რეკლამაspot_img

აბასთუმანი – ველურ ბუნებაში ჩასმული ურბანული კულტურის მარგალიტი

საქართველოს სხვა საქვეყნოდ ცნობილ კურორტებს შორის, აბასთუმანი გამოირჩევა იმით, რომ ის „ჩასმულია“ ველური ბუნების გარემოცვაში. სამცხის უტყეო პეიზაჟის შემდეგ, გზა გრილ, გამწვანებულ ხეობას მიუყვება. აბასთუმანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ოცხეს (ოძრხეს) ხეობაში. მდინარის სახელს შემოუნახავს აბასთუმნის ისტორიული დასახელება. დაბის სტატუსი აბასთუმანს მიენიჭა 1926 წელს. კურორტის სტატუსი დადასტურებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
აბასთუმანი იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი, როგორც კურორტის, ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება. ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ბორჯომს, მხოლოდ როგორც ხეობას, მაშინ როდესაც  (ოძრხეს) საკურორტო თვისებებს უსვამს ხაზს:  „მთის კალთას წყარო, გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მგზავსი, რომელსა უწოდებენ ოცხეს. მას ზედა არს შინა აბანო, და ბანობენ მრავალნი. რამეთუ კურნებს ქარით დახუთვილსა, ძლიერსა მუწუკსა და ბუგრსა, ძნიად საკურებელსა მკურნალთაგან“. ვახუშტი ბაგრატიონმა აბასთუმნის მიდამოები აღწერა მისი მეორე ატლასის (1745 წ.) ერთ-ერთ რუკაზე, სადაც დატანილია ტოპონიმები “ოძრახო” და “ოცხე”. მეტიც, აბასთუმნის ადგილას საქართველოს VIII-X საუკ. რუკაზე (პავლე ინგოროყვა)  აღნიშნულია  „მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე, როგორც სამკურნალო წყლებით ცნობილი ადგილი“. ოძრხე თამარ მეფის საყვარელ მოსასვენებელ ადგილად სახელდება. ამას ადასტურებს ისეთი ძეგლების არსებობა, როგორიცაა „თამარის ციხე“ და „თამარის ხიდი“ მდ. ოცხეზე. ეს ქალაქი აგრეთვე მოიხსენიება XIV საუკუნის წყაროებში, გიორგი ბრწყინვალის მმართველობის პერიოდში. მის მდიდარ წარსულზე მეტყველებს ისტორიული წყაროები და ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები („დარეჯანის მონასტრის“ ნანგრევები, ციხესიმაგრეები, ნასახლარები, ნაეკლესიარები ოცხის შენაკადის, კურცხანის ხეობაში). აბასთუმანი, როგორც ტოპონიმი, XIX საუკუნეში ჩნდება. ერთი ვერსიით, იგი უკავშირდება აბაზასძეების გვარს, მეორე ვერსიით კი – „ხაბაზთუბანს“.
სადღეისოდ აბასთუმანი სახელგანთქმული, თუმცაღა ბოლო დრომდე ყურადღების მიღმა დარჩენილი კლიმატურ-ბალნეოლოგიური (ფტიზიატრიული) კურორტია. მოსახლეობა აბასთუმანში, ბოლო სამი ათეული წლის გამვავლობაში, 2 447 ადამიანიდან 937 ადამიანამდეა შემცირებული.
აბასთუმნის გეოგრაფიული პირობები საუკეთესო საკურორტო სამკურნალო ფაქტორებს განაპირობებს. აბასთუმანს ახასიათებს საშუალო მთის რბილი კლიმატი, მისი სიმაღლეა ზღვის დონიდან – 1250-1450 მ. ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის, ზამთარი – ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა: -6°C. ზაფხული – ზომიერად თბილი, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 16°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს  77%-ს, ხოლო ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 688 მმ-ს. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 სთ.
აბასთუმანს გააჩნია სრულიად თავისებური მიკროკლიმატი. ჰაერის გამჭვირვალობა აქ ძალიან მაღალია. მისი ბუნებრივი პირობები არაერთხელ შედარებულა ევროპის მსგავს კურორტებთან, მაგალითად, დავოსთან (შვეიცარია). აღინიშნება, რომ აბასთუმანი ბუნებრივი პირობებით კიდეც აღემატება შვეიცარიის კურორტებს. აქ არის ჰიპერთერმული სამკურნალო წყაროებიც, საინტერესო დასხელებებით: დევგმირის, გველისა და სურავანდისა. აბასთუმანს გარს ეკვრის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ლანდშაფტები, რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის ეკოტურიზმისათვის. მისი საზოგადოებრივი გამწვანებული სივრცეებია ისტორიული პარკი „როშჩა“ და ატროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორია.
მიუხედავად იმისა, რომ აბასთუმნის საკურორტო თვისებები ცნობილი იყო შუა საუკუნეებიდან, დიდი თურქობის დროს ის მოწყდა საქართველოს და მისი კურორტად ჩამოყალიბება XIX საუკუნეს უკავშირდება.
1828 წელს რუსეთის იმპერიამ შემოიერთა სამცხე. აბასთუმნის თერმული წყლებით მკურნალობდნენ თურქეთის ომში დაჭრილები. სწორედ მათი განკურნება გახდა მიზეზი, რომ XIX ს-ის 30-იანი წლებიდან დაიწყო აბასთუმნის ბალნეოლოგიური ფაქტორების მეცნიერული შესწავლა. აბასთუმანს მიეძღვნა კვლევები და პოპულარული გამოცემები, რომელთა ავტორებს შორის არიან ერასტ ანდრეევსკი, გრიგოლ ჯანშიევი და სხვები. 
XIX ს.-ს 70-იანი წლებიდან აბასთუმანში რუსეთის მეფის, ნიკოლოზ მეორის ძმა, ფილტვებით დაავადებული უფლისწული გიორგი რომანოვი დასახლდა. გიორგი რომანოვის მოღვაწეობამ დადებითი კვალი დატოვა აბასთუმანში. ასტრონომიით გატაცებულმა უფლისწულმა ააგო პირველი ობსერვატორია, რომელიც „გლაზენაპის კოშკის“ სახელს ატარებს, პეტერბურგის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორის, ფონ გლაზენაპის პატივსაცემად, რომელიც გიორგის ასტრონომიაში ლექციებს უკითხავდა.
გიორგი რომანოვი მოტოციკლეტით სეირნობისას ტრაგიკულად დაიღუპა აბასთუმანში. მისი გარდაცვალების ადგილას პატარა სამლოცველო იყო აგებული, რომელიც XX ს-ის 30-იან წლებში ააფეთქეს. აბასთუმანში დღესაც არსებობს უფლისწულ გიორგის სასახლე, რომელიც 2008 წლის გაზაფხულზე ხანძარმა ძლიერად დააზიანა. საბჭოთა პერიოდში აქ ფუნქციონირებდა სანატორიუმი „მესხეთი“, ხოლო XX ს – ის 90-იანი წლებიდან დედათა მონასტერი დაარსდა.
საინტერესოა გერმანელების როლი კურორტების აღმშენებლობაში. აბასთუმნისა და ბორჯომის საკურორტო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ექიმმა ადოლფ რემერტმა, რომელიც მისი ანდერძისამებრ აბასთუმანშია დაკრძალული. 1842 წელს აბასთუმნის მახლობლად გერმანული კოლონია ფროიდენტალი დაარსდა. მართალია, იგი მალევე გადავიდა მარიენფელდში (ახლანდელი სართიჭალა), მაგრამ საინტერესო კვალი დატოვა. „ახალ ზარზმად“ წოდებული აბასთუმნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ოტო სიმონსონმა დააპროექტა უფლისწულ გიორგი რომანოვის დავალებით. ტაძრის მოხატულობა მიხეილ ნესტეროვს ეკუთვნის. საგულისხმოა, რომ ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციის მიხედვით დაპროექტდა, ფრესკებზეც თვალსაჩინოდ ქართველი პროტოტიპების სახეებია გამოყენებული.
საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აბასთუმანმა შეიძინა „სახალხო კურორტის“ რეპუტაცია – მოქმედებდა 11 სანატორიუმი, ტუბ. საავადმყოფო და პოლიკლინიკა.  სანატორიუმების ნაწილი ისტორიულ შენობებში განთავსდა („მესხეთი“, „ვარძია“), ზოგიერთი აგებული იყო 30-იან წლებში („ზეკარი“), ზოგიც – მოგვიანებით („არაზინდო“, „აღობილი“). ამ დროს ჩამოყალიბდა სპეციფიკური მოსახლეობა – კურორტის უნიკალური კლიმატის ზეგავლენით ადამიანები იკურნებოდნენ და რჩებოდნენ საცხოვრებლად. მათი  მომდევნო თაობა უკვე ჯანმრთელი იყო. აბასთუმნის საბჭოთა დროინდელ „აღორძინებას“ ახლდა უარყოფითი მხარე – კურორტზე მომსახურე პერსონალისთვის აგებული იყო სრულიად უსახური არქიტექტურის საცხოვრებელი კორპუსები ქვედა აბასთუმანში.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-ასტრონომიული ცენტრია. აბასთუმანში არსებული ჰაერის განსაკუთრებული გამჭვირვალობის გამო ასტრონომიული კვლევებისთვის საუკეთესო პირობებია. ობსერტვატორია ჩამოყალიბდა 1932 წელს, რაშიც წვლილი მიუძღვის ცნობილ რუს ასტრონომს, ბორის ნუმეროვს. ობსერვატორიის პირველ დირექტორად დაინიშნა ნუმეროვის ასპირანტი, 24 წლის ევგენი ხარაძე, რომელიც 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის დირექტორი იყო. 2007 წლიდან ობსერვატორიას ეწოდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.
პოსტსაბჭოთა პერიოდში მივიწყებული კურორტი განიცდიდა მრავალწლიან დეგრადაციას. მას, გარკვეულწილად, სტიგმატიზებული სახელი შერჩა; თუმცა ბოლო წლებში ინტერესმა იმატა, დაიწყო კურორტის აღორძინება.
2007 წელს შეიქმნა აბასთუმნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ახალი თაობის დოკუმენტაცია, რომელმაც დააყენა კურორტის პროფილური რეორიენტაციის საკითხი. 2015 წელს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შპს გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკმა“  შეიმუშავა „დაბა აბასთუმნის განვითარების სტრატეგია მდგრადი განვითარებისთვის“. ამ დოკუმენტმა მყარი მეთოდოლოგიური საფუძველი შეუქმნა კონკრეტული სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული, პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას. ასეთი ამოცანების გადაწყვეტა, დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ორი უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმების ფორმატში დაწყებულია 2018 წლის შემოდგომაზე.
ამ ახალ პროექტში გადასაწყვეტია აბასთუმნისთვის სასიცოცხლო ამოცანა – რეკონსტრუქცია დაწყებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის – ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა – გადაადგილება აბასთუმნის ცენტრალური არქიტექტურულ-გეგმარებითი ღერძიდან მეზობელ ხეობაში, რაც, ცხადია, გარკვეულ სირთულეებს გულისხმობს.
საქმე ისაა, რომ აბასთუმნის არქიტექტურის დღევანდელი სახე ძირითადად მე-19 საუკუნიდან შემორჩენილი და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ევროპული, ასევე ქართული და რუსული არქიტექტურის ორიგინალურ, ამავე დროს მეტად ფაქიზ ნაზავს წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი კონცენტრაცია (122-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) საშუალებას იძლევა, აბასთუმანი დახასიათდეს, როგორც ერთიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის „რეანიმაცია“ და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
აბასთუმნის არქიტექტურულ-მხატვრული ხატი იმ დროისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმის დადებითი მაგალითია. ბორჯომის მსგავსად, აქაც იკითხება ევროპული, ქართული და რუსული ხუროთმოძღვრების კვალი. აბასთუმნის სახლები უხვადაა შემკული ხის დეკორატიული დეტალებითა და ჩუქურთმებით. შენობათა დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამჟამად მიმდინარეობს სახლების რეაბილიტაციის პროცესი.

სამცხე-ჯავახეთის კურორტებს შორის, რომელთა დიდი უმრავლესობა ბორჯომის მუნიციპალიტეტშია, აბასთუმანი მართლაც განსაკუთრებულია. აბასთუმანი შესაძლოა, განხილული იყოს, როგორც სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ-სარეკრეაციო კლასტერის წამყვანი კურორტი, „გეგმარებითი სამკუთხედის“ – ბორჯომი-ახალციხე-აბასთუმნის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აბასთუმნის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა კურორტის წარმატებული რებრენდინგი. ამ მხრივ, უცხოური ანალოგებიდან განსაკუთრებით საინტერესოა დავოსის მაგალითი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ფტიზიატრიული კურორტიდან მსოფლიო დონის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმების ცენტრამდე. აბასთუმანში აგრეთვე არსებობს წინაპირობები, რომ წარმატებული რეაბილიტაციისა და მიზნობრივი რებრენდინგის შემთხვევაში იგი გახდეს თემატური სამეცნიერო, შემეცნებითი, კულტურული შეხვედრების საკონვენციო ადგილი.
ყველა შემთხვევაში ხაზგასასმელია, რომ აბასთუმანში ჩასატარებელი ნებისმიერი მასშტაბური  ღონისძიება გულისხმობს კურორტის უშუალო გარემომცველი ველური ბუნების უთუო შენარჩუნებას.

ENG

The authors overview the history of the well-known resort of Abastumani located in Samtskhe-Javakheti region of Georgia. Throughout the article by analyzing its history the authors are underlining the potential of this resort. Same time, they are offering recommendations for future development of this unique resort.

ვლადიმერ ვარდოსანიძე
თამარ ხოშტარია

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები