რეკლამაspot_img

ზურა ჭინჭარაძე

ზურა ჩემს ცნობიერებაში შემოვიდა, როგორც ადამიანი ჰარმონია, სიმშვიდე და უდიდესი პროფესიონალიზმი.

ჩემთვის ცხენი იყო მხოლოდ განტვირთვისა და გართობის საგანი. ზურასთან ურთიერთობის შემდეგ ისე ღრმად შემოვიდა ცხენის ფენომენი და ამ სამყაროსთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, იქნებოდა ეს ცხენის მოვლა, შეჯიბრი, ლაშქრობა თუ სხვა, რომ, შეიძლება ითქვას,დღეს ცხენის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს. ახლაც მახსოვს ზურასთან პირველი ნაბიჯები, რომელი ცხენი გამაცნო და როგორ გამაცნო, სანამ ცხენზე დამსვავდა, ალბათ ერთი საათი მაინც ცხენის ფსიქოლოგიაზე მესაუბრა და მერე მკითხა,მზად ხარ  ცხენს  აჩვენო შენი სიყვარული? ისე არაფერი გამოვა, იცოდე, და თან იცინოდა.

როგორი თბილი, როგორი კულტურული დამოკიდებულება ჰქონდა თვითონ ცხოველის მიმართ, აღარაფერს ვამბობ ადამიანებზე. ზურამ ადამიანებს შეაყვარა ერთმანეთი ცხენებთან ურთიერთობის  მეშვეობით. მე თვითონ ვიგრძენი ეს, როგორ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ცხენებმა.

ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა. მიყვებოდა ხოლმე, ლონდონში როგორ ეზიარა ჯერ კიდევ პატარა ასაკში ცხენისა და მუსიკის სინთეზს, ეს, მგონია, მისი აღმოჩენა უფრო იყო.  განსაკუთრებით უყვარდა რიხტერი და პოგორელიჩი, გამუდმებით მასზე საუბრობდა.  ხშირად კლასიკური მუსიკის თანხლებით ავარჯიშებდა ცხენებს. მან შექმნა პატარა სამოთხე, სადაც იყვნენ ცხენები, მოსიყვარულე ადამიანები და მუსიკა. სადაც ყველა იყო ბედნიერი.

ლაშქრობში დავყავდით ხშირად ცხენებით და ეს გრძელდებოდა ხანდახან 5-6 საათი. გავდიოდით საკმაოდ რთულ სავალ გზებს მთებზე. იმდენ საინტერესო ამბავსგვიყვებდა ხოლმე არა მხოლოდ ცხენოსნობაზე, არამედ საქართველოს ისტორიაზე, რელიგიაზე (თვითონ ზურა ტაძარში მსახურობდა, იყო მედავითნე), კლასიკურ მუსიკაზე, ჭადრაკზე.

არ გვინდოდა ჩამოვრჩენილიყავით, რომ რაიმე არ გამოგვრჩენოდა. დიდი, საინტერესო ადამიანი იყო.

მახსოვს,ერთ დილას ბათუმში მიდიოდა მეგობრებთან ერთად და მოულოდნელად სახლში შემომიარა. წიგნები მომიტანა: საცხენოსნო ლექსიკონი, წვრთნის მეთოდები და ასევე შოპენის ნაწარმოებების დისკი ივო პოგორელიჩის შესრულებით. ესენი წაიკითხე, ამას მოუსმინე და რომ დავბრუნდები ბათუმიდან და ვარჯიშზე რომ მოხვალ ყველაფერი ერთად განვიხილოთო.  თუკი ადამიანში ნახავდა რაიმე მარცვალს, რომ მას ცხენოსნობა აინტერესებდა, უამრავი საინტერესო მეთოდით ცდილობდა კიდევ უფრო ღრმა დაინტერესებას. თვითონ ზურა ძალიან ორგანიზებული და დისციპლინირებული იყო თავის საქმეში, ერთ დეტალსაც კი არ გამოტოვებდა თუ მიაჩნდა, რომ ეს გასაკეთებელი იყო.

კიდევ იმით იყო განსაკუთრებული და განსხვავებული ადამიანი, რომ ზურაშენიშვნას არასოდეს მოგცემდა, ჭკუის სწავლება არ უყვარდა, აბსოლუტური თავისუფლება გეძლეოდა მისი მხრიდან. შეგიშვებდა მოედანზე და გეტყოდა-აი ეს არის შენი ტერიტორია, ესაა შენი ცხენი, შენ ხარ მხედარი და ახლა ეს ყველაფერი მართე ღირსეულად.

ზურასთვის არ არსებობდა ცუდი განწყობა, ან ვინმეზე განაწყენება. იყო ზედმიწევნით კაცთმოყვარე . სულ გვეუბნებოდა, ჯერ უნდა იყო ადამიანი, მერე ცხენოსანი. ის ორივე ერთად იყო!..

ძალიამ მიმძიმს ზურაზე წარსულ დროში წერა, სულ ჩემთანაა ყველგან, არც წავა არასოდეს. აი, ეგ არის, რომ  ხალისი და ენთუზიაზმი, რაც ჩემში, იყო ის აღარაა. იქნებ დამიბრუნდეს ოდესმე… ისევ ზურას მეშვეობით.

სანდრო ბაქრაძე

ზურასთან მრავალი წელი მეგობრობა გვაკავშირებდა. ბევრი რამ შეიძლება მოიგონო მის შესახებ, ჩვენ გვინდა შევჩერდეთ იმაზე, რაც მას გამოარჩევდა, განსხვავებულს ხდიდა.

მოსწავლეებთან მუშაობის დროს იგიეძებდა და პოულობდაარა ნაკლს, არა ხარვეზს, არამედ შესაძლებლობას, ძლიერ მხარეს და მასზე ააგებდა ხოლმე წვრთნის პროცესს. მისი ყურადღება ყოველთვის შეჩერდებოდა იმაზე, რაც ცხენსადა მხედარსგამოსდიოდათ, და შემდეგ ოსტატურად ავითარებდა ამ თითქოს მის მიერ აღმოჩენილ უნარს. ათასი შეცდომაც რომ დაგეშვათ, იგი მაინც  კარგს დაინახავდა და წაგახალისებდათ. ასე იქცეოდა სირთულესაინტერესო გამოწვევად,მარცხი – გამოცდილებად, ვარჯიში კი შემეცნებად. სულ ცოტა ხანში ახალბედა მხედარი იმედიანად გრძნობდა თავს, ახალგაზრდა ცხენი სიამოვნებით და ცნობისმოყვარეობით ერთვებოდა მუშაობაში.ვფიქრობთ,ასეთიმიდგომაეფუძნებოდამის რწმენას, რომ სამყარო სამართლიანია და სხვაგვარად არ შეიძლება იყოს, რომ ყელაფერი, რაც ხდება, სასიკეთოა და ადამიანის მიერ გაწეულ ძალისხმევას ყოველთვის სასურველიჯილდო მოჰყვება. არც კი ვიცით, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას… მსოფლმხედველობა? მაშინ ეს საოცარი მიმღებლობის მსოფლმხედველობა იყო.

ზურა წარმოუდგენლად შრომისმოყვარე იყო. ზაფხულ-ზამთარ, სიცხეში, სიცივეში, წვიმაში მას შეეძლო გულდასმით, მოთმინებით, სიყვარულით ემუშავა ერთსა და იმავე მოძრაობაზე, ერთსა და იმავე გადასვლაზე. ამდენი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ თითქმის ყოველდღე ერთად ვვარჯიშობდით, არ გვახსოვს იგი გაბრაზებულიყო და დაესაჯა ცხენი, ან გაეკიცხა მოსწავლე. ყველაფერი მიიღწეოდა უსასრულო გამეორებით- „ხელახლა“,„თავიდან“, „კიდევ ერთხელ“…ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო ის, ერთი შეხედვით, აუხსნელი დარწმუნების უნარი, როდესაც თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალით იგი ყოველთვის მიახვედრებდა, გააგებინებდა ცხენსა და მხედარს, რა მოითხოვებოდა მათგანდა ეს უკანასკნელნიც ყოველთვის  შესაბამისად პასუხობდნენ. რატომ მოქმედებდა იგი ასე? იმიტომ, რომ სჯეროდამათი საუკეთესო თვისებების? ეს არავინიცის, მაგრამ თუ ვინმე გვთხოვდა ერთი სიტყვით დაგვეხასიათებინა მისი მუშაობის მანერა, ვფიქრობთ, საუკეთესო აღწერა იქნებოდა „სწავლების ჰუმანისტური სტილი“. იგი ამბობდა: „მასწავლებლისათვის მოსწავლის მიღწევაზე დიდი სიხარული არაფერია.“

მას ჰქონდა კიდევ ერთი გასაოცარი თვისება – გაკვირვების უნარი. ვფიქრობთ, ეს იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე თვისება.მას არაფერი ტოვებდა გულგრილს. ყოველ დღე იგი თითქოს ხელახლა აღმოაჩენდა აქამდე კარგად ნაცნობ ნივთებს, მოვლენებს, ჭეშმარიტებებსდა ყოველთვის ისევე იყო აღტაცებული და ბედნიერი ამით, როგორც პირველი აღმოჩენის დროს. რა ახალ შინაარს პოულობდა იგი ყოველ ჯერზე? რატომ შეეძლო გაეზიარებინა ამდენი ნატიფი ნიუანსიდა დაკვირვება ყოველი ვარჯიშის შემდეგ? რატომ გეუფლებოდათ განცდა, რომ, მასთან ერთად, ყველაფერი ნაცნობი თითქოს ხელახლა იბადება?

ზურა არაფერს არავის აიძულებდა, არავის არიგებდა ჭკუას, არავის კარნახობდა, რა არის სწორი და რა – არა.იგი უბრალოდ აჩვენებდა მაგალითს,  როგორ ასწავლო, როგორ იმუშაო ცხენთან, როგორ იქცეოდე ადამიანებთან… ეს წარმოუდგენელი მიმღებლობა, ჰუმანიზმი და ბედნიერი აღმოჩენის უნარიც მან მაგალითის სახით დატოვა, მაგალითის იმისა თუ როგორი უნდა იყოს მხედარი, მასწავლებელი და მეგობარი.

ბესო სულაბერიძე

ლადო ბარამიძე

ლადო ინასარიძე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმისთვის მოდიან ამ სამყაროში, რომ უკეთესებად გვაქციონ, დაგვანახონ, როგორები შეიძლება ვიყოთ და დაგვეხმარონ, ასეთები გავხდეთ. ამას აკეთებენ ძალდაუტანებლად, ამას თქმა და შეგონება არ სჭირდება, უბრალოდ გინდება, რომ შენც მათთან მიახლოებული სინათლე მაინც გქონდეს და მერე ან ცდილობ ასეთი გახდე, ან ათას გამართლებას მოუძებნი, რატომ არ არის ეს სინათლე შენთვის.

ზურა არ იყო მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ გასწავლიდა, სწორად როგორ დამჯდარიყავი ცხენზე, ან ცხენში – როგორც მას უყვარდა თქმა, როგორ გეიძულებინა გაჯიუტებული ცხენი ის გაეკეთებინა, რასაც მისგან ითხოვდი და დაეძალებინა ის, რისთვისაც მზად არ იყავი. ზურა ცხენებს ეჩურჩულებოდა და ადამიანს, რომელსაც ცხოველებთან ასეთი ურთიერთობა შეუძლია, აქვს რაღაც, რაც ცხენზეც და ადამიანზეც ცხოვრების მანძილზე ისეთ ანაბეჭდს ტოვებს, ვერსად დაკარგავ, ვერაფრით წაშლი.

პირველად რამე ახალს რომ ცდი, გაქვს ადამიანს შიშისა და სურვილის ნაზავი, და რაღაც დროის შემდეგ ყველაფერ იმაზეა დამოკიდებული, რომელი რომელს სძლევს, შიში – სურვილს და ხელს ჩაიქნევ, თუ სურვილი ისე გაძლიერდება, რომ, შიშის მიუხედავად, მზად ხარ არ გაჩერდე. ცხენოსნობა შორიდან ყოველთვის მხიბლავდა, მაგრამ საკუთარ თავზე ამის გამოცდას ვერიდებოდი, თან საკმარისზე მეტ ხანს, თუმცა ზურასთან შეხვედრით დაიწყო რაღაც ახალი.

თავიდანვე შევთანხმდით, რომ ცხენზე ჯდომისას თავის შეკავება და ნაბიჯი მაკმაყოფილებდა, მეტის გამბედაობა არ მქონდა. თავიდან ცოტა კი მეუცნაურა, როდესაც ვარჯიშისას ზურა ცხენებსა და ცხენოსნობაზე საინტერესო ამბებს მიყვებოდა, მიკვირდა, მანქანის აუდი სისტემის ჩართვისასაც კი გიჩნდება გაფრთხილება, რომ მძღოლი ზედმეტად არ გაერთოს და ყურადღება არ მოადუნოს; თან, მანქანისგან განსხვავებით, ცხენი სუნთქავს, ფიქრობს და, კაცმა არ იცის, რას გეგმავს. შემდეგ იყო ამბები ესპანურ საცხენოსნო სკოლაზე, სომიურის საცხენოსნო სკოლაზე, კიდევ ბევრ სკოლაზე, ცხენსა თუ მხედარზე, ან რამე სხვა საინტერესო თემაზე, და ამ დროს ისე გადაიქცა ნაბიჯი ჩორთად და ჩორთი ნავარდად, ვერც მივხვდი. როდესაც გავაცნობიერე რა ხდებოდა, უკვე გვიანი იყო, ცხენოსნობის სურვილი ისე მოდიდებულიყო, შიში მას ვეღარ შეაკავებდა.

დღეს სხვა სამყაროში ეჩურჩულება ზურა ცხენებს, მაგრამ ამ სამყაროსაც სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც მათრახზე მეტად სიტყვისა და ადამიანობისა სჯერათ როგორც ცხენთან, ისე – ადამიანთან.

მარიკა ჭუმბურიძე

ცხოვრებაში მრავალჭირნახული კაცი ვარ, ბევრი სულიერი თუ მორალური ტკივილი გადამიტანია, მაგრამ  რაც მე და  ჩემმა ოჯახმა გადავიტანეთ ზურას ესოდენ უცნაურად და ტრაგიკულად წასვლის გამო, ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჩემთვის უმძიმესია მისზე რაიმე ამბის გახსენება, რადგან იგი ჩემი ოჯახის  განუყოფელი ნაწილი იყო. მისი ცხოვრების ყველა წვრილმანიც კი ერთად გვქონდა გადავლილი. არ მინდა პესიმიზმს მივეცე და თავს მოგახვიოთ ის ტკივილი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ. ერთს კი ვიტყვი, რომ ზურას ცხოვრებაზე ერთი კარგი რომანი შეიძლება დაიწეროს. შევეცდები (თუ ძალა მეყო) გიამბოთ რამდენიმე ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან. ადამიანი ნიჭიერი რომ დაიბადება, ეს ღმერთის კურთხევაა. ამბობენ, ნიჭს საზღვარი არააქვსო, მაგრამ მისი რეალიზება ცხოვრებაში ყველას სხვადასხვაგვარად უხდება. არიან ნიჭიერები, კეთილები, ბოროტებიც კი, არიან ნიჭიერები სხვადასხვა მიმართულებითა და პროფესიით, მაგრამ ზურა იყო განსაკუთრებული, უნიკალური პიროვნება, მე სწავლაზე არ ვლაპარაკობ. რადგან სკოლა იყო თუ უმაღლესი სასწავლებელი, ყველგან მოწინავე  იყო. ყოველგვარი ძალდატანებისა თუ ძალისხმევის გარეშე ლაღად სწავლობდა. ადრეულ ასაკში ჭადრაკს ეზიარა და ჭადრაკის სამყაროში ამომავალ ვარსკვლავად მოიაზრებოდა. მართლაც ასე იქნებოდა, რომ არა მაშინდელი ჭადრაკის მესვეურების უგულისყურობა: ერთ-ერთ ტურნირზე ამ პატარა ბიჭს, ალბათ მე-6- მე-7 კლასში იქნებოდა, ერთ მოზრდილ მამაკაცთან წააგებინეს (დროში ჩამოუგდეს), რაც მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. დასამშვიდებლად 2 სიტყვა გაიმეტეს, გამოუცხადეს არაუშავს შენ მომავალი წინ გაქვსო. აქ გამოჩნდა მისი სულიერი სიწმინდე. პირველად ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ როგორმე დაგვემშვიდებინა,  მაგრამ ამაოდ, იმ დღიდან გამოემშვიდობა ჭადრაკის სპორტულ კარიერას, შემდგომში, რა თქმა უნდა, თამაშობდა ჭადრაკს, მაგრამ მხოლოდ გასართობად, სახალისოდ. 2 წლის შემდეგ მივიყვანე ცურვაზე, ლაგუნა „ვერე“ ახალი გახსნილი იყო, ერთ წელიწადში პირველი თანრიგი აჩვენა, მაგრამ მიხვდა, რომ მისი სამყარო არ იყო და თავი დაანება. ბავშვობიდანვე  ხატავდა და ძერწავდა. მისი ნამუშევრების უმეტესობა ცხენებს უკავშირდებოდა; ამ მონაცემებით გადავწყვიტეთ არქიტექტურულზე ჩაებარებინა და მართლაც ბრწყინვალედ ჩააბარა და იქაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი გახდა. მოგეხსენებათ,ახლაც და მითუმეტეს იმ დროს, არქიტექტურა ძალიან პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა და სერიოზულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ამ პერიოდში მე ბახტრიონზე ვცხოვრობდი, იპოდრომთან ახლოს, ზურა ჩემთან იყო და ჩემს მონადირე ძაღლთან ერთად იპოდრომზე წავიყვანე სასეირნოდ. მისივე თოხვნით, ცხენზე დავსვი. მას შემდეგ ცხენი არ მიუტოვებია; თითქმის ყოველდღე მოდიოდა, სანამ საცხენოსნო კლუბში არ ჩაეწერა. ერთ თვეში ლისის ტბაზე გამართულ დოღზე საპრიზო ადგილი აიღო. ამ შედეგით ყველა განცვიფრებული დავრჩით.

ცხენი და მასთან ურთიერთობა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა; ხშირად იძინებდა თავლაში და ცხენების მოვლითა და ურთიერთობით იყო დაკავებული; კითხულობდა და სწავლობდა ცხენების შესახებ ყველაფერს; შემდეგ იყო „სომიური“, მსოფლიოში საუკეთესო საცხენოსნო სკოლა. ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, ვინც წარმატებით გაიარა ეს სასწავლებელი და მას შემდეგ კონტაქტი არ გაუწყვეტია. ოცნებობდა საქართველოში „სომიურის“ ფილიალის დაარსებაზე. მითუმეტეს, რომ „სომიურის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ქართველი მამულიშვილი თავადი ვაჩნაძე იყო, რომლის კაბინეტი იქ დღემდე არსებობს, მას დიდი პატივით მოიხსენიებს არამარტო საფრანგეთის საცხენოსნო სამყარო, არამედ მთლიანად ფრანგი ერი. ეს პიროვნება იყო ზურასთვის ღირსებისა და სულიერი სიწმინდის მეტრი. ჩემი აზრით, არის ორი რამ – საცხენოსნო სპორტი და ცხენოსნობა. სპორტი სპორტია, რომელიც დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ცხენსა და მხედარზე, მაგრამ ცხენოსნობა მთელი მეცნიერება და ამოუწურავი სამყაროა. ალბათ, დედამიწაზე არ არსებობს მსგავსი დახვეწილობის, სილამაზის, ხასიათის, თვისებების არსება, რომელიც ადამიანს ასე ხიბლავს და იზიდავს, და ეს იყო გამჯდარი ზურაშიც. საოცარი და განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ცხენებისადმი, არ არსებობდა ცხენი, რომელიც მას არ მოეთვინიერებინოს.

გავიხსენებ რამდენიმე მომენტს მისი ცხოვრებიდან. ზურა მეუღლესთან ერთად ჰოლანდიიდან გერმანიაში მანქანით მემგზავრებოდა, როცა რადიოში მოისმინა, რომ ერთ-ერთ გერმანელ ცხენოსანს, რომელსაც თავლა ჰქონდა და რამდენიმე საუკთესო ჯიშის ცხენი ჰყავდა, ყველაზე ძვირადღირებული ცხენი კვიცის გარდაცვალების გამო ფსიქიკურად დაუავადდა და შველას ითხოვდა. რადგან ეს თავლა იქვე გზად იყო, გადაწყვიტეს შეევლოთ და ენახათ ცხენი. მეპატრონემ ზურას მადლობა გადაუხადა და მიიღო როგორც ვეტერინარი, ცხენი მართლაც საოცრად აღგზნებული იყო და შეურაცხადად გამოიყურებოდა- არ ჭამდა, არ სვამდა, არავის უჯერებდა; ზურამ მეპატრონეს სთხოვა აღვირის მიწოდება და ცხენის გარეთ გამოყვანა. მეპატრონე გაოგნდა, რამდენიმე დღეა ვერ ვეკარებით და შენ როგორ აპირებ ამასო. დიდი დავის შემდეგ, რა თქმა უნდა  ხელწერილის ქვეშ, მეპატრონე დათანხმდა. ზურა მივიდა ცხენთან, ესაუბრა, ეფერა კარგა ხანს, ყოველგვარი დამამშვიდებელი წამლების გარეშე მშვიდად ჩამოაცვა აღვირი და მოედანზე გამოიყვანა, ატარა მოფერებით გარკვეული დრო, დაადგა უნაგირი, შეჯდა და ნახევარ საათში უვნებლად, დაწყნარებული  და მშვიდი ცხენი დაუბრუნა  პატრონს. ცხენის მეპატრონის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მითუმეტეს რომ ზურამ ყოველგვარ საზღაურზე უარი უთხრა.

მსგავსი რამ მოხდა ესპანეთშიც. ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო იპოდრომზე ჰყავდათ საუკეთესო ჯიშის ცხენი, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა დოღში, ოღონდ ცხენის ფიცხი ხასიათის გამო ურთულესი იყო მხედრის დასმა,  ყველა ვერც ბედავდა  შეჯდომას, 2-3 კაცი სჭირდებოდა დასახმარებლად მხედარს. ამ ცხენს დიდი პაუზა ჰქონდა გაკეთებული და მომავალი დოღისთვის მთლად გაველურდა, არავის იკარებდა. აქაც, ბედის წყალობით, ზურა გაჩნდა (როგორც წესი ზურა მოგზაურობის დროს არ გამოტოვებდა იპოდრომს თუ საცხენოსნო კლუბს, ყველასთან ჰქონდა კონტაქტი და ცნობდნენ, როგორც სპეციალისტს). ზურას შეთავაზებაზე, რომ ცხენი მიეცათ მოსათვინიერებლად, აქაც იგივე პრობლემა იყო, ხელწერილით ანდეს. ზურასეულმა მეთოდმა აქაც გაჭრა, ნახევარ საათში დამშვიდებული ცხენი ჩააბარა პატრონს. ესპანელებმა ქართველი კოვბოი შეარქვეს.

ერთ-ერთმა არაბმა შეიხმა, რომელსაც, რა თქმა უნდა,  შესანიშნავი თავლა და  იპოდრომი ჰქონდა, ჰყავდასაუკეთესო ცხენები,  ზურა მიიპატიჟა და სთხოვა ცხენების მოვლა – გაწვრთნაში დახმარება. ერთ კვირაში შეიხმა ზურას ჩააბარა საცხოვრებელი სახლი, მანქანა და თავლა. რა თქმა უნდა, ისეთი ანაზღაურებით, რომ სხვაგან ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. მაგრამ თავისი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულის გამო იქ დარჩენაზეც უარი თქვა.

მისი სიტყვები იყო: ცხენი უნდა გიყვარდეს,მისი ნდობა და სიყვარული რომ დაიმსახუროო. მისი ყველაზე დიდი ტკივილი იყო თბილისის მრავალსაუკუნოვანი იპოდრომისა და ცხენოსნობის კულტურის, როგორც სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ტურიზმისადა საცხენოსნო თერაპიის, საცხენოსნო ფედერაციის განადგურება, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. ამ ბოროტ საქციელს ცხოვრების ბოლომდე ვერ ინელებდა; ხშირად ამბობდა, რომ საცხენოსნო სპორტი კი არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა განადგურდაო.

და ბოლოს, ჩვენი ჟურნალის ყველა ნომერში იყო მისი სტატიები, რომლის ღირებულებას მკითხველი ადვილად გაიგებდა. ეს არის ერთ-ერთი ქართული სახელმძღვანელო ცხენოსნობაზე,  ისიც – დაუსრულებელი, რადგან ზურას კიდევ ბევრი ჰქონდა სათქმელი.

ჩვენმა რედაქციამ, ზურას საპატივსაცემოდ, გადაწყვიტა მისი ნაშრომები, როგორც სახელმძღვანელო, უახლოეს მომავალში გამოსცეს წიგნად.

თეიმურაზ ტყემალაძე

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები