რეკლამა

იდუმალი სითხე – წყალი

სიცოხლე არის იქ, სადაც არის წყალი! ის ბევრ თავსატეხს უჩენს მეცნიერებს. რაც უფრო მეტად სწავლობენ მის თვისებებს, მით უფრო მეტად რწმუნდებიან მის უნივერსალურობაში. ის კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს.

ეს ჯადოსნური ნივთიერება ჭირვეული ლამაზმანივით იქცევა. თუ კარგ გუნებაზეა ჟუჟუნა წვიმის წვეთებით მოგეფერება, ან თეთრ ცეკვას შემოგთავაზებს თოვლის ფანტელებით, გულში ჩაგიკრავს, გეალერსება თეთრი ტალღებით. ხან განრისხდება, აზვირთთდება, აბობოქრდება, გაავდება და ჯობს გაერიდო, თორემ არ დაგინდობს. ვერ ისვენებს, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მუდამ მოძრაობს, ჩქარობს, სულ სადღაც გარბის! სწრაფად იცვლება. თუ ოდნავ დასცხა, ორთქლად იქცევა და ცაში ადის, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს და წვეთების სახით მიწაზე ბრუნდება. ვერც სიცივეს გუობს, როგორც კი ყინვას იგრძნობს მაშინვე გაიბუტება, და ყინულად გადაიქცევა. მაგრამ ესეც დროებითია. როგორც კი სითბო გულს მოულბობს, გუნებ-განწყობა უბრუნდება და ისევ მაცოცხლებელ სითხედ გადაიქცევა. მისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, არანაირი ჯებირი – არც ფიზიკური და არც ფიზიოლოგიური. ისეთი ცნობისმოყვარეა, რომ ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, ყველგან შეძვრება, ხის ფესვებში, მიწაში, ყველა ქვის ქვეშ. უნდა იცოდეს, სად რა ხდება! თანაც საოცრად ჭორიკანაა! ყველაფერს ნანახს იმახსოვრებს. თანაც ისე ახერხებს, რომ თვითონაც არ იცვლება! სხვა ნივთიერებას რომ შეხვდება მის გარშემო ახალ ინფორმაციულ ველს ქმნის. თავის მოლეკულებს კლასტერებად ისე განალაგებს, რომ მხოლოდ სტრუქტურას ცვლის, ფორმულა კი უცვლელი რჩება. მისი ეს თვისება არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს მეცნიერებმა და, იცით რა დასკვნა გამოიტანეს? რომ წყალს აქვს მეხსიერება!!!
ამის გარშემო დიდი დავა იყო, მაგრამ აბა, იაპონელები რის იაპონელები არიან რამე ორიგინალური რომ არ მოიგონონ?! ჰოდა, ემატუ მასარამ გამოიგონა ხელსაწყო, რომლითაც წყლის ეს თვისება ფოტოებზე აისახა. საოცარი ფოტოები დაუდეს ურწმუნო თომებს. გაყინეს ფუძიამას მთიდან ჩამოტანილი წყალი (იგი მათთვის სიწმინდის სიმბოლოა). სანამ გაყინავდნენ, ღვთიური სითხე მოათავსეს სხვადასხვა ჭურჭელში და სხვადასხვა ინფორმაცია „მოასმენინეს“: მოცარტის მუსიკა, მძიმე როკი, ბეთჰოვენი, ბუდისტური მანტრები, ქრისტიანული ლოცვა, ლანძღვა-გინება, აქეს და ადიდეს. გაყინვის შედეგად მიღებული კრისტალების სურათებმა მსოფლიო გააოგნა! ყველა მათგანს განსხვავებული სტრუქტურა ჰქონდა! ნალანძღი წყლის კრისტალი იყო დაგრეხილი და მაჯლაჯუნას ჰგავდა, ნაქები კი ქათქათა თოვლის ფანტელს. მოცარტი მოოქროსფრო, მხიარული გამოვიდა, ხოლო ბეთჰოვენი თეთრი და გაშლილი. როკის ნასმენი კრისტალი ასიმეტრიული აღმოჩნდა, მოკლედ სრულიად განსხვავებული სურათები დაიხატა.
ამით გახდა შესაძლებელი იმის თვალსაჩინოდ დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე წყევლა, აგრესია, ლოცვა და სიკეთე და სხვადასხვა მუსიკა. როგორ? ჩვენი ორგანიზმი ხომ 75% წყალია! ხოლო ტვინის – 95%. ჰოდა, მარტო ფუძუამას წყალი კი არ იცვლის სტრუქტურას მოსმენილის მიხედვით, ჩვენს სხეულში არსებული წყალიც იმავე კანონებს ემორჩილება. ამოტომ უნდა მოვერიდოთ აგრესიას, ნეგატივს, უსიამოვო ამბების მოსმენასაც კი. არ გეგონოთ რომ ეს უკვალოდ ჩაივლის. ვიყოთ კეთილგანწყობილ ადამიანებთან, ვუთხრათ ერთმანეთს ქათინაურები, ვუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, დავტკბეთ ბუნების მრავლისმეტყველი სიჩუმით, მივუგდოთ ყური წყაროს ჩუხჩუხს, მდინარის რაკრაკს და ზღვის იავნანას! ვინ იცის, რას გვიყვებიან ეს მრავლისმნახველი წვეთები!
როდის და რამდენი წყალი უნდა მივიღოთ!

დილას გაღვიძებისთანავე უნდა დალიოთ 1-2 ჭიქა ღამის ნადგომი წყალი, ოთახის ტემპერატურის. ზამთარში უნდა დუმატოთ ცოტა ცხელიც, რომ წყალი იყოს თბილი. ეს ხელს უწყობს კუჭის მოქმედების მოწესრიგებას და ორგანოებისა და სისტემების ურთიერთობის დაბალანსებას. არ შეიძლება წყლის (ასევე სხვა სითხის) მიღება ჭამის დროს. ასევე თავი უნდა შევიკავოთ მისი მიღებისგან ჭამამდე და ჭამის მერეც ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან ის აზავებს კუჭის წვენს, რაც ხელს უშლის საკვების მონელებას. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა საკვები ძალიან ცხიმიანია. მაშინ შეიძლება ჭამიდან ოცი წუთის მერე წყლის დალევა. რამდენი წყალი უნდა დალიოს ადამიანმა დღის განმავლობაში, დიეტოლოგთა გაუთავებელი დავის საგანია, მიმაჩნია რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ კლიმატურ ზონაში იმყოფები და წლის რომელი დროა. ზაფხულში წყლის მოთხოვნილება 2-3 – ჯერ მეტია, ვიდრე ზამთარში. ცივ კლიმატურ პირობებში 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე – თბილ ქვეყნებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასაკიც, მოზარდსა და ახალგაზრდას გაცილებით მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე ასაკოვანს. თუ ადამიანი მიდრეკილია შეშუპებისკენ, მაშინ მან წყალი უნდა სვას ხშირად და ცოტ-ცოტა. ასაკოვან ადამიანებს ვურჩევ დღიური დოზა ისე გადაანაწილონ, რომ დიდი წილი მოდიოდეს დღის პირველ ნახევარზე, ხოლო დაძინებამდე 3 საათით ადრე სასურველია სითხე აღარ მიიღონ. ეს არ ეხება სიტუაციას, როცა გწყურიათ. წყურვილი ნიშნავს იმას, რომ ორგანზმს სჭირდება წყალი ბიოქიმიური პროცესების სწორად წარმართვისთვის, ან ბევრი სითხე დაკარგა. თუ ადამიანმა დაკარგა წყლის 2%, მას ეწყება თავბრუსხვევა, ხოლო 10%-ის დაკარგვის შემთხვევაში იწყება სერიოზული პათოლოგიური პროცესები და შეიძლება კომაში ჩავარდეს. წყურვილი განსაკუთრებით იგრძნობა ვარჯიშის დროს ან სიტუაციებში, როდესაც ხდება სხეულიდან სითხის ინტენსიური გამოყოფა. დღიურად მირებული წყლის მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 1 ლიტრისა. ამაში იგულისხმება მხოლოდ სუფთა წყალი და არა ზოგადად სითხეები. მაქსიმალური რაოდენობა კი შეზრუდული არ არის და თავად უნდა განსაზღვროთ თქვენი ცხოვრების წესისა და მოცემულ მომნეტში არსებული სიტუაციის მიხედვით. დიაბეტიან ადმიანებს ხშირად უშლიან ბევრი წყლის დალევას, არადა მათ წყურვილის გამძაფრებული გრძნობა აქვთ იმის გამო, რომ ორგანზმის აქვს წყლის დიდი მოთხოვნილება. საქმე ისაა, რომ ყველა ბიოქიმიური რეაქცია მუმდივად მიმდინარეობს და ხდება წყლის გარემოში. დიაბეტის შემთხვევაში ეს პროცესები გართულებულია და გამუდმებით წყლის განახლებაა საჭირო. ამიტომ არ შეიკავოთ თავი და დალიეთ იმდენი წყალი, რამდენსაც ითხოვს თქვენი ორგანიზმი, ოღონდ წყალი სუფთა სახით!
წყალს უჯრედებსა და ქსოვილებში დაგროვილი შლაკები გამოაქვს ორგანიზმიდან. ამ გამწმენდი ფუქციის გარდა, მას სხვა ბევრი ფუნქციაც აკისრია. ის ენერგიის გამომუშავებასა და აკუმულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს კარგად ჩანს გადამფრენი ჩიტების მაგალითზე. ყოველთვის მაოცებდა, როგორ შეუძლიათ ამ პატარა არსებებს მრავალი საათი ფრენა. თურმე ამაში მათ სწორედ წყალი ეხმარებათ. წყალი ისე ლაგდება მათ სხეულში, რომ მზის სხივების გავლენით ენერგიის გენერატორი ხდება. ამაში ყოფილა ფრინველების გამძლეობის საიდუმლო.
წყლის დაბინძურება დღევანდელობის ერთ-ერთი პრობლემათაგანია. სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, როგორ გავწმინდოთ წყალი და რომელია ჯანმრთელობისთვის უკეთესი? რა თქმა უნდა, საუკეთესო სუფთა წყაროს წყალია. საქართველოში ოდითგან იყო ტრადიცია – საპატიო სტუმარს მიართმევდნენ გამთენიისას წყაროდან, მზის პირველი სხივებით დამუხტულ, მოზარდის მიერ მოტანილ წყალს. ასევე მიღებული იყო ვერცხლის დოქში ნადგომი ჭიდან ამოღებული წყალი. დღეს უმრავლესობა იხრება ნაყიდი ბოთლის წყლისკენ. მაგრამ პლასტიკუტრ ბოთლებში შენახული წყალი არცთუ ისე სახარბიელოა. ჩემთვის უფრო მისაღებია ძველი ტრადიცია. ე.წ. „ცოცხალი წყალი“, რაც ძალიან მარტივად მისაღებია: წყალი უნდა გავაჩეროთ საყინულეში 12 საათი, შემდეგ დავადნოთ ოთახის ტემპერატურაზე. გამდნარი პირველი 1/3 არის გაწმენდილი, რადგან ყველანაირი მინარევების დნობას მეტი დრო სჭირდება, და, შესაბამისად. ქლორი და ბაქტერიები და სხვა მავნე კომპონენტები რჩება ბოლო ფრაქციაში.
წყალი უნდა დალიოთ ნელა, სასურველია პატარა ყლუპებით.

ცოტაოდენი სტატისტიკა
არსებული სტატისტიკით, შუა საუკუნეების ევროპელი ადამიანი დღეში 5 ლიტრ წყალს ხარჯავდა ყველანაირი საჭიროებისთვის. დღეს საშუალო დონის მაცხოვრებელი ევროპელისთვის ეს ციფრო 80-100 ლიტრია! იმავეს ვერ ვიტყვი აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანაზე, სადაც წყლის დეფიციტია. დედამიწის 2/3 მეტი წყალს უჭირავს, ამიტომ უწოდებენ მას ცისფერ პლანეტას. მაშ, რატომ არის მთელ მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტი? ამ თითქოსდა უზარმაზარი წყლის მარაგიდან მხოლოდ 3%-ია მტკნარი, 97% – კი მლაშე და ამდენად სასმელად გამოუსადეგარი. ამ 3 %-დან 77% პოლალური ყინულების სახით არსებობს, 22% ისე ღრმადაა მიწის ქვეშ დამალული, რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოდის, რომ კაცობრიობას შეუძლია არსებული წყლის მხოლოდ 3 %-დან 1 %-ის გამოყენება სასმელად! 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს წყლის მწვავე დეფიციტის პირობებში. საქართველო ამ მხრივ ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს. ტყუილად როდი ვამბობთ, რომ ღემერთმა თავისი კალთა დააბერტყა ამ ქვეყანას! ამ დალოცვილ მიწაზე 26 000 მდინარეა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტბებზე, წყაროებზე, ნაკადულებსა და არტეზიულ ჭებზე! მაგრამ ამ ღვთის ნაბოძებ სიმდიდრეს მოფრთხილება სჭირდება.

თინათინ თოფურია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი

ადამიანის ეკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს თავჯდომარე

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები