რეკლამაspot_img

წარმოსახვითი დოკუმენტური მოთხორა – გზა

წარმოსახვით-დოკუმენტური მოთხრობა და ნატურალური სოფლის

მეურნეობისა და პერმაკულტურის მოკლე ცნობარი

გია რაზმაძე

ვატო წერეტელი

ირაკლი ლომოური

რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრი

 

თენდებოდა. ლარივით სწორი გზის ორივე მხარეს, სადამდეც თვალი სწვდებოდა, მოშიშვლებული ველი გადაჭიმულიყო. ჰორიზონტზე ველი ლურჯად ილანდებოდა. ტაქსი უჩვეულოდ ცარიელ ტრასაზე მიჰქროდა.

– მაგარი მიწაა, შავი და ნოყიერი, მაგრამ, რად გინდა, პატრონი არა ჰყავს… მიტოვებულია…

მგზავრმა, ორმოცდათხუთმეტიოდე წლის მაღალმა, გამელოტებულმა, ბრგე მამაკაცმა ფანჯარაში გაიხედა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გულისტკივილით. მძღოლი, ორმოცი-ორმოცდახუთი წლის შავტუხა, ულვაშა, მკვირცხლი მამაკაცი უმალ გამოეპასუხა, ეტყობა, ლაპარაკის გუნებაზე იყო.

– აზრი არა აქვს, ჩემო ბატონო, ისე ძვირი ჯდება მიწის დამუშავება, იმდენი ტექნიკა უნდა და საწვავი, იმდენი შხამქიმიკატი, სასუქი, შრომა და ფული, რომ არავის არ უღირს! ცარიელი წვალებაა და ხარჯი!

– კი, მართალს ამბობთ, ეგრეა, – მოულოდნელად მორჩილად დაეთანხმა მგზავრი, – მაგრამ ეს მხოლოდ თანამედროვე სოფლის მეურნეობის პირობებში…

– და სხვა გზა არ არსებობს, რა გინდა, რო ქნა, ჩემო ბატონო?- მიუგო მძღოლმა და მხრები აიჩეჩა, , – პაპაჩემის ერქვანით რომ არ დავხნავ მიწას? ხარებს ხომ არ შევაბამ?ანდა, სადღაა ხარები?

– არადა, მიწის ხვნა სულაც არაა აუცილებელი .. – მგზავრი შეჩერდა და მერე მრავალმნიშვნელოვნად, ლამისაა კატეგორიულად დაასრულა – უფრო სწორად, სრულიად ზედმეტია!

– ხუმრობთ, ჩემო ბატონო? – მძღოლმა მგზავრს ალმაცერად გადახედა, ჩაახველა, წამით შეყოვნდა და შემდეგ განაგრძო, – თქვენ, ეტყობა, სოფელში არ გიცხოვრიათ და არ იცით, მიწას თუ არ დახნავ, მოსავალს ვერ მიიღებ, უბრალოდ ვერ მიიღებ! … მე თვითონ იმერეთში მაქვს სოფელი, მიწაც მაქვს, მაგრამ ვერაფერი მომყავს, რო მიღირდეს! ჰოდა, ვტაქსაობ!და საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას, ორი კაპიკი რომ ვიშოვო! აღარაა საშველი!

– საშველი არის … არის… – მგზავრმა მოულოდნელად, მამაშვილურად ჩაილაპარაკა, – სოფელში არ ვცხოვრობ, მაგრამ მიცხოვრია და ვიცი ყველაფერი, გამოცდილებითაც ვიცი და წიგნებიდანაც… მაგ საკითხებზე ვმუშაობ დიდი ხანია … – მგზავრი წამით შეყოვნდა, თითქოს დაფიქრდაო, მერე კი გააგრძელა – მოდი, წინ გრძელი გზა გვაქვს, ჰოდა, მოვყვები, როგორ შეიძლება კაცმა მიიღოს მოსავალი, არც მიწა მოხნას, არც ქიმიური სასუქები იხმაროს და არც შხამები, პესტიციდები თუ ჰერბიციდ…

– ზღაპარია!- გააწყვეტინა მძღოლმა – არ მჯერა!

– თქვენი სახელი? – ჰკითხა მგზავრმა ღიმილით.

– სანდრო.

– ესე იგი ალექსანდრე.

– არა, სანდრო დამიძახეთ, ყველა სანდროს მეძახის.

– კი ბატონო, მიუგო მგზავრმა, – მე გია დამიძახეთ.

– ესეიგი, გიორგი, – ჩაილაპარაკა მძღოლმა.

– არა, არა, გია!- გააპროტესტა მგზავრმა, – თქვენ სანდროს გეძახიან, მე – გიას… მაშ, მომისმინეთ, ბატონო სანდრო? ვისაუბროთ.

– სიამოვნებით, ბატონო გიორგ … – უკაცრავად, გია, – მიუგო მძღოლმა, – მაგრამ გაფრთხილებთ, ზღაპრების არ მჯერა! არა და არა! არ დავბოლდები!

– და რატომ გგონიათ, რომ უნდა დაგაბოლოთ?

– ამ წუთში არ თქვით, მოსავალი ისე შეიძლება მივიღოთ, არც მიწა მოვხნათ, არც ქიმიური სასუქი ვიხმაროთ და არც შხამქიმიკატიო…

– ჰმ, – ჩაახველა გიამ და შემდეგ შემწყნარებლურად ჩაილაპარაკა – სკეპტიკოს ოპონენთებთან საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა… სპორტული აზარტია… მაშ, დავიწყოთ, ბატონო სანდრო?

– დავიწყოთ, დავიწყოთ, გია ბატონო, – ჩაიცინა მძღოლმა – ოღონდ გაფრთხილებთ, ისეთ რთულ კითხვებს დაგისვამთ, რომ …

– ვინანებ? შემრცხვება? გავწითლდები? – გააწყვეტინა მგზავრმა გაღიმებით, – ნუ წუხხართ ჩემზე, ბატონო სანდრო, ნებისმიერი სირთულის კითხვა დამისვით და, ვნახოთ, ზღაპრებს ვყვები თუ… ზღაპრული საშველის გზას გთავაზობთ!… – მგზავრი დადუმდა, წამით დაფიქრდა, მერე კი საქმიანად განაგრძო, – თანაც, მოდი, იმისთვის, ჩვენ საუბარს დამატებითი აზრი, რომ ჰქონდეს, დავნიძლავდეთ, თუ ვერ დაგარწმუნეთ, ორმაგად გადავიხდი მგზავრობის საფასურს…

– ორმაგად? ეს როგორ? – მძღოლმა თავიც კი გააკანტურა გაოცებისგან.

– მაგრამ თუ დაგარწმუნეთ, მგზავრობის საფასურს საერთოდაც არ გადამახდევინებთ, ბატონო სანდრო, მოსულა?

მძღოლმა მანქანა გზის  კიდეზე შეაჩერა, მგზავრს მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა, ერთხანს უყურა, ხელი გაუწოდა და უთხრა:

– მოსულა!

ხელი ერთობ ცერემონიულად ჩამოართვეს ერთმანეთს და ღიმილით ჩაჭრეს. სანდრომ მანქანა მდუმარედ დაქოქა, ტრასაზე გავიდნენ.

– ნაცარქექია ჩემი საყვარელი გმირია… – დაიწყო გიამ.

– ნაცარქექია რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ ყველაზე რთული სიტუაციიდანაც პოულობს გამოსავალს! და…

– ხომ გითხარით, ბატონო გია, ზღაპრები არ გვინდა – მეთქი, – ისევ გააწყვეტინა მძღოლმა, – სინამდვილეს შევხედოთ! სახლში ორი ბავშვი მელოდება, ზღაპრებით ხომ ვერ დავაპურებ!ფული მჭირდება, ეს ოხერი, ფული!

– კარგი, კარგი… სხვანაირად დავიწყოთ… იაპონელებზე რას ფიქრობთ?

– იაპონელებზე? რას უნდა ვფიქრობდეთ?

– როგორი ხალხია?როგორ უყურებთ?

– მაგარი ხალხია, ცხადია, მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ რა?უფასოდ დაგვეხმარებიან თუ ?… რაღაც ეჭვი მეპარება…

– მართალია, ჩვენ თვითონ თუ არ დავეხმარეთ საკუთარ თავს, სხვა არავინ დაგვეხმარება… – გიამ ცალყბად გაიღიმა, – მაგრამ ერთი იაპონელის ამბავი მინდა მოგიყვეთ, პატარა წიგნი აქვს დაწერილი. ინგილსურადწავიკითხე ინტერნეტში… რუსულადაც არის… წავიკითხე და გონება გამინათდა…

სანდრომ უცებ შუბლი შეიჭმუხნა და ხანმოკლე დუმილის შემდეგ ერთობ კატეგორიული ტონით გამოაცხადა:

– ბატონო გია, ტყუილად ნუ შეწუხდებით, შეიძლება დიდად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ქრისტეს არ გავცვლი…

– ბატონო? – აშკარად დაიბნა გია

– ფული კი მჭირდება, მაგრამ ყველაფერს ვერ გავყიდი… არ ვაპირებ სექტანტობას, არა!

– რაა? – გიამ თავი გააქნია და უცებ გულიანად გადაიხარხარა – ჰა-ჰა-ჰა, სექტანტობასო, კაცო, სექტანტობასო!!! ჰა-ჰა-ჰა!

ახლა უკვე სანდრო დაიბნა, მანქანა დაამუხრუჭა, მგზავრს მდუმარედ მიაჩერდა, ელოდებოდა, როდის მოითქვამდა სულს.გია, როგორც იქნა, დამშვიდდა, სანდროს თვალებში ჩახედა და ჰკითხა:

– ვგავარ ეხლა მე სექტანტსა და შექანებულ ფანატიკოსს?

– აბა, მე რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა სანდრო, – იაპონელის წიგნი წავიკითხე და გონება გამინათდაო… ჰოდა, ვიფიქრე, რომ…

– ჰო, კარგი, კარგი, – გიამ შემწყნარებლურად გაუღიმა, – ჩემი ბრალიცაა, კაცმა რომ თქვას… რაღაც მიკიბულ-მოკიბულად ვლაპარაკობ…

– ჰოდა, მომიყევით დალაგებულად, – სანდრომ ლამისაა დაუფარავი წყენით თქვა – მანქანა დაქოქა და ჩაილაპარაკა, – რა იყო აქ სასაცილო, არ მესმის…

– კარგი, კარგი, არ გვინდა… – შემრიგებლურად უთხრა გიამ.

– მოგიყვებით დალაგებულად… ის იაპონელი მეცნიერი იყო, მიკრობიოლოგი, რომელიც მერე ფერმერი გახდა, 30 წელი ექსპერიმენტებს ატარებდა და ბოლოს ახალი ტიპის სოფლის მეურნეობა შექმნა, ნატურალური სოფლის მეურნეობა…

– იაპონური სოფლის მეურნეობა გამოგვადგება? ისინი ხომ ბრინჯსა ჭამენ, ჩვენ კიდევ…

– მთავარი, რაც ფუკუოკამ აღმოაჩინა, ესაა ახალი პრონციპები, მიდგომა…

– ფუკუოკა ერქვა მაგ თქვენს იაპონელს? – გააწყვეტინა სანდრომ.

– დიახ, ფუკუოკა.

– რაცაც მეცნობა ეგ სახელი, – ჩაიკაპარაკა სანდრომ ჩაფიქრებით, – მაგრამ საიდან ვერ ვიხსენებ…

– რაგბი გიყვართ?

– რაგბი? – სანდროს თვალები გაუნათდა – მიყვარს, აბა, რა! გეპეიში, რომ ვსწავლობდი, ვთამაშობდი, მაგრამ მერე ავარია მომივიდა და თავი დავანებე…

– ჰოდა, ალბათ, მანდედან გახსოვთ… ფუკუოკა იაპონელი რაგბისტია, ბოლო ჩემპიონატზე თამაშობდა…

– გამახსენდა!… – შესძახა სანდრომ – მანდედან მახსოვს, მართალია!… იაპონიის ჩემპიონატი კი ვერ გავქაჩეთ ბოლომდე, მაგრამ მაინც მაგარი ბიჭები გვყავს! ყველაფერი წინაა… ჰოდა, მერე რაო, თქვენმა ფუკუოკამ? მოგვარეები იყვნენ ეგ და ის თქვენი მიკრობიოლოგი თუ ფერმერი?

– სხვათა შორის, ფუკუოკა ქალაქის სახელია…

– ქალაქის სახელი, ეს როგორ?

– ხომ შეიძლება კაცს ერქვას, ვთქვათ…. მმ… ჯორჯ ვაშინგტონი?ანდა ჯეკ ლონდონი? ანდა ისაია ბერლინი?

– და თქვენ ფუკუოკას რა ერქვა?ფუკუოკა ხომ გვარი გამოდის?

– რა ერქვა და… მასანობუ ფუკუოკა

– მასანობუ ფუკუოკა… – სანდრომ გაიმეორა, ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თითქოს ბგერებს გემოს უსინჯავსო, მერე დადუმდა, გიას გაჰხედა და ჰკითხა – და რაგბისტს?

– კენკი, თუ არ ვცდები… კენკი ფუკუოკა.

– აჰა, … გასაგებია… მაშ, გისმენთ, ჩემო ბატონო, გააგრძელეთ…

– თბილისამდე რამდენი გვაქვს დრო?

– სამ საათში ჩავალთ, ალბათ.

– ოჰ, სამ საათში ყველაფერს მოვასწრებთ, ფუკუოკაზეც ვილაპარაკებთ, ბილ მოლისონზეც და ზეპ ჰოლცერზეც…

– ეგენი ვინღა არიან?

– ადამიანები, რომლებიც, ფუკუოკას მსგავსად, ბუნებას ომს კი არ უცხადებდნენ, არამედ ბუნებასთან თანამშრომლობას, ბუნებრივი მოდელების პრაქტიკულ გამოყენებას ქადაგებდნენ, მაგალითად, ტყე-ბაღის…

– ტყე-ბაღის? – გააწყვეტინა სანდრომ – სად ტყე და სად ბაღი! ეგ ერთად როგორ იქნება? ბაღი იმიტომაცაა ბაღი, რომ არაა ტყე! ხელოვნურია! ტყე კიდევ – ველური!

– მართალია! – გია ისე დაეთანხმა სანდროს, გეგონებოდა, რაღაც გაუხარდა თუ ესიამოვნაო – სრულიად გეთანხმებით! მაგრამ ბაღი შეიძლება მოაწყო იმ პრინციპის მიხედვით, რომელიც ბუნებრივ, ანუ, როგორც თქვენ თქვით, „ველურ“ ეკოსისტემას აქვს. ტყე ყველაზე ნაყოფიერი ეკოსისტემაა ბუნებაში, მცენარეები იარუსებად, ერთად, ერთობლივად იზრდება: ბალახი, სოკოები, ბუჩქნარი, სხვადასხვა ზომის ხეები, მიწისქვეშ კი გადახლართული ფესვებია და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს კი არ უშლის, არამედ ეხმარება! ერთად საოცრად ნაყოფიერი და მდგრადი სისტემაა. და, აი, ამ ბუნებრივი დიზაინის მიხედვით, ამ მოდელის ყაიდაზე შეიძლება გააშენო ხელოვნური ტყე-ბაღი, რომელიც თან ბუნებრივიც იქნება, რადგან სქემა ბუნებიდანაა აღებული, ანუ ნასესხები, და თან ყველა მცენარე ამ ხელოვნურ ტყე-ბაღში იქნება სასარგებლო და ნაყოფის მომტანი! უამრავი მოსავლის მომტანი!

– ჰეჰ, – ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ჩაილაპარაკა სანდრომ, – სათქმელად ადვილია! … ეგეც თქვენმა ფუკუოკამ გამოიგონა?

– დაბალანსებულ ეკოსისტემას ფუკუოკა იკვლევდა და ქმნიდა, ტყე-ბაღის მოდელი მოლისონმა დაამუშავა, დევიდ ჰოლმგრენთან ერთად…

– ეგ კიდევ ახალია? – ჩაურთო სანდრომ.

– დევიდ ჰოლმგრენი, ბილ მოლისონის სტუდენტი და თანაავტორი იყო, მათ შექმნეს პერმაკულტურა... მაგრამ ფუკუოკამ პირველმა ჩამოაყალიბა ბუნებასთან თანამშრომლობის, ჰუმანური მოპყრობის, ჰარმონიული ეკოსისტემის ფილოსოფია, რაც მერე ყველამ გაიზიარა, ვინც ამ მიმართულებით მიდიოდა და ახალ მეთოდებს ქმნიდა… ფუკუოკამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ მისი მიდგომა მუშაობს, – ცარიელი თეორია კი არაა, არამედ ახალი პრაქტიკული მეთოდია, რომელსაც საოცარი შედეგები მოაქვს. ესაა გადატრიალება სოფლის მეურნეობაში! ნამდვილი რევოლუცია!

– რევოლუციები არ მევასება… – მკვახედ ჩაილაპარაკა სანდრომ, – არც დიდი ოქტომბრის, არც …

– მაგრამ ეს სრულიად სხვა რევოლუციაა! – არ დააცალა სიტყვის დასრულება გიამ, – პრინციპულად განსხვავებული! ჩალის ღერის რევოლუცია!

– რაო? ჩალის ღერის?

– დიახ! ზუსტად ასე ჰქვია ფუკუოკას წიგნს! „ჩალის ღერის რევოლუცია“!

– ჩალის ფასი ხომ არ აქვს მაგ თქვენს რევოლუციას? – ჩაეცინა სანდროს, – აქამდე რატომ არ გაგვიგია არაფერი მაგაზე, თუ ეგეთი მაგარია? როდის გამოვიდა ეგ წიგნი?

– 1978 წელს.

– ანუ ლამისაა ნახევარი საუკუნის წინ! ჰოდა, ეგ რომ მართლა ღირდეს რამედ, აქამდე არ გვეცოდინებოდა?

გიამ ხანმოკლე პაუზის მერე, უპასუხა:

– ბატონო სანდრო, მსოფლიოში გაბატონებული წარმოდგენების შეცვლა უცებ, ერთბაშად ვერ მოხდება, განსაკუთრებით სიტუაციაში, როდესაც მმართველებს არ სურთ ეს მენტალური გადატრიალება, არ არიან დაინტერესებული… ძველის შენარჩუნება ურჩევნიათ…

– და რატომ აძლევთ ხელსძველის შენარჩუნება, თუ ეგეთი მაგარი მეთოდია მართლა?

გიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო წამს გაჩერდა, თითქოს ენას კბილი დააჭირაო, ცოტა ხანი იფიქრა, მერე კი თქვა:

– მოდი, ჯერ მთავარი გავარკვიოთ, რა მეთოდია კონკრეტულად, რას გულისხმობს და რა პრინციპები აქვს… ანუ ვნახოთ, მართლა მაგარია, თუ… არც ისე. და უკვე ამის მერე ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე…

– კაი, ბატონო, – მხრები აიჩეჩა სანდრომ, – მითხარით, რა პრინციპებია, ოღონდ -მოკლედ!

– მთლად მოკლედ არ გამოვა, სანდრო ბატონო, – თითქოს მობოდიშებით ჩაილაპარაკა გიამ, – მაგრამ ვეცდები.

– სულ რამდენი პრინციპია?

– ოთხი.

– მაგას კიდევ არაუშავს, – ცალყბად გაიღიმა სანდრომ, – მე მეგონა, იტყოდით, ათი, ანდა თორმეტი!

– არა, ოთხად ოთხია. მაგრამ უბრალოდ ჩამოთვლა საკმარისი არ იქნება. უნდა ავხსნა, რას გულისხმობს, კომენტარი გავუკეთო…

– მაგაზე ნუ ღელავთ, ბატონო გია! თქვენ ჩამოთვალეთ, და როგორმე გავიგებ! ბავშვი ხომ არ ვარ! დაიწყეთ!

– პირველი პრინციპია, მიწის ხელოვნურ, მექანიკურ გაფხვიერებაზე, ანუ ხვნაზე, ბარვაზე, თოხნაზე, კულტივაციაზე უარის თქმა, რადგან მიწის ამობრუნება იწვევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, ჰუმისისგანადგურებას და, საბოლოო ჯამში,მიწის დეგრადაციას.

– არა, არ მესმის, თუ არ მოხნავ, როგორ დათესავ?!. – თავი გააქნია სანდრომ.

– საქმეც ეგაა, ასობით წელია გლეხი თუ ფერმერი დარწმუნებულია, რომ მიწის ხვნა სრულიად აუცილებელია, არადა, თანამედროვე კომერციული, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ისე ღრმად ამუშავებს მიწას, ისე არღვევს ნიადაგის ნაყოფიერებას, რომ მერე იძულებული ხდება, ქიმიური სასუქები შეიტანოს, როგორმე დარღვეული ბალნსი რომ აღადგინოს. მაგრამ რაც მეტი ქიმიკატი შეაქვთ, ეკოლოგიური ბალანსი მით მეტად ირღვევა, ჩნდება მავნებელები, დაავადებები და მერე მათთან საბრძოლველად შეაქვთ საწამლავი, შხამქიმიკატები, ე.წ. ინსექტიციდები…

– მოიცა, მოიცა , – გააწყვეტინა სანდრომ, – მიწას თუ არ მოხნავ, თესლი როგორ ჩავა ნიადაგში? როგორ გაღვივდება?როგორ გაიზრდება მცენარე?!

– როგორ და, როგორც – ბუნებაში! ტყესა და მინდორში ხომ არავინ ხნავს? მაგრამ თესლი მაინც ამოდის: მიწაზე დავრდნილ თესლს ჩამოცვენილი ფოთლები ეყრება, ან წაქცეული ბალახი და მეტი არც არაფერია საჭირო. ღვივდება და იზრდება. მოკლედ, არაა საჭირო მიწის ამობრუნება, ეს ნიადაგის გამოფიტვას, კვდომას იწვევს…

– ეგ კი გავიგე, მაგრამ მაინც არ მესმის, რა უნდა ვქნა?

– აი, ფუკუოკამ რა ქნა: აიღო და სათესლე ბრინჯი მიმოაბნია მინდორზე!…

– და ეგრე რა გამოვიდოდა? ჩიტები ხომ აკენკავდნენ!

– მართალია, ზუსტად ეგრე მოხდა, ჩიტებმაც აკენკეს და თაგვებმაც მიირთვეს, ჰოდა, მაშინ ფუკუოკამ ასეთი რაღაც მოიფიქრა, ბრინჯი თიხაში ჩაყარა, კარგად აურია, მასა საცერივით ბადეში გაატარა და მიღებული პატარ-პატარა „კაფსულები“ მზეზე გაახმო…

– ანუ ეგ „კაფსულები“ იყო თიხით დაფარული ბრინჯის სათესლე მარცვლები?

– დიახ, ბატონო სანდრო, სწორად მიხვდით. მერე ეგრე გამხმარი „კაფსულები“ მიწაზე მიმოაბნია, თანაც შიშველ მიწაზე კი არა, არამედ მულჩირებულ… ბრინჯს ზევიდან დააყარა მულჩი

– მულჩი? ეგ რაღაა…

– მულჩი ნებისმიერი ორგანული ნარჩენია, ვთქვათ, ახლად გათიბული ბალახი, ან შარშანდელი მცენარეულობის ნამჯა თუ ფოთლები, რასაც გლეხები და ფერმერები წვავენ ხოლმე… ანდა ქაღალდი… არაორგანულ მულჩსაც იყენებენ, მაგალითად, ცელოფანს… ყველაფერი, რაც ნიადაგის ზედაპირს დაფარავს, მულჩია…

– მოიცა, მოიცა, ეგ მულჩი გავიგე, მაგრამ როგორ მოიფიქრა მაგ თქვენმა ფუკუოკამ თავისი მეთოდი?

– ეგ მართლა საინტერესოა… ოცდახუთი წლისა საავადმყოფოში დააწვინეს პნევმონიით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო და თურმე რაღაც გაეხსნა… კონკრეტული იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მიტოვებული სახლის გაუდაბურებულ ბაღში შენიშნა, რომ სარეველებში ბრინჯი იზრდება, ღონივრად გამოიყურება, სარეველებმა ვერ მოაშთეს…

– ეგ შეიძლება იაპონური ბრინჯია ეგეთი მაგარი, ბრინჯი სამურაი! – ჩაეცინა სანდროს , – ბრინჯი – კამიკაძე!

– კარგი შედარებაა, – გიასაც გაეღიმა, – მაგრამ საქმეც ისაა, რომ აღმოჩნდა, ფუკუოკას ნატურალური აგროკულტურის მეთოდი ყველგან მუშაობს, მთელ მსოფლიოში!… მოკლედ, თიხის დამცავი გარსით დაფარული ბრინჯი ჩიტებმა და თაგვებმა ვეღარ შეჭამეს. ბრინჯი გაღვივდა, გაიზარდა და, საბოლოოდ, მრავალი ექსპერიმეტის შემდეგ, ფუკუოკამ მშვენიერი მოსავალი მიიღო… 1978 წელს, როცა ფუკუოკას წიგნი ინგლისურად გამოიცა, მისი ფერმის მიწა 25 წლის განმავლობაში ერთხელაც არ იყო მოხნული, ქიმიკატები ერთხელაც არ იყო ნახმარი, მაგრამ ნიადაგი კი არ იფიტებოდა, ნაყოფიერება კი არ მცირდებოდა, არამედ წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა, რაც იაპონიის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ფუკუოკას ექსპერიმენტებს გამუდმებით აკვირდებოდნენ, ძალიან უნდოდათ, თაღლითად გამოეცხადებინათ, მაგრამ ისეთი საოცარი შედეგი ნახეს, რომ სიმართლე აღიარეს. აბა, იაპონელი ექსპერტი ტყუილს ხომ არ იტყოდა! – ღიმილით დაასრულა გიამ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები