რეკლამაspot_img

საველე გასვლის ანგარიში – ჭიათურა

საველე გასვლა განხორციელდა „მწვანე ალტერნატივისა“ და  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება მინერალური რესურსების გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მართვისთვის“.

მწვანე ალტერნატივა | თბილისი | 0179 | ფალიაშვილის ქ.#39ბ | IV სართ. | ტელ.: (995 32) 222 38 74 | GREENALT@GREENALT.ORG

ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ და იგი არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს შეხედულებებს.
2018 წლის სექტემბერში „მწვანე ალტერნატივის“თანამშრომლები ქ. ჭიათურასა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიაღით სარგებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით საველე გასვლაზე იმყოფებოდნენ.
საველე გასვლისას გამოვკითხეთ სოფლების: რგანის, ჭიათურის ორი ნომრის დასახლების, ზედა რგანის, დარკვეთის, ზოდის, პერევისას, ჭიათურის №25-ის დასახლების, წინსოფელის, ითხვისის, მღვიმევის, თაბაგრების, ბუნიკაურის მოსახლეობა.
მოსახლეობის გამოკითხვისა და ადგილზე ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • ღია კარიერებზე წიაღის მოპოვების პრაქტიკა და რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • დაბინძურებული ჰაერი;
  • დაბინძურებული წყალი;
  • საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება;
  • ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება;
  • საკუთრების დაკანონების პრობლემა (დარკვეთში);
  • წიაღით სარგებლობის შედეგად დაბზარული სახლები;
  • წყაროებისა და ჭების დაშრობა;
  • საძოვრების შემცირების პრობლემა და პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • დასაქმებისა და დასაქმებულთა პრობლემები.

სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია: მოსახლეობას არა აქვს ბუნებრივი აირი, გზები ძირითადად დაზიანებულია, წყალი (გარდა იმისა, რომ გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას)  დაბინძურებული და სასმელად უვარგისია.

  1. მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების შედეგად ბუნებრივ გარემოზე მიყენებული ზიანი
  • ღია და რეკულტივაციის გარეშე დატოვებული კარიერები

ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს რეკულტივაციის გარეშე დატოვებული კარიერები. მანგანუმის ათვისება საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს (ხშირ შემთხვევაში ეზოში) და უსაფრთხოების წესების დაუცველად ხდება. სიტუაცია არსებითად შეცვლილია ზედა რგანსა და მღვიმევში. ზედა რგანში, ფაქტობრივად, ერთი უბანია დარჩენილი, სადაც რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს, სხვაგან სახლები უკვე დანგრეულია (ნამოსახლარებია, ან საერთოდ ვერ იფიქრებ, რომ იქ ოდესმე სოფელი იყო და ხალხი ცხოვრობდა) და მთლიანად კარიერებს აქვს დაკავებული ტერიტორია. მღვიმევში, მთელი სოფლის გასწვრივ, სახლების მიმდებარედ და ეზოებში ხდება მოპოვება.

  • ჰაერის დაბინძურება

დაბინძურებული ჰაერი წარმოადგენს ყველა სოფლისა და ქალაქ ჭიათურის პრობლემას. ქ. ჭიათურაში მოსახლეობა ძირითადად უჩივის საწარმოებიდან და „ჯორ-ჯიან მანგანეზის“ მანქანების გადაადგილების შედეგად ჰაერის დაბინძურებას. ადგილობრივებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სწორედ მანგანუმის გადამზიდი მანქანების გადაადგილება დაასახელეს. მათი თქმით, მანქანები გამუდმებით მოძრაობენ. კომპანიები, რომელთაც მადანი გადააქვთ, გზას არ რწყავენ. ასევე, გადამზიდ მანქანებს აქვს დიდი გამონაბოლქვი და ამის გამო იქ ზაფხულობით სუნთქვაც კი შეუძლებელია. ჩვენი ქალაქში ჩასვლიდან მეორე დღეს, ყველასათვის მოულოდნელად, კომპანიამ გზის მორწყვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მადნის გადამზიდ მანქანებს საბარგული გადახურული აქვთ და ისე გადაადგილდებიან.

  1. დაბინძურებული წყალი

ყველა სოფელსა და ქალაქშიც მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას დაბინძურებული წყალი წარმოადგენს, რომელიც მათ გრაფიკით, ხოლო ზაფხულის პერიოდში იშვიათად მიეწოდებათ. მათი თქმით, ამის მიზეზი  ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის სიმცირეა. რაც შეეხება დაბინძურებულ წყალს, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მათ გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა.

  1. ნარჩენები

პრობლემურია როგორ საწარმოო, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პრაქტიკა:

  1. საწარმოო ნარჩენები თითქმის ყველა სოფელსა და ჭიათურის სხვადასხვა ნაწილშია გაბნეული;
  2. ასევე პრობლემურია საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება. მაგალითად, სოფელ ითხვისში ორი ნაგვის ურნა დგას. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მათ კვირაში ერთხელ ცლიან. ეს ურნებიც სოფლის სხვადასხვა უბნებიდან მოშორებითაა, ამიტომ მოსახლეობა თვითნებურად სხვადასხვა ადგილზე ყრის ნარჩენებს.
  • ღურღუმელას შლამსაცავი

ღურღუმელას შლამსაცავი მდებარეობს სოფელ წინსოფელში. წლების განმავლობაში, ჭიათურაში გახსნილი მანგანუმის გადამამუშავებელი საწარმოების სანებართვო დოკუმენტაციის თანახმად,  საწარმოო ნარჩენების განთავსება ხდება ღურღუმელას შლამსაცავზე. წინსოფელის მოსახლეობამ  კი გვითხრა, რომ დიდი ხანია ღურღუმელას შლამსაცავზე ნარჩენი დასასაწყობებლად არავის მიაქვს. შესაბამისად, გაურკვეველია, სად და როგორ განთავსდება ამ საწარმოებში წარმოქმნილი ნარჩენები. გამოკითხვისას ასევე გვითხრეს, რომ ამ „ტბაზე“ (ღურღუმელას ტბა – ასე მოიხსენიებენ) ბავშვები ხშირად თევზაობენ; ასევე, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ბავშვი დაიხრჩო ამ ტბაში. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ტერიტორიაზე საჭიროა უსაფრთხოების ზომების გატარება.

  1. მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების შედეგად სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანი.

2.1. ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მოსახლეობა მიუთითებს სიმსივნური და სხვადასხვა სახის დაავადებების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა დაავადებების ზრდას მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების შედეგად გარემოს დაბინძურებას უკავშირებს. ქ. ჭიათურაში ერ-თადერთი, რაც 24 საათი მუშაობს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება,  აფთიაქები  და  ბანკებია.

2.2. საკუთრების დაკანონების პრობლემა დარკვეთში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დაუკანონებელი მიწის ნაკვეთები და სახლები. 14 ოჯახი, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ჩამოასახლეს ამ ტერიტორიაზე, საკუთრების დამადასტურებელ საბუთს ფლობს, თუმცა ქონებას მაინც არ უკანონებენ. მათი განმარტებით, პრობლემა შპს „ჯორჯიან მანგანეზისათვის“ საკუთრებაში (შესაძლოა, სარგებლობაში) გადაცემული ქონებაა.

2.3. დაბზარული სახლები ითხვისსა და თაბაგრებში მოსახლეობა უჩივის სახლების დაბზარვის პრობლემას. მათი განმარტებით, სახლების დაზიანების მიზეზი მაღაროები და მომპოვებელი კომპანიების მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებაა. ფოტოს გადაღებაზე ნაწილი არ დაგვთანხმდა

2.4. წყაროებისა და ჭების დაშრობა ადგილობრივების განმარტებით, სოფლებში: თაბაგრებში,  მღვიმევსა და  ითხვისში – მანგანუმის მოპოვების გამო  წყაროები და ჭები დაშრა.  მოსახლეობა იძულებულია სასმელი წყალი იყიდოს (ბავშვებისათვის მაინც).

2.5. საძოვრების შემცირების პრობლემა და პირუტყვის დაზიანების შემთხვევები დარკვეთის, რგანის, ითხვისის, მღვიმევისა და თაბაგრების მოსახლეობის წუხილის ერთ-ერთ მიზეზს კარიერების გამო შემცირებული საძოვრები წარმოადგენს. მიწები გადათხრილია და ღიად, რეკულტივაციის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც ხშირად პირუტყვი თხრილში ცვივა და ეხოცებათ. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზარალის  კომპენსაციას მათ არავინ უხდის (მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა კომპანიას მიმართა ზარალის ანაზღაურების თხოვნით). ყველა სოფელში დაიჩივლეს, რომ იძულებულები არიან გაყიდონ საქონელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა.  რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომ უკვე დიდი ხანია საქონელი აღარ ჰყავს  მანგანუმის მოპოვების შედეგად საძოვრების შემცირებისა და კარიერში საქონლის ჩავარდნის გამო.

2.6. დასაქმება და დასაქმებულთა პრობლემები მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია კარიერებზე, მაღაროებში, მანგანუმის გადამამუშავებელ საწარმოებში. ჭიათურისა და მისი სოფლების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (ახალგაზრდები) წასულია რაიონიდან. მაღაროში დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: დასაქმებულები აღჭურვილნი არიან მხოლოდ სპეცტანსაცმლითა და რეზინის ჩექმებით. მათ არ ურიგდებათ არც პირბადე და არც სხვა რაიმე უსაფრთხოების საშუალებები; 8 საათიანი გრაფიკის მქონე დასაქმებულების კვება დღეში მხოლოდ ერთხელ ხდება; 12 საათიანი გრაფიკით მომუშავეებისა კი – სამჯერ; მუშაობენ 2 კვირა გადაბმულად და მომდევნო 2 კვირა ისვენებენ; ღამის ცვლაში დასაქმებულებს, როგორც გვითხრეს, უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, დაახლოებით 1000 ლარამდე, სხვებს -700 ლარის ქვემოთ;  მათი თქმით, საკვები მწირი და უვარგისია. ძირითადად მიაქვთ სახლში და ღორებს აჭმევენ. გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთი დასაქმებული თვლის, რომ მაღაროში მომუშავეთათვის კარგი კვება და ხელფასია უზრუნველყოფილი. ასევე, არანაირი სხვა პრობლემაც არ არსებობს; დაზღვევა აქვთ, თუმცა, როგორც ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, როცა დასჭირდა, დაზღვევით მხოლოდ იაფი წამლები დაუფინანსეს.

  1. ჭიათურის სოფლებში არსებული ძირითადი პრობლემები

3.1. რგანი, პრობლემები:

  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

ჯორჯიან მანგანეზის და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. ძირითადად, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის წყლის პრობლემა. წყალი, გარდა იმისა, რომ ზაფხულის დღეებში იშვიათად მიეწოდებათ, სასმელადაც უვარგისია, დაბინძურებულია; ამიტომ სასმელ წყალს ძირითადად ყიდულობენ. რამდენიმე მოსახლემ ისიც კი გვითხრა, რომ სხვა საშუალება არა აქვთ და იძულებულები არიან მაინც გამოიყენონ სასმელად ეს წყალი. მეორე, რაზეც გამოკითხულთა უმეტესობა წუხს, „ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანების გადაადგილებაა. როგორც გამოკითხვის დროს გვითხრეს, გზები არ ირწყვება: „აქ ძირითადად სულ შავი მტვერია“, – გვითხრა ერთმა რესპოდენტმა.

3.2. ჭიათურის ორი ნომრის დასახლება, პრობლემები:

  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. აქ რამდენიმე მოსახლე რგანიდან არის ჩამოსახლებული. როგორც გვითხრეს, დაახლოებით ერთი წლის წინ გადმოასახლეს. კომპენსაცია იმდენად დაბალი იყო, რომ ფულის დამატება თვითონ მოუხდათ და ისე შეიძინეს სახლი ჭიათურის ორ ნომერში (ეს დასახლება რგანის ქვემოთაა). აქაც, სახლის წინ კარიერია და გადათხრილია ტერიტორია. დღემდე ელოდებიან, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ფულს კიდევ დაუმატებთ. როგორც გვითხრეს, სოფლებში საქონელი ძალიან ბევრმა გაყიდა, ზოგს კარიერების გამო დაეხოცა, ამიტომ ცდილობენ საქონელი აღარ ჰყავდეთ. მოსახლეების განმარტებით, საქონლის დაკარგვის გამო ანაზღაურება კომპანიისაგან არავის მიუღია.

3.3. ზედა რგანი, პრობლემები:

  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. ზედა რგანში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მანგანუმის მოპოვების გამო. სოფელი თითქმის დაცლილია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რადიკალურად შეცვლილია სოფელში მდგომარეობა. ძირითადად ვხვდებით დანგრეულ სახლებს, ნამოსახლარებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ადგილები მჭიროდ იყო დასახლებული. ძალიან გაგვიჭირდა აქ ადამიანების ნახვა და გამოკითხვა. ვინც ვნახეთ, ან კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, ან მათ მიერ დასაქმებულები. მათი თქმით, სოფელში, რომელიც ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ყველაფერი კარგად არის.

  1. 4. დარკვეთი, პრობლემები:
  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული მიწა;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. პრობლემები აქაც იგივეა. ღია კარიერებია მთელ სოფელში. მოპოვების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ერთ-ერთი დიდი კარიერი საბავშვო ბაღის  გვერდითაა. კარიერი და ბაღი ერთმანეთისგან ღობითაა გამიჯნული. ახალი პრობლემა, რაც სოფელში მცხოვრებ 14 ოჯახს აწუხებს, არის საკუთრების დაკანონება და დაყადაღებული ქონება. როგორც ამბობენ, ისინი საბჭოთა პერიოდში ჩამოასახლეს დარკვეთში, სადაც არაფერი  იყო და საკუთარი ძალებით გააშენეს ხეები და შექმნეს საცხოვრებელი პირობები, ამიტომ აღარ უნდათ მანგანუმის მოპოვების გამო  მეორედ გადასახლება.

  1. 5. პერევისა

სოფელში გამოვკითხეთ მხოლოდ კარიერებზე დასაქმებული ადამიანები. ამ სოფელშიც კარიერი დიდ ფართობს იკავებს. ადგილ-ადგილ ვხვდებით ქაოტურად დაყრილ საწარმოო ნარჩენებს. დასაქმებულები პრობლემების ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდებოდნენ.

  1. 6. ჭიათურის № 25-ის დასახლება, პრობლემები:
  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ჯანმრთელობის პრობლემები.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. ამ დასახლებაში მოპოვება უშუალოდ არ მიმდინარეობს. ძირითადად შეწუხებულები არიან მანქანების გადაადგილებით. როგორც გვითხრეს, დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობას სხვადასხვა დაავადება აწუხებს. მიუხედავად ყველაფრისა, ამბობენ, რომ კარიერები და მაღაროები დასაქმების ერთადერთი საშუალებაა და არსებობისთვის სხვა ალტერნატივა არა აქვთ.

  1. 7. წინსოფელი, პრობლემები:
  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება.

ეს სოფელი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. აქ მადანს არ მოიპოვებენ, შესაბამისად, არც კარიერები და არც მაღაროებია. ამ სოფელში განთავსებულია ღურღუმელას შლამსაცავი. გვითხრეს, რომ ადრე სატვირთო მანქანების გადაადგილებით იყვნენ შეწუხებულები, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ეს პრობლემა აღარ აწუხებთ. მათი თქმით, შლამსაცავს სათევზაოდ იყენებენ. გამოკითხვის შედეგებს თუ დავეყრდნობით, დიდი ხანია უკვე შლამი და ნარჩენი ღურღუმელაზე აღარ მიაქვთ და, ამდენად, გაუგებარია სად ხდება რაიონში მოქმედები არაერთი საწარმოს ნარჩენების განთავსება.

  1. 8. ითხვისი, პრობლემები:
  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. ამ სოფელში არაერთი პრობლემა გვხვდება. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარჩენი აქ არის განთავსებული (როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საწარმოო). ორი ნაგვის ურნა დგას მთელ სოფელში, რაც საკმარისი არაა და ამის გამო მოსახლეობა სხვადასხვა ადგილზე ყრის ნაგავს. სოფელში  ორი მაღაროა. როგორც მაცხოვრებლებმა გვითხრეს, ერთი რამდენიმე თვის წინ დაიხურა და აღარ მუშაობს; ხოლო, მთავარი, ითხვისის მაღარო, კვლავ ექსპლუატაციაშია. სოფელში ძველი კარიერების არეალი გაზრდილია, ასევე მოპოვება ხდება ახალ კარიერებზეც. კარიერების გამო საძოვრების შემცირება  მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. საქონელი ბევრ ოჯახს საერთოდ აღარ ჰყავს, ზოგს კარიერში ჩავარდნის გამო მოუკვდა, ზოგმა გაყიდა.

  1. 9. მღვიმეები, პრობლემები:
  • უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება.ზედა რგანის შემდეგ მღვიმევი ყველაზე პრობლემური სოფელია. ზოგან ეზოებში ხდება მოპოვება, ზოგან სახლებთან ახლოს. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ რამდენიმე წლის შემდეგ ეს სოფელიც აღარ იარსებებს. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა კარიერების ამ ფორმით მუშაობას. ამბობენ, რომ ეს დასაქმებისა და ფულის შოვნის ერთადერთი წყაროა.

  1. 8. თაბაგრები, პრობლემები:
  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. ხალხს პრობლემების მოგვარების იმედი დაკარგული აქვს. მანგანუმის მოპოვება ეზოებში ხდება.

  1. 8. ბუნიკაური, პრობლემები:
  • დასალევად უვარგისი წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ;
  • სოფელი არ არის გაზიფიცირებული;
  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება;
  • რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;
  • ქაოტურად დაყრილი ნარჩენები;
  • ღია კარიერები სოფლის მთელ ტერიტორიაზე;
  • პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;
  • საძოვრების შემცირება.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მანქანების გადაადგილება. ბუნიკაურში ჭიათურის სხვა სოფლების მსგავსი პრობლემებია, მაგრამ გამოირჩევა იმით, რომ  მანგანუმის  მოპოვების გამო სოფელში, საკმაოდ დიდ ფართობზე, პირწმინდად არის გაჩეხილი ტყე. მოპოვება გრძელდება და, სავარაუდოდ, მომავალში არეალს უფრო მეტად გააფართოებენ.

  1. საველე გასვლის ძირითადი მიგნებები:

ყველა სოფელში პრობლემაა გაუმართავი გზა, დასალევად უვარგისი წყალი (რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ), ჯანმრთელობის პრობლემები, რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები, შემცირებული საძოვრები და მოსახლეობის გადასახლება.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დამატებით ქარხნების მშენებლობა კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოსა და გაზრდის ჯანმრთელობის პრობლემებს, განსაკუთრებით – სიმსივნური დაავადებების რიცხვს.
მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივების უმეტესობას მაღაროში და კარიერებზე დასაქმების სურვილი აქვს, რადგან, მათი თქმით, დასაქმების სხვა წყარო რაიონში არ არსებობს. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა თვითონვე თანხმდება და გამოთქვამს სურვილს, რომ თავიანთ ეზოში ან სახლის მიმდებარედ გახსნან კარიერი და მოიპოვონ მადანი. მათი თქმით, ეს ფულის შოვნის საშუალებაა და სხვა გზა არა აქვთ. როგორც სოფელ მღვიმევის მკვიდრმა გვითხრა, მას გაუმართლა, მის ეზოში კარიერის გახსნის შემდგომ დიდი რაოდენობით მადანი აღმოჩნდა და თბილისში იყიდა ბინა. მის მეზობლებსაც იმედი აქვთ, რომ მათ ეზოებშიც აღმოჩნდება მადანი. ისინიც დათანხმდნენ „ჯორჯიან მანგანეზს“, დაიწყონ საქმიანობა მათ ნაკვეთებზე.
მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს კარიერების რეკულტივაცია. მღვიმევში გვითხრეს, რომ საბჭოთა დროს ხდებოდა ტერიტორიის რეკულტივაცია და მოსახლეობა იქ ცხოვრებას ჩვეულებრივ განაგრძობდა. მას შემდეგ, როგორც ამბობენ, მსგავსი რამ აღარავის გაუკეთებია. სავარაუდოდ, არც ნაყოფიერი ნიადაგის დასაწყობება ხდება.

 

ENG
As a result of our surveys in the municipality of Chiatura, the following problems were identified:

Practicing mineral deposits on open quarries and territories left without recultivation;
Polluted air;
Polluted water;
Placement of industrial and household waste;
Negative impact on health;
Problem of registering property ownership;
Damaged houses;
Deterrence of wells;
Problems for pasture cutting and cattle damage;
Problems of employment and employee.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები