რეკლამაspot_img

შოკოლადი

შოკოლადის ისტორია 4 000 წლის წინ იწყება. მის აღმოჩენას თხებს უნდა ვუმადლოდეთ: მწყემსებმა შეამჩნიეს, რომ თხები მარადმწვანე კაკაოს ხის  მარცვლების ჭამის შემდეგ აღეგზნებოდნენ და არაბუნებრივად აქტიურები ხდებოდნენ. მათაც გასინჯეს ეს მარცვლები და ენერგიის ისეთივე მოზღვავება იგრძნეს. აქედან დაიწყო კაკაოს მარცვლებისაგან მომზადებული სხვადასხვა სასმელის გამოყენება.

აცტეკები და მაიას ტომები ამ ნაყოფს მიიჩნევდნენ ღვთის საჩუქრად, რომელიც  დილის მზის სხივს ჩამოყოლილმა ღვთაებამ, კეცილკოატლმა, სამოთხიდან ჩამოუტანა. მისგან მომზადებული წითელი ცხარე წიწაკით შეზავებული სასმელი საკულტო რიტუალების დროს გამოიყენებოდა როგორც გონების გამხსნელი და გამანათებელი წმინდა სითხე.მას ჩოკოპატელს უწოდებდნენ, რაც „ცხელ წყალს“ ნიშნავს და ღმერთების საჭმელად მიიჩნეოდა.
მაიას ტომებმა იმდენად კარგად იცოდნენ ამ მარცვლების ფასი, რომ სავაჭრო ერთეულად იყენებდნენ. მაგალითად, 1 მონა შეეძლოთ სულ რაღაც 100 კაკაოს მარცვალში გაეცვალათ.
ევროპაში კაკაოს პირველი მარცვლები კოლუმბმა ჩამოიტანა. მაშინ ამას არ მიექცა დიდად ყურადღება. ევროპაში შოკოლადის ისტორია 1528 წლიდან იწყება და უკავშირდება სახელს ფერნანდო კორტესისა, რომელსაც აცტეკების ბელადმა მონტესუმამ მისალმებისას ჭიქით ცხელი კაკაოს სასმელი მიართვა. მან ჯეროვნად შეაფასა მისი ეფექტი და მეფეს ჩარლზ V- ს  ჩამოუტანა, როგორც ეგზოტიკური ძღვენი.  ესპანელებმა სწრაფად აიტაცეს ეს სიახლე, გემო სრულიად შეუცვალეს, შაქრით დაატკბეს, დარიჩინითა და ნიგვზით შეაზავეს და უგემრიელესი ცხელი შოკოლადი მიიღეს. ეს ნუგბარი სწრაფად გახდა არა მარტო ესპანეთის, არამედ მთელი ევროპის მოდური სალონების მშვენება.
საუკუნეების მანძილზე შოკოლადი რჩებოდა თხევადი სახით და, აი, 1847 წელს ინგლისში, ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ, შეძლეს მისი მყარი ფორმის შექმნა. ეს იყო პირველი შოკოლადის ფილა. 1879 წელს კი შვეიცარელმა დანიელ პეტეტმა შეძლო მყარ  შოკოლადში რძის შერევა და მიიღო უფრო ნაზი  გემოს მქონე  შოკოლადის ფილა. სწორედ მან შექმნა დღესაც პოპულარული ფირმა „ნესტლე“. შემდეგ დაიწყეს რძის, თხილის, ნუშის, ვანილისა და სხვა მინარევების დამატება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რეცეპტიდან სრულიად ამოიღეს კაკაო და მიიღეს თეთრი შოკოლადი, რომელსაც ნამდვილ შოკოლადთან არაფერი აქვს საერთო.
შოკოლადი დიდხნს რჩებოდა მხოლოდ ელიტისათვის ხელმისაწვდომ ძვირადღირებულ ნუგბარად. იგი არაერთ გაუგებრობაშიც მოჰყოლია. მე-16 საუკუნეში კაკაოს მარცვალმა დიდი სკანდალი გამოიწვია კათოლიკურ ეკლესიაში და კინაღამ განხეთქილებაც შეიტანა. სერიოზულად დავობდნენ, უნდა აკრძალულიყო თუ არა მარხვაში ამ სასმელის მიღება, რადან ის სიამოვნების მომგვრელია! ამ საკითხის საბოლოო გადაჭრისათვის ესპანეთში ეკლესიამ სპეციალური „შოკოლადის ყრილობა“ მოიწვია, სადაც რომის პაპს, პიი V-ს, უნდა გამოეტანა კაკაოსთვის  ვერდიქტი. ყველაფერი პაპის გემოვნებამ გადაწყვიტა. მას იმდენად არ მოეწონა სადავო სასმელი, რომ აღშფოთებულმა შესძახა, როგორ შეიძლება ეს საზიზღრობა „სიამოვნების მომგვრელად“ ჩაითვალოსო!? ასე გადაურჩა კაკაო სამარხვო რაციონიდან ამოღებას.
რომის პაპსაც შეიძლება შეეშალოს! შოკოლადის მირთმევა რომ ნამდვილად განიჭებს სიამოვნებას, ყველასთვის ცხადია, მაგრამ როცა კომპეტენტური მეცნიერები ამას კვლევებითაც ადასტურებენ,  ეს უკვე უტყუარია. აღმოჩნდა, რომ შოკოლადი მარტო სიამოვნება როდია! კაკაოს მარცლებში თურმე 300-მდე ნივთიერება შედის, მათ შორის ისეთები, რომლებიც „ბედნიერების ჰორმონების“ – ენდორფინების გამოყოფას ააქტიურებენ, რაც იწვევს ბედნიერებისა და უდარდელობის განცდას.
კაკაოს ზემოქმედებით ტვინში გამოიყოფა „სიყვარულის ჰორმონიც,“ – რომელიც მხოლოდ შეყვარებულობის დროს წარმოიქმნება და სიხარულის ემოციასთან ერთად უწონადობისა და ეიფორიის მდგომარეობას იწვევს. ეს კაკაოს მარცვალში შემავალი სეროტონინის, დოფამინისა და ფენილეთილამინის შემცელობითაა განპირობებული. თუმცა ვერაფერი შეცვლის სიყვარულის „კაიფს“!
შოკოლადი ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აღაგზნებენ თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურას, მათ შორის – სიამოვნების ცენტრს, რის შედეგადაც მძაფრდება ემოციები. ეს ნაწილობრივ სექსუალურ აღგზნებასაც ეხება. თუ  დავუჯერებთ შოკოლადის ცნობილ კომ-პანიას, შოკოლადი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ამიტომაც აფროზიაკების ჯგუფს მიაკუთვნებენ. ის ქალებსაც უძლიერებს სექსუალურ ექსტაზს. ცნობილია, რომ  ჯაკომო კაზანოვას დილა ცხელი შოკოლადით იწყებოდა, ამბობენ, რომ სწორედ ამაში იყო მისი სექსუალურობის საიდუმლო! ლეგენდას თუ დავუჯერებთ, მონტესუმა თავის ხარამხანაში შესვლის წინ, როგორც წესი, 1 ჭიქა ცხელ „ჩოკოატლს“ მიირთმევდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ შოკოლადი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა სექსუალური აღგზნების გამომწვევი ტრიპტოფანი, ეს ჰიპოთეზა არცთუ ისე აბსურდულად მოგვეჩვენება.
სენსაციური განაცხადი გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა: თურმე შოკოლადის მირთმევისას მიღებული სიამოვნება შეყვარებულის კოცნისას მიღებული ემოციის ტოლფასია!
არანაკლებ სენსაციური განაცხადია ახლახანს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებისაგან: თურმე შოკოლადის მეშვეობით შესაძლებელია 4 ყველაზე სერიოზული დაავადების რისკის 10 %-ით შემცირება; ესენია: დიაბეტი, ინფარქტი, ინსულტი და კიბო! ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი იკლებს 50%-ით; იგი აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, აზროვნებას, მეხსიერებას; გამოიყენება ასაკობრივი სკლეროზისა და ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის.
ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ დიაბეტიანებმა თამამად უნდა მიიღონ შოკოლადი! აქ საუბარია დიაბეტის პრევენციაზე და არა მკურნალობაზე. თუმცა, უკვე არსებობს შოკოლადი დიაბეტიანებისათვის, და ვისაც განსაკუთრებული ლტოლვა აქვს ტკბილისადმი, ისევ ამ შოკოლადის მირთმევაა უფრო უპრიანი.
ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ მოთხოვნილება ტკბილეულისა, რაც ძირითადად ხილით უნდა დაკმაყოფილდეს. ნამცხვრების, კანფეტებისა და სხვა ნუგბარის ნაცვლად კი უმჯობესია მიირთვათ შოკოლადი.
გარდა სიამოვნებისა, შოკოლადს ბევრი სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლია. ის შეიცავს ფლავინოიდებს, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან სისხლძარღვების კედლებზე მის დალექვას და, შესაბამისად, ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას. შოკოლადი ათხელებს სისხლს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის საშიშროებას. გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მისი ყოველდღიური მიღება მცირე დოზით (6გრ. დღეში) აქვეითებს წნევის მაჩვენებლებს და ამცირებს ინფარქტის რისკს 39%-ით! იმდენად სერიოზულია მეცნიერთა კვლევის შედეგები, რომ ამსტერდამში, კარდიოლოგების კონგრესზე, განიხილეს გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში შოკოლადის გამოყენების საკითხი.
შოკოლადი ასევე შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორებიცაა პოლიფენოლები. ისინი ანეიტრალებენ და ნაწილობრივ შლიან ორგანიზმში დაგროვილ მავნე წარმონაქმნებს – თავისუფალ რადიკალებს (ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ უჯრედების დაბერებას), რომლებიც, როგორც ირკვევა ყველა დაავადების მიზეზი ყოფილა. ამიტომ შოკოლადი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამ მხრივ ის შეიძლება წითელ ღვინოსაც კი გავუტოლოთ.
შოკოლადში შემავალი მაგნიუმი ამაგრებს ნერვებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, „ხსნის“ გონებას, ზრდის შრომისუნარიანობას. აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს კუჭნაწლავის მუშაობას. გასაოცრად დიდია მისი ზემოქმედება კანზე – აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს. ამიტომაცაა, რომ ის ასე  ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
შოკოლადით თურმე ხველის მორჩენაც შეიძლება, ასე რომ ძველი რწმენა, რომ შოკოლადი ხველას დაგაწყებინებს, მცდარია, პირიქით, იგი ჩვეულებრივ ხველის წამლებზე ძლიერმოქმედი აღმოჩნდა, თქვენ წარმოიდგინეთ, კოდეინზეც კი!
შოკოლადი ძლიერი ანტიდეპრესანტია. ის ხსნის სტრესს,  ფორიაქს,  დეპრესიას, აუმჯობესებს განწყობას. სწორედ ამით აიხსნება შოკოლადის ასეთი სიყვარული. რითია გამოწვეული ამდენი დეპრესია, აგრესია, უგუნებობა? სიყვარულის დეფიციტით, მუდმივი სტრესებითა და დადებითი ემოციების ნაკლებობით, რის გამოც  ორგანიზმში არ გამოიყოფა ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონები. ადამიანები ამ დეფიციტის შესავსებად მიმართავენ შოკოლადს! მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩნდება შოკოლადის კურორტები, სადაც ამ დესერტით დეპრესიას მკურნალობენ. ყველაზე ცნობილი მათგანი – ჰალე – კალიფორნიაშია.

სულ ახლახანს მეცნიერებმა შოკოლადში ახალი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელსაც “კოკოხიტი” დაარქვეს. როგორც გაირკვა, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და   ნაოჭების  გასწორებას, რაც მთავარია, უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას! ბოლო წლებში თანამედროვე დიეტოლოგიის სკოლების რაციონში  შოკოლადსა და კაკაოს სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით. ზოგიერთი, მისი სარგებლიანობიდან გამომდინარე, ვაშლის გვერდითაც კი აყენებს! თქვენ წარმოიდგინეთ, შოკოლადის გასახდომი დიეტაც კი არსებობს: ერთი სახეობა ამ დიეტებისა არის შოკოლადისა და სხვადასხვა დიეტური საკვების კომბინაციები, ხოლო მეორე შოკოლადის მონოდიეტაა. ეს ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შოკოლადი შეგიძლია მიირთვა და დალიო მხოლოდ წყალი. თითქოს მომხიბლავად გამოიყურება, განსაკუთრებით – შოკოლადის მოყვარულთათვის. ისინი დიდი ენთუზიაზმით იწყებენ ამ დიეტას, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ არც ისეთი ადვილი საქმეა  და სულ რამდენიმე დღეში შერეულ კვებაზე გადადიან, ზოგს კი ამის მერე კარგახანს შოკოლადის გაგონებაც აღარ უნდა!
რაც შეეხება შოკოლადის კვებით ღირებულებას –  ის შეიცავს ფლავინოიდებს, პოლიფენოლებს, კატეხინებს, უჯრედისს, მინერალებს: მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას;  ვიტამინებს:  PP; E; B2; B1.

100 გრამი  შოკოლადი შეიცავს 600კკალ. როცა შოკოლადის სარგებელზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხედველობაში გვაქვს  მხოლოდ სუფთა, კაკაოსგან დამზადებული შავი შოკოლადი, ყოველგვარი არომატისა და დანამატის გარეშე, თანაც – მცირე დოზებით. რაც მეტია მასში კაკაოს შემცველობა, მით უფრო სასარგებლოა ასეთი შოკოლადი. მაგრამ, როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ზომიერება. დღეში 20-40 გრამი საკმარისია იმისათვის, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.  დიდი რაოდენობით  მიღების შემთხვევაში ის თავადვე შეიძლება გახდეს ბევრი პრობლემის მიზეზი, პირველ რიგში  ეს არის ჭარბი წონა, ასევე აღგზნება, დისკომფორტი მუცელში, კანის ქავილი ან გამონაყარი. სიფრთხილე მართებთ ალერგიისადმი მიდრეკილებს, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს.
შვეიცარიულმა ფირმამ ახლახანს შექმნა ახალგაზრდობის შოკოლადი, რომლის რეგულარული გამოყენება (დღეში 20 გრ.), როგორც ამტკიცებენ, აჩერებს დაბერების პროცესს. სად უნდა მოვიპოვოთ იგი და რა ეღირება, ჯერ უცნობია. მე კი გირჩევთ, სანამ ამას გაარკვევთ, მიირთვით სუფთა შავი შოკოლადი (სასურველია შეყვარებულთან ერთად). ეცადეთ იყოთ სულ შეყვარებული, რადგან მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო სწორედ ამაშია!
კაცობრიობის სიყვარული ამ დელიკატესისადმი დღითი დღე იზრდება. ყველაზე მეტ შოკოლადს თურმე  შვეიცარიელები მიირთმევენ – საშუალოდ 11 კგ-ს წელიწადში. მათ თითქმის არ ჩამორჩებიან ბელგიელები -10კგ, მომდევნო ადგილზე გერმანელები არიან – 9,5კგ; შემდეგ ინგლისელები მოდიან – 9კგ.
თურმე ევროპელი ქალების 15% ყოველდღიურად მიირთმევს შოკოლადს!
ისე მომრავლდნენ შოკოლადის ფანები, რომ 1996წ. შოკოლადის მსოფლიო დღეც კი დააწესეს – 11 ივლისი.
ბელგიელ მეცნიერთა აზრით, კვირაში 3-ჯერ მიღებული შოკოლადი ახანგრძლივებს სიცოცხლეს!ორიოდე ათეული წლის წინ ინგლისელმა ჰომეოპათებმა შოკოლადისგან ჰომეოპათიური წამალი შექმნეს, რომლითაც დეპრესიისა და ნევროზის ზოგიერთი სახე იკურნება, განსაკუთრებით ეფექტურია ის, თუ  მიზეზი სიყვარულის დეფიციტია. უფრო ხშირად ეს პრობლემები გვხდება მენოპაუზის ასაკში და ბავშვებში, რომლებსაც დედასთან კონტაქტი აკლიათ. ხშირად ეს წარმატებული ოჯახის შვილები არიან, რომლებსაც ძიძა ზრდის. ეს პრობლემა შესაძლოა სრულიად განსხვავებული ფორმით წარმოჩინდეს: ბრონქიტით, ასთმით, ალერგიით, ნევროზით, ყაბზობით და ა.შ. მიზეზი კი ერთი იქნება. ასე რომ,  თუ თქვენს პატარას შოკოლადის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას შეამჩნევთ, დაფიქრდით, ხომ არ აკლია მას თქვენი სითბო?
რაც შეეხება კაკაოს, აქ ექიმის რჩევა საჭირო არ არის. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ ასაკში, ოღონდ ესეც  ზომიერად .

ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა შექმნეს რუსეთში -1000 კგ;
ყველაზე მაღალი შოკოლადი – ნიუ იორკში – 6.4მ;
ყველაზე მძიმე – იტალიაში – 2280 კგ.

თინათინ თოფურია

ENG
It turned out that chocolate is not only source of enjoinment, but cocoa beans contain up to 300 ingredients, including those that activate the allocation of “hormones of happiness” – endorphins, which leads to the feeling of happiness.

The chocolate magnesium strengthens the nerves, improves memory, and increases the efficiency. Enhances immunity, regulates the function of the gastrointestinal tract. It is amazing to see its impact on skin – rejuvenates skin cells. That is why it is so widely used in cosmetology.

When we talk about the chocolate benefits, do not forget that we only mean a clean, cocoa-made chocolate, without any flavor and additives. The greater the cocoa content in it, the more useful the chocolate is. But obviously there is a need for control of the amount we receive.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები