რეკლამაspot_img

ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ

გამოჩენილი მეცნიერი და მწერალი ნიკო კეცხოველი 1897 წლის 26 დეკემბერს (ძველი სტილით) გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაიბადა. კეცხოველები სამხრეთ საქართველოდან, კეჩხობიდან ყოფილან. ამის შესახებ ნიკო კეცხოველი ავტობიოგრაფიულ ნარკვევში წერს: – „ ჩვენი გვარის ბინადრობა დაკავშირებულია სამხრეთ საქართველოსთან, მესხეთთან, ბორჯომის ხეობასთან. გვიცხოვრია სოფელ კეჩხობში და სახლში ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენი გვარიც სწორედ ამ სოფლიდან წარმოიშვა, მრავალ სიგელ -გუჯარში იხსენიება უკვე მე-15 საუკუნიდან, მაგრამ ჩანს, რომ მაინცდამაინც ხალხმრავალი გვარი არ ყოფილა.“

ნიკო კეცხოველის მამა, ნიკოლოზ კეცხოველი, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და იმდროინდელი სახალხო მოძრაობის აქტიური წევრი იყო, ავრცელებდა მთავრობის საწინააღმდეგო აკრძალულ ლიტერატურას, რაც მეფის ჟანდარმერიას არ გამოპარვია და სკოლიდანაც გაურიცხავთ. იგიდაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობით, განსაკუთრებით – მეხილეობით, მოაწყო სანერგე მეურნეობა და სხვადასხვა ხილის ნერგებს ამრავლებდა, ცდილობდა სოფლის მეურნეობაში სიახლეების დანერგვას.თავიდან თანასოფლელები მის ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, შემდეგ კი თავადაც  დაიწყეს  მიბაძვა.

ნიკო კეცხოველის დედა, მარიამ კორინთელი, ცდილობდა შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიეცა, რაც ხელმოკლე ოჯახისთვის არცთუ ადვილი იყო.

1907 წელს პატარა ნიკომ სწავლა თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო, სადაც შეადგინა პირველი ჰერბარიუმი, აღწერა რა ლიახვისპირა მცენარეების თვისებები და მათ ქართული სახელწოდებებიც დაურთო. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი დიდი მეცნიერებისკენ.

გიმნზიის დამთავრების შემდეგ იგი ახლად გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქტიურად იყო ჩართული ბოტანიკის კათედრის სამეცნიერო – კვლევით სამუშაოებში. 1920 წელს მონაწილეობა მიიღო ზაქარია ყანჩაველის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, თუშეთში. მანდიდძალი ფლორისტული მასალა შეაგროვა და მდიდარი ჰერბარიუმით დატვირთული დაბრუნდა უკან. ამ თემაზე ვრცელი მოხსენებაც წაიკითხა სახელწოდებით – „თუშეთი და მისი ფლორა თვალის ერთი გადავლებით“.

მეცნიერებაში თავისი გზის დასაწყისს ნიკო კეცხოველი ასე იხსენებს: – „თანდათან იწყებოდა ქართული მეცნიერების დიდი დღეების განთიადი და დიდი და პატარა ვცდილობდით წვლილი შეგვეტანა, ვაგროვებდით ტერმინებს, სახელწოდებებს და მიგვქონდა ისინი ხან ერთ პროფესორთან, ხან – მეორესთან, რამდენიმე წელიწადში გაიმართა სამეცნიერო ენა.“

1921 წელს ნიკო კეცხოველი დამოუკიდებლად იკვლევს გორის მაზრის ფლორას, სადაც თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა გააგზავნა. როგორც ცნობილია, ის დილიდან საღამომდე მოგზაურობდა, იძინებდა იქ, სადაც უღამდებოდა. ექსპედიციაში შეგროვებული ნამუშევრების დამუშავების შემდეგ, მან გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი  – „გორის მაზრის ნათესების სარეველა მცენარეთა გამოკვლევის ცდა“. ამავე დროს ეს იყო პირველი ნაშრომი ქართლის სარეველების სახეობრივი შემადგენლობის შესახებ.

1924 წელს იგი მონაწილეობს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მოწყობილ ექსპედიციაში- რაჭა-ოსეთის მარშრუტით. ექსპედიციაში მოპოვებული კოლექციების მეცნიერულად დამუშავების შემდეგაქვეყნებს ვრცელ ნაშრომს – „მასალები სვანეთის ნათესების სარეველა მცენარეთა შესასწავლად“. იმ დროოისთვის მაღალმთიან რეგიონებში ექსპედიციის მოწყობა არცთუ ადვილი იყო, მაშინ არ ჰქონდათ საძილე ტომრები, კარვები, სპეციალური ფეხსაცმელი, მთამსვლელებისთვის საჭირო იარაღები და სხვა. ამ მოგზაურობის შედეგები და შთაბეჭდილებები ნიკო კეცხოველმა აღწერა წიგნში  – „თოვლიან მთებში“.

შემდგომში ნიკო კეცხოველი აქვეყნებს ვრცელ ნამუშევარს – „საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები“, რომელსაც თან ერთვის მისივე შედგენილი „საქართველოს მცენარეთა გავრცელების რუკა“. აღნიშნულმა ნამუშევარმა მას დოქტორის ხარისხი მოაპოვებინა. ეს ფუნდამენტური ნაშრომი  ნიკო კეცხოველის 10-15 წლიანი საველე-საექსპედიციო მუშაობის შედეგი იყო.

მომდევნო წლებში ნიკო კეცხოველი ინიშნება ჯერ საქართველოს სასოფლო -სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, ხოლო 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. ამ თანამდებობაზე მან 1953 წლამდე იმუშავა. მისი რექტორობისას შეიქმნა ახალი კათედრები, დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტები, ასევე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, გაფართოვდა სტამბა-გამომცემლობის საქმიანობა, ხელს უწყობდა სპორტის ეროვნული სახეობების განვითარებას, სწორედ მის დროს იქცა ტრადიციად ყოველწლიური ალპინიადების ჩატარება.

1941 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის ნამდვილ წევრებად 16 მეცნიერი დაამტკიცეს. მათ შორის იყო ნიკო კეცხოველი. იგი ასევე აირჩიეს აკადემიის პრეზიდიუმის წევრად, შემდგომში კი – აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად. მოგვიანებით მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა.

ნიკო კეცხოველმა 600-მდე სამეცნიერო  ნაშრომი და მრავალი საბავშვო ნაწარმოები გამოაქვეყნა, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა „აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები და მათი აღდგენის საკითხი.“ სამეცნიერო ნაშრომში დეტალურადაა განხილული ჭალის ტყეების გავრცელების არეალი წარსულში, მათი თანდათანობითი შემცირების მიზეზები, ასევე მათი აღდგენის საკითხი ტყე-პარკების შექმნით, არხების სანაპიროების გატყევებით, ხე-მცენარეების ადგილობრივი სახეობების გამოყენებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად იძლევა ზოგიერთი ეგზოტიკური ფორმების გამოყენების რეკომენდაციას.

ნიკო კეცხოველის გამოკვლევაში – „მცენარეული საფარი ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში“- მოცემულია ცნობილი მეცნიერის თხზულებაში აღწერილ მცენარეთა და მათი გავრცელების კრიტიკულ – მეცნიერული ანალიზი. თავად კეცხოველი მიიჩნევდა, რომ ვახუშტი ბატონიშვილმა შექმნა საქართველოს მცენარეული საფარის საკმაოდ გამართული მეცნიერული კლასიფიკაცია.

მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ფლორის“ რვატომეულის შედგენისა და გამოცემის საქმეში. ამ ნაშრომის III-VIII ტომები ნიკო კეცხოველის რედაქტორობით გამოქვეყნდა.

ნიკო კეცხოველს ეკუთვნის ქართული ბოტანიკური მეცნიერების 2 მნიშვნელოვანი ფოტოალბომი – „მცენარეული საფარი ერის საუნჯეა“ და „საქართველოს ბუნება“.  ასევე აღსანიშნავია ნაშრომი – „კულტურულ მცენარეთა ზონები“, რომელსაც თან ახლავს კეცხოველისვე შედგენილი ფერადი რუკა.  ნაშრომში დადგენილია კულტურულ მცენარეთა ზონები და ყოველი მათგანისთვის მოტანილია როგორც ტიპური მცენარეები, ისე თანმოყოლილი სახეობები, დაწვრილებით არის განხილული ცალკეული სარტყლის ბუნებრივი პირობები. ამ ნაშრომით პირველად მეცნიერულად დასაბუთდა მცენარეთა ზონალობა კავკასიონზე.

ნიკო კეცხოველმა შეადგინა და გამოაქვეყნა ვრცელი მონოგრაფია „საქართველოს მცენარეული საფარი“, რომელსაც თან ერთვის მისივე შესრულებული 300 -ზე მეტი ფოტოსურათი. მონოგრაფიაში იგი განიხილავს საქართველოს მცენარეული საფარის შესწავლის ისტორიას, საქართველოს ვაკისა და დაბლობის ტყეებს, რელიქტურ ტყეებს, მაღალი მთის მცენარეულობას, მთებშუა სარტყლის ტყეებს, ქსეროფიტულ მცენარეებს, წყლისა და ჭაობის მცენარეულობას.

წიგნში „ადამიანი და ბუნება“ გამოჩენილი მეცნიერი მოგვითხრობს საქართველოს ტყეებისა და სხვა ცენოზების დაცვის შესახებ, ასევე განიხილავს  ცალკეულ სახეობას ხეებისას, რომლებიც დაცვას საჭიროებენ.

ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე წერს წიგნში „მკერდში დაჭრილი ბუნება“, რომელმაც 1976 წელს საუნივერსიტეტო სამეცნიერო პრემია დაიმსახურა. ნიკო კეცხოველმა გადაიღო საქართველოს ბუნების უნიკალური ფოტომასალა, რამდენიმე ათასი ფოტოსურათი კი სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

1941 წლიდან იგი მუშაობას იწყებს ნაკრძალების, ზოოპარკებისა და ზოობაღების სამართველოს უფროსის თანამდებობაზე, დიდ ენერგიას დებს საქართველოს უნიკალური ფლორისა და ფაუნის დასაცავად. მისი თაოსნობით შეიქმნა რამდენიმე ნაკრძალი, უკვე არსებულ ნაკრძალებში კი სახეობების შესანარჩუნებლადწესები გამკაცრდა. ნიკო კეცხოველის ინიციატივით ნაკრძალებში შეწყდა შინაური ცხოველების შეშვება და ძოვება. ამ ნაბიჯით მოხერხდა იქ არსებეული მცენარეული საფარის შენარჩუნება, ასევე შესაძლებელი გახდა იშვიათი სახეობების – ჯიხვის, ნიამორის, არჩვის,ირმის, შურთხის, როჭოს და სხვათა დაცვა ბრაკონიერებისაგან.

ნიკო კეცხოველი 1982 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 ადამიანი და ბუნება

კრებულში თავმოყრილია ნიკო კეცხოველის წერილები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა („ნაკადული“, „ლიტერატურული საქართველო“, „საქართველოს ბუნება“ და სხვა). წერილების უმრავლესობა ბუნების დაცვას ეხება, სწორედ ამიტომ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მნიშვნელობა. ჟურნალის წინამდებარე ნომერში გთავაზობთ წერილის „ტყე და ქართველი კაცი“, შემოკლებულ, რედაქტირებულ ვარიანტს.

ნიკო კეცხოველი წერილს ქართველი კაცის ხასიათის აღწერით იწყებს და მიიჩნევს, რომ ადამიანის ხასიათის ჩამოსაყალიბებლად ბუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – „აი, გადავავლოთ თვალი თუნდაც ჩვენ ქვეყანას. გურული კრიმანჭული – ეს საოცრება ხალხური სიმღერისა, შეიძლებოდა წარმოშობილიყო კოპწია, მოხატულ გურიაში; კახური მრავალჟამიერი კი – ალაზნის დაუსრულებელ ვაკეზე, რომელსაც თოვლიანი მთები დასცქერის;სვანური ლილე – უშბის კალთების მყინვარებზე, მჩქეფარე დორლასა და ენგურის ნაპირებზე; ლილეც ხომ ისეთივე ზვიადია, როგორც ამ მხარის ზვიადი ბუნება“.

„ქართველი კაცი ერთ-ერთ ნიჭიერ, ლამაზ, შრომისმოყვარე, ხელოვნების ტრფიალ კაცად ითვლება. ასეთის ჩამოყალიბებაში ჩვენი ქვეყნის ბუნებასაც მიუძღვის წილი, ჩვენ ტყესაც და მდელოსაც, რადგან მცენარეული საფარი ბუნების უპირველესი და მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნავს მეცნიერი.

წერილში კეცხოველი ყურადღებას ამახვილებს მცენარეული საფარის სიკეთეებზე – „იგი ინახავს წყალს ნიადაგში, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან (მაშასადამე, ქვეყნის დოვლათსა და სიმდიდრეს), ჰავის ზომიერებასა და კურორტების სიმდიდრეს, ხელს უწყობს მატერიალური სიმდიდრის დაგროვებას.“

ასევე სვამს უმნიშვნელოვანეს შეკითხვას – რა იქნებოდა საქართველო ტყეების გარეშე? – „უტყეოდ საქართველო საქართველო არ იქნებოდა, არც ქართველი იქნებოდა ქართველი, და სწორედ ამიტომაც არის ჩვენი მცენარეული საფარი (ტყე და მდელო) ძვირფასი ნატვრისთვალი, ამიტომაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ თვალისჩინივით და მერე ასეა?“

აღნიშნული შეკითხვა დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას, დროის გასვლის მიუხედავად, გარემოსდაცვითი პრობლემები არ იცვლება და იდენტური რჩება.

ავტორი წერილს საქართველოს იმდროიდელი ტყეების სავალალო მდგომარეობის აღწერით აგრძელებს – „წარსულმა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მრავალგან განადგურდა ტყე. ბარად ჭალის ტყეები, ტყის ფერდობზე კი, პირველ რიგში,  მუხნარები მოვსპეთ. მუხის მერქანი ძველი სახლების, ოდებისა და დარბაზების ასაგებად ყველას სჯობდა. ამჟამად საქართველოში საძებარია კარგად გაზრდილი, სწორი, ქოჩორჯავარიანი მუხა. მუხის ქვეყანაში მუხა საძებარი უნდა გვქონდეს?!“

არც ძლექვის კორომები ყოფილა უკეთეს დღეში: – „ჩვენში, მე- 20 საუკუნის დასაწყისისთვის, კარგად შენახული ძელქვის ტყეები გვქონდა, ამჟამად მცირე კორომებიღაა დარჩენილი. სულზე მოვუსწარი კახეთში ბაბანეურის ძელქვიანებს, მაგრამ ეს წვეთი წყალია იმ ძელქვიანებთან შედარებით,“ – აღნიშნავს ნიკო კეცხოველი.

იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს უთხოვარზე, რომელსაც ძველად ხალხი დიდ პატივს სცემდა – „ძველად ქალს მზითვად ატანდნენ უთხოვარის სარსა და ჭიგოს. იგი ვენახში სარად შედგმული ასეული წლებსა ძლებდა. ჩვენს ტყეში თითო – ოროლა ეული ხეღაა გადარჩენილი. დროულად რომ არ მიგვეღო ზომები, ბაწარის ხეობის უთხოვარიანებიც დაგვეღუპებოდა. იგი ნაკრძალად არის გამოცხადებული.“

ნიკო კეცხოველი წერილში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ჭალის ტყეებს –  „ჭალის ტყე ოდითგანვე დიდი მოვლის საგანი იყო. ჭალის ტყეები ამაგრებს მდინარის ნაპირს, იცავს სახნავ-სათესს წალეკვისგან, ანელებს ქარების ქროლვას, კეთილად მოქმედებს ვაკის ჰავაზე. ჭალის ტყეების აღდგენა სტიქიურად არ შეიძლება. საჭიროა შეიქმნას სპეციალიზებული სანერგე, რომელიც გამოიყვანს ჭალის ტყისათვის საჭირო ნერგს. ჭალის ტყეებში უნდა ირგვებოდეს თეთრი ვერხვი, ოფი, გრძელყუნწა მუხა, იფნი, ნეკერჩხალი, პანტა, მაჟალო, თელა.“

მისი აზრით, ასევეაუცილებელია მთის ტყეების აღდენა – შენარჩუნება – „მთის გარეშე, სწორედ ტყიანი მთის გარეშე, ჩვენს ბარს არსებობა არ შეუძლია. ჩვენი ქვეყნის ორიმესამედი მთას უჭირავს. უტყეო მთა კი ეროზიის ბუდეა, მთიდან მოვარდნილი ღორღ-წყალი და ღვარცოფი წალეკავს ბარს. მთის ტყეებისთვისაც საჭიროა სპეციალიზებული სანერგე. ამჟამად გატაცებაა, ფიჭვით დაფვაროთ ჩამოტიტვლებული მთის ფერდობი. მთის ფერდობებზე არ უნდა დავივიწყოთ რცხილა, უთხოვარი, ქართული მუხა, მაღალმთის მუხა, ცაცხვი, წიფელი და სხვა მრავალი. რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წიწვიანებიც (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) იქ, სადაც ეს საჭიროა და უკეთესი“.

ნიკო კეცხოველი წერს ტყის ჭრის ელემენტარული წესების დარღვევაზე – „ბევრგან ტყე ზედმეტად არის გამეჩხერებული, ზოგან ისე, რომ ნიადაგის დაცვის, წყლის შენახვისა და აღდგენის უნარი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაკარგული აქვს, ტყის მჭრელთა დანაშაული ის არის, რომ მოსაჭრელი ტყისკენ გზები არ გაჰყავთ, უზარმაზარი ტრაქტორი შეუგდიათ ტყეში და გარეული ტახივით აბუღრავებენ. გააქვს ნორჩნარს ლაწალუწი, ერთი მორის გამოტანას ათ და ოც ნორჩს, თუ მეტს არა, ანაცვალებენ. გარდა ამისა, ტრაქტორი ნიადაგის ზედა ფენას შლის და ხელს უწყობს ჩამორეცხვას.“

მისი აზრით, ენგურისა და ალაზნის წყალსაკრეფ სადევარში უნდა მოხდეს ეროზიული კერების პრევენცია – „ამ მხარეში ნატყევარი ადგილები სწრაფად უნდა დაიფაროს ახალი ტყით,მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ქვიშის, ხრეშის, ქვის, ნიადაგის ჩამოტანა მდინარის კალაპოტში. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალსაცავი ბალასტით ამოივსება და კაშხალი თავის მნიშვნელობას დაკარგავს.“

წერილის წაკითხვისას ცხადი ხდება, რომ მდინარეთა სადევარში მთის მდელოები და მთის საძოვრებიც სახეცვლილია – „საქართველოს 2 მილიონი ჰექტრიდან ნახევარი მილიონიც არ გამოინახება წესიერი საძოვარი, სადაც საჭირო არ იყოს დიდი მელიორაციული ღონისძიებანი, მდელოების გაუმჯობესება, მდელოს საფარის დაშლის შეჩერება.“

ნიკო კეცხოველი ერთ-ერთ გამოსავლად დროული ღონისძიებების გატარებას მიიჩნევს, მათ შორის 50 მილიონი ხის დარგვას საჭირო ადგილებში – „სოფლის გზების გასწვრივ და სოფელშიდარგვა კარგია, მაგრამ მთავარია ავადმყოფს მალამო იქ დაადო, სადაც დაკოდილია.“

სანეერგეების მოწყობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ბუნების  შესანარჩუნებლად – „უნდა მოეწყოს ახალი სანერგეები, რომლებიც 3-4 წლის შემდეგ საშუალებას მოგვცემს უფრო ენერგიულად შევუტიოთ იმ დიდ საქმეს, რომელსაც ჩვენი ბუნების სიმშვენიერისა და ჯავარის შენარჩუნება ჰქვია. თორემ წაიღებს მტკვარი კასპიის ზღვისკენ, ენგური, რიონი, ჭოროხი, ბზიფი და სხვანი შავი ზღვისკენ ჩვენს მიწა-წყალს. უმიწაწყლო ქართველი კაცი დაკარგავს იმას, რაც საუკუნეთა მანძილზე შეუძენია.“

1970 წ.

გამოყენებული ლიტერატურა:

არჩილ ჯანაშვილი, სერგო ჯორბენაძე, „ნიკო კეცხოველი“

ნიკო კეცხოველი, „ადამიანი და ბუნება“

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები