რეკლამაspot_img

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მთავარი პრიორიტეტია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა. ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური და არაოფიციალური განათლების მიმართულებით, გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების დანერგვით ხელს უწყობს ქვეყანაში ცნობიერების დონის ზრდას.სწორედ უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს.

ვინაიდან, სკოლამდელი განათლება ფორმალური განათლების საფუძველს წარმოადგენს, ხოლო საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნა სამომავლოდ დიდ როლს ასრულებს ბავშვის სწორი ქცევის ფორმირებაში, ცენტრმა სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტში გარემოსდაცვითი კომპონენტი შეიტანა, ხოლო გარემოსდაცვითი თემების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობისათვის 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, აღმზრდელთათვის დამხმარე სახელმძღვანელო – ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ – შეიმუშავა. სახელმძღვანელო, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად დიდი რაოდენობით პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს, სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელოს გასაცნობად, თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორად მისაწოდებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ცენტრმა ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 1963 წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგი და ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელო, სხვა დამხმარე მასალებთან ერთად, პრაქტიკაში გამოსაყენებლად გადაეცათ.

დღეისათვის, ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელო საქართველოს ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშია დანერგილი და აღსაზრდელებთან ურთიერთობისას, პედაგოგები, ყოველდღიურად, სასწავლო პროცესში გარემოსდაცვითი განათლების პრინციპებს იყენებენ და სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებენ.
აღმზრდელ-პედაგოგთა და მეთოდისტთა წახალისების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დააწესა ყოველწლიური კონკურსი “მწვანე ჯილდო“. პირველად კონკურსი 2018 წელს, თბილისის მასშტაბით გაიმართა და ჯილდოს მფლობელი 85-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი ლელა ტყემალაძე გახდა. 2019 წელს, კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა და მასში მონაწილეობდა 120 აღმზრდელი და მეთოდისტი, რომელებიც პრაქტიკაში „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს იყენებენ და აქტიურად ახორციელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს. კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეთა შეფასება მოხდა მიღებული განაცხადების საფუძველზე. კონკურსის მეორე ტური ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში, რომლის შედეგადაც შეირჩა საუკეთესო ათეული. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა „მწვანე ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნათია თავაძე. კომისია დაკომპლექტებული იყო სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
„ამ ჯილდოს ვუძღვნი ბავშვებს, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან მუდამ. აქტივობების დაგეგმვისას, სკოლამდელი გარემოსდაცვითი სახელმძვანელოდან ავიღეთ სახალისო თამაშები და განვახორციელეთ პრაქტიკაში, რამაც ბავშვების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია. მაგალითისთვის, შემიძლია მოვიყვანო „დარგე ხე ბაბუასთან ერთად,, რომელმაც გააერთიანა ორი თაობა გარემოს დასაცავად. მწვანე ჯილდო ჩემთვის დიდი სტიმულია გავაგრძელო გარემოსდაცვითი აქტივობები და რაც შეიძლება მეტი ბავშვი დავაინტერესო ამ თემით. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება სკოლებშიც დაინერგოს“ – აღნიშნა ნათია თავაძემ.
„ფორმალურ განათლებაში სკოლამდელი განათლების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ეტაპზე იწყება ბავშვის ჩამოყალიბება და უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სკოლამდელი მზაობის პროგრამაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და საამაყო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობით სამომავლოდ უკეთესობისკენ შევცვლით არსებულ მდგომარეობას და გავაუმჯობესებთ მომავალი თაობების დამოკიდებულებებს გარემოსადმი“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
სკოლამდელი საფეხურის გარდა გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება მნიშვნელოვანია საბაზისო საფეხურზეც. აქედან გამომდინარე, ცენტრმა 2020 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა დაწყებით საფეხურებზე, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სახელმძღვანელოს შემუშავება. შემდგომ ეტაპზე მოხდება დაწყებითი სკოლის პედაგოგების გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოხდეს გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

აღნიშნული მიმართულებით, გარდა პროგრამული ცვლილებებისა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაინტერესებულ პედაგოგებს დამატებით ლექცია-სემინარებს სთავაზობს, ისეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ როგორებიცაა: ზოგადი გარემოსდაცვითი პრობლემები, მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა, ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა, საქართველოს დაცული ტერიტორიები, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების სერვისები, გაუდაბნოება, წყლის რესურსები, ნარჩნების მართვა, და სხვა.
თითოეული ლექცია, გარდა თეორიული მასალის მიწოდებისა, გამიზნულია მოსწავლეებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითერებისკენ, როგორიცაა: კრიტიკული მსჯელობა, სისტემური აზროვნება, საკითხის კომპლექსური აღქმა, საკუთარი მოსაზრების დაცვა და სხვა.
ცენტრის მიზანია, საზოგადოების დაინტერესების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ლექცია-სემინარები სხვადასხვა რეგიონში გამართოს და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მათი რეგიონისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ გარემოსდაცვით პრობლემაზე.

რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები