რეკლამაspot_img

ცხენი და ადამიანი

ცხენის შენახვა, მოვლა და კვება

იმისათვის, რომ  უკეთ გავიცნოთ, მარტო ცხენზე ჯდომა არაა საკმარისი. აუცილებელია ვიცოდეთ ცხენის შენახვისა და მოვლის ძირითადი პრინციპები. რაც უფრო კარგ პირობებშია  ცხენი, მით უფრო გამოაჩენს იგი თავის საუკეთესო თვისებებს. არსებობს ცხენის შენახვის ღია, დახურული და კომბინირებული მეთოდი. შენახვის ღია და კომბინირებული მეთოდები შესაფერისია ადგილობრივი და მასთან ნაჯვარი ჯიშის ცხენებისთვის ტურისტულ და სამოყვარულო  კლუბებში. შენახვის ღია მეთოდისას ცხენები იმყოფებიან შემოღობილ ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ, სადაც მოწყობილია თავშესაფარი ავდარსა და ცხელ მზიან დღეებში თავის შესაფარებლად. კომბინირებული მეთოდის შემთხვევაში შემოღობილ ტერიტორიაზე დგას კაპიტალური შენობა თავისუფალი შესასვლელით (რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაიკეტოს), რათა ცხენებმა, სურვილის მიხედვით, აირჩიონთავიანთი ადგილსამყოფელი. დახურული მეთოდისას ცხენები იმყოფებიან თავლაში 10-12კვ მეტრის ბაშტეებში (ცხენის სადგომი ოთახი). თავლა უნდა იყოს ნათელი, მშრალი,  გრილი და სუფთა. ზედმეტად თბილი, ცივი,  ტენიანი ან მტვრიანი თავლა ასუსტებს ცხენის ჯანმრთელობას. იატაკი უნდა იყოს ხის,თიხის ან რეზინის. ბეტონის და ასფალტის იატაკი ცივი და უხეშია. იატაკზე უნდა ეფინოს ნახერხი ან ნამჯა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ბეტონის ან ასფალტის იატაკს ბევრად მეტი ნახერხი ან ნამჯა სჭირდება. ცხენი დღის განმავლობაში ორჯერ უნდა იწმინდებოდეს –  ვარჯიშის წინ და ვარჯიშის შემდეგ, როდესაც გაშრება. საჭიროების შემთხვევაში ცხენი ვარჯიშის შემდეგ უნდა დაიბანოს მთლიანად ან ნაწილობრივ და გაშრეს. ცხენს მუდამ უნდა ჰქონდეს ბაშტეში სუფთა წყალი, თივა და ქვამარილი. თივა უნდა იყოს მშრალი და უმტვერო. ჩვენში ხშირად თივის მაგივრად გამოიყენება იონჯა. მუშაობისგან გათავისუფლებული ცხენების გამოსაკვებად თივა ან იონჯა სრულიად საკმარისია. ფიზიკური აქტივობით დაკავებულ ცხენებს, თივის გარდა, კონცენტრირებული საკვების – შვრიის ან ქერის – დამატება სჭირდებათ. საკვებად მოხმარების წინ ქერი 6-8 საათით წყალში უნდა დავალბოთ. დაღერღილი შვრია და ქერი უფრო ადვილი მოსანელებელია. ჯანმრთელ, საშუალო ფიზიკური აქტივობით დაკავებულ ცხენს დღე-ღამეში სჭირდება საკუთარი წონის 2%-ის ტოლფასი რაოდენობის თივა და 1%-ის ტოლფასი რაოდენობის შვრია ან ქერი.  ერთ მიცემაზე  შვრიის ან ქერის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცხენის წონის 0,5%-ს. შვრია უფრო სპორტულ ცხენს უხდება, ხოლო ქერი – მუშა ცხენს. ძალზე სასარგებლოა რაციონში ქატოს დამატება. ქატო  ხელს უწყობს საჭმლის კარგ გადამუშავებას. ქატოს ვურევთ დასველებულ შვრიას ან დამბალ ქერს. დღე-ღამეში მისაცემი ქატოს რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცხენის წონის 0,5%-ს.   სპორტულ ცხენს კონცენტრირებული საკვები ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად უნდა მივცეთ. ცხენი ერთსა და იმავე დროს უნდა იკვებოს. საკვების რაოდენობა პროგრესულად უნდა იზრდებოდეს დილიდან საღამოსკენ: მაგალითად, 600კგ წონის მქონე სპორტული ცხენს შეიძლება დავუნიშნოთ კვების ასეთი წესრიგი: 6:00 საათზე–1კგ მშრალი შვრია; 14:00 საათზე– 2კგ  ქატოში გარეული დასველებული შვრია; 22:00 საათზე– 3კგ ქატოში გარეული დასველებული შვრია. (თივა და წყალი – მუდმივად ხელმისაწვდომი). ძალზე სასარგებლოა, აგრეთვე, რაციონში დღეში-ღამეში 5კგ-მდე სტაფილოს ან ვაშლის დამატება. საკვები უნდა იყოს ხარისხიანი და სწორად შენახული. დაბალი ხარისხის საკვების გამოყენებამ , კვების რეჟიმის დარღვევამ, რაციონის უეცრად გამოცვლამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაწლავის მძიმე დაავადებები.

ჭედვა

ცხენის ფლოქვები სპეციალურ მოვლას საჭიროებს. იმისათვის, რომ ფლოქვი არ დაზიანდეს, ცხენს ჭედავენ რკინის ნალებზე სპეციალური ლურსმნებით. არსებობს ცივი და ცხელი ჭედვის მეთოდი. ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად ჭედვის ცივი მეთოდია გავრცელებული. ცხელი მეთოდით ჭედვისას მჭედელი ახურებს ნალს სპეციალურღუმელში. ცხელი მეთოდით დაჭედვა აადვილებს ნალის მორგებას. სპეციალური იარაღების საშუალებით მჭედელი წმენდს ფლოქვებს, ხოლო შემდეგ ჭედავს რკინის ნალებით. დანიშნულების მიხედვით, არსებობს სხვადასხვა დიზაინისა და მასალის ნალები. დოღის ცხენის ნალები უფრო თხელი და მსუბუქი მეტალისგანაა დამზადებული, მუშა ცხენის ნალები კი უფრო მძიმე და მსხვილია. ფლოქვების დეფორმაციის შემთხვევაში გამოიყენება ორთოპედიული ნალები. ცხენის ფლოქვები იზრდება თვეში 1-1,5 სანტიმეტრით. თუ ცხენს ჯანმრთელი ფლოქვები აქვს და მხოლოდ რბილ გრუნტზე მუშაობს, მისი დაჭედვა აუცილებელი არ არის, საჭიროა მხოლოდ გაზრდილი ფლოქვების შემოკლება. ცხენის უნალებოდ ყოფნა ძალზე სასარგებლოა ფლოქვებისათვის. ხშირად სასწავლო და ჰობი კატეგორიის ცხენებს მხოლოდ წინა ფეხებზე ჭედავენ. არსებობს თანამედროვე პლასტიკური ნალებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ფართო გამოყენება. ნალი შეიძლება იყოს ქარხნული ან კუსტარული წესით დამზადებული. ჩვენთან ნალის ქარხნული წესით დამზადება არ ხდება, ამიტომ ცხენები იჭედება კუსტარული წესით დამზადებულ, ან უცხო ქვეყნიდან გამოწერილი ნალებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენში დამზადებული ნალები საკმაოდ კარგი ხარისხისაა და, როგორც წესი, ორ დაჭედვას უძლებს. ფლოქვებს სჭირდება სისტემატური მოვლა, ამიტომ, ფლოქვის სტრუქტურის მიხედვით, მის ზედაპირს ფარავენ შესაბამისად დამარბილებელი ან გამამაგრებელი კრემებით. ჯანმრთელი ფლოქვის ზედაპირი პრიალა და გლუვია. ჯანმრთელი და კარგად მოვლილი ფლოქვები ცხენის მაღალი შრომისუნარიანობის საწინდარია.

ზურაბ ჭინჭარაძე

ახალუბნის საცხენოსნო მეურნეობის დირექტორი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები