რეკლამაspot_img

თბილისის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს დაარსდა, თუმცა, მოგვიანებით მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე ხელახლა შეიქმნა.

თბილისის ეროვნული პარკის შექმნის მთავარი მიზანია ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნებრივი ეკოსისტემების, იშვიათი რელიქტური მესამეული პერიოდის ნარჩენებისა და ცხოველთა იშვიათი წარმომადგენლების კავკასიური ირმის, ევროპული შვლისა და სხვათა დაცვაგადარჩენა, ნაწილობრივ დეგრადირებულ ფართობებზე აღდგენითი ღონისძიებების გატარება, დასვენებისა და ბუნების დაცვის ფუნქციათა ურთიერთშეთავსება.

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს ღულელების, ცხვარიჭამიას, გლდანის, მამკოდას, ავჭალის, მარტყოფის, თიანეთის, მცხეთის, საგარეჯოს, წიწამურის სასელექციო საცდელი უბნისა და ყოფილი საგურამოს ნაკრძალის სატყეო ფართობებს.
გარდა სატყეო ფართობებისა, ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს საძოვრებს, სათიბებს, დასახლებულ პუნქტებსა და სასოფლოსამეურნეო სავარგულებს, სადაც მოსახლეობა, ბუნების დაცვისა და პარკის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონით დადგენილი მიწათსარგებლობის წესებით აგრძელებს ჩვეულებრივ ყოფაცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას.

თბილისის ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფარით. ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება ქართული მუხის, წიფლის, რცხილის, ჩვეულებრივი იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემები. ქვეტყეში გვხვდება: კუნელის, შინდის, ზღმარტლის, ჭანჭყატის, თრიმლის და სხვა დასახელების ბუჩქები.

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორებზე ნაირფეროვან ბალახოვან საფარს წივანას სხვადასხვა სახეობა ქმნის. წივანასთან ერთად გვხვდება: ტყის თაგვისარა, კრაზანა, ბრძამი, ჩვეულებრივი თავშავა და სხვა მცენარეები. ბალახოვან მცენარეულობაში დიდი რაოდენობითაა  წარმოდგენილი სამკურნალო მცენარეებიც. პარკში ხელოვნურად არის გაშენებული ფიჭვნარები და უნიკალური უთხოვრის კორომები. თბილისის ეროვნულ პარკში ტყეებს ვერტიკალური ზონალობა ახასიათებთ. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: ბზა (Buxus colchica), უთხოვარი (Taxus baccata), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra), პატარა თელადუმა (Ulmus glabra), კაკალი (Juglans regia), პონტოს მუხა (Quercus pontica) და სხვ.
თბილისის ეროვნული პარკის დენდროფლორა იმითაც არის საინტერესო, რომ აქ გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხეთის ფლორის წარმომადგენელები: კოლხური ჭყორი, კოლხური და პასტუხოვის სურო, აღმოსავლეთის ძახველი, თაგვისარა, უთხოვარი, კავკასიური დეკა, წყავი და სხვ.

თბილისის ეროვნულ პარკში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: მელა, მგელი, შველი, კურდღელი, ტყის კვერნა და სინდიოფალა. დიდი მტაცებლებიდან მცირე რაოდენობითაა  წარმოდგენილი ფოცხვერი და მურა დათვი. ადრე საგურამოს ნაკრძალი კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით იყო განთქმული.
პარკში ასევე შეხვდებით ორნითოფაუნის სხვადასხვა წარმომადგენელს: ჩხიკვს, შაშვსა და რამდენიმე სახის კოდალას. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში გავრცელებულია მიმინო.
პარკის ტერიტორიაზე ქვეწარმავალის 12 სახეობა გვხვდება. მათგან ყველაზე გავრცელებული გველხოკერაა. აქ ასევე შეიძლება ნახოთ უბრალო ანკარა, ჩვეულებრივი ყვითელმუცელა მცურავა და სპილენძა გველი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან აღსანიშნავია კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი. ფრინველებიდან „წითელი ნუსხის” წარმომადგენლები არიან ბექობის არწივი, დიდი მყივანია არწივი და ქორცქვიტა.

თბილისის ეროვნულ პარკში წვრილი ძუძუმწოვრების 46 ენდემური სახეობაა გავრცელებული. მათაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი ციყვი (Sciurus vulgaris), ველის თაგვი (Mus macedonicus), შავი ვირთაგვა (Rattus rattus), აღმოსავლეთევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica) და სხვ.

ეროვნული პარკის  ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია  დაათვალიეროს  ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს მისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო, ასევე გაათიოს ღამე საკარვე ბანაკებში ან იცხოვროს მცხეთის სასტუმროებში და ისარგებლოს მათი სერვისით.
პარკის ტერიტორიაზე  არის სამი (მარტივი, საშუალო და რთული სირთულის) ველო მარშრუტი და ერთი საფეხმავლო და საცხენოსნო საშუალო სირთულის ბილიკი (ზედაზენი – დიდველი- მამკოდა), რომელიც მარკირებულია და მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილებით, ტერიტორიაზე შესაძლებელია კარვებში ღამისთევაც. ბილიკი მიუყვება საგურამოს ქედს, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფ. ვეჯინის ნასახლარები,VII-VIII ს – ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრისა და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.     

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხეკოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით, ჯვრის მონასტერი, ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიანი კალთები მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლითაა მოფენილი მათ შორის აღსანიშნავია ქასურის საყდარი, აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი.
თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს თბილისისა და მცხეთის სიახლოვეს, იგი უშუალოდ აკრავს  თბილისს.

Tbilisi National Park is the first national park in Georgia, created in 1973. After certain period the area lost the status of a national park and on the basis of the former national park and Saguramo Nature Reserve it was created again. It is located on southern slopes of Greater Caucasus Range SaguramoIalno ranges and their branches, which stretch latitudinal from river Mtkvari to river Iori, at an altitude of 6001,700 above sea level. The area amounts to 21,036.14 ha. It includes districts of Saguramo, Gldani, Martkopi, Gulele and Gardabani.
Tbilisi National Park is the closest protected area to Tbilisi. Visitor infrastructure is less developed, but it is noteworthy that in 2013 in cooperation with UNWTO the first cycling routes was marked. Three cycling routes have been planned and arranged.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები