რეკლამაspot_img

დიდო ალაზნის ჭალაო!

ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ

კახეთის ვაკისათვის დამახასიათებელია ჭალის ტყე, რომელიც ალაზნის ნაპირებს
გასდევს პანკისიდან მოყოლებული, ვიდრე მოსაბრუნის ბოლომდე, ხოლო ამ
მანძილზე იგი ცვალებადობს თავისი შემადგენლობით.
თუ შუა და ზემო წელზე გავრცელებულ ჭალას ნესტიანი ჰავის ტყის ელფერი
დაჰკრავს, სამაგიეროდ, აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით უფრო მშრალი ტყის
ელემენტი სჭარბობს.
ჯერ, საერთოდ, ამ ტყის ძირითად შემადგენლობაზე. მისთვის ტიპურია ვერხვები
– ხვალო და ოფი; ტირიფები, ძეწნა და მდგნალი; შუა წელზე – ლაფანი და
მურყანი. ესენი, უმთავრესად, მდინარის ნაპირებზე ქმნიან უწყვეტ ზოლს,
რომელნიც გადახლართული არიან ღვედკეცით, ეკალღიჭით, ჩვეულებრივი
სუროთი, პასტუხოვის სუროთი, კატაბარდით, ვაზით, სვიით, მაყვლის
ბარდებით. ცული ან ხანჯალი უნდა ეჭიროს კაცს, რომ მდინარის ნაპირისკენ
გავიდეს როგორმე. სწორედ მდინარის პირას მძლავრობენ მხვიარანი: ეკალღიჭი
და ღვედკეცი, რომელნიც ხშირად ისეთ გაუვალ კედელს ქმნიან, რომ ცულიც ვერ
უშველის კაცს. ალაზანი, განსაკუთრებით ქვემო ნაწილში, აუარებელ და გრძელ
მიანდრებს, კალაპოტის თავისებურ ყულფებსა ქმნის, ზოგჯერ ამ ყულფის
გვერდი ერთი კილომეტრია და მისი ერთი ბოლო მეორისაგან დაცილებულია ოცი
ნაბიჯით. სწორედ ამიტომ, ეს პირველი ვერხვიანი ზოლი ხშირად ერთი
კილომეტრის სიღრმისაც შეიძლება იყოს.

პირველი ზოლის მერე იწყება მეორე, საკმარისად ვრცელი ზოლი მუხიანისა. ამ
ზოლის მთავარი შემქმნელია გრძელყუნწა მუხა, თელა, იფანი, ნეკერჩხალი.
მუხიანში ბარდებია, მაგრამ ისე არ მძლავრობენ, როგორც პირველ ზოლში, აქ
უფრო ხშირია მაყვლები, კატაბარდა, სურო, ალა-ალაგ- ეკალღიჭი. ორივე
ზოლისთვის ტიპურია: პანტა, მაჟალო, ტყემალი, შავი კუნელი, წითელი კუნელი,
ჯახველი, კვიდო.
ადგილ-ადგილ აღინიშნება თუთა, ხურმა და, რაც მთავარია, კაკალი.
ფიქრობდნენ, რომ კაკალი ჩვენში შემოტანილი იყო შუა აზიის მთებიდან, მაგრამ
ალაზნის პირებზე (ჯუმაის ყურე) გავრცელებული კაკლიანი ადასტურებს იმას,
რომ კაკალი ჩვენი ჭალის ტყეების დამახასიათებელი მცენარე, მისი ერთ-ერთი
კომპონენტია. ეს დაადასტურა ნიადაგის ღრმა ფენების მტვრის ანალიზმაც. 8-9
ათასი წლის ფენებში, ივრის პირებზე, კაკლის მტვერი ჩვეულებრივადაა გავრცელებული. ეს დაახლოებით ქვის ხანაა და იმ დროს ინტროდუქციაზე ფიქრი
არავის შეეძლო. სამწუხარო ისაა, რომ კაკალს არც აქ აყენებენ, ჭრიან და ჩეხავენ.
თუ ალაზანის ზემო ნაწილის ჭალის ტყე მდიდარია ლაფანით, ხოლო მუხიან
ზოლში გვხვდება ძელქვაც (ლალისყური – ბაბანეური) და ამით ერთგვარად
უახლოვდება კოლხურ ტყეს, სამაგიეროდ, ქვედა ნაწილის მუხიანში
ჩვეულებრივია საკმლის ხე, ქართული ნეკერჩხალი, ქართული კოწახური და
სხვანი, რომელნიც მას აახლოებენ გვალვიანი ადგილების ტყეებთან.
მდინარის ნაპირებზე ხშირია ქაცვის გაუვალი რაყანი, ზოგან კი იალღუნიანი,
რომელნიც აქ ხის მაგვარნიც კი არიან.
ამ ტყეთა მნიშვნელობა მთელი კახეთისთვის აუწერელია. მათ გარეშე კახეთი
ვეღარ იკახეთებს ისე ვაჟკაცურად, როგორც დღემდე კახეთობდა. ტყე ათანაბრებს
კლიმატს, ანელებს მის მერყეობას, გარემოს იცავს ცხელი ქარებისგან. ჭალის ტყე
ანელებს მდინარე ალაზნის ტალღების ძალას და ნებას აღარ აძლევს დაანგრიოს
ჩვენი მიწა-წყალი და წაიღოს კასპიის ზღვაში.

ალაზნის ჭალა თავშესაფარი იყო მრავალი კეთილშობილი სამონადირეო
ფრინველის (ხოხბის, ქედნის, მტრედის, გვრიტის, ძიგვინის მთელ სიღრმეში,
ნაპირებისკენ კი – გნოლის, დურაჯის), შვლის და ირმის, აგრეთვე, დათვის,
მგლის, ტურის, კვერნისა და სხვათა.
ალაზნის ჭალა და კახეთის სოფლის მეურნეობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის
დაკავშირებული. ვენახი ჭალის ტყის გარეშე ძნელი წარმოსადგენი იყო. იგი
იძლეოდა სარს, ჭიგოს, მარგილს, სამეურნეო იარაღის (გუთნის, ურმის,
მარხილის) მასალას, (იფანი, თელა, ნეკერჩხალი); წვრილი იარაღის (ორთითი,
ფიწალი, ბარი, თოხი) ტარებს; სამშენებლო მასალას (მუხა, იფანი, თელა), ღობის
ჯალჯს (ქაცვი, ჩიტავაშლა), მარგილს (მუხა); ხილეულს (კაკალი, მაჟალო, პანტა,
კოწახური, ჯახველი, მაყვალი და სხვ.); გარეულ ფრინველს აძლევდა საზრდოს
(კოწახური, მაყვალი, კუნელი, ეკალღიჭი); ეგრეთწოდებულ კოლხურ ღორს –
საკვებს (რკო, პანტა, მაჟალო) და ასე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ჭალის
ტყის სიკეთეზე. სწორედ ამიტომ, ძველთაგანვე, ჭალის ტყე იყო ერთ-ერთი
ისეთი ნაკვეთი ბუნებისა, რომლის სიკეთისათვისაც ზრუნავდა ხალხი. სიგელ-
გურჯებში, ნასყიდობის ბარათებში ჭალის ტყის ბოძება ან ყიდვა-გაყიდვა
ვენახისა და ბაღის გვერდითაა მოხსენიებული („მოგყიდეთ ჭალის ტყე
საკაფითო“ … „გიბოძეთ ჭალის საკაფი“).

მაგრამ ყოველივე ამას თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ მდინარის პირის
გამაგრება, კლიმატზე დადებითი გავლენის მოხდენაც კი საკმარისია, იმისთვის,

რომ ჭალის ტყე კვლავ დიდი მოვლის საგანი გახდეს. სამწუხაროდ, დღეს ასე არ
არის. დაუნდობლად ნადგურდება იგი, განსაკუთრებით ამ ტყის მეორე ზოლი –
მუხიანი და არც კი ვიცით, რომ ამით ჩვენ იმ ტოტს ვჭრით, რაზედაც ვსხედვართ.
როგორ, ვენახის მოშენება ტოტის მოჭრაა? შემედავება ზოგი და ზოგი. დიახ,
უეჭველად. იქ, სადაც მუხა უნდა იდგეს, იმისათვის, რომ ბაღ-ვენახი ვაშენოთ, ამ
მუხას ხელი არ უნდა ვახლოთ. თუ წარსულში უცოდინრობით დავაშავეთ ჩვენი
ქვეყნის წინაშე, ახლა უნდა გამოვასწოროთ – მოვუაროთ, აღვადგინოთ.
ჭიათურის ტყეც ძირს დაუციათ! ნაკლები დღე არ ადგას პირველ ზოლსაც – შიგ ფერმებია ჩადგმული და, ყოველგვარი სისტემის გარეშე, წარმოებს ამ ტყის ექსპლოატაცია.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ალაზნის სათავეებში კაშხლის კეთების შემდეგ ქვა
და ღორღი იკლებს. როდესაც ქვა-ღორღი კლებულობს კალაპოტში, ძლიერდება
წყლის მიერ ნაპირის ნგრევა და რადგან ალაზნის ვაკეზე მდინარის კალაპოტი
ნალექ ქანებშია გაჭრილი, ამიტომ ნგრევა ნაპირისა ფრიად ინტენსიურად წავა.
თუნდაც მარტო ამისთვის ღირს, რომ ალაზნის ჭალას თვალსაჩინოდ მოვუაროთ.
მდინარე ისეთი ძალაა, რომ მისი ალაგმვა ისევ ბუნებას თუ შეუძლია.

ნიკო კეცხოველი
1969 წელი

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები