რეკლამაspot_img

ევროპელები საქართველოში

საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიაში, არაერთმა
ევროპელმა მეცნიერმა იმოგზაურა. კავკასიის რეგიონი განსაკუთრებით საინტერესო იყო
სამეცნიერო ექსპედიციების მოსაწყობად – ბოტანიკური, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული
თუ ანთროპოლოგიური მასალის შესაგროვებლად.
ჟურნალი „ველური ბუნება“ გთავაზობთ რუბრიკას საქართველოში ევროპელი
მეცნიერების მოგზაურობის შესახებ. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით
საინტერესო უნდა იყოს, როგორ აღწერდნენ საუკუნეების წინანდელ საქართველოს
ევროპელი მკვლევრები.
სტატიების ციკლს ვიწყებთ ორი იტალიელი მეცნიერის, ემილ ლევიესა და სტეფან
სომიეს კავკასიური თავგადასავლის გაცნობით.

ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში

ემილ ლევიე 1838 წელს შვეიცარიის ქალაქ ბერნში დაიბადა. სამედიცინო განათლება
მიიღო ბერნის უნივერსიტეტში, რომელიც 1860 წელს დაამთავრა და იქვე მუშაობდა
ექიმად, სანამ 1865 წელს ფლორენციაში არ დასახლდა. ენების ცოდნის გამო მის
სამედიცინო მომსახურებაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო იტალიაში მცხოვრებ
უცხოელებს შორის. როგორც მისი მეგობარი და კოლეგა, იტალიელი ბოტანიკოსი სტეფან
სომიე აღნიშნავდა, ლევიეს აფასებდნენ და პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მისი
პროფესიონალიზმის, არამედ იმ გულისხმიერებისა და თანაგრძნობის გამო, რომელსაც
იგი პაციენტებთან ურთიერთობისას იჩენდა.
ემილ ლევიე ბოტანიკამ ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა. ამ გატაცებაში დიდი როლი
ითამაშა მისმა ახლო მეგობარმა, ბოტანიკოსმა შარლ გოდემ, რომელსაც ლევიე მთელი
ცხოვრების მანძილზე დიდი მადლიერებით იხსენებდა. ფლორენციაში საცხოვრებლად
გადასვლის შემდეგ იგი ჯერ ადგილობრივი ფლორით დაინტერესდა და კოლექციების
შეგროვება დაიწყო, შემდეგ კი თანდათან მისი ინტერესის არეალი მთელ იტალიაზე,
მოგვიანებით კი ევროპაზე გავრცელდა.
1890 წელს ემილ ლევიე, სტეფანო სომიესთან ერთად, კავკასიაში გაემგზავრა
ოთხთვიან ექსპედიციაში, რომლის დროსაც არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის, არამედ
სიცილიის, თურქეთისა და საბერძნეთის ბოტანიკური კოლექციები შეაგროვა. კავკასიაში
მოგზაურობის დროს მოპოვებული კოლექციების პუბლიკაციისთვის მცენარეებს

თვითონ ხატავდა. სამუშაოს შესრულებისას იგი ყოველთვის სკრუპულოზური იყო, რაც
ასევე კარგად ჩანს სომიესთან მის მიმოწერაში.
სიცოცხლის მანძილზე ლევიემ შეაგროვა ფლორის დიდი კოლექცია, რომელიც 47 000
სახეობას მოიცავდა. ამ ჰერბარიუმის ერთი ნაწილი 1912 წლის 17 ნოემბერს ლევიეს
მეუღლემ, მატილდამ საჩუქრად გადასცა ფლორენციის ბოტანიკის მუზეუმს, დარჩენილი
ნაწილიც სამი წლის შემდეგ იმავე მუზეუმში მოხვდა – როგორც ამას ლევიეს შვილი,
ალესანდრო წერს სომიესთვის გაგზავნილ წერილში, მუზეუმმა მატილდა ლევიესგან ეს
ნაწილი 12 000 ფრანკად შეიძინა: „განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ მამაჩემის
ორივე კოლექცია – ფანეროგამული და ბრიოლოგიური – კვლავ გაერთიანდა ფლორენციის
მუზეუმში და ისინი იტალიას არ დატოვებს“.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები