რეკლამაspot_img

საქართველოს ტყეების ეკოსისტემები და კოლხური ბზის (Buxux colchica Pejark) გასაჭირი

ტყე ბუნებრივ რესურსებს შორის  ერთ-ერთი მძლავრი ცოცხალი ორგანიზმია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სოციალურ-ეკოლოგიური, საერთოდ, გარემოსდაცვითი თვისებები; ტყის მრავალფეროვან ბიოცენოზს ნაირგვარი ფუნქციონალური დანიშნულება გააჩნია.
საქართველოს ტყის ეკოსისტემებს ბიომრავალფეროვნებითა და ენდემური სახეობების სიუხვით ევრაზიის კონტინენტზე გამორჩეული ადგილი უკავია. ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 40%-მდე ტყით არის დაფარული.
საქართველოს ტყეები,  რელიეფის მიხედვით,  მთისა და ბარის ტყეებად იყოფა. მთის ტყეებს უკავია ტყით დაფარული ფართობის 98%, ბარის ტყეებს კი – 2%, რომლებიც,  ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე და, აგრეთვე, მდინარეების: მტკვრის, ალაზნის, ივრის, ხრამისა და სხვათა დინების ქვემო წელის მიდამოებში იზრდება.
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ტყეების თითქმის 97,7% მთის ფერდობებზეა.  ტყის ეკოსისტემები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. ისინი მრავალნაირია და გეოგრაფიული მდებარეობის, ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მიხედვით იცვლება. არსებობს წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და ნათელი ტყეები.
მთიან ტყეებს, რომლებიც მიეკუთვნება პირველი კატეგორიის წყალშექმნისა და ნიადაგდაცვითი ტყების კატეგორიას,  უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო მეურნეობისათვის. ჩვენი მთის ტყეები მდიდარია ძვირფასი სახეობებით, როგორებიცაა: კაუჭა ფიჭვი (Pinus Sosnovskyi Nakai.), აღმოსავლეთის წიფელი (Fagus  orientalis Lipsky), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis L.), კავკასიის სოჭი (Abies nordmaniana Stev), ქართული მუხა (Quercus iberica), აღმოსავლეთის მუხა (Quercus macranthera F .et M.), წაბლფოთოლა და კლდის მუხა (Quercus castanefolia C.A.M., and Q, petraea Licbl.), კაკალი ( Juglans regia l.), ბოყვი (Acer pseudoplatanus L.), ხერკინა (Parrotia persica C.H.M. ), ხურმა (Diospuros lotus L.), უთხოვარი (Taxus bacata L.), კოლხური ბზა (Buxus colchica Pejark) და სხვ.
მთის ტყეები მდიდარია, ასევე, გარეული ხეხილით, რომლებიც მნიშვნელოვანია  სახალხო მოხმარების პროდუქტების წარმოებისათვის.
ამასთან ერთად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს   სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ქარებისა და მთის მწვერვალებიდან ქვევით მიმართული ჰაერის ცივი მასების დინებას. აეს იცავს დასახლებულ პუნქტებს, გზებსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაფარულ ფართობებს, მეწყერების, თოვლის ზვავებისა და სელური ღვარებისაგან. მთის ტყეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიადაგდაცვითი და წყლის მარეგულირებელი ფაქტორია – იცავს მდინარეებს დაშრობისაგან, გვაცილებს წყალდიდობებს, მყარსა და თანაბარს ხდის მდინარეთა დონეს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰიდროელექტროსადგურებისა და საირიგაციო ნაგებობათა  ნორმალური მუშაობისათვის, ასევე, აღნიშნული ტყეები მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების არსებობისათვის.
საქართველოს ჰიფსომეტრული  ნიშნულები  ზღვის  დონიდან  ცვალებადობს  0 მეტრიდან (შავი ზღვის სანაპირო) 5068 მ-მდე (მ. შხარა). ქვეყნის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები დიდი  ალპური მორფოსტრუქტურების  ნაწილებს წარმოადგენენ:
– დიდი კავკასიონის მთიანი სისტემა;
– მცირე კავკასიონის მთიანი სისტემა;
– სამხრეთ საქართველოს მთიანი ზეგანი;
საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება ნაირგვარ ასპექტს მოიცავს. პლიოცენის დასაწყისში, ხმელეთის იმ ნაწილში, სადაც საქართველო მდებარეობს, წარმოიშვა მეზოფილური ფოთლიანი ტყეების რელიქტთა კოლხეთის თავშესაფარი. კოლხიდის რეფუგიუმმა დიდად შეუწყო ხელი რელიქტური სახეობების შენარჩუნებას პლიოცენის განმავლობაში და განსაკუთრებით მეოთხეულ პერიოდში, დიდი გამყინვარების ეპოქის ჩათვლით.

ტყეების ბიომრავალფეროვნება ცვალებადობს ვერტიკალური სარტყელების მიხედვით. თითოეული სარტყელი მცენარეებისა და ცხოველების მრავალრიცხოვანი სახეობის ერთობლიობაა, გაერთიანებული დამოუკიდებელ ტყის ეკოსისტემაში. ასევე აღმოსავლეთ და დასვლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს  შორის არსებითმა განსხვავებამ განსაზღვრა მათი მცენარეული საფარის ნაირფეროვნება.
დასვლეთ საქართველოში საერთოდ არ გვაქვს სემიარიდული და არიდული მცენარეულობის სარტყელი. აქ ტყეებით დაფარულია დაბლობები და ფერდობები, რომლებიც უშუალოდ ზღვის დონიდან იწყება. მცენარეულობის გავრცელების ვერტიკალური ზონალობის პროფილი მარტივია და ოთხი ძირითადი სარტყლითაა წარმოდგენილი. ესენია:
– ტყის (ზღვის დონიდან 1900 – 2000 მ – მდე);
– სუბალპური (1900 -2500 მ. ზ.დ.);
– ალპური  (2500 – 3100 მ. ზ. დ.);
– ნივალური (3100 მ. ზ. დ. და  ზევით).
აღმოსავლეთ საქართველოში მცენარეების გავრცელების ვერტიკალური ზონალობა გაცილებით რთულია. აქ გამოსახულია 6 ძირითადი სარტყელი:
– ნახევრად უდაბნოების, მშრალი სტეპისა არიდული მეჩხერი ტყეების (150 – 600  მ.  ზ.  დ.)
– ტყის  ( 600  –  1900  მ. ზ. დ.)
– სუბალპური  (1900  –  2500  მ. ზ. დ.)
– ალპური (2500  –  3000  მ. ზ.  დ.)
– სუბნივალური  (3000  მ.  ზ.  დ.)
– ნივალური  (3500  მ. ზ.  დ.)

– დასვლეთ საქართველოში 500-600 მ-მდე ზ.დ. შერეული სუბტროპიკული ტყეების   სარტყელია.

– სუბტროპიკული სარტყლის შემდეგ ზ.დ. 500-600მ-დან 1000-11000 მ-მდე

წარმოდგენილია წაბლის (Castanea sativa Mill) ტყის სარტყელი.

-აღმოსავლეთ საქართველოში ზ.დ.300-400 მ-დან  500-600 მ – მდე წარმოდგენილია არიდული მეჩხერების ანუ ნათელი ტყეების სარტყელი.
ზემოაღნიშნული ტყის სარტყლების შემდეგ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტყეების გავრცელება შემდეგნაირია:
– აღმოსავლეთი წიფლის  (Fagus orientalis lipsky) ტყეები
– კავკასიის სოჭისა (Abies nordmaniana Spach)  და აღმოსავლეთის ნაძვის (Picea orientalis Link) ანუ მუქწიწვოვანი ტყეების სარტყელი ზ.დ. 1400-1500 მ-დან 2100 – 2300  მ.-მდე
-სუბალპური ტყეების სარტყელი ზ. დ.  2000-2100 მ-დან  2200-2400 მ-მდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უნიკალური ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება ქმნის ეკოტურიზმისა და კურორტოლოგიურ გარემო პირობებს სხვადასხვა სახის სამკურნალო მიმართულებით.
საქართველოს ტყეები, ბიოლოგიურ-გენეტიკური თვალსაზრისით, მეტად მრავალფეროვანია და ძვირფასმერქნიანი სახეობებითაა წარმოდგენილი, რასაც ადასტურებს  მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი –კოლხური ბზა (Buxus  colchica), როგორც  საქართველოს ფლორის რელიქტი და კავკასიის დენდროფლორის ენდემი, რომელიც ძირითადად ხარობს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ასევე მისი გავრცელება აღნიშნულია ამ ზონის 1700 – მეტრამდე ზღვის დონიდან.
ბზა მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, იზრდება ძალიან ნელა. აქვს უძვრფასესი მერქანი, რომელიც კარგ გარემო პირობებში სიმაღლეში 15-18 მეტრამდე, დიამეტრში კი 40-50 სმ აღწევს. ყლორტები დაფარულია მწვანე ქერქით, ღერო კი მონაცრისფერო ყვითელი თხელი ქერქით. მისი ყვავილი მდიდარია ნექტრით, თესლი 37%- მდე ზეთს შეიცავს. მერქნისა და ფოთლის ნახარში ყავისფერ საღებავს იძლევა, ასევე გამოიყენება მედიცინაში.
მერქანი მოყვითალოა, ძალიან მძიმე (წყალში იძირება გამშრალიც კი), მკვრივი და მაგარია, იგი დაუმუშავებული და გაპრიალებულიც მოგვაგონებს სპილოს ძვალს. გამოიყენება სამშენებლო, სახარატო საქმეში (ფიგურული ნაკეთობებისათვის), მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად და ა.შ. ბზის 1 კუბური მეტრი მერქანი იწონის 1000 კგ.
კოლხური ბზის ხეები დიდი რაოდენობით გაიჩეხა მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, იგი წარმოადგენდა საექსპორტო მასალას. საქართველოს ტყეებში  მისი  ფართობი  იყო  ხმობამდე  8443 ჰა.   კარგად იტანს კრეჭვას, უძვირფასესია  მისი ფორმები დეკორაციული მებაღეობისათვის. ბზა ცოცხლობს 500-600 წელს, შეტანილია წითელ წიგნში.
XX საუკუნის დასასრულსა   და  XXI-ს დასაწყისში საქართველოში, მის მეზობელ ქვეყნებში (შავი ზღვისპირეთში), კარანტინის შესუსტებასთან დაკავშირებით შემოიჭრა ახალი ინვაზიური საშიში მავნებლებელ-დაავდებები, მათ შორის ძალიან აგრესიული მავნებელი  ბზის ალურა – (2012-2013წწ Cydalima perspectals) და დაავადება ბზის კიბო (2009-2010წწ Cylindrocladium buxicola), რომელიც სოჭის ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად იტალიიდან შემოტანილ მარადმწვანე ბზის (Buxus sempervirens)  სარგავ მასალას შემოჰყვა. იგი შეიჭრა სოჭის ტერიტორიაზე, საიდანაც 2013 წლიდან დაიწყო მავნებლის მასობრივი გავრცელება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ნაციონალური პარკის ტყის ნარგაობებზე და გამოიწვია ბზის თითქმის 100%-ით დეფოლიაცია. სოჭიდან კი მავნებელი გავრცელდა საქართველოს შავი ზღვისპირეთის კოლხურ ბზებზე, რომელსაც აგრესიულად ანადგურებდა. ამის შემდეგ მავნებელი გავრცელდა მთელი საქართველოს ბაღ-პარკებში, სადაც კი ბზა იყო. მავნებელი იკვებება ბზის ფოთლებით, როდესაც საკვებად ფოთლები გამოელევათ, დამატებით ისინი იკვებებიან ახალგაზრდა ყლორტების კანით. ამჟამად კოლხური ბზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბზის, ალურაზე ადრე, 2009 -2010 წწ; საქართველოში გავრცელდა ინვაზიური დაავადება ბზის კიბო (სიდამწვრე) – Cylindrocladium buxicola,  რომელმაც ნახევარზე მეტი გაახმო და გაანადგურა კოლხური ბზის როგორც დიდი ხეები, ისე ბუჩქები.
კოლხური ბზის ხეები, როგორც საექსპორტო მასალა,  დიდი რაოდენობით გაიჩეხა XIX– XX საუკუნის დასასრულს, ახლა კი დაემატა ძლიერი ხმობა, მისი  ფართობი იყო  8443 ჰა. იგი უძვირფასესი სახეობაა და ცოცხლობს 500 – 600 წელი.
სწორედ ამ მასობრივი გავრცელების გამო  გამოვიკვლიეთ ბზების მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, მარტვილში, ქობულეთში, კინტრიშში, მტირალასა და სხვა ობიექტებზე,  და დავინახეთ ბზების კატასტროფული  მგომარეობა. ამ მავნებელ-დაავადებებით ბზების, როგორც ხეების, ისე ბუჩქების, ხმობამ  65 % -ს მიაღწია.
ბზის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, მისი დაავადების  ბიოლოგიიდან გამომდინარე, გაძნელებულია როგორც მსოფლიოში, ისე – ჩვენთან.
ბზის ალურას ებრძვიან ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით, ხოლო მის შესანარჩუნებლად ბრძოლის ფორმად ამოვირჩიეთ სანერგეების მოწყობა და გადარჩენილი ბზის, ანუ რეზისტენტული  ფორმებიდან დაკალმებით გამრავლება.

არჩილ სუპატაშვილი  ბიოლ. მეცნ. დოქტორი; ექსპერტი სატყეო
                                   სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით

რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები