რეკლამაspot_img

კრწანისის ტყეპარკის მომავალი: პროექტ მტკვარი II-ის წვლილი მის რეაბილიტაციაში

მაკა, თქვენი აზრით, რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?

მოგეხსენებათ, კრწანისის ტყე-პარკი თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ერთადერთი მწვანე ზონაა. ის მდინარე მტკვრის ნაპირზე  დაახლოებით 210 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. ეს მტკვრის ჭალის ბუნებრივი ეკოსისტემაა. წლების მანძილზე პარკის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან იღებდნენ ქვიშა-ხრეშს მოჭარბებული რაოდენობით, რის გამოც 2-3 მეტრით დაიწია მდინარის კალაპოტმა, რაც, ფაქტობრივად, ეკოსისტემის დეგრადირებას ნიშნავს.  პარკში არსებული  ჭალის ტყე მოსწყდა მდინარე მტკვარს და, აქედან გამომდინარე, წყლის უკმარისობის გამო დაიწყო ჭალის ტყის გახმობა. ასევე წყლის გარეშე დარჩა პარკში არსებული 8 ტბაც, რომელთა ნაწილი დაჭაობდა და ნაწილი საერთოდ დაშრა. ამ ეტაპზე  ქვიშა-ხრეშს აღარიღებენ და დროთა განმავლობაში ბუნებრივად აღდგება მდინარის კალაპოტი,მაგრამ  ამას წლები დასჭირდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩვენმა პროექტმა (გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი „მტკვარი II“) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად ჩართულიყო კრწანისი ჭალის ტყის აღდგენის პროცესში.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია საკმაოდ მშრალი კლიმატითა და გვალვებით ხასიათდება. სამწუხაროდ, ჩამოცვენილი ფოთლები, ხის ქერქი, ყლორტები, რომლებიც ტყის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თითქმის არ შეინიშნება.

ამ მცენარეულმა მასალამ უნდა უზრუნველყოს ნიადაგის ნაყოფიერება და ტენიანობის დიდხანს შენარჩუნება. ჩამოცვენილი მცენარეული მასალის სიმცირე დიდწილად უკავშირდება კლიმატურ პირობებს. ხშირი გვალვების გამო ფოთლები მსუბუქი და არანაყოფიერია. ხდება მათი სწრაფი დაჟანგვა, რასაც სითბო და გვალვა იწვევს. აქედან გამომდინარე, უფრო სწრაფად შრება ნიადაგი და ხმება ტყე.

ბუჩქნარის ფენის არარსებობა და ტყის გაახალგაზრდავება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიას საძოვრებად იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ დროისთვის ველური ბუნების ერვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა ამ ტერიტორიის საძოვრად გამოყენების წინააღმდეგ.  კრწანისის ტყე-პარკის გადარჩენა მნიშვნელოვანია როგორც თბილისის, ასევე რუსთავისთვის, პირველ რიგში ბუნებრივი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით, რეკრეაციული დანიშნულებით.

რას მოუტანს ეს პროექტი კრწანისის პარკს? 

ჩვენი პროექტის დაფინანსებით,  ახლახან დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მზის სისტემის 100 კილოვატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს პარკის მთელი ტერიტორიის განათებას და, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული მზის ელექტროსადგურის მეშვეობით  მოირწყვება 50 ჰა ჭალის ტყე, ტყე-პარკში არსებული ტბებიც წყლით შეივსება. უფრო კონკრტულად რომ ვისაუბროთ, მზის ელექტროსადგური  განახლებადი ელექტროენერგიით მოამარაგებს მდინარე მტკვარზე განთავსებულ სატუმბ სადგურს, რომლის მშენებლობაც დაწყებულია და რამდენიმე თვეში დასრულდება ჩვენი პროექტის დაფინანსებით. სატუმბი სადგურის ფუნქცია იქნება ჭალის ტყის წყლით უზრუნველყოფა და კრწანისის ტყე-პარკში არსებული ტბების შევსება.   განახლებადი ელექტროენერგიით მომარაგდება ასევე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ოფისი და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც უახლოეს მომავალში აშენდება პარკის ტერიტორიაზე.

შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, რა შეიცვლება ამ პროექტის განხორციელების შემდეგ კრწანისის პარკში?
ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი ითვალისწინებს როგორც ჭალის ტყის აღდგენასა და შენარჩუნებას, ასევე მდინარე მტკვრის კალაპოტის აღდგენის სამუშაოებს. ჩვენი მიზანია განახლდეს და შენარჩუნდეს ჯანმრთელი ტყე. ამავდროულად, პარკი უზრუნველყოფილი იქნება მდგრადი და მწვანე ენერგორესურსებით. თბილისსა და რუსთავს დაემატება კიდევ ერთი მწვანე სივრცე.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგეგმება მტკვრის აუზის წითელი ნუსხის თევზების აღდგენა. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
დიახ! ჩვენი პროექტის ფარგლებში აშენდება მიწისქვეშა არხი, რომელიც მტკვრიდან ამოღებულ წყალს თითქმის სასმელი წყლის ხარისხის დონემდე გაფილტრავს და ასეთი სახით მიაწვდის თევზსაშენს, რადგან ლიფსიტების სიცოცხლისუნარიანობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს წყლის ხარისხი. ოდნავ მოზრდილი თევზები პარკში არსებულ ტბებში გადანაწილდება, მოგვიანებით კი იგეგმება ამ თევზის მტკვრის აუზში გაშვება, რაც მტკვრის იქტიოფაუნის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. თევზის სახეობებს შორის იქნება მდინარე მტკვრისთვის დამახასიათებელი თევზები, მათ შორის – წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები.

როგორც ვიცით, მდინარიდან წყალი უნდა აიღონ. თქვენი აზრით, ეს რა გავლენას მოახდენს მდინარეზე? შეცვლის თუ არა მის გარემოსდაცვით ხარჯს?  

შეგახსენებთ, რომ პროექტი „მტკვარი II“ რეგიონული პროექტია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. პროექტის ფუნქციაა მდინარე მტკვრის აუზში არსებული წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ტრანსსასაზღვრო დეგრადაციის შემცირება, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესება და ეკოსისტემის შენარჩუნება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მდინარის აღდგენის საპილოტე პროექტების განხორციელებაა.  მტკვარი სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების მასაზრდოებელი წყაროა ჩვენს რეგიონში. ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის მდგრადი მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და რეგიონში წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, დასაწყისშივე გვქონდა გათვალისწინებული, რომ მდინარე მტკვრიდან სატუმბი სადგურის მიერ აღებულ წყალს არ უნდა მოეხდინა რაიმე ზეგავლენა მდინარის გარემოსდაცვით ხარჯზე.  მტკვრიდან წყლის ამოტუმბვა მდინარის მინიმალური დღიური დინების 0.14 პროცენტს არ გადააჭარბებს, რაც იმის გარანტია იქნება, რომ, როგორც მდინარის ეკოსისტემას, ისე მდინარის ქვედა წელში არსებულ ტერიტორიას ამ კუთხით  წყლით მომარაგების საფრთხე არ დაემუქრება.

თქვენი აზრით, როდის დასრულება მთლიანად პროექტი?

როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მზის ელექტროსადგური უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკვარზე სატუმბი სადგურისა და თევზსაშენისთვის მიწისქვეშა არხის მშენებლობა, რაც 2021 წლის მაისისთვის დასრულებული იქნება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები