მთაწმინდის ფერდობის ტყის ლანდშაფტის აღდგენა- რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დაანონსდა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის
უახლეს ისტორიში თბილისის შემოგარენში მანამდე არსებული ტყის დიდი მასივების გაჩეხვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ტყეების გაჩანაგებამ განსაკუთრებით XIX საუკუნეში გააუარესა ჰავა, მეფის მთავრობა ანადგურებდა თბილისის ირგვლივ ფოთლოვან ტყეებს იმის გამოც, რომ ამ ტყეებს თავს აფარებდა სოციალური უსამართლობით გამწარებული და ამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხობა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის გასაადვილებლად თბილისის ირგვლივ ფოთლოვან
ტყეებს ერთიანად კაფავდნენ და ამ ადგილებს უდაბნოდ აქცევდნენ.
თბილისის მიმდებარე ტყეების მასობრივი გაჩეხვა მენახშირეობის ინდუსტრიამაც განაპირობა, სწორედ აქედან მარაგდებოდნენ ნახშირით ქალაქის მცხოვრებნი. განსაკუთრებით გააქტიურდა თბილისის შემოგარენის, მათ შორის მთაწმინდის ფერდობის მწვანე საფარის გაჩეხვა პირველი მსოფლიო ომის დროს. მენახშირეები თბილისის ქუჩებში ხურჯინებით დაატარებდნენ ნახშირს და გაყიდულის საფასური ერთადერთი შემოსავალი იყო მათი ოჯახებისთვის. მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა აღეკვეთა განუხრელი ჩეხვა მაგრამ აღკვეთას ვერ ახერხებდა, მოშიშვლებული ფერდობებიდან კი წვიმისას ნიაღვრები მოდიოდა რის შედეგადაც ხშირად იტბორებოდა თბილისის ქუჩები და სახლები.
1925 წელს სპეციალური სანერგედან მთაწმინდის კალთებზე დარგეს 5000 ძირი ხე. ამავე წლის მარტში თბილისის აღმასკომმა ქალაქის გარშემო ტყის გასაშენებლად გამოყო 56000 მანეთი. ქალაქის ნიაღვრისაგან დასაცავად თბილისის გარშემო მდებარე გორაკების კალთებზე კეთდებოდა ჯებირები და თხრილები. ენერგიულად მიმდინარეობდა ტყის გაშენების სამუშაოები შემდეგ წლებშიც.
დღეისათვის მთაწმინდის ფერდობზე უამრავი დაავადებული ხეა. მათი მოვლა და ახალი ნარგავებით ფერდობის შევსება ერთბაშად დადებითი შედეგის მომტანია ჩვენი ქალაქისთვის.
მირიან ხოსიტაშვილი