რეკლამაspot_img

ინტერვიუ ცნობილ ქართველ ბიზნესმენ – ზურაბ ჩხაიძესთან

ინტერვიუ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიის, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, დამფუძნებელთან, ბატონ ზურაბ ჩხაიძესთან.

დავიწყოთ საუბარი ვაზის  ფენომენის შესახებ, რა არის ვაზი თქვენთვის?

უპირველესად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ ემსახურებით. ბუნებაზე ზრუნვა და გარემოსდაცვითი განათლება მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის აყალიბებს სამოქალაქო შეგნებას, ცოდნასა და სწორ ღირებულებებს ამ მიმართულებით. განსაკუთრებით კი საყურადღებოა ველურ ბუნებაზე ზრუნვა, რომელიც დღესდღეობით საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. ასე რომ, მივესალმები თქვენს წამოწყებას და წარმატებას გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში. 
ახლა თქვენს კითხვას დავუბრუნდეთ: ვაზი,  ეს არის 8000 წლის ისტორიის მქონე კულტურა, რომელიც გარკვეულწილად ჩვენს იდენტობას განაპირობებს.  დღეს,  21-ე საუკუნეში,  საქართველოში არსებული 525 ჯიშის ვაზიდან 432 უკვე აღდგენილია. ეს არის ის საგანძური, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ვაზი და ღვინო, ალბათ,  ქართველობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის გაცილებით მეტია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ყურძენსა და ღვინოს უკავშირდება.
გაუთავებლად შეიძლება ამ თემის წარმოჩენა სხვადასხვა კუთხითაც: ხელოვნების, ლიტერატურის, რელიგიის, არქიტექტურის. არაერთი უნიკალური ხელოვნების ნიმუშია შექმნილი ვაზის თემაზე. ღვინო ადამიანური ყოფის – სააქაოსა და საიქიოს – საიდუმლოების მატარებელია. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ღვთისმშობლის სადიდებელი ჰიმნი „შენ ხარ ვენახი“, რომელშიც „აღყვავებული“ ვენახი სწორედაც ყურძნის მტევნებით დახუნძლულ ვაზს ნიშნავს, სიმბოლურად – მაცხოვრის შობას, მტევნიდან გამოწურული ღვინის მიღება კი მაცხოვრის სისხლთან ზიარებას აღნიშნავს. საბოლოო ჯამში კი, ვაზი, ალბათ, თავად სიყვარულია, ღვთისგან მონიჭებული უზენაესი საჩუქარი.

მეღვინეები ხშირად ვაზსა და ღვინოს ცოცხალ არსებებად განიცდიან, მიაჩნიათ, რომ  ვაზს უნდა ელაპარაკო, მასთან მოქცევის ცოდნაა საჭირო,  რომ ის შეიძლება იყოს მოწყენილი, გაღიმებული, გახარებული. როგორია თქვენი დამოკიდებულება ვაზისადმი ამ თვალსაზრისით?

რასაკვირველია, ვეთანხმები ყველა იმ მეღვინეს, ვისაც ვაზი ცოცხალ არსებად მიუჩნევია. დავაკვირდეთ, ქართული სუფრა ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, თამადის ინსტიტუტიც – ასევე.  სუფრაზე არაერთხელ შემიმჩნევია ადამიანი, რომელსაც ჩურჩულით უთქვამს სადღეგრძელო და დაულევია. იგი ეჩურჩულება ღვინოს, როგორც მესაიდუმლეს, მეგობარივით უმხელს სურვილსა თუ ნაფიქრალს, ე.ი. ენდობა, უყვარს, ეიმედება.  სიყვარული, რწმენა და იმედი კი უფალია, როგორც ენდობი, ისე მოგენდობა, რა რწმენითაც შესთხოვ, ისე აგისრულებს. სუფრაზე თითქოს შენსა და უფალს შორის შუამავალი ღვინოა, ეს კი უწყვეტი ჯაჭვი და მარადიული რთველია.

ღვინის თემა რომ ცოტა განვაზოგადოთ,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზეც გკითხავთ: ანუ  დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა,  რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რას ვსუნთქავთ. ეს ყოველივე პირდაპირ ზემოქმედებს  ჩვენზე და ჩვენს შვილებზე. როგორ დგას ეს საკითხი ღვინოსთან დაკავშირებით და, საერთოდ, რა ადგილი უჭირავს დღეს საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს?

რაც შეეხება ეკოლოგიას, ცხადია, დღეს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა    ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე. ევროპაში არის მაღაზიები, სადაც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იყიდება, როგორც საკვები, ასევე ტანსაცმელი და მათ დასამზადებლად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული გამოიყენება. ცხადია, ფასიც შედარებით ძვირია. მნიშვნელოვანია ჩვენს ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი არსებობდეს,  სწორედ ამ მიმართულებით უნდა ისწრაფოდეს ჩვენი ქვეყანა და ამ მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს ადგილობრივი ბიზნესი.

ერთ რამეს ჩაგეკითხებით, აუცილებელია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ძვირი ღირდეს? და ის, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მისთვის მიუწვდომელია და  ეკოლოგიურად სუფთას ვერ შეჭამს?

აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნება და ქართული სოფლები გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც არ იქნება ძვირადღირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია პრიორიტეტული გავხადოთ  სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ნაწარმი, რათა ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის რაოდენობა შემცირდეს. შესაბამისად, თუკი თითოეული ადამიანი გაითავისებს თავის წილ პასუხისმგებლობას და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ბაზარზე გაცილებით მეტი ადგილობრივი წარმოების ჯანსაღი პროდუქტი გვექნება და საბოლოო ჯამში იმის შესაძლებლობა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი გამოვიყენოთ ხელმისაწვდომ ფასად.
ალბათ, თითოეულ თქვენგანს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქართულ ტრადიციულ სუფრაზე დაუგემოვნებია ტრადიციული პურ-მარილი, ტრადიციული ყურძნის ჯიშებისაგან მიღებული ღვინო, რომელიც განსხვავებულად გემრიელი იყო, სწორედ იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შეიცავდა. სოფლად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შრომა უყვარს, აქვს შესაძლებლობა იცხოვროს ჯანსაღად.


ღვინის გარდა თქვენი კომპანია ბევრი სხვა პროექტშის განხორციელებაშიც მონაწილეობს, მაგალითად, ტურიზმი – ახაშენის ღვინის კომპლექსი, ასევე ზეთისხილის გაშენების  პროექტები. ანუ ავითარებთ სხვადასხვა მიმართულებას; ისინი უნდა იყოს ღვინოსთან დაკავშირებული თუ არა?

ღვინის წარმოების გარკვეული ეტაპი გავიარეთ, გავუმკლავდით ბევრ გამოწვევას, შევძელით და ავაშენეთ არაერთი ღვინის საწარმო.  კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვების შემდგომ დგება დრო, როდესაც აუცილებლად საჭიროა მონათესავე ბიზნესშიც საკუთარი წვლილი შეიტანო. ამიტომაც,  დავიწყეთ ჭარბი მოსავლის გამოყენება, ღვინის ბრენდის წარმოება და შეიძლება ითქვას, რომ გავაცოცხლეთ ეს მიმართულება. მართალია, ჩვენს ქვეყანას, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ღირსეული ისტორია აქვს, რომელიც ბოლქვაძიდან, სარაჯიშვილიდან იწყება, თუმცა ბოლო პერიოდში აუცილებელი იყო განსხვავებული მიდგომის შემოღება და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი დავიწყეთ და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით განვახორციელეთ. დღეს კი ამ მიმართულებით ჩვენს კომპანიას ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს.
ამასთან, ჩვენი კომპანია განვითარების მუდმივ პროცესშია და ყოველთვის ცდილობს თავისი ახალი სიტყვა თქვას ქართული სოფლის მეურნეობის,  მეღვინეობის თუ ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდოთ რეგიონებში ამ მიმართულებების კიდევ უფრო განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რამდენიმე პროექტი უკვე მზად არის იმისთვის, რომ წარვუდგინოთ ფართო აუდიტორიას. უახლოეს მომავალში სასტუმრო გაიხსნება თბილისში ორბელიანის მოედანზე, ოზურგეთსა და ასკანაში „შატო ასკანა“. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს.
რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ახალი გამოწვევები, პროექტები, ეს არის მეტი დასაქმებული ადამიანი და სამომავლოდ მეტი დასაქმებული პროფესიონალი. ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი კადრების გადამზადებაზე, რისთვისაც უცხოეთიდან მოვიწვიეთ სპეციალისტები და ისინი პერიოდულად ატარებენ კურსებს ჩვენი თანამშრომლებისთვის.
რაც შეეხება ზეთისხილს, მე მომეწონა გიორგი სვანიძის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ზეთისხილის კულტურის გაშენება. მიმდინარეობს  ნერგებისა და სარწყავი სისტემების საკითხებს წინასწარი დაგეგმარება, ეს არის ხანგრძლივი პროცესი  და შემიძლია გითხრათ, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

და ბოლო კითხვა, ჩვენი ინტერვიუს ინსპირაცია იყო ეკოსოფელი ზიარში. თუ შეიძლება მოკლედ გვითხრათ თქვენი კონცეფციის შესახებ ამასთან დაკავშირებით.

ამ თემასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან სხვა ფორმატში, უფრო ვრცლად გვექნება საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე  შემიძლია კონკრეტული შტრიხები გამოვკვეთო და გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია დაინტერესებულია ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი ადგილის შექმნით. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს მანქანით, ვერტმფრენითაც ბევრს დავფრინავ. ერთხელაც, როდესაც პირველად დავდგი ფეხი ამ სოფელში, გამიჩნდა იდეა,  აქაც ისეთივე გარემო შეგვქმნა, როგორსაც ვხედავთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მივუძღვენი ვენახს, მეღვინეობას. ჩვენ არაერთი სახეობის ვაზი გავაშენეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გავხსენით ღვინის  ქარხნები კახეთში, ქართლში, აჭარაში, კერძოდ, ქედაში. ასაკის მატებასთან ერთად კი ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტის კეთების სურვილი ჩნდება. არის ქვეყნები, რომლებმაც ამ სფეროში ბევრ წარმატებას მიაღწიეს და ვფიქრობ, უკვე დადგა საჭიროება ჩვენც მეტი ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით.
გვსურს, შევქმნათ ისეთი საინტერესო, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, რომელიც იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ვგულისხმობ ადგილს, სადაც არ მოიხმარება გაზი, დენი, არამედ მხოლოდ მზის ენერგია, ჰელიო-სისტემა გამოიყენება. უნდა მოეწყოს შატოს ტიპის მარნები, სპორტული მოედნები, ტყე-პარკი, ამფითეატრი. სოფელში არსებული უნიკალური ლანდშაფტი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა აუცილებლად პირვანდელი სახის შენარჩუნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ბუნება კი არ უნდა დააზარალო, არამედ მაქსიმალურად უნდა შეეცადო მოერგო მას და მიიღო მისგან ის სიკეთე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის  არის საჭირო. ამ ტერიტორიაზე არის ტბა, რომლის ათვისება საინტერესო მიმართულებებით არის შესაძლებელი. სოფელში ასევე უნდა გაკეთდეს სასტუმროს ტიპის კომპლექსი და სხვა ბევრი განსხვავებული პროექტი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული გზაა, გრძელვადიანი პროექტი და  ძალიან დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, BMP Architectures – ფრანგული კომპანია, რომელთანაც ჩვენ უკვე დავასრულეთ  მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპამდე მივედით. ამ კომპანიას აქვს უდიდესი გამოცდილება ბორდოში გაშენებული შატოებისა და, აი, მათი ზედამხედველობითა და მითითებით ვაპირებთ ამ ეკო-სოფლის განაშენიანებას.  გენგეგმა  მათ დავუკვეთეთ და 10 დეკემბერს  იმართება შეხვედრა.  ვიმედოვნებ, რომ უკვე ხელშეკრულებასაც მოვაწერთ ხელს. გენგეგმის შემუშავების  შემდეგ პერზენტაციაც გვექნება და იქ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა აღარ დარჩება არც ინვესტორისა და არც იმ პირთათვის, რომლებიც მომავალში აირჩევენ ამ უნიკალურ ადგილს საცხოვრებლად.  

ჩვენი ჟურნალი გამოდის სამ თვეში ერთხელ, ამიტომ ახლავე შევთანხმდეთ, როდესაც უკვე გექნებათ გენგეგმა და პრეზენტაციისთვის მზად იქნებით, კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს პროექტი.

სიამოვნებით, მე თანახმა ვარ, ვინაიდან, ისედაც ცხადია, რომ ასეთ საკითხს მარკეტინგულად სჭირდება მხარდაჭერა და უფრო მეტი გასაჯაროვება, ვინაიდან, ინფორმაცია  საინტერესოა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის. გვსურს, ეს პროექტი გახდეს მიმზიდველი და უნიკალური თავისი მნიშვნელობით, ამ პროცესში კი სწორ მიდგომებს, გამართულ კანონმდებლობას და კერძო ბიზნესის აქტიურ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები