რეკლამაspot_img

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი წლის ნებისმიერ დროს გამორჩეული და უნიკალური პეიზაჟებით გაგაოცებთ. ზამთარში გადათეთრებულ-დათოვლილი, გაზაფხულ-ზაფხულში აყვავილებულ-ამწვანებული, შემოდგომისას კი ათასფრად აჭრელებული ტყეთა მასივები დაუვიწყარ სანახაობას გაზიარებთ.

1935 წელს ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა, 1995 წელს კი დამოუკიდებელ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დაარსდა. მისი დაარსების მიზანი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ეკოსისტემების დაცვა და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაა. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები აერთიანებს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ბორჯომ-ხარაგაულის სახელმწიფო ნაკრძალს, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილს,  ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს. მისი საერთო ფართობი 107 441.87ჰა-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 1.5 %-ზე მეტია. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია არა მარტო ქვეყნის, არამედ ევროპის მასშტაბით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს იმერეთისჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს. სწორედ ამ სამი რეგიონის ერთიანობა ქმნის პარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ეს ბიომრავალფეროვნება კი, თავის მხრივ,ბორჯომის, ლიკანის, აბასთუმნისა და ნუნისის წყლების და ჰაერის უნიკალურობას განაპირობებს.

პარკის ტერიტორიაზე მთისთვის დამახასიათებელი კლიმატია, ცივი, დიდთოვლიანი ზამთრითა და გრძელი, თბილი ზაფხულით. დაბალ ზონაში ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა+36გრადუსია, მინიმალური კი-20 გრადუსამდე აღწევს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საერთაშორისო აღიარებები:

  • დაცულია ბერნის კონვენციით და წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის საიტს
  • PAN Parks -ის ქსელის წევრი 2007-2014 წლებში
  • აღიარებულია ბრიტანელ მწერალთა გილდიის (BGTW) მიერ და დასახელებულია მსოფლიოს სამ საუკეთესო ტურისტულ ადგილს შორის, 2012წ.

ბიომრავალფეროვნება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის ეკორეგიონის ცენტრალურ ნაწილში. გამორჩეული ბიომრავალფეროვნებისა და მოწყვლადობის გამო ეკორეგიონი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონისა და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გამორჩეული, ხელუხლებელი ბუნებრივი ტყეა, რომელშიც წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუში. პარკი ხასიათდება ასევე იშვიათი ცხოველთა სახეობებით.

ეროვნული პარკის ტერიტორიის 75% დაფარულია ტყით, რომელშიც წარმოდგენილია უნიკალური, უძველესი კოხლური ტყეების ფრაგმენტები. აქ თავმოყრილია წმინდა ნაძვნარებისა და ფიჭვნარების მასივები, ზედა სარტყელში მათ სუბალპური, ალპური მდელოები და დეკიანი ენაცვლება. ტყის შემქმნელი წიწვოვნები – აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვი კავკასიის ენდემს წამოადგენენ. ფართოფოთლოვნებიდან ქვედა სარტყელში ქართული მუხა დარცხილა ჭარბობს, ზედა სარტყელში– წიფელი. ასევე გავრცელებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი, უხრავი, აღმოსავლური მუხა, შიშველი თელადუმა.

აქ აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია, 8 სახეობა კი საქართველოს წითელინუსხითაა დაცული.

პარკში 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 დასავლეთ კავკასიის ენდემია, და 2 სახეობა წითელ ნუსხაშია რეგისტრირებული. იშვიათი და  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სახეობებიდან გვხვდება:  კეთილშობილი ირემიმურა დათვიფოცხვერიარჩვი, ევროპული მაჩქათელა, გიგანტური მეღამურა, კავკასიური ციყვი, თეთრკუდა არწივი, სვავი, მთის არწივი, ქორცქვიტა, კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო და სხვა. ტყეში ასევე ბინადრობს: შველი, მგელი,გარეული ღორი, ტყის კატა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა.

ეროვნული პარკი, ამფიბიების მრავალფეროვნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს. აქ ისინი ძირითადად ბორჯომის ხეობასა და მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში გვხვდება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 17-მდე სახეობის რეპტილია და ამფიბიაა გავრცელებული, მათ შორის აღსანიშნავია კავკასიის ენდემი – კავკასიური სალამანდრა, რომელიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ის საქართველოსა და IUCN-ის „წითელ ნუსხაშია“ შესული.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მდინარეებში მრავალი სახეობის თევზია გავრცელებული, მათგან აღსანიშნავია კალმახი, წვერა და ნაფოტა.

ტურისტული ბილიკები:

  1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: წიწვოვანი და შერეული ტყე, ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, კოლხური სუბტროპიკული ტყე.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი  > ლიკანის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგომდე – 5 კმ)

მანძილი:  40 კმ

ხანგრძლივობა: 3 დღე

სირთულე: საშუალო; საფეხმავლო, საცხენოსნო

ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან და მიუყვება მდინარე ლიკანის ხეობას. ლაშქრობისას  შეხვდებით საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ულამაზეს უთხოვარის ხეებს. მარშრუტი ადის ლომის მთის მწვერვალზე, სადაც წმ. გიორგის სალოცავი მდებარეობს.  მთიდან გასაოცარი ხედები იშლება. კარგ ამინდში, შესაძლებელია  დიდი კავკასიონის ქედისა და ევროპის უმაღლესი მწვერვალის – იალბუზის დანახვა. ლომის მთიდან ბილიკი მიუყვება სუბალპურ მდელოებს, შემდეგ ეშვება  კოლხური სუბტროპიკული ტყის სარტყელში, მიუყვება მდინარე არჯოლის ხეობას და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.  მარშრუტი ორმხრივია, შესაძლებელია ლაშქრობის მარელისიდან დაწყება და ლიკანში დასრულება.

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო – ლომის მთის ტურისტთა თავშესაფარი-12 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

დღე 2: ლომის მთის ტურისტთა თავშესაფარი – სახვლარის ტურისტთა თავშესაფარი-18 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.

დღე 3: სახვლარის ტურისტთა თავშესაფარი – მარელისის მცველთა საგუშაგო – 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

  1. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: პანორამული ხედები, შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი – სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბტროპიკული ტყე.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი > აწყურის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგომდე – 27 კმ)
მანძილი: 54კმ
ხანგრძლივობა: 4 დღე
სირთულე: რთული, საფეხმავლო, საცხენოსნო

ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან და მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალ – სამეცხვარიოსაკენ. შემდეგ იწყებს დაბლა დაშვებას, გაივლის მთა რკინის ჯვართან, რომელზეც, ლეგენდის თანახმად, ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა. ბოლო მონაკვეთი მიუყვება მდინარის ხეობას და სრულდება  მარელისის მცველთა საგუშაგოსთან. ბილიკზე ერთმანეთს ენაცვლებიან წიწვოვანი ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. რამდენიმე ადგილიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის მცველთა თავშესაფარში ან კარავში. მარშრუტი ორმხრივია და ასევე, შესაძლებელია ლაშქრობის მარელისიდან დაწყება და აწყურში დასრულება.

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო – ამარათის ტურისტთა თავშესაფარი – 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.

დღე 2: ამარათის ტურისტთა თავშესაფარი – სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი – 9 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი – სახვლარის ტურისტთა თავშესაფარი – 19 კმ. საშუალოდ 7 საათი.

დღე 4: სახვლარის ტურისტთა თავშესაფარი – მარელისის მცველთა საგუშაგო – 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

  1. პანორამების ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: ეროვნული პარკის შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ამარათი.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი -აწყურის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგომდე – 27 კმ)

მანძილი:  34კმ
ხანგრძლივობა: 2 დღე

სირთულე: რთული, საფეხმავლო, საცხენოსნო

წრიული ბილიკი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან. მარშრუტი, რომლის უმაღლესი წერტილი მთა ამარათია, განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. პანორამების ბილიკიდან იშლება წიწვოვანი ტყეების ულამაზესი ხედები. ასევე ნახავთ ეროვნულ პარკში გავრცელებული  ცხოველების ნაკვალევს, როგორებიცაა: კეთილშობილი ირემი, დათვი, მგელი. გზად შესაძლებელია ეწვიოთ ადგილობრივი მწყემსების საზაფხულო ქოხებს და გაეცნოთ მათ წეს-ჩვეულებებს.

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო – ამარათის ტურისტთა თავშესაფარი – 16 კმ. საშუალოდ 6 საათი.

დღე 2: ამარათის ტურისტთა თავშესაფარი – აწყურის მცველთა საგუშაგო – 18 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.

  1. ხელუხლებელი ტყის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და კოლხური სუბტროპიკული ხელუხლებელი ტყეები.

მიმართულება:  ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი > ზანავის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდანზანავის მცველთა საგუშაგომდე 8კმ)
მანძილი:13კმ

ხანგრძლივობა: 6-7სთ
სირთულე:
საშუალო, საფეხმავლო, საცხენოსნო

მარშრუტი იწყება ზანავის მცველთა საგუშაგოდან და სრულდება ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან. ბილიკი კვეთს ეროვნული პარკის აღმოსავლეთ ნაწილს და გამოირჩევა ხელუხლებელი ტყის მასივებით. მარშრუტის გამორჩეულ სანახაობას წარმოადგენს მაისში როდოდენდრონის ყვავილობა. ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან მდებარეობს IX საუკუნის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი. რეკომენდებულია ერთი ღამისთევა კარავში, ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან. მარშრუტი ორმხრივია და ასევე შესაძლებელია ლაშქრობის ნუნისიდან დაწყება და ზანავში დასრულება.

2. ზეკარის უღელტეხილი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: კურორტი აბასთუმანი, ულამაზესი ხედები ზეკარის უღელტეხილზე

მიმართულება: ბორჯომის  ვიზიტორთა ცენტრი-აბასთუმნის მცველთა საგუშაგო ( მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან აბასთუმნის მცველთა საგუშაგომდე – 80 კმ)
მანძილი: 24კმ
ხანგრძლივობა: 2 დღე
სირთულე: რთული,საფეხმავლო

წრიული ბილიკი აბასთუმნის მცველთა საგუშაგოსთან იწყება და დიდმაღალის ტურისტული თავშესაფრის გავლით, ადის მთა დიდმაღალის ფერდობებზე, გაივლის აჭარისა და იმერეთის ქედს, ჩაუყვება მდინარე ოცხეს ხეობას და კვლავ უბრუნდება საწყის წერტილს.

დღე 1: აბასთუმნის მცველთა საგუშაგო – დიდმაღალის ტურისტთა თავშესაფარი – 8კმ, საშუალოდ 4-5  საათი.

დღე 2: დიდმაღალის ტურისტთა თავშესაფარი – აბასთუმნის მცველთა საგუშაგო – 16 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

3. ნაკვალევის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: პანორამული ხედები, ქვაბისხევის კანიონი, წმინდა მარიამის ეკლესია ქვაბისხევში.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი-ლიკანის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგომდე – 5 კმ)
მანძილი: 13 კმ
ხანგრძლივობა: 6 სთ
სირთულე:  საშუალო, საფეხმავლო

თავდაპირველად ბილიკი მდინარე ლიკანის ხეობას მიუყვება, გზად შესაძლებელია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხის უიშვიათესი სახეობის – უთხოვარის ხილვა. აქ არსებული ხეების ასაკი უმეტესად 800-1000 წელს აღწევს. ევროპაში არსებულ ხეებს შორის უთხოვარი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. მდინარის ხეობის გავლის შემდეგ ბილიკი მიდის მთაში და ჯერ ემთხვევა N1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკის, შემდეგ კი N6 ნაკვალევის ბილიკის მარშრუტებს. მოგვიანებით, შედარებით რთული მონაკვეთით, იწყებს დაშვებას ქვაბისხევის ხეობისკენ. ვიზიტორებს თვალწინ ეშლებათ მომაჯადოებელი ხედები ქვაბისხევის ხეობაზე. ეს ადგილები გამორჩეულია  ბიომრავალფეროვნებით და ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს. ბილიკი დასახლებული პუნქტისგან 1 კმ-ის მოშორებით სრულდება.

 4. ეროვნული პარკის საგანმანათლებლო ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, ქალაქ ბორჯომის ხედი.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი – წმ. ნინოს ეკლესია- ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი
მანძილი: 3 კმ
ხანგრძლივობა: 1.5სთ
სირთულე: საშუალო; საფეხმავლო

მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან. დაახლოებით 1კმ-იანი აღმართის შემდეგ, გზა სწორდება და უხვევს მარცხნივ, სადაც კეთდება წრე, გზად გაივლის წმ. ნინოს ეკლესიას და იმავე მონაკვეთს უბრუნდება. ბილიკის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 950 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ბილიკზე ორის საპიკნიკე ადგილია მოწყობილი, სადაც ვიზიტორებს განტვირთვა და წახემსება შეუძლიათ. მარშრუტზე მრავლადაა საინფორმაციო დაფები, აქვე შეგხვდებათ გარე სივრცეში მოწყობილი ამფითეატრი.

5. მწყემსების ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, მწყემსების ქოხები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი  -ლიკანის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგომდე – 5 კმ)

მანძილი:  50 კმ

ხანგრძლივობა: 3 დღე

სირთულე: საშუალო, საფეხმავლო, საცხენოსნო

ბილიკი ერთმანეთთან აკავშირებს #1ნიკოლოზ რომანოვის ან #2 წმ. ანდრია პირველწოდებულის ბილიკებს. მარშრუტი ლიკანიდან იწყება, გაივლის მდინარე ლიკანის ხეობას და დაკლაკნილი ბილიკით მიუყვება მთის ფერდობებს. ლაშქრობისას საოცარი პანორამული ხედებით დატკბობის საშუალება გექნებათ. გზად შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს. ლომის მთისა  და ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით, ბილიკი ეშვება აწყურში. ლაშქრობისას გაივლით წიწვოვან, შერეულ და ფართოფოთლოვან კოლხურ ტყეებს, აგრეთვე სუბალპურ და აპლურ მდელოებს.

დღე 1: #1ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი: ლიკანის მცველთა საგუშაგო – ლომისმთის ტურისტთა თავშესაფარი – 12 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

დღე 2: ლომისმთის ტურისტთა თავშესაფარი – ამარათის ტურისტთა თავშესაფარი – 22 კმ. საშუალოდ 7-8 საათი. ლომისმთის ტურისტთა თავშესაფრიდან 6 კილომეტრში გადადიხართ #9 მწყემსების ბილიკზე.

დღე 3: #2წმ. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი: ამარათის ტურისტთა თავშესაფარი – აწყურის მცველთა საგუშაგო – 16 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

 6. თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: თოვლით დაფარული მარადმწვანე ტყეებისა და ლომისმთის ხედები.

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი – ლიკანის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან  ლიკანის მცველთა საგუშაგომდე –  5 კმ)
მანძილი:  18 კმ
ხანგრძლივობა: 2 დღე
სირთულე: საშუალო, საფეხმავლო, საცხენოსნო

#10 თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი იწყება ლიკანში და მიემართება ჩითახევის მცველთა თავშესაფრისკენ, სადაცვიზიტორებისთვის ცეცხლის დანთება და ღამისთევაა შესაძლებელი. მარშრუტზესაშუალება გაქვთ დატკბეთ ულამაზესი პანორამული ხედებით. ბილიკის გარკვეული მონაკვეთი მიუყვება წიწვოვან, დაბურულ ტყეს და შემდეგ ეშვება ლიკანის დასახლებამდე.

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო – ჩითახევის მცველთა თავშესაფარი – 10 კმ.

საშუალოდ 6-7 საათი (ზამთარში) და 5-6 საათი (ზაფხულში).

დღე 2: ჩითახევის მცველთა თავშესაფარი – ლიკანის მცველთა საგუშაგო – 8 კმ.

საშუალოდ 5-6 საათი (ზამთარში) და 4-5 საათი (ზაფხულში).

7.თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: ზამთრის პანორამული ხედები

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი -აწყურის მცველთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგომდე – 27 კმ)

მანძილი:  14 კმ

ხანგრძლივობა: 1 დღე

სირთულე: საშუალო; საფეხმავლო

#11 თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან. ბილიკი უკან ბრუნდება იგივე გზით. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გზის შემოკლება. ბილიკი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ეროვნული პარკის ზამთრის ულამაზესი ხედებით.

8. თამარის ციხის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: აბასთუმნის ობსერვატორია, წიწვოვანი ტყე, თამარის ციხე, ქაჩალგორა

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი -აბასთუმანი (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან აბასთუმნამდე – 80 კმ)
მანძილი:თამარის ციხის მიმართულებით – 6,5 კმ, გოგირდის აბანოების მიმართულებით – 4,1 კმ
ხანგრძლივობა: 2-3 საათი

სირთულე: საშუალო; საფეხმავლო, საცხენოსნო

ბილიკი იწყება დაბა აბასთუმანში „როშას“ მიმდებარე ტერიტორიიდან და წიწვოვან და შერეულ ტყეში გადის, რომელიც გამორჩეულია მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ბილიკზე შეგხვდებათ გადასახვევი ქაჩალგორასკენ, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, ქაჩალგორაზე ასასვლელი ბილიკი საკმაოდ რთულია. ბილიკის მთავარ ღირსშესანიშნაობას თამარის ციხე (IX‐XI სს.) წარმოადგენს, რომელიც მწვანეში ჩაფლული შთამბეჭდავი ციტადელია. ბილიკის ერთი დაბოლოება აბასთუმნის გოგირდის აბანოების მიმდებარედ ეშვება, ხოლო ძირითადი ნაწილი  წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სრულდება.

ბილიკი საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ კურორტ აბასთუმნის და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები, ეწვიოთ ობსერვატორიასა და თამარის ციხეს,  დატკბეთ ლისიგორიდან გადაშლილი პანორამული ხედებით, გაეცნოთ და შეიგრძნოთ ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება.

9. ბარათხევის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა: ეროვნული პარკის შერეული და წიწვოვანი ტყეები, ზეკარის უღელტეხილის ულამაზესი პანორამული ხედები

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი – აბასთუმანი (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან აბასთუმნამდე – 80 კმ)
მანძილი: 13.5 კმ
ხანგრძლივობა: 5სთ.
სირთულე: საშუალო, საფეხმავლო, საცხენოსნო

ბილიკი მდინარე ბარათხევის ხეობის გავლით ერთმანეთთან აკავშირებს კურორტ აბასთუმანსა და ზეკარის უღელტეხილს. იგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოგზაურობის, მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ზეკარის უღელტეხილისა და მესხეთის ქედიდან გადაშლილი ულამაზესი პანორამული ხედების დათვალიერების უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ.

ბილიკი იწყება რეინჯერთა თავშესაფრიდან და გრძელდება მდინარე ბარათხევის მიმართულებით ზეკარის უღელტეხილამდე. საწყისი მონაკვეთი საავტომობილო გრუნტის გზას მიუყვება და, მდინარე ბარათხევის გავლით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიემართება.  საბოლოოდ მარშრუტი ზეკარის უღელტეხილამდე ადის, საიდანაც მოგზაურობის გაგრძელება შესაძლებელია როგორც კურორტ საირმის, ასევე მდინარე ხანისწყლის მიმართულებით. აბასთუმანში დაბრუნების მსურველებს ღამისთევა შეგიძლიათ დიდმაღალის ტურისტულ თავშესაფარში, მეორე დღეს კი წრიული ბილიკით, მდინარე ოცხეს ხეობის გავლით, ბილიკის საწყის წერტილზე დაბრუნდებით.

10. ნეძვის ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობა:  ნეძვის აღკვეთილის შერეული და წიწვოვანი ტყეები, ქართასა და შუანოს მთების პანორამული ხედები

მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი – ახალდაბის რეინჯერთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ახალდაბის რეინჯერთა საგუშაგომდე – 20 კმ)
მანძილი:  32 კმ
ხანგრძლივობა: 2 დღე
სირთულე: საშუალო; საფეხმავლო, საცხენოსნო

ბილიკი იწყება ახალდაბის რეინჯერთა საგუშაგოსთან და მთა დიდი ქართისკენ მიემართება.მას პირველ დღეს შუანოს ტურისტულ თავშესაფრამდე მიჰყავხართ, სადაც შესაძლებელია ღამისთევა. შუანოს  თავშესაფრიდან მარშრუტზე შესაძლებელია მოინახულოთ ქართას პანორამული ხედი და მდინარე ნეძვისწყლის ხეობა. მარშრუტი ეშვება ახალდაბისკენ და კვლავ საწყის წერტილთან ბრუნდება.

დღე 1: ახალდაბა – შუანოს ტურისტული თავშესაფარი – 12 კმ, ხანგრძლივობა – 5-6 სთ.

დღე 2: შუანოს ტურისტული თავშესაფარი – ახალდაბა – 20 კმ, ხანგრძლივობა – 4-5 სთ.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები