რეკლამაspot_img

“სათავგადასავლო ტურიზმი” – რეალობა, გამოწვევები, შესაძლებლობები

 

დღევანდელი მონაცემები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის კვლევების მიხედვით, შიდა ტურიზმის კუთხით – მხოლოდ 7,6%[1], ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის მიხედვით 30%[2]–მდე ვიზიტი იყო დაკავშირებული იმ აქტივობებთან, რომლებიც შეიძლება აქტიური (სათავგადასავლო) ტურიზმის სფეროს მივაკუთვნოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სტატისტიკა არ იკვლევს ცალკე, აქტიურ ტურიზმს საქართველოში, მისი მაქსიმალურად აკურატული საერთაშორისო დეფინიციების გათვალისწინებით, რის გამოც შედარებით რთულდება ტურიზმის ამ ფორმის ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გავლენის გამორკვევა. არსებული ბუნდოვნების შედარებით განსაფანტად არ არის ურიგო გამოვიყენოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა სტატისტიკა, რადგან სააგენტოს მართვის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ერთმნიშვნელოვნად ხორციელდება სათავგადასავლო ტურისტული აქტივობები, სხვა ტიპის ტურისტულ აქტივობებთან შეთავსებით. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით თითქმის 1.2 მილიონი ადამიანი ესტუმრა დაცულ ტერიტორიებს[3],  თუ შევადარებთ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ზოგად ვიზიტორთა სტატისტიკასტურისტული ვიზიტების კუთხით, მივიღებთ მთლიანი ტურისტულ ვიზიტების რაოდენობიდან 23% იან წილს, რაც მეტ-ნაკლები რაციონალობით ეხმაურება  ზემოთ მოყვანილ რიცხვებს აქტიურ ტურისტულ ვიზიტებთან დაკავშირებით. შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოვიდ 19-მდე არსებულ საქართველოს ტურისტულ სექტორში თითქმის ყოველი მეოთხე ვიზიტორი (უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორების ჩათვლით) ამა თუ იმ ფორმის სათავგადასავლო ტურისტული აქტივობით ყოფილა დაკავებული.

სიტუაციური ანალიზი

ეკონომიკური გავლენის კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, სათავგადასავლო ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების დანახარჯი შეადგენს მთლიანი ტურიზმის შემოსავლების დაახლოებით 18%-ს (2019 წლის მონაცემი), რაც საკმაოდ მსუყე წილს წარმოადგენს ჩვენი ტურისტული სექტორისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ალპების ქვეყნებში ეს მონაცემი 40-50% ზე მერყეობს)[4]. აღსანიშნავია, რომ აქტიური ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განსავითარებლად საჭიროა მდგრადი, ეკო-მეგობრული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რეკრეაციული სპორტის სხვადასხვა სახეობასთან: სეირნობა, ლაშქრობა, ველოსიპედით მოგზაურობა, სამოყვარულო ველორბოლა, მარათონი/სირბილი, სპორტული თევზაობა, ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობა:მეკლდეურობა, მთამსვლელობა, დაუნჰილი/ენდურო,რაფტინგი (ჯომარდობა), კაიაკინგი,  სამთო-სათხილამურო სპორტის ქვესახეობები: თხილამურები, სნოუბორდი, სკი-ტური, ჰელი-სკი, თხილამურებით რბოლა, სნოუ-შუინგი (Snowshoeing) და სხვა… არსებული ინფრასტრუქტურულიმზაობის დონიდან გამომდინარე, დღეისთვის, აქტიური ტურიზმის ის სახეობებია განვითარებული, რომლებიც მინიმალურინფრასტრუქტურულ ჩარევას მოითხოვენ ადამიანებისგან. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა მონაცემებზე დაყრდნობით,უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში აქტიური ტურიზმის ძირითად ფორმას დომინანტურად ლაშქრობა წარმოადგენს. აქტიური დასვენების დანარჩენი სახეობების ჩამორჩენა შეგვიძლია ავხსნათ, როგორც ინფრასტრუქტურული დეფიციტით, ასევე ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებისა და მარკეტინგული აქტივობების ნაკლებობით საქართველოს როგორც ზამთრის, აგრეთვე ზაფხულის კურორტებზე, რასაც თან ერთვის შიდა ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც აიძულებს აქტიური ტურიზმით დაინტერესებულ ადგილობრივ მოსახლეობას, მისდიოს მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომ სათავგადასავლო ტურიზმის ფორმას. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოში „აუთდორ“ ტურისტული აქტივობის, როგორც პროდუქტის გამრავალფეროვნება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს და ვერ ხერხდება მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენა. შედეგად იკარგება პოტენციური შემოსავლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალმთიანი რეგიონებისთვის, ადგილობრივები ფინანსურად მიბმულები რჩებიან ერთსა და იმავე ეკონომიკურ აქტივობაზე, მსგავს პროდუქტზე, ხოლო კრიზისის შემთხვევაში, დაუცველები ხდებიან მაღალი ფინანსური რისკების წინაშე.

მსოფლიო გამოწვევები და მომავალი შესაძლებლობები

ჯერ კიდევ 2014 წლის UNWTO-ს მონაცემების მიხედვით,სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი 263 მილიარდ აშშ დოლარად ფასდებოდა. მას შემდეგ 2019 წლამდე ტურიზმის ეს სახეობა მთლიანი სექტორის ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტს წარმოადგენდა, ხოლო ტურიზმის სექტორი ამ წლების განმავლობაში საშუალოდ მსოფლიო მშპ-ს 10%–ზე მეტს ქმნიდა. კოვიდ -19 პანდემიამ რადიკალურად შეცვალა სურათი მსოფლიოში და ტურიზმის სექტორის პრაქტიკულად სრული პარალიზება გამოიწვია. სავარაუდოდ, მსოფლიო ეკონომიკამ ტრილიონ დოლარზე მეტი ზარალი უკვე მიიღო ამ ინდუსტრიის დროებითი გაშეშებით[5], თუმცა, პანდემიის დაძლევასთან ერთად, ძველი და ახალი შესაძლებლობები კვლავ იჩენს თავს. წამყვანი ტურისტული ქვეყნები უკვე ემზადებიან ახალ რეალობასთან ადაპიტრებისა და მეთოდურად ბაზრების გახსნისათვის.

საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის ბოლო ოფიციალური ვერსია პანდემიამდელ პერიოდში შეიქმნა და 2025 წლამდე ქვეყნის მთავარ ტურისტული განვითარების ვექტორს განსაზღვრავს. ერთ-ერთი ამ ვექტორთაგანი ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდას, ერთ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას დივერსიფიცირების ხარჯზე. საქართველოს მთავარ სამიზნეში მომავალი წლების განმავლობაში ხვდება დასავლეთ ევროპელი ვიზიტორი, რომელიც გამოირჩევა როგორც ხარჯვის მაღალი კოიფიციენტით, ასევე სწორედ იმ აქტივობების მიმართ მაღალი ინტერესით, რომელსაც ჩვენ აქტიურ ტურიზმს მივაკუთვნებთ. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელი ვიზიტორების დაახლოებით 30% (2019 წლის სტატისტიკა) საქართველოს სწორედ ამ მიზნით სტუმრობს. ამ ფენომენის მიზეზების გარკვევა შორს წაგვიყვანს, თუმცა დასავლეთის ტურიზმის მთავარი მახასიათებელი დღესაც რჩება ადამიანისგან მაქსიმალურად ხელშეუხებელი ადგილების მონახულება სხვადასხვა მდგრადი და ეკო-მეგობრული ფორმით. მსოფლიო ბაზრის ეს სეგმენტი მზადაა, პოსტ-ინდუსტრიალური გარემოდან პრე-ინდუსტრიალურში მოსახვედრად საკმაოდ დიდი თანხები დახარჯოს. ტურიზმის ბიზნესის ამ რომანტიზებულ ფენომენს რეალურად მძლავრი ფინანსური ეფექტი უმაგრებს ზურგს (რადგან მომხმარებელი ე.წ. პირველი სამყაროდანაა). კავკასიის რეგიონის კლიმატური სისათუთიდან გამომდინარე, სფეროს ბევრი ექსპერტი ტურიზმის განვითარებას სწორედ მდგრად და გარემოსდაცვით კონტექსტში ხედავს, სადაც მთავარი ღირებულება იქნება ავთენტურობა, ბუნებაში რეკრეაცია, ექსკლუზიურობა და არა მასობრივიავტო-მექანიზებული ტურიზმი.

მსოფლიო ტურიზმის ბაზრის ზოგიერთმა წამყვანმა მოთამაშემ, როგორებიცაა ავსტრია ან იტალია, უკვე დაგვანახა, რომ ეს მიზანი მიღწევადია და არ არის აუცილებელი ამისთვის ეკოლოგიურად სათუთ რეგიონებში დიდი ეკონომიკური პოტენციალების შეწირვა. მეტიც, ხანგრძლივ პერსპექტივაში მდგრადი, აქტიური ტურიზმი აძლიერებს ადგილობრივ თემს, პირველ რიგში –ეკონომიკურად, სოციალურად და საშუალებას აძლევს მტკივნეული ცვლილებების გარეშე მიაღწიოს ქვეყნის შიდა რეგიონალურ პროგრესს. სახელმწიფოს როლი ასეთ პროცესებში შეიძლება განისაზღვრებოდეს რამდენიმენაირად:

  • მარეგულირებელი – სადაც სახელმწიფო დაარეგულირებს ერთეული რეგიონის/რაიონის/მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტებს, რაც უნდა გამომდინარეობდეს ადგილობრივი თემის ინტერესების ასახვიდან.
  • საგანმანათლებლო – სადაც სახელმწიფო მაქსიმალურად მისცემს საშუალებას ადგილობრივ თემს შეღავათების დახმარებით მიიღოს ის მინიმალური აკადემიური და პროფესიული ცოდნა, რომლის დახმარებითაც გახდება თვითკმარი.
  • Know-how -ს დანერგვა – სახელმწიფოს აქტიური ტურიზმის პროდუქტის დივერსიფიცირებისთვის შეუძლია ე.წ. know-how -ს დანერგვა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება და ადგილობრივი ბაზრებისთვის გაცნობა.
  • ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური ხელშეწყობა და შეღავათები – მდგრადი ტურიზმი ყველაზე მეტად დაუცველი განვითარების საწყის ეტაპზეა. სახელმწიფოს სხვადასხვა მეთოდით შეუძლია „სტარტ-აპ“ ეტაპზე მყოფი მდგრადი ტურიზმის კრიტერიუმებზე მორგებული ბიზნესების ხელშეწყობა ადგილობრივი თემის გაძლიერების მიზნით.

აქტიური ტურიზმის, როგორც მდგრადი ტურიზმის ერთ-ერთი სახეობისთვის, გრძელვადიანი დაგეგმვა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. სამწუხაროდ, ხშირად სახელმწიფო დღეს არსებულ „კვერცხს“ ხვალინდელ ქათამს ამჯობინებს და მცირე, მაგრამ დაბალრისკიან ეკონომიკურ პოტენციალებს ანიჭებს უპირატესობას, რითიც მომავალში უკანდასახევ გზას იჭრის. სამთო კურორტების არათანამიმდევრული განვითარება, ლანდშაფტში უხეში ჩარევა, ზოგიერთი მსხვილი საგზაო და ენერგო პროექტი შეიძლება ამის მაგალითად მოვიყვანოთ. რთულია კოვიდ 19-გან გამოწვეულ სირთულეებთან ერთად მომავლის პერსპექტივებზე საუბარი, თუმცა, სულ მცირე, ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც შეიძლება, პარალიზებული მდგრადი ტურიზმის სექტორის ჰიბერნაციულ რეჟიმში შენახვაა, გაკოტრებისგან დაცვა, რათა მომავალში, ამ სფეროს გამოღვიძება მინიმალური სირთულეების გადალახვით მოხდეს, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის მწყობრში ჩაყენებამდე აუცილებელი იქნება მომავალი შესაძლებლობების გაანალიზება და მათი კონკრეტულ რეგიონებთან მისადაგებული მოკლე, საშუალო და ხანგრძლივი პერსპექტივების მიხედვით დახარისხება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები