რეკლამაspot_img

ბიბლიოთეკა – „ჯანმრთელობის ბაღი“

მცენარეებისა და ფარმაკოლოგიის შესახებ

უძველესი წერილობითი წყაროები ადასტურებენ, რომ სამკურნალო მცენარეების შესწავლა შორეულ წარსულს უკავშირდება: ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი სამედიცინო ტრაქტატი შუმერულ ენაზეა შესრულებული. 145 ბწკარზე განთავსებული 15 რეცეპტის მომცველი ეს დოკუმენტი მესოპოტამიის ნანგრევებშია აღმოჩენილი და ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულს ეკუთვნის. უძველესი ისტორია აქვს სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ჩინეთის, ტიბეტის, ინდოეთის, საბერძნეთის ხალხურ მედიცინაში. ჰიპოკრატეს თავის შრომებში 200-ზე მეტი სამკურნალო მცენარე აქვს მოხსენიებული. ახ. წ. I საუკუნეში შეიქმნა ბერძენი ექიმის დიოსკორიდეს კლასიკური ნაშრომი – „სამკურნალო საშუალებათა შესახებ“. ადამიანებმა უხსოვარი დროიდან მიაგნეს  მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელ მცენარეთა ჯგუფებს, თუმცა ამ ცოდნის გადაცემა ილუსტრაციების გარეშე რთული გახლდათ. ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ფერადი გრავიურებით შემკული ინკუნაბულების გამოცემა.
ინკუნაბულა (Incunabula) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს  აკვანს, დასაწყისს. ასე უწოდებენ წიგნს, რომელიც სტამბური წესით იბეჭდებოდა ევროპაში წიგნის ბეჭდვის დასაწყისიდან 1501 წლის 1 იანვრამდე. ტერმინი „ინკუნაბულა“ პირველად გამოიყენა ბერნარდ ფონ მალინკროდტმა 1639 წელს გამოცემულ პამფლეტში: „De ortu et progressu artis typographycae“ – „განვითარებისა და პროგრესისათვის ტიპოგრაფიულ ხელოვნებაში“. ამ ტერმინის ფართოდ გავრცელება XVIII საუკუნიდან დაიწყეს. ინკუნაბულები არა მარტო დღეს, არამედ დაბეჭდვისთანავე იშვიათობებს წარმოადგენდა, რადგან მათი ტირაჟი 100-300 ეგზემპლარს არ აღემატებოდა. მათი უმრავლესობა ლათინურ ენაზეა გამოცემული, თუმცა, ბეჭდავდნენ გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ და სხვა ენებზეც. XIX საუკუნიდან გაჩნდა ამ წიგნების კატალოგები.
პირველი ინკუნაბულის შექმნა უზარმაზარი მიღწევა იყო პოლიგრაფიის ისტორიაში. იოჰან გუტენბერგის (1400-1468) გენიალური გამოგონების წყალობით, წიგნის ბეჭდვის სტამბური მეთოდი საშუალებას იძლეოდა დროის მოკლე მონაკვეთში მრავალი ასლი დაემზადებინათ. ინკუნაბულები ხელნაწერ წიგნებს წააგავდნენ. მათი ბეჭდვისას ილუსტრაციებისა და სათაო ასოებისათვის ტოვებდნენ თავისუფალ ადგილებს, რომლის მოხატვა-გაფორმებაც  ხელით ხდებოდა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები მდიდარია ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნებით, იშვიათი დოკუმენტებით, ფურცლოვანი და პერიოდული გამოცემებით, სანოტო და გრაფიკული ალბომებით, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა კოლექციებით. მაგრამ ქვეყნის ძირითადი წიგნსაცავის კუთვნილებაში არასოდეს ყოფილა პირველნაბეჭდი წიგნი.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის თხოვნას ბიზნესმენებისადმი, შეეძინათ ბიბლიოთეკისათვის ინკუნაბულა, გამოეხმაურა კომპანია „შუხმანის“ პრეზიდენტი ბურხარდ შუხმანი. მან წიგნის მუზეუმის ფონდისათვის შეიძინა იოჰან გუტენბერგის მოსწავლის, პეტერ შეფერის (1425-1503) მიერ მაინცში, 1491 წელს  დაბეჭდილი წიგნის – „სამკურნალო მცენარეების“ – „Hortus Sanitatis“ კარგად დაცული ფრაგმენტი და  1485 წელს  დაბეჭდილი – ბაღის“ – „Gart der Gesundheit или Hortus Sanitatis“ – რეპრინტული გამოცემა (1924).
“ჯანმრთელობის ბაღი“ შეადგინა ფრანკფურტელმა ექიმმა და ბოტანიკოსმა იოჰან ვოინეკე ფონ კაუბმა (1430-1504). მის შექმნამდე კაუბამ მოამზადა „ჰერბარიუმი“, რომელიც წარმოადგენდა შუა საუკუნეების არაბული და ევროპული ხელნაწერებიდან ამოკრებილი ციტატების კრებულს მცენარეების შესახებ. პირველნაბეჭდი წიგნი სამკურნალო მცენარეებისა და  ფარმაკოლოგიის შესახებ ლათინურ ენაზე გამოსცეს შეფერისა და ფუსტის სტამბაში 1484 წელს. „ჯანმრთელობის ბაღი“ ამ წიგნის განახლებული და შევსებული ვერსიაა, რომელიც გერმანულ ენაზე დაბეჭდეს. ენციკლოპედიურ ნაშრომს საფუძვლად დაედო შუა საუკუნეების ხელნაწერებში (ფონ მეგენბერგის „In libro de natura“ და ძველი გერმანულ „Macer floridus“) აღწერილი ცნობები სამკურნალო მცენარეთა თავისებურებების შესახებ.
 „ჯანმრთელობის ბაღის“ გამოცემა პეტერ შეფერს დაუკვეთა ბერნგარდ ფონ ბრაიდენბახმა. ილუსტრაციები შეასრულა უტრეხტელმა გრავიორმა ერხარდ როივირმა. 1470 წელს დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები წიგნის დასაბეჭდად, 1483 წელს კი დასრულდა ტექსტზე მუშაობა და იგი სტამბას გადაეცა, თუმცა ილუსტრაციების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. ბრაიდენბახი და როივირი მომლოცველებად გაემგზავრნენ პალესტინაში, სადაც  ხმელთაშუა ზღვის მცენარეების ჩანახატები გააკეთეს. ილუსტრაციები გამოცემაში ვერ განათავსეს, რადგან შეფერმა ნაშრომი მათ დაბრუნებამდე დაბეჭდა. გერმანულ ენაზე შესრუ-ლებული გამოცემა 435 თავისაგან შედგებოდა. „ჯანმრთელობის ბაღი“ მოიცავდა 382 სამკურნალო მცენარის, 25 ცხოველური წარმოშობის სამკურნალო საშუალებისა და 28 მინერალის აღწერილობას. წიგნმა დიდი  გამოხმაურება მოიპოვა. მისი მეორე გამოცემა, რომელსაც „ბალახების ლათინურ წიგნსაც“ უწოდებენ, 1491 წელს დაიბეჭდა. ხელით გაფერადებული ილუსტრაციები ჩართულია ორ სვეტად დაბეჭდილ ტექსტში. წიგნმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ფარმაცევტიკისა და ფარმაკოგნოზიის სფეროში. იგი განმეორებით სამოცჯერ გამოიცა, რომელთა შორის 13 ინკუნაბულა გახლდათ. 

ENG
The Director General of the National Parliamentary Library of Georgia kindly requested from the businessmen to purchase the Incunabula for the library. The President of the company “Schuchmann” Burkhard Schuchmann responded and acquired for the fund of the museum of books Johann Gutenberg’s pupil’s, Peter Shepherer’s (1425-1503) well-preserved fragment of the book “Hortus Sanitatis”, printed in 1491, and printed in 1485 – “Gart der Gesundheit or Hortus Sanitatis “- Reprinted edition (1924).

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები