რეკლამაspot_img

ცხენთან პირველი კონტაქტი

მოძრაობა მანეჟში დამოუკიდებლად

როდესაც კარგად აითვისებთ ინსტრუქტორთან ერთად მოძრაობას, შეგიძლიათ დამოუკიდებელ მოძრაობაზე გადახვიდეთ. სასურველია, პირველი დამოუკიდებელი მოძრაობა შეასრულოთ თქვენთვის კარგად ნაცნობ ცხენზე, რომელზეც ინსტრუქტორთან ერთად უკვე არაერთხელ გივაჯრიშიათ. ეს დაგეხმარებათ ახალ გარემობებთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში. დამწყები მხედრისთვის უმჯობესია მცირე ზომის, ღია ან დახურული მანეჟი – გრძელი კედლის, არაუმეტეს 60 მეტრისა, და მოკლე კედლის, არანაკლებ 20 მეტრის სიგრძით. დასაშვებია, აგრეთვე, ოვალური და მრგვალი მანეჟი.

უსაფრთხოების ზომები
მანეჟში არ უნდა იყოს არცერთი ზედმეტი საგანი. მანეჟის კედლები და ღობე გამოშვერილობების გარეშე უნდა იყოს. უცხო პირთა მანეჟში ყოფნა დაუშვებელია. მანეჟში მხოლოდ ინსტრუქტორი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ასისტენტები უნდა იმყოფებოდნენ. მაყურებლებმა თავი უნდა შეიკავონ ხმაურისა და უეცარი მოძრაობებისგან. თუ მაყურებელებს ძაღლები ახლავთ, დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბმურები ჰქონდეთ, მანეჟის კარი მთელი ვარჯიშის განმავლობაში დახურული უნდა იყოს.

ვარჯიშის დასაწყისი
მანეჟში შევდივართ ამხედრებული და ვიწყებთ მოძრაობას კედლის გასწვრივ ნაბიჯითა და ჩოთრით ინსტრუქტორთან ერთად მარცხნივ სვლით, კედელთან მაქსიმალურად ახლოს (დაახლოებით 1 მეტრის დაშორებით).

პირველი კვალი
კედელთან მაქსიმალურად ახლოს მოძრავი ცხენის კვალს ეწოდება პირველი კვალი. პირველი კვალი არის ძირითადი სამოძრაო გზა მანეჟში რამდენიმე წრის შემოვლის შემდეგ
ინსტრუქტორი გააჩერებს ცხენს. გაჩერებული ცხენი იმყოფება მარჯვინდან კედელსა და მარცხნიდან ინსტრუქტორს შორის. ინსტრუქტორი შეამოწმებს თქვენს ჯდომას, გადმოგცემთ წკეპლას მარცხენა ხელში, მოგცემთ საბოლოო მითითებებს, და დაიხევს რამდენიმე ნაბიჯით მანეჟის ცენტრისკენ. წკეპლა უნდა გეჭიროთ ყოველთვის მანეჟის შიდა მხარეს. მანეჟის ცენტრისკენ მიმართულ მხარეს ეწოდება შიდა, ხოლო კედლისკენ მიმართულ მხარეს – გარე მხარე (თუ ვმოძრაობთ მარცხნივ სვლით შიდა მხარე იქნება მარცხენა, ხოლო თუ ვმოძრაობთ მარჯვინივ სვლით – მარჯვენა).

ნაბიჯით მოძრაობის დაწყება
გაჩერებულ ცხენზე იჯექით სწორად და თავისუფლად. მოძრაობის დაწყების წინ ღრმად ჩაისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ცხენთან ერთად ივსებით ჰაერით და ენერგიით. ტერფებით უფრო ძლიერად დააწექით უზანგს. დუნდულები გამართეთ. შეიგრძენით, როგორ წამოიწიეთ უნაგირიდან დუნდულების გამაგრების შედეგად. ფრთხილად მოჭიმეთ ტოტები, ტოტების მოჭიმვის შედეგად ცხენი თავს და კისერს ოდნავ მაღლა ასწევს, რაც იმის ნიშანია, რომ ცხენი მზადაა მოძრაობის დასაწყებად. ამოსუნთქვასთან ერთად მოუჭირეთ შენკელები და შეარბილეთ მოჭიმული ტოტები ხელების ოდნავ წინ წაწევით. თუ საჭიროა დაუწრუპუნეთ ტუჩებით და შეათამაშეთ წკეპლის ბოლო ჰაერში ისე, რომ მტევნის მდებარეობა ცხენის კისერზე არ შეცვალოთ. ამგვარი გაგზავნით ცხენი დაიძვრება წინ ნაბიჯით. იმოძრავეთ მშვიდი ნაბიჯით პირველ კვალში. სანამ ჩოთრზე გადახვიდოდეთ, რამდენიმეჯერ გააჩერეთ ცხენი 5-10 წამით, და ისევ დაძარით. ინსტრუქტორი მოგყვებათ შორიახლოს და მოგეხმარებთ ცხენის მართვაში. იმისთვის, რომ ცხენი გააჩეროთ ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ნელნელა ხმამაღლა ფრუტუნის წაბაძვით (ფრუტუნის ხმის გამოცემა ბევრად აადვილებს ცხენის გაჩერება) გადაიწიეთ გასწორებული ზურგით უკან და მოჭიმეთ ტოტები. ამავდროულად უზანგები გაწიეთ ოდნავ წინ. ცხენი დაიწყებს ნაბიჯების შემოკლებას. ცხენის მარჯვენა და მარცხენა წინა ფეხის რიგრიგობით დაბიჯების დროს თქვენც რიგრიგობით მოჭიმეთ და აუშვით ტოტები, სანამ ცხენი ბოლომდე არ გაჩერდება.

მოძრაობა ჩორთით
ნაბიჯიდან ცხენს ჩორთზე ვაგზავნით იმავე მეთოდით, როგორც ნაბიჯზე ვაგზავნიდით გაჩერებულ ცხენს. რაც უფრო მშვიდია ჩორთი, მით უფრო ადვილია ჯდომაც და მართვაც. სურვილის მიხედვით ვირჩევთ ტანაყოლით ან ჩამჯდარ ჩორთს. ინსტრუქტორის მითითებით გადავდივართ ჩორთიდან ნაბიჯზე და ნაბიჯიდან – ისევ ჩორთზე. დროდადრო ვცვლით მიმართულებას. მიმართულების შეცვლისთვის უნდა გააჩეროთ ცხენი და ნელ-ნელა შემოატრიალოთ, სანამ ცხენი არ აღმოჩნდება იმავე კვალში საწინააღმდეგო მიმართულებით. თუ ვარჯიში რამდენიმე მხედარს ერთად გიტარდებათ, ინსტრუქტორი ჩააყენებს მხედრებს მწკრივში გამოცდილების მიხედვით. ყველაზე გამოცდილი მხედარი მწკრივში პირველი იდგება, ხოლო ყველაზე გამოუცდელი – ბოლოს. მანძილი თითოეულ ცხენს შორის უნდა იყოს ერთი ცხენის სიგრძის ტოლი. მწკრივში მოძრაობა უფრო ადვილია, რადგან ცხენები სიამოვნებით მიჰყვებიან ერთმანეთს. ცხენებმა ორივე მხარეს თანაბარი დროის განმავლობაში და თანაბარი სიჩქარით უნდა იმოძრაონ. ინსტრუქტორი მანეჟის ცენტრიდან თვალყურს ადევნებს ვარჯიშს და იძლევა მითითებებს. ვარჯიშის ბოლოს ჩამოქვეითდით, მოუშვით მოსართავი და ცხენი ხელით გაატარეთ.

ზურაბ ჭიჭინაძე
ახალუბნის საცხენოსნო კლუბის დირექტორი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები