რეკლამაspot_img

მარტორქა დმანისიდან

1983 წელს დმანისის ნაქალაქარში პროფესორმა აბესალომ ვეკუამ შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში ნაპოვნ ძვლებს შორის მარტორქის კბილი აღმოაჩინა.
აქედან დაიწყო დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის, ისტორია. მაშინ ნათელი გახდა, რომ ფენები მინიმუმ 1 მლნ. წლით თარიღდება. მას შემდეგ დმანისმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა Science-მა დმანისის გათხრებისას მოპოვებული მასალა რამდენჯერმე დაასახელა მსოფლიო აღმოჩენების ათეულში. 2013 წელს ამავე ჟურნალის ყდაზე დმანისის მე-5 თავის ქალის ფოტო დაიბეჭდა, ხოლო სტატიამ, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების (მათ შორის ქართველის) თანაავტორობით გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო დმანისის ძეგლისა და აღმოჩენების მნიშვნელობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ დმანისის არქეოლოგიური ძეგლი არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ წამყვანი სამეცნიერო-პოპულარული მედიის ობიექტივშიც არაერთხელ მოექცა. დმანისელი ჰომინინების შესახებ არაერთი სტატია გამოაქვეყნა ჟურნალმა National Geographic, ხოლო 2002 წელს ერთ-ერთი ჰომინინის რეკონსტრუქცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ზეზვას სახელით არის ცნობილი, ჟურნალის ყდაზე იყო წარმოდგენილი. ძეგლის შესახებ დოკუმენტური ფილმები აქვთ გადაღებული ისეთ მაუწყებლობებს, როგორებიცაა BBC, PBS და ა.შ.

დმანისში აღმოჩენილი ჰომინინების ნაშთები 1,8 მილიონი წლით თარიღდება და ევრაზიაში უძველესად და ყველაზე პრიმიტიულად ითვლება.
2014 წელს ჩემს კოლეგასთან, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორთან, ცნობილ გენეტიკოს ესკე ვირსლევთან ერთად გადავწყვიტეთ დაგვეწყო დმანისის ნამარხების კვლევა თანამედროვე ბიომოლეკულარული მეთოდიკის გამოყენებით. აქამდე ყველაზე ადრეული გენეტიკური ინფორმაცია კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.
კვლევისას აღებული იქნა ნიმუშები დმანისში აღმოჩენილ ცხოველთა ნაშთებიდან.  შედეგად შესაძლებელი გახდა გაგვეანალიზებინა მარტორქის კბილის მინანქრიდან 1.8 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტორქის პროტეინების კვლევის შედეგებმა საფუძველი დაუდო ახალ სამეცნიერო დისციპლინას – “მოლეკულარ პალეონტოლოგიას”.

ანალიზები ჩატარდა კოპენჰაგენის, კემბრიჯის უნივერსიტეტებისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიებში. ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე დეტალური მოლეკულური ინფორმაცია, რომელმაც საშუალება მოგვცა აღგვედგინა მარტორქების განვითარების დეტალური ევოლუციური სურათი. კვლევის შედეგების შესახებ სტატია სათაურით – „Early Pleistocene Enamel Proteome from Dmanisi Resolves Stephanorhinus Phylogeny“– გამოვაქვეყნეთ მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში.  სტატიის ავტორებს შორის ქართველი მეცნიერები მაია ბუხსიანიძე და გოჩა კილაძე არიან.
აღნიშნულმა პუბლიკაციამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და კიდევ ერთხელ მოაქცია დმანისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში: „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ 1 მილიონი წლით უფრო ადრეული ევოლუციური სურათი, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე, გამოიკვლიონ ცხოველებისა და ადამიანის წინაპრის ისტორია,“ – წერდა საერთაშორისო პრესა.
დმანისის აღმოჩენები მარტორქიდან დაიწყო და სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქის ნაშთიდან მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით არის მიღებული, რაც საფუძველს უდებს დმანისის კვლევების ახალ ეტაპს.
კაცობრიობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციები, რომელთა კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. დარწმუნებული ვარ, დმანისის არქეოლოგიური ძეგლი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს, კვლევები გრძელდება. 

A nature research journal “Nature” (Sep. 11, 2019):

…Here we address the phylogenetic relationships of the Eurasian Rhinocerotidae of the Pleistocene epoch, using the proteome of dental enamel from a Stephanorhinus tooth that is approximately 1.77-Myr old, recovered from the archaeological site of Dmanisi (South Caucasus, Georgia)…

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები