რეკლამაspot_img

ანანაურის # 3 დიდი ყორღანი და მისი ხის ეტლები

ადრებრინჯაოს ხანა საქართველოში მოიცავს ძვ.წ.4 ათასწ. მეორე ნახევარსა და ძვ.წ. 3 ათასწლეულს. ეს მეტად მნიშვნელოვანი ეპოქაა სამხრეთ კავკასიისთვის. მდიდარი ბუნებრივი რესურსები, სპილენძის, ოქროსა და სხვა ლითონების მოპოვება და დამუშავება ხელს უწყობს მეტალურგიის განვითარებას.

ამ პერიოდში გავრცელებულია მტკვარ-არაქსის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც, კავკასიის გარდა,გვხვდება აღმ. ანატოლიაში, ჩრდ.დას. ირანში და სირია-პალესტინამდე აღწევს. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ხელით ნაძერწი შავპრიალა კერამიკა, დარიშხნიანი ბრინჯაოს  მეტალურგია. მეურნეობის განვითარება მაღალ დონეს აღწევს, მაგრამ საზოგადოების სოციალური დიფერენციაცია არ არის შორს წასული.

ძვ. წ. 3 ათასწ. შუა ხანებიდან ჩნდება მთელი რიგი ინოვაციებისა, რომლებიც მნიშვნელოვანი ცვლილებების მაჩვენებელია. იწყება დიდი  ყორღანული სამარხების აგება, რომლებიც გამოირჩევა რთული კონსტრუქციითა და მდიდრული ინვენტარით. ადგილობრივი ელიტის ძალაუფლება და სიმდიდრე სწორედ ამ ყორღანებში აისახა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ყორღანები ძველ დროსვე იძარცვებოდა, შესაძლებელია წარმოვიდგინოთ იმდროინდელი ცხოვრების ბრწყინვალება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველი ახალი ძეგლის  შესწავლა, მითუმეტეს, დღეს არსებული ინტერდისციპლინარული მეთოდების მეშვეობით, შესაძლებელია გაცილებით მეტი მრავალმხრივი ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე 30-40 წლის წინ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ზ. მახარაძე) 2012 წელს ალაზნის ველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. ალაზნის მარცხენა მხარე   შეისწავლა

ანანაურის N3 დიდი ყორღანული სამარხი

ყორღანის ყრილი წარმოადგენდა 12 მ სიმაღლის, 100 მ  დიამეტრის ხელოვნურ ბორცვს. ყრილი თიხით იყო მოზვინული და ჰქონდა 0,5-1 მ სისქის რიყის ქვისაგან გაკეთებული ჯავშანი, რომელშიც ობსიდიანის ანატკეცები გვხვდებოდა. ყორღანის ცენტრში, ძველი ზედაპირის დონეზე, აღმოჩნდა მუხის  (0,3-0,35 მ დიამეტრის) მორებით მოგებული მოედანი 25ხ15 მ-ზე. მორების მოედანი დაფარული იყო 0,15-0,2 მ სისქის ნაფოტების ფენით. მოედანი და მის ირგვლივ მიწის ზედაპირი დაფარული იყო წითელი ოქროთი.

მორებით დაწყობილი მოედანი დასაკრძალავი კამერის გადახურვა იყო. თვითონ გადახურვა მუხის მორების ორმაგი ფენისგან შედგებოდა, მათ შორის ჩაფენილი ჭილობით.

გადახურვა ფარავდა ორმოს, დაახლოებით 15X10 მ-ზე, რომელშიც ჩადგმული იყო ხის ნაგებობა. დასაკრძალავი კამერის შიდა ზომებია 9X6,5 მ-ზე, სიღრმე 2,75 მ. კამერა მართკუთხა ფორმისაა, ორიენტირებულიW-F ხაზზე, ოდნავ გადახრით. კედლები ორმაგია, გარეთა რიგი მრგვალი მორებით, ხოლო შიდა რიგი გათლილი ოთხკუთხა 0,2X0,2 მ ძელებით არის ნაგები. იატაკი ფიცრებით მოგებული იყო, ზედ გადაფარებული ჭილობით. გადახურვა ეყრდნობოდა სამ სვეტს და შვიდ ჰორიზონტალურად გადებულ ძელს.

გადახურვა ჩაქცეული იყო კამერაში და დარღვეული რამდენიმე ადგილას. კამერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ეტყობოდა, რომ ჩაჭრილია და შემდეგ გადაფარებულია უფრო წვრილი ძელებით, ფართობი 4X2 მ-ზე.  როგორც შემდგომ გაირკვა, სხვა მიცვალებული იყო ჩასვენებული, ძირითადის გარდა. ასევე კამერის აღმოსავლეთიდან და დასავლეთ კედელთან, ცენტრალურ ნაწილში, ეტყობოდა შეღწევის კვალი, რომელიც მძარცველების თხრილები აღმოჩნდა.

სამარხი ორჯერ გაძარცვული იყო ძველ დროსვე, მაგრამ, როგორც გაირკვა, გაიძარცვა გადახურვის ჩაქცევის შემდეგ, რამაც ნაწილობრივ გადაარჩინა ინვენტარი.

დასაკრძალავ კამერაში აღმოჩნდა ორი ოთხთვალა ეტლი. ეტლი N1, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეტლი N2, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეტლები ორიენტირებულია აღმოსავლეთით, ორი ორნამენტირებული უღელი კამერის აღმოსავლეთ კედელთან იყო, იატაკზე.

გაძარცვის შედეგად, ყველა ჩონჩხი არეული და ნაკლულია. ფიქსირდება შვიდი ინდივიდის ნაშთი. ეტლი N1  – ერთი ინდივიდი ეტლის ძარაზე და მეორე ეტლის ქვეშ, იატაკზე. ეტლი N 2 – ორი ინდივიდი ძარაზე (ერთი მოზარდი), მეორე ეტლის ქვეშ, იატაკზე. ორი ინდივიდი (ერთი მოზარდი) კამერის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში.

ორივე ეტლი თავის დროზე იდგა. კამერის კედლების და გადახურვის კოლაფსმა გამოიწვია მათი დეფორმაცია. ბორბლები დაეცა ძარას და ეტლები გააბრტყელა კამერის იატაკზე. ვერტიკალურად გაჭრილი მძარცველის თხრილი პირდაპირ N1 ეტლის ძარაზე ჩადიოდა (თხრილში, იატაკიდან 1 მ სიმაღლეზე, აღმოვაჩინეთ 3 ოქროს ნივთი, რომლებიც  მძარცველს დაუცვივდა), ხოლო შემდეგ უკვე შიგნით შეაღწია N 2 ეტლთან.

ეტლების კონსტრუქცია იდენტურია მცირე განსხვავებით დეტალებში: სიგრძე _ 2,8 მ, სიგანე _ 1,1-1,2 მ, ძარა წარმოადგენდა შეკრულ ხის ჩარჩოს, ფიცრების იატაკით, ფიგურული ხის დეტალებით წინა და უკანა მხარეს. ჭალები (ბორტები) 0,35-0,4 მ სიმაღლის, ვერტიკალური წვრილი ხის წნელებით გაკეთებული, N 1 ეტლის შემთხვევაში, შიგნიდან ტყავით დაფარული, გარედან წითლად შეღებილი ქსოვილით. N 2 ეტლის შემთხვევაში, შიგნიდან ტყავით დაფარული, ინკრუსტირებული ხის თხელი, ორნამენტით შემკული ფირფიტებით. ბორბლები სამნაწილიანია, ყოველი მათგანი შედგენილია მთლიანი ხისგან (მუხისგან) გამოთლილი, ფარული სოლებით ერთმანეთთან დაკავშირებული სამი სეგმენტისაგან, რომელთაგან შუას აქვს ორივე მხარეს გაშვერილი მძლავრი მორგვი, მრგვალი ნახვრეტით, ღერძის გასაყრელი. ბორბლების დიამეტრი _ N1 ეტლის – 1,55 მ; N 2 ეტლის – 1,45 მ. N 1 ეტლის მეორე და მესამე  და N 2 ეტლის პირველ ბორბალთან, გარეთა მხარეს, მორგვთან, აღმოჩნდა ლითონის სამი დისკოიანი ღერო. ლითონის ამ ნივთების in situ მდგომარეობაში აღმოჩენა, აშკარად მიუთითებს, რომ ისინი ბორბლების ღერძის ჩამკეტს წარმოადგენენ. ორივე ეტლს ზევიდან ედო 3,5 მ სიგრძის, 15 სმ დიამეტრიც ხელნა. როგორც ჩანს, ხელნები მდგარი ეტლების წინ  იყო მიყუდებული.

ანანაური N 3 სამარხი გამოირჩევა ორგანული მასალების  კარგი დაცულბით. მიუხედავად გაძარცვისა, სამარხში აღმოჩნდა მრავალფეროვანი ინვენტარი:  ხისორი ორნამენტირებული ეტლი, ხის სავარძელი და სამფეხა ჭურჭელი, შავპრიალა ორნამენტირებული კერამიკა, ობსიდიანის ისრისპირები, ქალცედონის რგოლი, შალისა და სელის ქსოვილისა და ტყავის ნაკეთობები, სარდიონის, შავი ონიქსისა და ქარვის მძივები. ქარვის ეს ნაკეთობა, დღევანდელი მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია არა მარტო კავკასიაში, არამედ მთელს ახლო აღმოსავლეთში. ლითონის სამი დისკოიანი ღერო, ეტლებთან დაკავშირებული ოქროსაგან დამზადებული 23 ნივთი, სამკაული- მძივები, უმბონები, საკიდები.

მეტად მდიდარია პალეობოტანიკური მასალა. დიდი რაოდენობით მოპოვებულია თხილი (Corylos avellana), წაბლი (Castanea vulgaris) რომელიც დაწნულ კალათებში იყო და მათთან ერთად ტყის კენკროვანი მცენარეების ნაყოფები (Physalis alkekengi, Prunus spinosa), რაც უნიკალური შემთხვევაა. კენკრა ამოვლებული იყო თაფლში და შერჩენილი ჰქონდა ფორმა და ფერიც, რაც ძნელად წარმოსადგენი იყო 44 საუკუნის გასვლის შემდეგ.

ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ თაფლი გამოყენებული იყო, როგორც ჩანს, მიცვალებულების ბალზამირებისთვისაც, რადგან მისი კვალი აღმოჩნდა ადამიანის ძვლებზე და სელის ქსოვილზე.

ანანაურის N3`დიდი ყორღანი, მოპოვებული მასალის საფუძველზე, თარიღდება ძვ.წ. III ათასწ. შუახანებით. რადიოკარბონული მეთოდით დათარიღებამ აჩვენა, რომ ეს ყორღანი აიგო ძვ.წ. 24-ე საუკუნის პირველ ნახევარში. მიეკუთვნება ბედენის არქეოლოგიურ კულტურას.

მარტყოფისა და ბედენის ყორღანების შესწავლამ გვიჩვენა რომ, სამხრეთ კავკასიის საზოგადოება ამ პერიოდში მეტად რთულია. ყორღანებში დაკრძალული ბელადები ძალაუფლებას ფლობდნენ არა მარტო სამხედრო უპირატესობის გზით, არამედ რელიგიური ფუნქციების შესრულებით, ხოლო მათი სიმდიდრის საფუძველი შესაძლოა იყოს ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გაცვლა-ვაჭრობის კონტროლი. ამიტომ არის მე-3 ათასწ. მდიდრული ყორღანების კონცენტრაცია აღმ. საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ძირითადი გადასასვლელები კავკასიონზე.

ამ ეპოქაში ვრცელდება ოთხთვალა ხის ეტლზე დაკრძალვის რიტუალი. მას ვხვდებით ურის “სამეფო” სამარხებში, სამხრეთ კავკასიის ყორღანებში, ჩრდ. კავკასიისა და ჩრდილო შავიზღვისპირეთის სტეპების სხვადასხვა კულტურებში აღმ. ევროპამდე. სამხრეთ კავკასიის ყორღანებში ჩნდება სხვადასხვა ელემენტი, რომლებიც შორეულ კონტაქტებზე მიუთითებენ, ქარვა და სხვა.

სამხრეთ კავკასიის მდიდრულ ყორღანებში ფიქსირდება ადამიანის მსხვერპლშეწირვის ფაქტი, რთული რიტუალები, დაკავშირებული  მზის კულტთან, და სხვა საინტერესო მოვლენები, რომლებიც შეისწავლას მოითხოვს.

ანანაურის N3 ყორღანი ერთ-ერთი ეტალონური ძეგლია ამ ეპოქისა და თანამედროვე ინტერდისციპლინარული კვლევების მეშვეობით ბევრი ახალი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები