რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკანონმდებლო ინიციატივები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 6 აგვისტოს დადგენილებით (№374. ამოქმედდა 2019 წლის 2 აგვისტოდან),  საქართველოს ტერიტორიაზე ხეტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა.

სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე; სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიაზე (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა); კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან 100 მეტრის რადიუსში; მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – 20 მეტრის ფარგლებში; ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში; მიწისქვეშა წყლის სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის (15-მეტრიანი რადიუსი) ზონაში; შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში.
  • 2021 წლის 1 იანვრიდან აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა) გარშემო 500-მეტრიან ზონაში; 2021 წლის 1 იანვრიდან კი – საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან ბაღებიდან 100 მეტრის რადიუსში. შესაბამისი ობიექტებიდან მანძილი გამოიანგარიშება უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარისა და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.
  • 2021 წლის 1 იანვრიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარი უნდა განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში.
  • სახერხ საამქროში დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს  მტვრის საწინააღმდეგო სარქვლიანი რესპირატორებით, პერსონალური ხმაურდამცავი

              საშუალებებით.

  • სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.
  • აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა).
  • სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა, სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე.
  • 2020 წლის 1 იანვრიდან სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომელიც  უნდა მოიცავდეს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე (ეზოშიც და ნაგებობაშიც) დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერებს და ქსელურ ვიდეოჩამწერს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და ნარჩენების უწყვეტ კონტროლს დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია ვიდეოკამერები სახერხი საამქროს ტერიტორიაზე და ნაგებობაში განათავსოს ისე, რომ მუდმივად ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი საამქროს მიერ მორის და ფიცრის მიღებაზე ან/და გატანაზე, მათ შორის დატვირთვა/გადმოტვირთვის ადგილებზე, მორის გადამუშავების სრულ ციკლზე, გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, მორის გადამუშავებისას მიღებული ნარჩენების განთავსების ადგილზე.   
  • 2021 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებულ მოთხოვნებთან და ამავე ვადაში წარადგინონ სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა

დეპარტამენტში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტი ვალდებულია, გააუქმოს სახერხი საამქროს რეგისტრაცია, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სახერხი საამქროს მფლობელს.

  • იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის განხილვის პროცესში (განაცხადის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) დეპარტამენტი დაადგენს, რომ სახერხი საამქრო ვერ აკმაყოფილებს „მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება არა უადრეს 2021 წლის 1 იანვრისა.
  • აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სახერხი საამქროს რეგისტრაციის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის თანახმად, სახერხი საამქროს რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდები მონაცემების/დოკუმენტების ქონა: სახერხის საამქროს ადგილმდებარეობა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სახერხი საამქროს ფუნქციონირებისთვის დაკავებული მიწის ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვით ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ასევე დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში).

2.  კანონპროექტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.
  • კანონპროექტის მიღება განპირობებულია, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან. კერძოდ, ქვეყანა ვალდებულია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს  2004/35/EC დირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით განსაზღვროს კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებზე, ამავდროულად, შექმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება კონკრეტული საქმიანობებისათვის, დააწესოს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისათვის კონკრეტული ვალდებულებები ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრისათვის და უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესებში.
  • კანონპროექტი ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და, მეორე მხრივ, სწორი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსდაცვითი მმართველობის შექმნის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები,  რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ამ ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ამავდროულად, კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პირველ რიგში, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება. კანონპროექტით განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, რომ მან უზრუნველყოს ზიანის პრევენცია/შერბილება, ამისათვის გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, შეატყობინოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ ზიანი არ დადგეს და თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა, თუკი საქმიანობის შედეგად  გარემოზე ზიანის მიმყენებელი პირის უკანონო ქმედებით  გარემოს მაინც მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, პირი ვალდებული იქნება შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები, რომლებიც გაწერილი იქნება ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში.
  • კანონპროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა, ასევე ისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება. მსგავსი ფონდები არსებობს პოლონეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში და მათ მიზანსაც  დაზიანებული გარემოს აღსადგენად განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება წარმოადგენს.
  • კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხები. ჯარიმათა ოდენობები არის საკმაოდ მაღალი, გამომდინარე იმ საერთაშორისო პრაქტიკიდან, რასაც ევროკავშირის ქვეყნებში ვხვდებით.
  • კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება/აღდგენა.
  • კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ზიანის თანხა მთლიანად მოხმარდება ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას.
  • კანონპროექტი განსხვავებულ წესს ადგენს ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეულ გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში. კანონპროექტი ასევე განსხვავებულ წესს ადგენს წიაღზე ზიანის მიყენების შემთხვევებისთვის და შავ ზღვაზე მცურავი საშუალებიდან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოზე მიყენებულ ზიანზე.
  • წიაღზე მიყენებული ზიანის აღდგენა, პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა ზიანის ფულადი ანაზღაურების დატოვება, ზიანის ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში.
  • კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოსდაცვით და მკაცრ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც ახორციელებს გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობას და მისი საქმიანობიდან გამომდინარე გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ასეთ დროს პირს დაეკისრება გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება მაშინაც, თუ ზიანი დადგა მისი ბრალეულობის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეული იქნება გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში (ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმო ან საქმიანობა) საქმიანობიდან გამომდინარე ან ვალდებულების შეუსრულებლობით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება ასეთი მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელს.
  • კანონპროექტს შემოაქვს კიდევ ერთი ახალი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გარდაუვალი ზიანის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ასეთი ზიანის დადგომის თავიდან აცილებას ან შერბილებას. ამ მექანიზმის ამოქმედების შედეგად  შემცირდება გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევები. ზიანის პრევენციის მექანიზმი ხელს შეუწყობს საქმიანობის განმახორციელებლებს წინასწარ შეაფასონ გარემოსდაცვითი რისკები და მართონ იმგვარად, რომ თავიდან აიცილონ ზიანის დადგომა. ზიანის პრევენციის მექანიზმი ასევე შეამცირებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გასაწევ ხარჯებს.
  • ზიანის პრევენციის მექანიზმი ავალდებულებს საქმიანობის განმახორციელებელს, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება ზიანის შერბილებისთვის/პრევენციისთვის. დეპარტამენტი თავის მხრივ უფლებამოსილი იქნება საქმიანობის განმახორციელებელს მოსთხოვოს ინფორმაცია საფრთხესთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი თავად არ განსაზღვრავს პრევენციულ ღონისძიებებს ან განსაზღვრული ღონისძიებები არ იქნება სათანადოდ, დეპარტამენტი თავად განუსაზღვრავს მას შესასრულებლად სავალდებულო ღონისძიებებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი არ შეასრულებს პრევენციულ ღონისძიებებს, დეპარტამენტს ასევე უფლება ექნება მოსთხოვოს მას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
  • უკვე დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, გაატაროს საჭირო ღონისძიებები ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად და დადგენილი წესით განახორციელოს გამასწორებელი ღონისძიებები.
  • კანონპროექტი განსაზღვრავს გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების წესებს. ზიანის დადგომის შემთხვევაში დეპარტამენტი აფასებს სახეზეა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
  • გამასწორებელი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობას ახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის პირველი იანვრიდან. მისი ერთი მუხლი, რომელიც ეხება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან. კანონპროექტის ამოქმედების გადავადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაინტერესებულ მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა ადაპტირება მოახდინონ კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3.  ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

ცვლილების მიზანია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით ამგვარი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვების შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი ან ამგვარი თევზჭერა ჩადენილია აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამგვარი ქმედებით სისხლის სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირება ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. ამგვარად მიზანშეწონილია, გარდა აღნიშნული დამატებითი შემადგენლობებისა, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.ცვლილებები და სიახლეები, რომელთა გატარება სსდ გარემოსდავითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მუშავდება და დეტალების დაზუსტების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინება. ამ იდეების რეალიზება ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას:

  • მაღაზიებში თევზჭერისა და ნადირობის უკანონო საშუალებების გაყიდვის აკრძალვა – უკანონო თევზჭერის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, სპეციფიკურ  მაღაზიებში   უნდა აიკრძალოს ნადირობისა და თევზჭერის აკრძალული საშუალებების გაყიდვა. გამონაკლისის სახით, ამგვარი საშუალებების შეძენა შეეძლებათ სპეციალისტებს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოების მიზნით. აღნიშნული ცვლილება, ქვეყნის მასშტაბით შეუწყობს ხელს უკანონო თევზჭერისა და წესების დარღვევით ნადირობის აღმოფხვრას და ამგვარ სამართალდარღვევათა ფაქტების რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვანს.
  • მცურავი საშუალებების რეგისტრაცია  – დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. მაგალითად, მოხდეს საქართველოს წყლის ობიექტებზე მოძრავი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია, მათი მარტივად იდენტიფიცირების მიზნით.
  • თევზის წარმოშობის დოკუმენტი – უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბაზარსა და სხვა ობიექტებზე შედგეს თევზის წარმოშობის დოკუმენტი. ამ ინიციატივის მიზანია დადგინდეს, ამა თუ იმ სახეობისა და რაოდენობის თევზი კონკრეტულად სად არის მოპოვებული. თევზის წარმოშობის დოკუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს იმის დადგენას, ქვეყნის მასშტაბით, ბაზრებში და სხვა მსგავს ობიექტებზე, რეალიზაციაში ხომ არ ხვდება უკანონოდ მოპოვებული პროდუქტი. 
  • ადმინისტრაციული პატიმრობის ან/და გამასწორებელი სამუშაოების გამოყენება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით, მიზანშეწონილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომლის თანახმად, გარემოსდაცვით სამართალდარღვევათა შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ექნება უფლება, სანქციის სახით  გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან სამართალდამრღვევისთვის გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება.
  • ჩამორთმეული ან/და უპატრონოდ მიტოვებული ხე-ტყის აუქციონზე გატანა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აზრით, სასურველია, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი  სამართალდარღვევის ჩადენის დროს, სამართალდამრღვევისთვის ჩამორთმეული ან/და უპატრონოდ მიტოვებული ხე-ტყის რეალიზება დაუყოვნებლივ მოხდეს აუქციონის წესით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

In order to keep our readers more informed we are providing you with the changes and amendments to environment protection related laws that the Environmental Supervision Department of the ministry of environment protection and agriculture of Georgia is offering.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები