რეკლამაspot_img

ორნითოლოგიური ცნობარი ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექციიდან

ნინო ხვედელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცულ კოლექციებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციაა. აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის პირად კოლექციას, რომელიც ქართველი ერის ერთ-ერთი უმნიშვნელივანესი საგანძურია. იგი მოიცავს სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილ, განსხვავებული დარგის ლიტერატურას. გამოცემებს შორის ბევრია სასაჩუქრე ეგზემპლარი, თუმცა ჭარბობს მწერლის მიერ შერჩეული და შეძენილი წიგნები. ერთ-ერთი ასეთიაორნითოლოგიური ცნობარი -«Певчие птицы».

ორნითოლოგია ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგია, რომელიც სწავლობს ფრინველებს, მათეკოლოგიას, სისტემატიკას, ქცევებს, ხმებს, მიგრაციებსა და სხვა საკითხებს. ტერმინი „ორნითოლოგია“ იტალიელ მაბუნებისმეტყველმა ულისე ალდროვანდიმ შემოიღო XVI საუკუნის ბოლოს. თუმცა ამ დარგის ისტორია იწყება ძვ. წ. IV საუკუნეში და უკავშირდება სახელს არისტოტელესას, რომელმაც170 ფრინველი აღწერა საკუთარ ნაშრომში – „ცხოველთა ისტორია“. ფრინველთა შესახებ ბევრ ცნობას ვხვდებით I-II საუკუნეებში შექმნილ შრომებში. მათ შორის უმნიშვნელოვანესია გაიუს პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორია“. ფრინველებზე წერდა შუა საუკუნეებში ფრიდრიხ II დიდი ჰოენ შტაეფენი თავის თხზულებებში. XVI-XVII საუკუნეებში გამოქვეყნდა რამდენიმე შემაჯამებელი ხასიათის ნაშრომი. თანამედროვე მეცნიერული ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის საფუძვლები მოცემულია კარლ ლინეს „ბუნების სისტემაში“ (Iგამოცემა), რომელიც 1735 წელს დაიბეჭდა. ჟორჟ ბიუფონმა გამოსცა (1770-1778) მსოფლიოს ფრინველთა მიმოხილვა ათ ტომად.ფრინველების შესახებ აღწერილობითი ხასიათის ნაშრომები უხვად იქმნებოდა XIX საუკუნის II ნახევრამდე. 1859 წელს, ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა ნაშრომი გალაპაგოსის მთიულებზე. მან შექმნა, ორგანული სამყაროს ევოლიციური თეორია, რომელმაც სტიმული მისცა გამოკვლევებს ფილოგენიასა და შედარებით მორფოლოგიაში.

ილია ჭავჭავაძეს, როგორც თვითონ იტყოდა, „საკვირველად“ უყვარდა ბუნება და ეტრფოდა ტყისა და ბარის უსულოსა და სულიერს. „მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია.თუ გნებავთ, ამასაც კი ვიტყვი, რომ ნადირობა ცოდვაა: ყოველი სულიერი ღვთის დანაბადია, ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალუწდომელ ქვეყანაში ცხოვრებისა, მაგრამ რა გაეწყობა?…“ წერდა ილია „გლახის ნაამბობში“.მის მსგავსად ბუნების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა წიგნის – «Певчие птицы»ავტორიც. გამოცემის, პირველ გვერდებზე იგი შთამაგონებლად და მიმზიდველად აღწერს თავის პირად მოგზაურობას ფრინველთა სამყაროში: „კიდევ რამ შეიძლება მოგვცეს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ის სუფთა სიხარული, რომელსაც ბუნების ყურება და მისი დაკვირვება გვაძლევს? ჩემი მოზარდობისა და ახალგაზრდობის ყველაზე ნათელი მოგონებები უკავშირდება ტყეებსა და მინდვრებში ხეტიალს, იარაღს, პეპლის ბადეს ან სათევზაო ნივთებს. და რამდენად სწრაფად გადის ზაფხულის არდადეგები ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში. მთავრდება ზაფხული და ისევ ვუბრუნდებოდით ჩახუთულ ქალაქს, საკლასო ოთახს. ქალაქში ცხოვრების პირველ თვეებში ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ ზაფხულის მოგონებებით. რამდენი სასიამოვნო მოგონება დაგვიტოვა  ტყეში და მინდორში გატარებულმა ზაფხულმა, რამდენი განსხვავებული შემთხვევა მოხდა ნადირობისას, ცხოველებისა და ფრინველების რამდენი საინტერესო ქცევა დავაფიქსირეთ.  ზაფხულის არდადეგების გატარება ტყეში და მინდორში ახალგაზრდობისათვის  განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, როგორც სხეულის ასევე სულის სიჯანსაღისთვის. ბუნებაზე დაკვირვება კვებავს გონებას და მოქმედებს გულზე. ბუნება ყოველთვის ახდენს სასიკეთო გავლენას ახალგაზრდა სულზე, იხსნის მას ნაადრევი დაბერებისაგან“.

ასე წერდა ილიას კუთვნილი წიგნის -«Певчие птицы» ავტორი ინჟინერი, მწერალი და მთარგმნელი ივან ივანეს-ძე სვიატსკი (1859?-1898). იგი წარმოშობით პეტერბურგის პროვინციდან გახლდათ. სვიაცკები ძველი კეთილშობილი თავადების შტოს მიეკუთვნებოდნენ. ოჯახის უფროსი, ივანე სვიატსკი, წიგნის ავტორის მამა, შინაგან საქმეთა დეპარტამენტში მსახურობდა.ვანია ბავშვობიდან  დაინტერესებული იყობუნებისმეტყველებით. მან 1885 წელს დაამთავრა სამთო ინსტიტუტი. უმაღლესი განათლებისა დასამთო ინჟინერიის დიპლომის მიღების შემდეგ ივანემ მუშაობა დაიწყო როსტოვის ოლქში,სამთო და მარილის მომპოვებელ სამმართველოში. 1890 წელს მას მიენიჭა ტიტულოვანი მრჩეველის წოდება.ამასთან, ივანეს იზიდავდა ლიტერატურული საქმიანობა. იგი გატაცებული იყო წერითა და თარგმნით. მან თავისი ცხოვრება 1890-იანი წლებიდან სიკვდილამდე მწერლობას მიუძღვნა. მისი ინტერესების სპექტრი საკმაოდ ფართო იყო: 1893 წელს ივანე სვიატსკიმ დაწერა მოთხრობა ფანტასტიკური ელემენტებით «Бабочка-обличительница»;1894 წელს ფრანგულიდან რუსულ ენაზე თარგმნა შარლზ ლუი რიშარის  (1711-1794)წიგნი -„სამყაროს დასაწყისი და დასასრული“; 1895 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი «Драгоценные камни», რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გამოცემაგანმეორებით დაიბეჭდა 1902 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ. 1897 წელს გამოიცა ივანე სვიატსკის ახალი წიგნი სულ სხვა თემაზე – «История электричества».მისი წიგნები დიდი წარმატებით სარგებლობდნენ. მაგრამ,  სვიაცკის ცხოვრება ძალიან ადრე დასრულდა.

ვ.ი. საიტოვის წიგნში პეტერბურგის მიტროფანიევსკის მართლმადიდებლური სასაფლაოს სამარხების შესახებ ასეთიჩანაწერია: „სვიაცკი ივან ივანოვიჩი, სამთო ინჟინერი, +1998 წლის 18 მარტი, 39 წლის“. სამწუხაროდ, მისი საფლავი დღემდე არ შემორჩენილა.

ივანე სვიატსკის«Певчие птицы» ქვესათაურით (Ловля, содержание в неволе, нравы и образ жизни певчих птиц)1896 წელს გამოიცასანქტ-პეტერბურგში.წიგნში  შეგიძლიათ იხილოთ დეტალური აღწერილობა მომღერალი ფრინველების გარეგნული ნიშნების, ცხოვრების წესის, გამრავლებისა და ჩვევების შესახებ, როგორც ბუნებაში, ასევე ტყვეობაში მათ შენარჩუნებისას. გამოცემა მკითხველს აწვდის სრულ ინფორმაციას ფრინველების განმასხვავებელინიშნებისა და სამეცნიერო კლასიფიკაციის, მომღერალი ფრინველების გეოგრაფიული განაწილებისა და ცხოვრების წესის, მათი სარგებლიანობის ან მავნეობის ხარისხის შესახებ და სხვა. ცნობარისაზოგადოებაში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. იგი მგალობელი ფრინველების მოყვარულებისადა ორნითოლოგების საყვარელ სამაგიდო წიგნად გადაიქცა. «Певчие птицы» კიდევ ორჯერ გამოიცა 1900 და 1917 წელს.

წიგნი მოიცავდა შემდეგ თავებს: ჩვენი მგალობელი ფრინველების დაჭერის შესახებ; მგალობელი ფრინველების მოვლა-შენახვა ტყვეობაში; მგალობელი ფრინველების დაავადებები, პროფილაქტიკა და მკურნალობა;ფრინველთა სხვადასხვა სახეობის – ბულბულების, ბოლოქანქარების, ტოროლების, შაშვების, ჭილყვავების, ბეღურების, კოდალების, იადონების, თუთიყუშების, ჩხიკვების ბუნებისა და ჩვევების, ცხოვრებისა და გამრავლების შესახებ ტყვეობაში. წიგნში ვხვდებით ისტორიულ მონაცემებსაც.

ივანე სვიატსკი წიგნის  «Певчие птицы» პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში წერდა: „მიუხედავად რუსული ზოოლოგიური ლიტერატურის სიმცირისა, მათ შორის ვგულისხმობ უცხო ენებიდან ნათარგმნსაც, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი, სადაც მკითხველი იპოვის საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას მგალობელი ფრინველების შესახებ. მაგრამ ეს ნამუშევრები არ შეიცავს ბევრ პრაქტიკულ მონაცემს, რომელიც აუცილებელია მოყვარულისთვის, რომლებსაც სურთ ამ ფრინველების დაჭერა და მათზე დაკვირვება ველურ ბუნებასათუ გალიაში.ამის გათვალისწინებით შევეცადეთ შეგვევსო ეს ხარვეზი ჩვენს პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში- ამ წიგნით მოყვარულებს მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია მგალობელი ფრინველების შესახებ, კერძოდ: გარეგანი ნიშნები, განწყობა და ცხოვრების წესი, დაჭერის მეთოდები, ინსტრუქციები ველურ ბუნებაში ფრინველების დაკვირვებისა და მათი გალიაში შენახვის შესახებ. ეს ინფორმაციაზოგიერთ მომღერალ ფრინველზე ჩვენ მიერ ნასესხებია ნაწილობრივ- უცხოური, ნაწილობრივ რუსულინაშრომებიდან და ჩვენივე დაკვირვებებიდან. ჩვენ შევეცადეთ ყველა მასალა მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილებულიყო საგნის წმინდა აღწერილობით ან პრაქტიკული კუთხით უპირატესობის მინიჭების გარეშე. ჩვენი მომღერალი ფრინველების აღწერისას არ ვჩერდებით მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ სახეობებზე, არამედ ვცდილობთ ყურადღების გამახვილებას ნაკლებად გავრცელებულ ფრინველებზე. სისრულის მიზნით, ზედმეტად არ ჩავთვალეთ,ცალკე თავი დაგვეთმო ისეთი ფრინველისთვის, როგორიცაა თუთიყუში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ მიეკუთვნება მგალობელ ფრინველებს, ადამიანებს ხშირად  ჰყავთ ისინი ოჯახებში.

თუ ჩვენ შევძელით ახალგაზრდების შთაგონება ნამდვილი წიგნით ბუნებაზე დამოუკიდებელი დაკვირვებისთვის, მაშინ ჩვენი შრომისთვის საკუთარ თავს დაჯილდოვებულად ჩავთვლიდით.“

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები