჭერის გემები.
1970 წლისთვის საქართველოს ჰყავდა 16 შორეული ცურვის  თევზმჭერი ტრაულერისაგან შემდგარი ფლოტი, რის შედეგადაც თევზმოპოვების უდიდესი წილი მოდიოდა ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში დაჭერილ თევზზე.
ისევე როგორც საზღვაო თევზჭერის განვითარება, აკვაკულტურის განვითარებაც საქართველოში დაიწყო 1930 – იან წლებში. საწყის ეტაპზე აკვაკულტურა მოიცავდა ტბებზე, წყალსაცავებზე, ზოგიერთ მდინარებსა (ალაზანი, მტკვარი) და გუბურებზე თევზის მოშენებას. ამ პერიოდისთვის აკვაკულტურასა და შიდა წყალსატევებზე თევზჭერას ადმინისტრირებას უწევდა „საქთევზმრეწვი“. ხსენებული ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა თევზის აღწარმოებას, გამოზრდისა და სასაქონლო თევზის წარმოების საკითხებს. რამდენიმე წლის შემდეგ შიდა წყლების თევზის მეურნეობა გამოეყო აკვაკულტურას და მისი ადმინისტრირება გადაეცა დამოუკიდებელ ორგანიზაციას.
1930-1950 წლებში საქართველოში მოქმედებდა 50 აკვაკულტურის ფერმა, რომელთა გუბურების ზედაპირების ფართობი შეადგენდა 25 ათას ჰექტარს. ამ ფერმებიდან 5 წარმოადგენდა საინკუბაციო მეურნეობას: მათგან 2 განლაგებული იყო აღმოსავლეთ, ხოლო 3 დასავლეთ საქართველოში. ეს ინკუბატორები ახორციელებდნენ სხვადასხვა სახეობების კობრისებრთა რეპროდუქციას, გამოზრდასა და სელექციას. მათ შორის იყო ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ჩვეულებრივი კობრი, თეთრი სქელშუბლა, ჭრელი სქელშუბლა და თეთრი ამური.
ბუნებრივი შიდაწყალსატევების თევზის მარაგების აღდგენის მიზნით „საქთევზმეურნეობამ“ შექმნა 6 საკალმახე საწარმო (2 დასავლეთ და 4 აღმოსავლეთ საქართველოში). 2 საკალმახე საწარმოში ხორციელდებოდა საქართველოში შემოყვანილი ცისარტყელა კალმახის განაშენიანება და გამოზრდა. ეს მეურნეობები განლაგებული იყო გუდაუთისა და ახალციხის რაიონებში. ყოველწიურად ამ მეურნეობებიდან ხდებოდა ბუბერივ წყალსატევებში 3 – 5 მილიონი კალმახის მოზარდულის გაშვება და გარდა ამისა, მომხმარებელს მიეწოდებოდა 250-270 ტონა სასაქონლო კალმახი. 1935-1974 წლებს შორის (მანამ სანამ აშენდებოდა კოდორის ორაგულისებრი თევზების აღწარმოების ქარხანა) გუდაუთის რაიონში განლაგებული შავწყალას თევზსაშენი ქარხანა დაკავებული იყო შავი ზღვის ორაგულის მოშენებით.
1930-1990 წლებს შორის თევზის მოპოვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1980 წელს და ის შეადგენდა 211 889 ტონას. შავი ზღვის თევზჭერის სტატისტიკაში დომინანტური პოზიცია ეკავა ქაფშიას, რადგან მისი მოპოვება შეადგენდა თევზჭერის საერთო მოცულობის 30-40 %  – ს. 1980 -იან წლებში თევზმომპოვებელ საწარმოებში –  „აჭარათევზი, „ფოთითევზი და „მებადური“ – მუშაობდა, შესაბამისად, 1200, 1000 და 254 მეზღვაური – მეთევზე. ნათლად წარმოჩნდება თუ რამდენად განვითარებული იყო იმ დროისთვის ქვეყანაში თევზის მეურნეობის დარგი. 1990 წლისათვის დასაქმებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და 1800 ადამიანამდე დავიდა.

არჩილ ფარცვანია
მეთევზეობის დარგის ექსპერტი

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები