რეკლამაspot_img

ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს ესაუბრა ჩვენი ჟურნალის მთავარი რედაქტორი გოჩა კობერიძე.

  • ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, რთველი 2019“-ით უნდა დავიწყოთ, როგორ შეაფასებდით მიმდინარე პროცესებს?

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სექტემბრის ბოლოა, ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  მიმდინარე რთველია, რადგან ეს არის ყველაზე მასიური კამპანია, რომელშიც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და ფერმერი მონაწილეობს. რამდენიმე ათასი ადამიანი აბარებს ყურძენს, თუმცა მათ უკან კიდევ უფრო ბევრი ფერმერი და მწარმოებელი დგას. 21 სექტემბრის მდგომარეობით, ჩამორჩენა გვაქვს შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 30-31 ათასი ტონა, თუმცა რთვლის ბოლომდე ველოდებით დამატებით მონაცემებს, რომელთა მიხედვით მოსავალი შარშანდელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამინდებმა შეგვიშალა მნიშვნელოვანწილად ხელი, რამაც 2019 წელს ბევრი სირთულე შექმნა, მაგრამ სახელმწიფოს ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.
უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის მოვლენებმაც თავისი გავლენა იქონია ზოგადად კომპანიების ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე, რამაც ბიზნესსექტორი გარკვეულწილად შეაფერხა, ღვინის კომპანიებს ჩაბარებასთან დაკავშირებით უფრო კონსერვატიული პოზიცია აქვთ. მაგრამ სახელმწიფო, ითვალისწინებს რა თავის პასუხისმგებლობას, ახორციელებს ინტერვენციებს. იცით, რომ ჩვენ სუბსიდირების რეჟიმიდან გამოვედით, მაგრამ ჩამბარებელი ფერმერი-გლეხი არ დაგვიტოვებია მარტო და ჩაუბარებელი რომ არ დარჩეს ყურძენი, რომელიც მალფუჭებადია, ამისთვის მყისიერ ღონისძიებებს ვატარებთ. სახელმწიფო კომპანია, რომელიც პერიოდულად ინტერვენციებს აკეთებს, წელსაც გააკეთებს. ვფიქრობ, ეს მილევადი ტენდენციაა და რამდენიმე წელიწადში ჩვენ ამას ალბათ აღარ გამოვიყენებთ, მაგრამ წელს ეს გვჭირდებოდა, რადგან დაემატა ზუსტად ეს ივნისის მოვლენები და ასევე არახელსაყრელი კლიმატური პირობები, კერძოდ, გვალვიანი ზაფხული, ეს მცენარისთვის რა თქმა უნდა, სტრესული იყო. შემდგომში კი გაწვიმდა იმ დროს, როცა ყურძენი უკვე სიმწიფეში უნდა შესულიყო. შესაბამისად, შაქრიანობა მაღალი არ არის.
მიუხედავად ყველა სირთულისა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელსაც რთველმა წარმატებით უნდა ჩაიაროს.

  • ერთნაირი სურათი გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგალითად, კახეთსა და რაჭაში?

რაჭაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესი მდგომარეობაა, თუ ამინდებმა ბოლომდე შეგვიწყო ხელი, იქ ველოდებით რეკორდულ, დაახლოებით 2000 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალს. რაჭაში მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის დაწყებამდე მოსავალი დაახლოებით 400 ტონა იყო, რაც ფაქტობრივად გავახუთმაგეთ. ამბროლაურის რაიონში რამდენიმე ძველი ამორტიზებული საწარმო მოქმედებდა, ჯერ კიდევ 30-იან წლებში აშენებული, ახლა კი გვაქვს რამდენიმე თანამედროვე ახალი საწარმო.
აქვე, ზოგადად შევაჯამებ ღვინის ინდუსტრიის პროგრესს და ვიტყვი, რომ 50,000 ტონა ყურძენი გადამუშავდა ინდუსტრიულად 2012 წელს საქართველოში, შარშან კი გადამუშავდა 250,000 ტონა ყურძენი და წელსაც ნაკლებს არ ველოდებით. აქაც თითქმის გახუთმაგებულია რაოდენობა. საფერავის სანედლეულო ბაზა 25,000 ტონიდან გაიზარდა 80–85 ათას ტონამდე, იგი ძირითადი წამყვანი საექსპორტო კატეგორიაა ჩვენი ღვინისა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ექსპორტი 2012 წელთან შედარებით ასევე გახუთმაგებულია, 100 მილიონ ბოთლამდე იყო შარშან,  წელსაც ზრდადი ტენდენცია გვაქვს და არ ველოდებით, რომ წლის ბოლოს შარშანდელზე ნაკლებს გავიტანთ. მართალია,  გარკვეულწილად კვლავ რუსეთზე ვართ დამოკიდებული, რადგან ჩვენი ექსპორტის დაახლოებით ნახევარი  რუსეთისკენ მიდის, მაგრამ აი, ის მეორე ნახევარი, ფაქტობრივად, ნულიდანაა შექმნილი, რაც გამოიწვია ახალი ბაზრების ათვისებამ, ეს კი, ვფიქრობ  თანმიმდევრული საკომუნიკაციო და მარკეტინგული პოლიტიკის შედეგია.

  • რაოდენობრივი ზრდაც ალბათ გარკვეულწილად იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ ღვინო დავაძველოთ, რაც ჩვენი პრობლემა იყო.

ეს ძალიან კარგი და სწორი მინიშნება და შეკითხვაა. დიახ, როდესაც ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტს, გვჭირდება წინა წლების მოსავლის ღვინოები და ამის გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა ლიგაში ვერ ვითამაშებთ. ეს გაზრდილი რაოდენობა მოგვცემს საშუალებას, რომ მეღვინეს წლიდან წლამდე გადაჰყვეს ძველი მარაგები, რათა მათ უფრო მრავალფეროვანი პორტფელი შესთავაზონ მომხმარებელს.

  • სანამ  გარემოს დაცვის საკითხებზე გადავალთ, მინდა გკითხოთ: დაახლოებით ორი წელია, რაც სამინისტროები გაერთიანდნენ და სოფლის მეურნეობა გარემოს დაცვას შეუერთდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, 2 წლის თავზე, რა არის  მთავარი გამოწვევა? რა იყო ამ გაერთიანების მთავარი სიძნელეები და ხომ არ ყოფილა ინტერესთა კონფლიქტი დარგებს შორის, რაზეც ადრე იყო საუბარი?

ფაქტობრივად, ჩვენ რამდენიმე თვე დაგვჭირდა რეალურ გაერთიანებასა და მუშა მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. მე პირადად თავიდან ბოლომდე ვიყავი ამ პროცესში ჩართული, რათა დეტალურად შეგვესწავლა თითოეული ფუნქციური რგოლის მუშაობა, გაგვეანალიზებინა გარემოსდაცვითი მიმართულებები და გაგვეგო, როგორი იქნებოდა უფრო ადეკვატური სტრუქტურა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც სამინისტროს ჰქონდა. ასევე, ვფიქრობ, რომ შევძელით ტექნიკური გაერთიანება და სინერგიის ძალიან ბევრი ელემენტი ვნახეთ.
სამწუხაროდ, თავიდან არასწორად აღიქვეს ეს ფაქტი, ელოდნენ, რომ სამინისტროების გაერთიანება უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით, შესაბამისად, შემცირდებოდნენ თანამშრომლები… რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო და ვერც იქნებოდა რადგან ამოცანები ორივე მიმართულებით ქვეყანას უფრო და უფრო მეტი და მზარდი აქვს. ეს განსაზღვრულია მათ შორის ასოცირების დღის წესრიგით, ქვეყანას სულ უფრო მეტი გარემოსდაცვითი ფუნქცია აქვს შესასრულებელი. როდესაც ჩვენ წლიდან წლამდე უფრო განვითარებული ქვეყანა ვხდებით, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამ შემთხვევაში უფრო მეტი პრობლემა ჩნდება: ეს უკავშირდება ნარჩენების მართვას, ბუნების კონსერვაციას და ა.შ. როდესაც ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობ, მდგრადი მართვის პრინციპები არის აბსოლუტურად გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი.
სამინისტროების გაერთიანებით ფუნქციები კი არ უნდა დაკნინდეს და შემცირდეს, არამედ, პირიქით, უნდა გაძლიერდეს. ზუსტად ეს იყო ჩვენი ამოსავალი წერტილი. თუმცა, ადმინისტრაციული მხარდაჭერის ცენტრალურ ბლოკში, რა თქმა უნდა, გავაერთიანეთ ძალები, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ორივე სამინისტროს მხრიდან საკადრო ცვლილებები, ანუ პროფესიონალები და აქ მოხდა გაუმჯობესება, როდესაც, დავუშვათ, იურიდიულ, ეკონომიკურ და მსგავს ბლოკებში საუკეთესო სპეციალისტებს არჩევდნენ უკვე მოცემული ორი სამინისტროდან.
უნდა აღინიშნოს, ახალ სტრუქტურაში ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი მიმართულება გაძლიერდა, მათ შორის ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ეს არის ძალიან ძლიერი მიმართულება და ყოველ დღე მას უფრო და უფრო მეტი ამოცანა უდგას ნარჩენების სეპარირების მიმართულებით. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი მწვანე და ცირკულარული ეკონომიკაა, აქ ნარჩენების სწორად მართვის პოლიტიკა ძალიან ბევრის განმსაზღვრელია  და მას ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.
გაერთიანებულ სამინისტროში ინტერესთა კონფლიქტი მინიმუმამდეა დაყვანილი.  სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები გადახედილია, მუშავდება სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ დარგობრივი განვითარების სტრატეგიაა, არამედ მას ჰქვია სოფლის განვითარების სტრატეგია. ის მდგრადი განვითარების პრინციპებზეა მთლიანად დაფუძნებული და ჩვენს რეგიონებში, სასოფლო დასახლებებში, განვითარების ისეთ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც ბუნების მდგრადი და სწორი გამოყენების საშუალებას იძლევა. ანუ აქაც სინერგიის ეფექტი დავინახეთ, რომლითაც კონფლიქტის შესაძლებლობები მინიმუმამდე დავიყვანეთ.
მინდა ვთქვა ისიც, რომ სტრუქტურული თვალსაზრისით,  ველური ბუნების მართვის მხრივ მნიშვნელოვანი ვაკუუმი გვქონდა, რომელიც ასევე სამონადირეო სფეროს განვითარებას უკავშირდებოდა, რაც თქვენი ჟურნალისთვის ძალიან აქტუალურია. ჩამოყალიბდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, მართალია, ამ ეტაპისთვის მინიმალური შესაძლებლობებით, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც შექმნის მდგრად საფუძვლებს, რომლის საშუალებითაც ამ სისტემის სწორად განვითარების საკანონმდებლო ბაზა გვექნება და შემდგომ ეს ინსტიტუციაც განვითარდება, რადგან შეივსო ვაკუუმი, რომელიც სანადირო სექტორს, ველური ფაუნის სახეობებს ეხება. ასევე ჩვენ დავიწყეთ სატყეო რეფორმა. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობაზე მუშაობა დასრულდა და პარლამენტშია, ასევე ფაქტობრივად დასრულდა ბიომრავალფეროვნების კანონპროექტი და ეს უკვე გადავა კანონის მიღების პროცესში. გარემოს დაცვის მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ გაძლიერდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და იცით, რომ გარემოს დაცვითი ფუნქციების შესასრულებლად მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც სამინისტროს გააჩნია, არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც ახალი კოდექსით ახლებურად ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში და ესეც უკვე გაერთიანებული სამინისტროს პირობებში ხდება. ამ კოდექსმა ევროპული დღის წესრიგი განსაზღვრა, უფრო მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაექვემდებარა გზშ-ს, განსხვავებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების მთლიანი პროცესი.

  • აქვს თუ არა სამინისტროს გარკვეული სტრატეგია განათლების მხრივ, კერძოდ, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით?

რომელ საკითხსაც  უნდა შევეხოთ ჩვენ დღეს, ყველაფერი მივა პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებასთან და შემდეგ – კონკრეტულ კვალიფიკაციებსა და პროფესიებთან. ამ კუთხით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება  ძალიან მნიშვნელოვან მიზნად მიგვაჩნია და ეს არის ჩვენი დღის წესრიგის სერიოზული ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არსებობს  სამინისტროში. ეს არის სსიპ-ი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მაგრამ ეს მუშაობა რომ უფრო მეტად ეფექტური იყოს და საზოგადოება იმ დონეზე მოვამზადოთ, როგორც ეს ევროპაშია, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამისთვის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგია, ეს არის განათლება მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს  ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ჩამოვთვალეთ, გარემოს დაცვის ლობირების ამაღლება, მინიმალური განათლება, ეს ყველაფერი ახალი სტრატეგიის დოკუმენტში იქნება ასახული 2020-2024 წლებისთვის. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ ამის მიღებას და დამტკიცებას. ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგია ფაქტობრივად ყველა საჭირო მიმართულებას ეხება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში სწრაფად შევცვალოთ გარემოსდაცვითი ცნობიერება. თუმცა, მარტო ერთი ცენტრი ამას ვერ შეძლებს და აქ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
შემდეგი ნომრისთვის ცენტრს აუცილებლად ვთხოვ, რომ ეს საკითხი გაშალოს ჟურნალში.

  • როდესაც ვსაუბრობთ კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე, ამ მიმართულებით  ბევრი შეკითხვაა: მაგალითად, დღეისათვის ყველაზე აქტუალურია ჰესების მშენებლობის გარშემო დისკუსია. ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორი აფიქსირებს, რომ ისინი არ არიან ჰესების აშენების წინააღმდეგი, მაგრამ მოითხოვენ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. თქვენ ახსენეთ გზშ-ს, რომ იგი დაიხვეწა და ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდა, მაგრამ ხდება ისეც, რომ ადგილობრივი ექსპერტების მიერ გაიცემა ყველა შესაბამისი დასკვნა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა გზშ-ს დასკვნებში იკვეთება შეცდომები და ბუნება ამას მალევე ამჟღავნებს?

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გზშ-სთან დაკავშირებული პროცედურები დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ჯერ შორს ვართ იდეალური მოდელისაგან, თუმცა სიტუაცია გაუმჯობესებულია: მოთხოვნები უფრო მკაფიოა, უფრო მეტი მიმართულებით ვითხოვთ დასკვნებს და ვცდილობთ რისკების შემცირებას. მაგრამ დაგეთანხმებით და მთელ რიგ შემთხვევებში კითხვები ისმის წარმოდგენილი დასკვნების კომპეტენციის შესახებ. აქ წინ გადადგმულ ნაბიჯად სწორედ გზშ-ს გაცემის პროცედურები გვევლინება, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებს ფართო საზოგადოების ჩართულობასა და თანამონაწილეობას. რაც შეეხება უკვე გაცემულ გზშ-ებს, ახალი კოდექსი ითვალისწინებს ადრე გაცემული დოკუმენტაციების განახლებასა და გადახედვას, ხოლო ზიანის შესახებ კანონპროექტის მიხედვით დგინდება პასუხისმგებელი პირი და შესაბამისი ზიანი, რომელიც მიადგა გარემოს.

The minister of environment protection and agriculture of Georgia, Mr. Levan Davitashvili was interviewed by the editor-in-chief.

Conversation starts with ongoing grape harvest process, underling the importance of this event and discussing recent problems that created certain obstacles this year. Nevertheless, the minister is optimistic, stating that the figures will still show some growth compare to previous years.

Analyzing the 2 years period since the merging of the ministries of environment protection and natural resources and agriculture, the minister underlines benefits, new goals and solutions, stating that thanks to this decision agriculture of Georgia is more environment friendly oriented.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები