რეკლამაspot_img

მედიცინა საქართველოში

ქართველ ხალხი სამედიცინო კულტურით მდიდარია. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მრავალი ბერძენი მოგზაური საუბრობდა კოლხეთის სამედიცინო გამოცდილების შესახებ. ზოგადად, ქვეყნის კლიმატური პირობები, ფლორა და ფაუნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ხალხურ მედიცინას ძალიან დიდი მიღწევები ჰქონოდა. ვიცით ხშირი შემთხვევა, როცა ოჯახები საგვარეულო ცოდნას ფლობდნენ და შთამომავლობას გადასცემდნენ. გვსმენია ხევსური დასტაქრების, ასევე, თურმანიძეებისა და სხვა ოჯახების შესახებ. ხალხური მედიცინა რომ საქართველოში მაღალ დონეზე იყო, ამას მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს. განსაკუთრებით საინტერესოა შემდგომი პერიოდი, როდესაც მე – 19 საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, გაუქმდა ქართველთა სამეფო ხელისუფლება და სამედიცინო თვალსაზრისით ბევრი რამ შეიცვალა.

დედაქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. მოგეხსენებათ, მაშინ თბილისი საქართველოს დედაქალაქად არ იხსენიებოდა. არსებობდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნია, მაგრამ თბილისში, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან და ქალაქის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, სამედიცინო პუნქტების გახსნა აქტიურად დაიწყო.
ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულება დღევანდელი აღმაშენებლის ქუჩაზე, მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის საპატივცემულოდ, 1868 წელს გაიხსნა. მიხეილის საავადმყოფოში საკმაოდ კვალიფიციური ექიმები მუშაობდნენ. მალევე გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალიც, რომელიც კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის იმპერიის მებრძოლებისათვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით დედაქალაქს ცნობილი ბიზნესმენის, არამიანცის, წყალობით უმნიშვნელოვანესი და მეტად პოპულარული საავადმყოფოც შეემატა. არამიანცმა ამ შენობის ასაგებად და მის საავადმყოფოდ გადაქცევას ასი ათას მანეთზე მეტი შესწირა. მის დაარსებაში ნიკო ნიკოლაძისა და თბილისის თვითმმართველობის რამდენიმე წევრის წვლილიცაა. საინტერესო ისაა, რომ ეს საავადმყოფო დედაქალაქის შეჭირვებულ მოსახლეობასაც ემსახურებოდა.

ამასთანავე, თბილისში, რუსთაველის მოედნის თავში, გერმანელმა აფთიაქარმა ევგენი ზემელმა ძალიან ცნობილი აფთიაქი გახსნა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მთელ მიმდებარე ტერიტორიას ბევრი დღესაც ზემელს უწოდებს. ამ აფთიაქმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება.
ძალიან საინტერესოა პირველი რესპუბლიკის პერიოდი, რადგან აქ კარგად ჩანს, თუ როგორ უმკლავდება დამოუკიდებელი საქართველო სამედიცინო საკითხებს. ამ პერიოდში უკვე კერძო სამედიცინო დაწესებულებებიც არ იყო უცხო. უკვე არსებობდა ე.წ. რკინიგზის საავადმყოფო, რომელიც არამხოლოდ რკინიგზის მომსახურე პერსონალზე, არამედ ქალაქის მოსახლეობაზეც იყო გათვლილი. სწორედ პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაჩნდა თბილისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ეპიდემია – რომელიც დედაქლაქში ქურთმა, სომეხმა და ბერძენმა ლტოლვილებმა შემოიტანეს. გავრცელდა იმ დროისთვის ისეთი საშიში დაავადებები, როგორებიც იყო: შავი ჭირი, მალარია და ქუნთრუშა. ეს დაავადებები მთელს ქალაქს მოედო. დიდი გამოწვევა აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ საკითხის მოგვარებაში არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალი ჩაერთო, არამედ  ქალაქის თვითმმართველობაც. მაშინ ქალაქის თავმა, ბენია ჩხიკვიშვილმა, ცენტრალური მთავრობიდან დამატებითი სესხი მოითხოვა. გარდა ამისა, მას სესხის აღება ბანკებიდანაც დასჭირდა, რადგან დაავადებების გავრცელების პრევენციაზე მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა.
მაშინ ქალაქში მხოლოდ 6 სანიტარული ექიმი იყო (დღევანდელი ენით, ინფექციონისტი). სწორედ მაშინ დაიწყო ძალიან  აქტიური საინფორმაციო კამპანია, თუ როგორ დაეცვა მოსახლეობას თავი ასეთი გადამდები დაავადებებისგან. მოეწყო საკარანტინო ზონები და იმ ოჯახებში, სადაც ასეთი სენი იყო გავრცელებული, გარკვეულ ზომებს მიმართავდნენ, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა…

საინტერესოა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, პერიოდული პრესაც ძალიან აქტიური იყო და ინფორმირების კუთხით მთავარ იარაღს სწორედ ის წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი დარგობრივი ჟურნალი, რომლებიც  სამედიცინო საკითხების შესახებ წერდა, ასეთი გამოცემები იყო: „ექიმი“, „ექიმის თანაშემწე“, „ფარმაცევტი“ და სხვა.
1918 წლის შემოდგომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი დაარსდა, რომელმაც სხვადასხვა პროფილის ექიმის გადამზადება დაიწყო. ამავე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, აღერიცხა საქართველოში ყველა კვალიფიციური ექიმი, რამაც სახელმწიფოს შეუქმნა წარმოდგენა, თუ რა რესურსი გააჩნდა ამა თუ იმ დაავადებასთან ბრძოლაში.
შემდგომ პერიოდში თბილისში კიდევ რამდენიმე საავადმყოფო გაიხსნა. მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ გადამდებ დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად 250-საწოლიანი საავადმყოფო ამოქმედდა. ასევე, საინტერესოა, რომ ქალაქში მაშინ გავრცელებულ ეპიდემიებს, ქართველ მედიკოსებთან ერთად, წითელი ჯვრის საქალაქო სამსახურიც ებრძოდა.
მოკლედ, დამოუკიდებლობის პერიოდში მედიცინის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. ამ დროს შეიქმნა სამედიცინო მიმართულებით დასაქმებულ ადამიანთა პროფესიული გაერთიანებები: ექიმთა, ფერშალთა, ბებიაქალთა თუ სხვა პროფესიული კავშირები. ისინი პერიოდულად იკრიბებოდნენ და მათ წინაშე მდგარ პრობლემატიკაზე მსჯელობდნენ. მაგალითად, ფერშლებმა ერთ-ერთი გამოსვლისას თავიანთი პროფესიის მეტად დაფასება და ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს. გარდა ამისა, არსებობდნენ მოხალისე ექიმებიც, რამაც ამ დარგს აქტუალურობა კიდევ უფრო გაუზარდა. სწორედ თბილისში გაჩნდა, გარდა ზემელის აფთიაქის, სხვა კერო სააფთიაქო ქსელები, რამაც დედაქალაქში მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახადა.
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და ებრძვის მსოფლიო პრობლემას  ახალი ვირუსული ინფექციის სახით, საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, გადავავლოთ თვალი ქართულ მედიცინასთან დაკავშირებულ ისტორიულ და მნიშვნელოვან მოვლენებს.

მირიან ხოსიტაშვილი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები