რეკლამაspot_img

კახაბერ კუჭავა – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე

უპირველესად საინტერესოა ახალი ტყის კოდექსის თქვენეული შეფასება: რამდენად უპასუხებს იგი, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებსა და, მეორე მხრივ, საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას?

მართალია, სამუშაოების დიდი ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ ახალი ტყის კოდექსი მიღებული ჯერჯერობით არაა, რადგან დარჩენილია  გარკვეული საკითხები, რომლებიც უკვე კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ მოსმენებზე იქნება განხილული. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსის ერთ-ერთ კომპონენტზე – სოციალურ ჭრებზე ჩაატარა რეგულირების გავლენის შეფასება, რაც მოიცავდა ახალი მარეგულირებელი ღონისძიებების ზეგავლენის შეფასებას როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. მთლიანად ტყის კოდექსის კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისათვის მისაღებია და ვფიქრობთ, რომ არსებული პრაქტიკის ცვლილება და ტყის მართვის ახალი მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მოსახლეობის ტყის რესურსებით უზრუნველყოფას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ტყის კოდექსის მიღება სატყეო სექტორში არსებულ პრობლემებს სრულად ვერ მოაგვარებს და აუცილებელია უფრო კომპლექსური მიდგომა, სისტემური და სტრუქტურული ცვლილებები, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ტყის, როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ტყის კოდექსი სწორად პასუხობდეს არსებულ რეალობას, ითვალისწინებდეს საქართველოს კონტექსტს და არ იყოს უბრალო ასლი ევროკავშირის ან სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობისა. კომიტეტი აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და მართავს კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ავსტრიელ და გერმანელ ექსპერტებთან, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ დაგროვილი ტყის სფეროს რეგულირებისა და მართვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მუშაობა არ მოიცავს მხოლოდ ევროკავშირის მიდგომების გაცნობას. მაგალითისათვის, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები გავმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გავეცანით სატყეო სექტორის მართვის მათეულ ხედვას. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კონსულტაციები ერთ-ერთი საშუალებაა, რათა გავიაზროთ არსებული საჭიროებები და კარგად დავინახოთ ის რისკები და გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაც უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოში ტყის მდგრადი მართვის სისტემის უზრუნველსაყოფად.

როგორია თქვენი პოზიცია დიდი და საშუალო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით? იგეგმება თუ არა, რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად?

წყალი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყაროა და მისი მდგრადი მართვის პრინციპებით მართვის შემთხვევაში შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება, ისე გარემოზე მიყენებული მინიმალური ზიანი. აღსანიშნავია, რომ ჰესები წარმოადგენს ენერგიის წარმოების უფრო სუფთა წყაროს, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე თბო ან ატომური ელექტროსადგურები, რომლებიც, ჰაერის დაბინძურების გარდა, სხვა დამატებით რისკებსაც შეიცავს. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების ზუსტი შეფასებით, ჰესების საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობაში მშენებლობითა და მართვით, შესაძლებელია გარემოზე მიყენებული ზიანი იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი არის სრულიად ახალი სიტყვა საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობაში. მისი მიღების მთავარი მიზანი ისეთი პროექტებისა და სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელების რეგულირებაა, რომელთაც შესაძლო მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნებათ გარემოზე. ჰესების მშენებლობა სწორედ ამ ტიპის საქმიანობების რიცხვს განეკუთვნება. შესაბამისად, ვფიქრობ, მსგავსი პროექტები სწორედ აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. მნიშვნელოვანია, ყოველი პროექტის განხორციელებამდე ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა, რათა ვიცოდეთ თუ რა გავლენას მოახდენს ამა თუ იმ პროექტის განხორციელება ადგილობრივ ეკოსისტემებზე და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის შემარბილებელი ღონისძიებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დეგრადაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიური მონაწილეობა ასეთ პროცესებში, რათა საბოლოოდ  მივიღოთ ისეთი შედეგი, სადაც მთელი საზოგადოების ინტერესების დაცვა იქნება გათვალისწინებული.

რამდენად არის ჩართული საპარლამენტო კომიტეტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლში და უნდა ველოდოთ თუ არა კანონმდებლობის გამკაცრებას ამ მიმართულებით?

მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებებისა გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის – ჰაერის ხარისხის კონტროლის სფეროში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი ჰაერის მაღალი ხარისხი. ამისათვის კომიტეტი ზრუნავს პირველ რიგში მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში და დაუახ-ლოვოს იგი ევროკავშირში არსებულ სტანდარტებს, რისი გაკეთებაც ჩვენ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებით გვევალება. გარდა ამისა, ჩვენი კომიტეტი ატარებს საკომიტეტო მოკვლევას თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვები. საქართველოში კი საკომიტეტო მოკვლევის პრეცენდენტი აქამდე არ ყოფილა და სასიხარულოა, რომ აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა ქართულ საპარლამენტო სივრცეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაიწყო. საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, საზოგადოებას საშუალება ჰქონდა წარმოედგინა საკუთარი ხედვა და მოსაზრება თბილისში ჰაერის ხარისხის პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. საკომიტეტო მოკვლევის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა გამართა შეხვედრა იმ მხარეებთან, რომლებმაც თავიანთი პოზიცია წარმოადგინეს და უშუალოდ მათგან მოისმინა პასუხები საინტერესო კითხვებზე. უახლოეს მომავალში კი იგეგმება შეხვედრა იმ საჯარო სტრუქტურებთან, რომელთა გადაწყვეტილებებსაც, პირდაპირ თუ ირიბად, გარკვეული გავლენა აქვთ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებსა და მითითებებს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოებისთვის, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

რა ნაბიჯები იდგმება საქართველოში ნარჩენების მართვის თვალსაზრისით როგორც საკანონმდებლო, ასევე ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მხრივ?

როგორც ჰაერის მართვის სფეროში, ისე ნარჩენების მართვის მიმართულებითაც საქართველოს აღებული აქვს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2015 წელს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიღება იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ნარჩენების სფეროს რეგულირების თვალსაზრისით და სწორედ ეს კანონი არის მთავარი საფუძველი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ნარჩენების მართვა საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის აღსრულება დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და, შესაბამისად, კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები ეტაპობრივად ინერგება. მაგალითისათვის, 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ნარჩენების მართვის სფეროში იწყება ევროკავშირში კარგად დამკვიდრებული „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის განხორციელება. აღნიშნული მიდგომის მიხედვით, პროდუქტის მწარმოებელი ან ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა და გარემოსთვის უსაფრთხო გზით განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება. იგულისხმება ისეთი პროდუქცია, როგორებიცაა: შესაფუთი მასალები, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეები და ელექტრონული მოწყობილობები. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი იწყებს რიგით მეორე საკომიტეტო მოკვლევას საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების მართვის პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისათვის, რომლის შემდეგაც შემუშავდება ინიციატივები და რეკომენდაციები სამთავრობო უწყებებისათვის, რაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

ვრცელდება თუ არა საპარლამენტო კონტროლი საქართველოში მოქმედ მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაზე?

მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის გარემოსდაცვითი კონტროლი დიდი მნიშვნელობისაა გარემოს დაცვისა და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურადაა ჩართული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გვაქვს გარკვეული ცხელი წერტილები, სადაც გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მსხვილი ინდუსტრიული საწარმოები. ჩვენი მიზანია სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით მოვახერხოთ და მივაღწიოთ ისეთ შედეგებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საწარმოთა შეუფერხებელ ფუნქციონირებას და, მეორე მხრივ, თავიდან აგვარიდებს გარემოზე მიყენებულ ზიანს. ამ მიზნით კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება საზოგადოებრივი გაერთიანებების „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმების“ წარმომადგენლებისაგან და ამ ჯგუფის მიზანია შეისწავლოს ქვემო ქართლის, კერძოდ, ბოლნისის რეგიონში არსებული გარემოს დაბინძურების დონე და უზრუნველყოს არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამისათვის სამუშაო ჯგუფი აქტიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს სამთომოპოვებითი კომპანია RMG-ის იმ სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულებას, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმით გაუწერა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფი ჩავიდა კაზრეთში, კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე და ადგილზე გაეცნო მიმდინარე თუ უკვე დასრულებულ გარემოსდაცვით სამუშაოებს. განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობა უახლოეს მომავალშიც იგეგმება. ვფიქრობ, მუშაობის ეს ფორმა შედეგის მომტანი იქნება როგორც გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

რა პროცესშია დიდი ხნის წინ დაანონსებული კანონპროექტები ბიომრავალფეროვნებისა და ნადირობის შესახებ?

ბიომრავალფეროვნების კანონპროექტზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. გაიმართა დისკუსიები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში აქტიურად გვეხმარება „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ). კანონპროექტი ბიომრავალფეროვნების შესახებ ამკვიდრებს ახალ ხედვას საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში და რთულად მოეძებნება ანალოგი მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში იქნება განსახილველად წარმოდგენილი და მისი მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს გარემოსდაცვით სივრცეში. რაც შეეხება ნადირობის შესახებ კანონპროექტს: უნდა ითქვას, რომ იგი  მომზადებული იყო, თუმცა საჯარო განხილვების შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული ბარიერები, რომელთა აღმოფხვრაც მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ კანონპროექტმა მიიღოს დასრულებული სახე და მზად ვიყოთ საპარლამენტო განხილვების დასაწყებად.

დაბოლოს, თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოგვიტანა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებიდან ერთი წლის თავზე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებამ ერთი სამინისტროს ქვეშ?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მომავალი წლის დასაწყისში გამართავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის მოსმენას, სადაც განხილული იქნება ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომლებზეც წლის განმავლობაში სამინისტრო მუშაობდა და ის შედეგები, რაც გაწეული მუშაობის შედეგად გვაქვს. ამ შეხვედრაზე კითხვები სამინისტროს ახალ სტრუქტურასაც შეეხება, გაიმართება დისკუსია და უშუალოდ მინისტრისგან მოვისმენთ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩვენ, ყველას, დაგვიგროვდა გასული წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნული შეფასება უმჯობესი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

 

ENG

We are offering you an interview with the chairman of the environment protection and natural resources committee of the Parliament of Georgia Mr. Kakhaber Kuchava. Mr. chairman talks about the recent activities that the committee is involved concerning the process of finding solutions in order to minimize any harm to environment. We have discussed the following topics with Mr. Kuchava: Forest code, hydroelectric power stations, air control, waste management, control over the industrial zones, law on biodiversity and hunting, and structural changes of the government that took place about an year ago.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები