რეკლამაspot_img

პალიასტომის ტბის გადარჩენა

დოქტორი გრიგოლ აბრამია –  გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

პროფესორი, დოქტორი ბესიკ კალანდაძე – ნიადაგის გეოგრაფიის დეპარტამენტი

პუბლიკაციაში განხილულია  საერთაშორისო დაცული ტერიტორიის, კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში შემავალი პალიასტომის ტბის კრიტიკული ეკოლოგიური მდგომარეობა, იქ არსებულიბაქტერიული და ქიმიური დაბინძურების შედეგად გამოწვეული შესაძლო ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები და წყლის ობიექტისათვის კრიტიკული საფრთხის მატარებელი ევტროფიკაციული პროცესები. ასევე შემოთავაზებულია არსებული პრობლემის შესაძლო გადაჭრის ეტაპობრივი რეკომენდაციები.

პალიასტომის ტბა მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 0,3 მ-ზე. აუზის ფართობი შეადგენს 547 კმ2, სარკისებური ფართობია 18, 2კმ2, სიღრმე- 2,6 მ, წყლის მოცულობაა 52 მლნ.მ3; საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი-ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,10C), ცივია ზამთარში (5,20C). ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰოპოთერმიაა.

1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წელს, დეკემბერში, ძლიერი ზვირთ­ცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა. წყალი გამლაშდა. ტბას იყებნებენ ხე-ტყის დასაცურებლად და თევზსაჭერად.

პალიასტომის ტბა ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს წყალსატევად თევზის რესურსებისათვის, ასევე მაღალ პროდუქტიულ აუზად ბუნებრივი საკვების რესურსებისათვის, მაგრამ ეკოლოგიურმა ფაქტორებმა განაპირობა ტბის გამლაშება, რამაც გამოიწვია ზეგავლენა ტბის სახეობათა შემადგენლობაზე. 1940 წელს თევზების 40 სახეობა იყო, მაგრამ მათი რაოდენობა შემცირდა 24-მდე.

პალიასტომის ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, ტბიდან გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მდ. მალთაყვა პალიასტომის ტბას აკავშირებს ზღვასთან. მისი სიგრძე 1.5 კმ-ს შეადგენს, თუმცა საკმაოდ განიერია (200 მ-დან 300 მ-მდე) და მდორე დინება აქვს. ეს სწორედ ის არხია, რომელიც აიგო პალიასტომის ტბისა და ზღვის დასაკავშირებლად 1924 წელს.

არსებულ ისტორიულ წყაროებში პალიასტომის ტბის აღწერას ვხვდებით სტრაბონთან (ძვ. წ. 64 ან 63 – ახ. წ. 24 წ.), ბერძენ გეოგრაფ, ფილოსოფოსსა და ისტორიკოსთან: „ფაზისი (მდინარე რიონი) ერთვის პონტოს (შავ ზღვას). მდინარე ფაზისთან მდებარეობს იმავე დასახელების ქალაქი. კოლხეთის კომერციულ პორტს ერთი მხრიდან ესაზღვრება მდინარე, მეორე მხრიდან ტბა და მესამიდან – ზღვა.“

ბიზანტიელი ისტორიკოსი და პოეტი აგათია სქოლასტიკოსი(ჩვ. წ. 530– 582/594)

ასევე ახსენებს ტბას, რომელიც მდებარეობს მდინარე რიონის შესართავთან: „იქ არის ტბა, რომელსაც პატარა ზღვას ეძახიან და ერთვის Póntos Áxeinos-ს (შავ ზღვას)“, რაც უდავოდ პალიასტომის ტბა უნდა ყოფილიყო.

პალიასტომი, როგორც ტოპონიმი, პირველად აღნიშნულია მე-15 საუკუნის აღორძინების ხანის რუკაზეც იტალიელი გეოგრაფის ნიკოლო პასკუალინის (1408), ვენეციელი მეზღვაურისა და კარტოგრაფის ანდრეა ბიანკოს (1436) და ზღვის რუკების გამომცემლის ფრედუცი კონტო დი ატამანოს (1497) მიერ. სავარაუდოდ, ტოპონიმის მნიშვნელობა ბერძნული დასახელებიდან მოდის: Palaeo-ძველი და  Stoma-პირი, ღრუ[2].

საქართველოს წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

მთელი რიგი გარემოსდაცვითი კონვენციები, მათ შორის:  1993 წლის ბუქარესტის კონვენცია უზრუნველყოფს შავი ზღვისა და მისი წყალშემკრები აუზის დაბინძურებისგან დაცვას; ბიომრავალფეროვნების 1994 წლის კონვეცია უზრუნველყოფს საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვას; ბონის 2000 წლის კონვენცია უზრუნველყოფს ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვას; ბონის კონვენციის 2001 წლის შეთანხმება იცავს აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველებს; ხოლო, ევროპის ლანდშაფტების 2010 წლის კონვენცია იცავს ევროპის ველურ ბუნებასა და მის ბუნებრივი ჰაბიტატებს.

საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნათა განსახორციელებლად ეროვნული საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოვიდა ამ მოთხოვნებთან.

2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. ქვეყანაში გარემოს მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, ეტაპობრივად ინერგება ევროპული გარემოსდაცვითი პრინციპები და სტანდარტები. ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივა წარმოადგენს წყლის რესურსების დაცვის მიზნით შექმნილ საკანონმდებლო დოკუმენტს, რომლის მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და დაცვა წყლის ყველა კატეგორიისთვის (მდინარეები, ტბები, მიწისქვეშა წყლები, ტრანს-სასაზღვრო ან ტერიტორიული წყლები), და ეფუძნება სააუზო მართვის პრინციპს.

საქართველოში არის 6 ძირითადი მდინარის აუზი: ალაზანი-ივრის აუზი; მტკვრის აუზი; ხრამი-დებედას აუზი; ჭოროხი-აჭარის წყლის აუზი; ბზიფი-კოდორის აუზი; ენგური-რიონის აუზი, რომელსაც მიეკუთვნება პალიასტომის ტბა.

1996 წელს საქართველო შეუერთდა რამსარის კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების” შესახებ.

საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობების კრიტერიუმები, რომლებსაც პასუხობს ობიექტი, შემდეგია: კრიტერიუმების ჯგუფი-ა, ობიექტი მოიცავს იშვიათ და უნიკალურ ჭაობის ტიპებს და პასუხობს 9 კრიტერიუმს, მათ შორის: ობიექტს გააჩნია საერთაშორისო მნიშვნელობა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისათვის; ხელს უწყობდეს ბიომრავალფეროვნების ცხოველთა სახეობებს, აძლევდეს თავშესაფარს წყლის ბინადარ ფრინველებს და რეგულარულად უზრუნველყოფდეს 20 000 ფრინველის მიღებას

კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები, კერძოდ ჭურიის ჭაობები, ნადარის ჭაობები, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა და შავი ზღვის აკვატორია საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიაა. პალიასტომის ტბა წარმოადგენს გადამფრენ ფრინველთა საბინადროს და მათ გამოსაზამთრებელ არეალს. აგრეთვე, ტბას იყენებენ კულტურულ-დასასვენებელ ზონად, საცურაოდ და თევზსაჭერად, ამიტომ წყლის სისუფთავის ხარისხის ეკოლოგიური კონტროლისათვის აუცილებელია განისაზღვროს ბაქტერიული დაბინძურება, რომელიც სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევია.

ამიტომ მიწათსარგებლობის სახელმწიფო დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა.

კოლხეთის ეროვნული პარკი იყოფა შემდეგ უბნებად: ა) ზღვის აკვატორიის უბანი; ბ) ანაკლია – ჭურიის უბანი; გ) ნაბადას უბანი; დ) იმნათის უბანი. კოლხეთის ეროვნულ პარკში და მის მიმდებარედ აღწერილია 300 სახეობის ფრინველი, ხოლო ყოველწლიურად ობიექტს 40 000-მდე ფრინველი სტუმრობს. ფრინველთა რიცხვი ხშირად იზრდება ზამთრის სეზონში აზოვის ზღვის გაყინვის დროს იქიდან პალიასტომის ტბაზე მიგრირებადი ფრინველებით. მრავალი მიგრირებადი სახეობა შეტანილია მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის (ბონის კონვენცია) I და II დანართში და აფრო-ევრაზიული მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შეთანხმებაში.

პალიასტომის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის, მრავალმხრივი გამოყენების წყლის ობიექტია. მას იყენებენ კულტურულ დასასვენებელ ზონად, საცურაოდ და თევზსაჭერად. აგრეთვე ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ და სარეკრეაციო ობიექტს, რომლის რესურსებითაც სარგებლობს ადილობრივი მოსახლეობა. პალიასტომის ტბა წარმოადგენს გადამფრენ ფრინველთა საბინადროს და მათ გამოსაზამთრებელ არეალს. ანთროპოგენულ ფაქტორებთან ერთად მიგრირებად ფრინველთა სახეობებმა შესაძლებელია დააბინძურონ გარემოპათოგენური ბაქტერიებითა და ვირუსებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: მუცლის ტიფი, პარატიფი, დიზინტერია, ბრუცელოზი, ინფექციური ჰეპატიტი, მწვავე გასტროენტრიტი, ციმბირის წყლული, ქოლერა, პოლიომელიტი, კონიუქტივიტი და ა.შ. ბაქტერიოლოგიური დაბინძურება და მისი წყალში გავრცელება.

სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემების მიხედვით, პალიასტომის ტბის ჰიდროქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ მონაცემები ძალიან მწირია. ამიტომ პალიასტომის ტბის, როგორც საერთშორისო მნიშვნელობისა და მრავალმხრივი გამოყენების წყლის ობიექტის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება მეტად აქტუალურია და საჭიროებს სისტემატურ მონიტორინგს.

წყლის შემადგენლობისა და თვისებების მახასიათებელია წყლის ხარისხი, რომელიც ამავე დროს განსაზღვრავს მის ვარგისიანობას ამა თუ იმ კონკრეტული მომხმარებლისათვის.

წყალი შეიძლება შეიცავდეს, აგრეთვე, მძიმე და მსუბუქ ლითონებს: რკინას, მანგანუმს, ტიტანს, სპილენძს, თუთიას, ნიკელს, ალუმინს და ა.შ.

რუკა 1. კოლხეთის ეროვნული პარკი               რუკა 2. წყლის და ფსკერული ნალექების                                                                                 სინჯების აღების ობიექტები პალიასტომის ტბაზე

წყლის ხარისხის დადგენის დროს აუცილებელია განისაზღვროს წყალში ორგანული ნივთიერებანი, პლანქტონი, წყლის ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება.

წყლის ბინადრებში ბიოგენური ელემენტების დაგროვება ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების მეშვეობით საწყის სტადიებზე იწვევს წყლის აუზების ბიოლოგიური პროდუქტიულობის გაზრდას, შემდეგ კი ჟანგბადის პროგრესირებად უკმარისობასა და, აქედან გამომდინარე, ცოცხალი ორგანიზმების მასობრივ დაღუპვას. ამ პროცესს ეწოდება ევტროფიკაცია.

2017-2019 წლებში მოეწყო ექსპედიციები პალიასტომის  ტბის  წყლის ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ფსკერული ნალექების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩასატარებლად, საანალიზო სინჯების ასაღებად. შერჩეული იქნა ძირითად დამაბინძურებლებთან ახლოს მდებარე ობიექტები: მდინარე ფიჩორას შესართავი პალიასტომის ტბასთან, თევზის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, აეროპორტის არხის მიმდებარე ტერიტორია, რეინჯერების ბაზის მიმდებარე ტერიტორია.

მნიშვნელოვანი დაბინძურების წყაროდ ითვლება პალიასტომის ტბაში ჩამდინარე მდინარე ფიჩორა, რომელიც  ერთვის პალიასტომის ტბას აღმოსავლეთ მხრიდან, იგი საზრდოობს, ძირითადად, წვიმის წყლით, უმნიშვნელოდ–მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯია 8,2 მ³/წმ და ძირითადად ბინძურდება მდინარის სანაპიროს გასწვრივ განთავსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან.

მაღალი დაბინძურების წყაროა პალიასტომის ტბაში ჩამდინარე აეროპორტის არხი, რომელშიც ჩაედინება ფოთის კომუნალური საკანალიზაციო წყლები.

პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თევზის ქარხანა ასევე დაბინძურების წყაროს წარმოადგენს, მაგრამ – სეზონურს (ძირითადად, ნოემბერ-დეკემბერში, ქაფშიის რეწვის დროს). რეინჯერების ბაზის მიმდებარე ტერიტორია მიგრირებად ფრინველთა საბინადრო არეალია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი სეზონური დაბიძურების წყაროა (ოქტომბერ–მაისის თვეებში).

პალიასტომის ტბის წყლის და ფსკერული ნალექების სინჯის აღება, დაკონსერვება, შენახვა და ტრანსპორტირება ხდებოდა სტანდარტული მეთოდიკით; წყლის ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების, აგრეთვე, ფსკერული ნალექების ქიმიური მაჩვენებლები განისაზღვრა საველე აპარატურითა და სტაციონარულ ლაბორატორიაში.

         

გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა  დაბალია  და ტოლია 3,6 მგ/ლ-ის.  ჟანგბადის რეჟიმი ახდენს ღრმა გავლენას წყალსატევის სიცოცხლისუნარიანობაზე, გახსნილი ჟანგბადის მინიმალური შემცველობა, რომელიც უზრუნველყოფს თევზების ნორმალურ განვითარებას, შეადგენს  5 მგ/ლ  O2/ლ, მისი შემცირება 2 მგ/ლ-მდე იწვევს თევზების მასობრივ სიკვდილს.

ჩატარებული კვლევიდან ჩანს, რომ სიხისტის მნიშვნელობა,  წყლის კლასიფიკაციის მაჩვენებლის მიხედვით, მიეკუთვნება ძალიან ხისტს.

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილების (ჟქმ) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 5 მგ/ლ,  ჟქმ-ის მნიშვნელობის მიხედვით, ტბის წყალი მიეკუთვნება დაბინძურებულს.მიკროელემენტების (Cu, Mg, Zn, Fe, Pb) კონცენტრაცია წყალში კი აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ-ს), რაც შეიძლება აიხსნას თევზის გადასამუშავებელი ქარხნის ანთროპოგენული წყაროების გავლენითა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების ინტენსიური ქიმიზაციით.

ფსკერული ნალექები ფორმირდება ტბის წყალში არსებული მინერალური და ორგანულ ნივთიერებათა ნაწილაკების დალექვისა და მდინარის მიერ შეტანილი მყარი ნატანით, რის შედეგადაც ხდება ტბის დალამვა და მის ფსკერზე  ტბიური ნალექების წარმოქმნა.  სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებით, ფსკერული ნალექების მძიმე მეტალებით დაბინძურება ძირითადად გამოწვეულია ანთროპოგენული წყაროებით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და  სხვა დარგის საწარმოთა ნარჩენებით.

გამოკვლეული იქნა პალიასტომის ტბის ფსკერული ნალექები. ჩატარებული ანალიზის შდეგებიდან გამომდინარე, პალიასტომის ტბის ფსკერულ ნალექებში მძიმე მეტალების შემცველობა აღემატება საქართველოში ზღვრულად დასაშვებ სიდიდეს.

ტბის წყლის სინჯის აღება, დაკონსერვება, შენახვა,  ტრანსპორტირება და მიკრობიოლოგიური ანალიზი ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ზემოთ შერჩეულ ობიექტებზე მოხდა წყლის ნიმუშების აღება და მათი მიკრობიოლოგიური კვლევა. ჩატარებული მიკრობიოლოგიური ანალიზით განისაზღვრა პათოგენური ბაქტერიების რაოდენობა.

მოცემულ ობიექტებზე დადასტურდა წყლის მაღალი მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რაც 150-200%-ით აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს მოცემული სტატუსის ობიექტისათვის. გასაკუთრებით მაღალი დონის მიკრობიოლოგიური დაბინძურება დაფიქსირდა ოქტომბერ-მაისში (ფრინველების მიგრირების პერიოდში და ივლისი-სექტემბრის თვეებში (ზაფხულის წყლის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას).

მოხდა ტბის წყლის მიკრობიოლოიური დაბინძურების  გავრცელების მოდელირება. მოცემული მოდელური სისტემა შემუშავდა შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით: წყლის სიღრმეების ჰიდროდინამიკური მახასიათებლები; წყლის დონე; ქარის აქტივობა; ჰიდროქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების წერტილები.

მოდელირების პროცესში გამოყენებულ იქნა პალიასტომის ტბის რეალური რელიეფი და განისაზღვრატბის დინების ვექტორული ველები; წყლის თავისუფალი ზედაპირი და მინარევების კონცენტრაცია ტბის აკვატორიაში.

რუკა 3. ტყვიის გავრცელების მოდელირება პალიასტომის ტბაზე

ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, პალიასტომის ტბის, როგორც საერთაშორისო წყლის ობიექტის, გარემოსდაბინძურების დღევანდელი მდგომარეობა იქ მიმდინარე ევტროფიკაციის ფონზე სახიფათო პერსპექტივის ნიშნების მატარებელია. კერძოდ, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების შედეგად ხდება პლანქტონის გამრავლება, რაც იწვევს წყლის ამღვრევას, რის შედეგადაც ფოტოსინთეზის შეფერხების შედეგად იწყება წყალმცენარეთა გადაშენება, რაც,თავის მხრივ,იწვევს წყალში ჟანგბადის შემცირებასა დაორგანიზმების დაღუპვას. დაღუპული წყალმცენარეებისა და ორგანიზმების წყალში ჩაძირვისა და მათი გახრწნის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ფენოლები, გოგირდწყალბადი და მეთანი. მთლიანად იცვლება წყლის ეკოსისტემა, რასაც თან ახლავს „წყლის აყვავება“- ტოქსიკური მოლურჯო-მომწვანე მიკროსკოპული მცენარეების უკონტროლო გავრცელება, რაც იწვევს წყლის ობიექტის სრულ დაჭაობებას.

როგორ შეიძლება ამ სახიფათო პროცესის შეჩერება?

ჩვენ, უდავოდ, დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ,ვინაიდან,გარდა საერთაშორისო ეკოლოგიური კატასტროფისა, რაც შესაძლოა პალიასტომის ტბაში მიმდინარე პროცესებს(უნიკალური დაცული ბუნებრივი ობიექტის, ათიათასობითგადამფრენ ფრინველთა საბინადრო, გამოსაზამთრებელი და ტრანზიტული არეალის მოსპობა)მოჰყვეს. საქართველოს, როგორც ცივილური სახელის მქონე ქვეყანას, მნიშვნელოვნად შეერყევა ავტორიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებთანაღებული უმნიშვნელოვანესი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

დიდ ბრიტანეთში ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და ჰაბიტატების შექმნისათვის ქმნიან ხელოვნურ ჭაობებს,  მათ ჩვეულებრივ უწოდებენ „ლერწმის კალაპოტებს.“

ბუნებრივი ჭაობები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ჩამდინარე წყლების გაწმენდის უზრუნველსაყოფად, თუმცა პირველი დაფიქსირებული ჭაობი, რომელიც დაიგეგმა, როგორც საინჟინრო ნაგებობა ჩამდინარე წყლების გაწმენდის მიზნით, აშენდა 1901 წელს აშშ–ში.

ხელოვნური მიწისქვეშა ჭარბტენიანი ტექნოლოგიის წარმოშობა დაიწყო 1950-იან წლებში გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში, კათე საიდელის მიერ.

ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორიები, მართალია, მარტივია, მაგრამ შესაძლებელია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდის ყველა პირობა და მიაღწიოს დაბინძურების კონცენტრაციის ანალოგიურ შემცირებას უფრო რთულ მექანიკურ აღჭურვილობაზე მეტად ეფექტურად.

ჭაობის მოწყობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მას არ სჭირდება ენერგია და სამუშაოების ხარჯები გაცილებით დაბალია (10–50% –ით იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი გაწმენდა) და დაბალია ტექნიკური მოთხოვნები.

ამგვარად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი მდიდარია ბუნებრივი ჭაობებით, მოცემული ტექნოლოგიის გამოყენება მისაღებად და ეკონომიკურად გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს პალიასტომში შემომავალი, საკანალიზაციო წყლებით დაბინძურებული, აეროპორტის არხის გასაწმენდად. რაც შესაძლოა მოხდეს პალიასტომის ტბის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე.

რაც შეეხება პალიასტომის ტბის დაბინძურებას მდინარე ფიჩორით, ეს საკითხი ტბის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე უნდა მოგვარდესდა უფრო რთული გადასაწყვეტია, ვინაიდან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რაც, ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, კონკრეტული პრაქტიკული ფიტორემედიაციული ქმედებების განხორციელებას მოითხოვს.

ტბის რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე,ფრინველთა აქტიური მიგრაციის პერიოდში (მაისი-ოქტომბერი), ტბაზე მათი საბინადრო არეალების  სანიტარულ პროფილაქტიკური წერტილოვანი   დამუშავებაა საჭირო,ხოლო ტბის გრძელვადიანი რეაბილიტაციის პერსპექტივაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას მისი გამტკნარების პროცესის დაწყება, რაც შეიძლება რეალურად ჩაითვალოს შავი ზღვიდან ღელვის დროს მალთაყვის არხის მეშვეობით ტბაში შემავალი მლაშე წყლისაგან დასაცავი რეგულირებადი დამბის აშენების გზით.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები