რეკლამაspot_img

გზა მისურის ბოტანიკური ბაღიდან საქართველომდე

რაინერ ბუსმანი, პროფესიით ეთნობოტანიკოსი, ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობონატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისურის ბოტანიკური ბაღის იულიამ ელ ბრაუნის სახელობის ცენტრის ყოფილი დირექტორი, წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტებზე მუშაობდა. სწორედ პროფესიამ ჩამოიყვანა საქართველოში და იმდენად მოიხიბლა, რომ დარჩენა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა.

ჟურნალი „ველური ბუნება“ გთავაზობთ ინტერვიუს რაინერ ბუსმანთან:

  • პროფესიიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში მომიწია მუშაობა. მათ შორის –აფრიკის მთებსა და ტყეებში.აფრიკიდან სამხრეთ ამერიკაში,ანდებში, გავემგზავრე ტყეების შესახებ დიდი ეკოლოგიური პროექტის გასაკეთებლად. შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი, როგორც პროფესორი, ვმუშაობდი მისურის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც მსოფლიოში უდიდესია. სწორედ მისურიდან მოვხვდი საქართველოში. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობდით საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტთან, მე კი სასარგებლო მცენარეთა განყოფილების დირექტორი ვიყავი. ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა ეს ქვეყანა, აქაური ხალხი, ლანდშაფტი, გარემო, საკვები, ღვინო და ა.შ.საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რატომ უნდა იცხოვროს ადამიანმა საქართველოში. აქ გადმოსვლა ასევე ეფექტური გზაა საქმის გასაკეთებლად.ჩვენ თანამშრომლობა გვიწევდა ბოტანიკის ინსტიტუტის კოლეგებთან და აღმოჩნდა, რომ ასე უფრო მეტი იდეა და შესაძლებლობა გვექნებოდა, რომლებსაც საქართველოში განვახორციელებდით. ამჟამად გერმანიისა და ამერიკის მოქალაქე ვარ. იმისთვის, რომ გავხდე საქართველოს მოქალაქე, მომიწევს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა. ალბათ ეს ამერიკა იქნება.

  • და მაინც რაიყო ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი, გარემო, ხალხი თუ სამუშაო შესაძლებლობები?უპირველეს ყოვლისა, ხალხი, რადგან ძალიან სასიამოვნოა ისეთი მეგობრების ყოლა, რომლებიც შენზე ზრუნავენ. ასევე, რა თქმა უნდა, ტრადიციები, ეს ძალიან საინტერესო მულტიკულტურული, მრავალენოვანი, ბუნებრივი რესურსების გამოყენების დიდი ისტორიით. ყოველთვის ვამბობ, რომ სამხრეთ გერმანიიდან, ალპებიდან ვარ. მსურს იქაც ისეთი გარემო მქონდეს, როგორიც საქართველოშია. ეკოლოგიის მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან აქ ბუნებრივი ტყეებია, ხოლო ევროპაში 500 წელია ტყეს ხელოვნურად აშენებენ.

 

                   

  • საქართველოდან დისტანციურად მუშაობაც ალბათ თქვენთვის მოსახერხებელია, განსაკუთრებით პანდემიამ დაგვანახაამგვარი მუშაობის სარგებელი. თქვენ ცხოვრობთ საქართველოში, მაგრამ მაინც ხართ გლობალური სივრცის ნაწილი და შეგიძლიათ ონლაინ იმუშაოთ ამერიკის ბოტანიკური ბაღისთვის
  • ონლაინ მუშაობის პროცესი მართლაც ძალიან მარტივია. მიმაჩნია, რომ ამ ფაქტორმაც უნდა უბიძგოს ადამიანებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად და ონლაინ იმუშაონ. თანაც, საქართველოში გადასახადებს გადაიხდიან და ეს ეკონომიკასაც ძალიან წაადგება.დისტანციური სამუშაო, სავიზო პროგრამა კონკრეტული ქვეყნების ჯგუფებისთვისაა გათვლილი. მაგრამ უამრავი ქვეყანაა ისეთი, რომლებსაც ჰყავთ საკმაოდ შეძლებული მოქალაქეები და მზად არიან დიდი თანხა დატოვონ საქართველოს მსგავს ქვეყნებში.
  • რა მაგალითი უნდა აიღოს საქართველომ ევროპისგან? რა არის ის გარემოსდაცვითი შეცდომები, რომლებიც შესაძლოა ევროპამ დაუშვა, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია თავი აარიდოს?
  • შეცდომების უმეტესობა ევროპაში 500 წლის წინდაუშვეს. გერმანიაში ხელოვნური ტყეების გაშენება 1400-იან წლებში დაიწყო. ბუნებრივი ეკოსისტემა, ფაქტობრივად, 100 წლის წინ განადგურდა და ხელოვნურ პლანტაციებად გადაიქცა. როცა ევროპის ქვეყნები დამოუკიდებლები იყვნენ, საკმაოდ ქაოტური სიტუაცია იყო. მახსოვს, სადაც მე გავიზარდე, ყველა იქ ყრიდა ნაგავს, სადაც ადგილს იპოვიდა, შემდეგ უკვე ევროკავშირმა ყველაფერი დაარეგულირა, რაც უდიდესი ნაბიჯი იყოგანვითარებისთვის, მაგრამ ერთი შეცდომა, რომელსაც ევროპა ახლაც უშვებს, არის ის, რომ ხშირად წესები ზედმეტად დეტალურადაა გაწერილი და ორიენტირებულია ტექნიკაზე, ადგილობრივი კონტექსტი კი ხშირად გათვალისწინებული არ არის. საქართველოს შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი გარემო დაიმედი მაქვსამ თვალსაზრისითევროპის შეცდომებს არ გაიმეორებს. ასე რომ, ნებისმიერ საკითხში მთავარია ბალანსი იყოს დაცული. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საქართველო კარგ პოზიციაზეადა შეუძლია ამ ბალანსის დაცვა.

  • ორიოდე წლის წინ საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარკვეული რეორგანიზაცია ჩატარდა. დასავლეთში მას ველური ბუნების მენეჯმენტს ვუწოდებთ. საქართველოში ფიქრობდნენ, რომ არ შეგვეძლო იმ პასუხისმგებლობის აღება, რასაც ველური ბუნების მართვა ეწოდება. როგორ ფიქრობთ, როგორ არის შესაძლებელი ველური ბუნების მართვა, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ბუნებას უნდა მივანდოთ?
  • პირველ რიგში საჭიროა გამოიყენოთ დრო და უნდა მართოთ ეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და ისტორიის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია მდგრადი გზით მართვა. მაგრამასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხოვრების ტემპი წლების მანძილზე იცვლება. სოფელში დღეს უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, ახალგაზრდების უმეტესობა კი ქალაქებში არიან. ახალგაზრდებიკარგავენ ცოდნას ადგილობრივი ეკოსისტემების მართვის შესახებ. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ველურ ბუნებასთან, განსაკუთრებით მგლებთან, კონფლიქტები გაიზარდა, მაგრამ არა იმიტომ, მგლების რაოდენობა გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა დაკარგეს მათი მართვის ცოდნა.

   

  • როგორც ახსენეთ, ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, ნაკლებად ვხვდებით ველურ ბუნებას. ჩვენი ქვეყნის ველური ბუნება ხშირად შთამბეჭდავია ტურისტებისთვის, ევროპელებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ვაწყდებით უამრავ პრობლემას, რადგან რეალურად ვერ ვმართავთ არსებულ სიტუაციას. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, საკმარისია თუ არა მხოლოდ ცნობიერების გაზრდა ამ მიმართულებით?
  • ვფიქრობ, სავსებით სწორია. ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ცოდნის ამაღლებას ყველა ადგილობრივი ეკოსისტემის შესახებ. უნდა ვიცოდეთ, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ბუნებრივი ეკოსისტემა, როგორ ხდება მათი რეგენერაცია სხვადასხვა ეტაპზე, რომ შევეცადოთ შევინარჩუნოთ ასეთი ციკლი და არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიცაა მაგალითად ბუტანში. უნდა ავამაღლოთ ყველანაირი ცოდნა, თუნდაც ნადირობის შესახებ და მისი მენეჯმენტი უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში, რადგან კონტროლირებადი ნადირობა აუცილებელია; ასევე, ცოდნა იმის შესახებ, თუ სხვა რა შეგვიძლია მივიღოთ ეკოსისტემადან და რა როლი შეიძლება შეასრულოს ამან ველური ბუნების განვითარებაში. მაგალითად, შეიძლება გვქონდეს საინტერესო სახეობა, რომელსაც  ადგილობრივები სამკურნალო გამოიყენებენ. ასე რომ, აუცილებელია, კავშირი ველურ ბუნებასა და ეკოსისტემას,შემდეგ კი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იყენებენ ამ ეკოსისტემას. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტიც. თუ ყაზბეგის მაგალითს განვიხილავთ, ყაზბეგი იყო ცხოველებისთვის მიგრაციის მთავარი გზა, ახლა კი ცხვარი გაცილებით ნაკლებია. ნაკლები ცხვარი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ უფრო ნაკლები ადამიანი დასაქმდება და დააგროვებს თივას. ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ.
  • სამწუხაროდ, ბევრ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას ავიწყდება, რომ ღმერთმა ბუნება ადამიანებისთვის შექმნა. ჩვენ, გარემოსდამცველები, ხშირად ვივიწყებთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იმყოფებოდა და თავისი როლი გააჩნდა. ადამიანის გარეშე გარემო საერთოდ სხვა მხრივ წავიდოდა. როგორ ფიქრობთ, ზოგჯერ გარემოსდამცველები ძალიან რადიკალები ხომ არ ვართ?
  • ბევრ შემთხვევაში გეთანხმებით, გარემოს დამცველები შეიძლება ძალიან რადიკალები იყვნენ. ხშირად ყველაზე რადიკალური შეხედულებების მქონე გარემოს დამცველები ის ადამიანები არიან, რომლებიც არ ცხოვრობენ ბუნებაში. უამრავ გარემოს დამცველს უყვარს საკუთარი ბაღის გაშენება, მაგრამ ეს მათ არ სჭირდებათ საარსებოდ. ასე რომ, თუ რამე მოუვიდა მოსავალს, მაგალითად,დაისეტყვა, არაფერია მათთვის, მაგრამ როდესაც ფერმერი ხარ დაშენი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ეს არის, სულ სხვა მდგომარეობაა. გარემოს დამცველების უმეტესობას არ ესმის რა ზეწოლა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. ამავე დროს მათი უმეტესობა კონცენტრირებულია გარემოზე და მხედველობაში არ იღებენ ისტორიასა და ადამიანებს.

ამაზონის მაგალითს თუ განვიხილავთ, მას ყოველთვის ხელუხლებელს უწოდებენ, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ამაზონში ძირითადად ის სახეობები იზრდება, რომლებსაც ადამიანები იყენებენ. ამაზონი დიდი ბაღივითაა. ჩემთვის ეს არ არის ხელუხლებელი ტყე, ეს ბაღია. სანამ ევროპელები სამხრეთ ამერიკაში ჩავიდოდნენ, ეს კიდევ უფრო დიდი ბაღი იყო, რადგან მკვიდრი მოსახლეობა ბევრად მეტი იყო და სათავისოდ იყენებდნენ მას. ასე რომ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავითვალისწინოთ გლობალური კონტექსტი. ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა და ვერ ვაიძულებთ ხალხს დაუბრუნდნენ იმას, რაც ადრე იყო, როცა ხალხი ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრობდა თანამედროვე მედიცინისა და ელექტროენერგიის გარეშე. ამიტომ ჩვენ, გარემოსდამცველებს, უნდა შეგვეძლოს დავინახოთ მთელი კონტექსტი. ყველას მოგვწონს ზაფხულში კონდიციონერის ჩართვა, ელემენტარულად, ელექტროენერგია საიდანღაც ხომ უნდა მოდიოდეს.

   

  • თქვენ ახსენეთ ამაზონი და ყველა ის გლობალური საკითხი, რომელთა წინაშეც უამრავი ადამიანი დგას. ამაზონის ხანძრები, ვფიქრობ, ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო საუკუნის განმავლობაში, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. რა არის ყველაზე საგანგაშო და რამდენად გლობალურია ეს პრობლემა?
  • უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობს ბევრი გლობალური ცვლილება, ტემპერატურა იმატებს, მაგრამ არ მომწონს ტერმინი კლიმატის ცვლილება, ვფიქრობ, გლობალური ცვლილება უკეთესად ასახავს რეალობას. როდესაც ვსაუბრობთ ტემპერატურის მატებაზე, რეალურად ეს ყველგან სხვადასხვანაირად ხდება. ყველაზე ცუდი არის ის, რომ კლიმატი სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

მაგალითად, საქართველოში, არ ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებად იწვიმებს. პირიქით, იქნება უფრო ძლიერი წვიმები, ელჭექი, სეტყვა…  როდესაც ხანძარს ვახსენებთ, ამ პრობლემაზე ლოკალურად უნდა ვისაუბროთ. პლანეტის ზოგიერთი ნაწილი უფრო მშრალი ხდება, მაგალითად, კალიფორნია. მსგავსი ადგილები მუდამ ხანძრის საფრთხის ქვეშაა. როდესაც გვესმის ხანძარი ამაზონის ტყეებში, უმეტესად აქ არ იგულისხმება ამაზონის იმ ადგილების დაწვა, სადაც ტროპიკული მცენარეებია. ამაზონის უდიდესი ნაწილი სავანაა, ისევე როგორც აფრიკა, სადაც ვხვდებით მარტივად აალებად ლანდშაფტს, რომელიც ბუნებრივად იწვის პერიოდულად. ისმის კითხვა, თუ უფრო გამოშრება ეს ტერიტორია, მეტ ხანძარს მივიღებთ? კი, სწორედ ეს არის გაუდაბნოების პროცესი.

ციმბირის მაგალითიც საკმაოდ საინტერესოა. ტემპერატურა აშკარად მატულობს, იგი აშრობს მცენარეულობას, შემდეგ ვიღებთ ჭექა-ქუხილს, რაც იწვევს ხანძარს. ასე რომ, ჩემი აზრით, ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, ხანძრების პრევენციისათვის.

  • საქართველოს მაგალითს თუ განვიხილავთ, აქაც ხდება ტყის ხანძრები. გლობალური დათბობის მთავარი პრობლემა ყინულის საფარის დნობაა. ჩვენ მუდამ გვესმის, წლიდან-წლამდე როგორ იკლებს ყინულის საფარი. ფაქტობრივად, ჩვენ ვიყენებთ ამოწურვად წყლის რესურს, შეიძლება ახლა– არა, მაგრამ ოდესმეაუცილებლად დადგება სასმელი წყლის პრობლემა. რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ?
  • ადგილობრივი თვალსაზრისით, მხოლოდ რესურსის ეფექტურად მართვა შეგვიძლია. ახლა ანდების მაგალითზე ვისაუბრებ, რადგან იქ აშკარა პრობლემაა. წყლის უდიდესი ნაწილი დიდი ქალაქებისთვის მოდის მთებიდან, მყინვარებიდან და ნალექებიდან. ასე რომ, მყინვარების გაქრობა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ნაკლებ წყალს ადამიანის მოხმარებისთვის. როგორ შეგვიძლია ამის მართვა? ჩვენ რეზერვუარების დაყენება გვიწევს, რადგან ნალექები სულ უფრო და უფრო არამდგრადი ხდება. შეიძლება ხშირი წვიმაა, მაგრამ თუ არ შეგვიძლია ამ ჩამონადენის მართვა და შენახვა, წყალი არ გვექნება. ასევე კარგი გამოსავალია ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც წყალსაცავის როლს ასრულებსმოსახლეობისთვის. კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი მდგრადი გზაა, რომლის გავლაც შეგვიძლია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თქვენ ამბობთ, წყლის რაოდენობა მკვეთრად დაიკლებს. ეს არა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე იმოქმედებს ადამიანებზე, არამედ მთლიანად შეცვლის გარემოს.

 

  • საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ჰიდროელექტროსადგურების საკითხი. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია ნამოხვანჰესის პროექტი, გარემოსდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა უარს ამბობს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. ბევრ არასამთავრობოს აქვს საკუთარი ინტერესი, ზოგს – პოლიტიკურიც, რის გამოც ებრძვიან ამ საკითხს. ალბათ აქ საქმე ეხება განათლებას, უნდა გაიაზროს მოსახლეობამ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
  • ჰო, მე ვიტყოდი, რომ საქმე ეხება ფუნდამენტურ მეცნიერებას. ყველა საჭირო კითხვა უნდა დაისვას. არის თუ არა ეს საუკეთესო ადგილი, სადაც იქნება მუდმივი წყალმომარაგება? რა ხდება მყინვარების გაქრობის შემთხვევაში? არის წყალი წყალსაცავის შესანარჩუნებლად? ეს წყალშემკრები აუზი არის თუ არა დიდი? როგორია წვიმის ჩამონადენი? რამდენადაა აღნიშნული ტერიტორია სეისმურად სტაბილური? შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის ტრანსპორტირება იქ, სადაც გჭირდება? რა გავლენას ახდენს გარემოზე? რას გამოიწვევს წყალსაცავი? რა თქმა უნდა, რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიის თვალსაზრისით? ვგულისხმობ, არიან იქ ადამიანები, რომლებმაც რეალურად იციან ადგილობრივი გარემო, თუ ის ხალხია, ვინც აქ არასდროს ყოფილა და უბრალოდ ეზოში წყალსაცავის შესახებ შეიტყო? უნდა ვისაუბროთ ეკონომიკურ საკითხებზეც. ვინ აფინანსებს? ვინ იღებს სარგებელს? როგორია კონტრაქტი? მაგრამ ასევე საინტერესოა მეცნიერების აზრი. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ფუნდამენტური მეცნიერების საფუძველზე.
  • სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ასევე არიან მოთამაშეებიც, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ინტერესები საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, რუსეთიც გარკვეულწილად მონაწილეობს. რა თქმა უნდა, თურქეთი, როგორც ინვესტორია ჩართული. ამიტომ ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში, რომლებიც ლიბერალური, დასავლური ხედვების მქონეა, ამ საკითხისადმი საკმაოდ რადიკალურად არიან განწყობილნი. ვფიქრობ, მათ რეალურად გადაკვეთეს წითელი ხაზები.
  • კი, აშკარად იგრძნობა პოლიტიკური ინტერესი. საქართველოში ვხედავთ პოლარიზაციას. როგორც უცხოელი, რომელიც საქართველოს ისტორიით დაინტერესებულია, გავიხსენებ, რომ საქართველო გადაურჩა ირანელთა, მონღოლთა შემოსევებს, ასევე რუსეთს, რომელიც ჯერ ისევ არის საქართველოს ტერიტორიებზე.მე როგორც უცხოელი, ვთვლი, რომ საქართველოსთვის საუკეთესო გზა ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკა არ არის, რადგან საკმაოდ ტრადიციული ქვეყანაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია რელიგიასთან, სტუმართმოყვარეობასთან.ყველაფერს, რასაც დასავლეთი აკეთებს, აუცილებლად კარგი არ არის.

  • ტურიზმი საქართველოში არგონავტების პერიოდიდან იწყება. მახსოვს, დაახლოებით 20-25 წლის წინ უშგულში ჩემ მეგობარს ღამის გასათევად ტურისტმა ფული შესთავაზა. ჩემ მეგობარს ეს არ ესმოდა, რადგან საქართველოში, ტრადიციულად, მუდამ ღია იყო კარი ტურისტებისთვის.
  • საკმაოდ საინტერესო მაგალითია. ტურისტები საქართველოში იმიტომ ჩამოდიან, რომ ხელშეუხებელი ბუნება,განსაკუთრებული კულტურა და ადამიანებია. თითქოს ყველაფერია, რაც გინდა. მაგრამ, თუ ქვეყანაში მივიღებთ ბევრ გადახდისუუნარო ტურისტს, რომლებსაც აქვთ გარემოზე დიდი ზეგავლენა, ამას აზრი არ ექნება. აუცილებელია, რომ გადახდისუნარიანი ტურისტებისთვისაც ცნობილი იყოს საქართველო.
  • როგორ ფიქრობთ ადგილობრივი და უხოელი ტურისტი ერთსა და იმავე თანხას უნდა იხდიდეს მოგზაურობისას?
  • როდესაც სტუდენტი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს არასწორი იყო.მაშინ მე ეროვნული პარკისთვის მეტის გადახდა მიწევდა, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეს. სინამდვილეში ეს უსამართლო სულაც არ არის და რაც დრო გადის, ვთვლი, რომ ყველაზე ეფექტური სისტემაა. თუ ტურისტი საჰაერო გზით ჩამოდის, მას უკვე დახარჯული აქვს გარკვეული თანხა და, მიმაჩნია, რომ სამართლიანია, ტურისტმა უფრო მეტი გადაიხადოს მაგალითად ეროვნული პარკის შესასვლელში. ადგილობრივისთვისაც უკეთესია, როცა იაზრებს, რომ ტურისტი ამა თუ იმ სერვისში უფრო მეტს იხდის, შემდეგ თვითონაც სტუმრობს მას.

  • დიდი მადლობა საინტრესო ინტერვიუსთვის და გისურვებთ წარმატებებს საქართველოში.
  • საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, როგორც ბოტანიკოსი, ვხედავ იმ შესაძლებლობებს, რაც თქვენი ქვეყნის ფლორას აქვს. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი კომბინაციაა გარემოს დაცვისა და ბიზნესისთვის. როდესაც ვუყურებთ ქართულ მცენარეებს, ვხედავთ ძალიან ბევრ საჭმლის ინგრედიენტსაც. გასტრომიმართულებითაც საქართველოს უდიდესი პერსპექტივა აქვს, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებელია, რომ გარემოსდამცველებმაც ბიზნესის მიმართულებით დაიწყონ აზროვნება. ამ ორი მიმართულების კომბინაცია ძალიან მნიშნველოვანია.

https://www.savingknowledge.org/rainer-w-bussmann

rainer.bussmann@iliauni.edu.ge

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები