რეკლამაspot_img

ევროპელები საქართველოში

საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიაში, არაერთმა
ევროპელმა მეცნიერმა იმოგზაურა. კავკასიის რეგიონი განსაკუთრებით საინტერესო იყო
სამეცნიერო ექსპედიციების მოსაწყობად – ბოტანიკური, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული
თუ ანთროპოლოგიური მასალის შესაგროვებლად.

ჟურნალი „ველური ბუნება“ გთავაზობთ რუბრიკას საქართველოში ევროპელი
მეცნიერების მოგზაურობის შესახებ. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით
საინტერესო უნდა იყოს, როგორ აღწერდნენ საუკუნეების წინანდელ საქართველოს
ევროპელი მკვლევრები.
სტატიების ციკლს ვიწყებთ ორი იტალიელი მეცნიერის, ემილ ლევიესა და სტეფან
სომიეს კავკასიური თავგადასავლის გაცნობით.

ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში

ემილ ლევიე 1838 წელს შვეიცარიის ქალაქ ბერნში დაიბადა. სამედიცინო განათლება
მიიღო ბერნის უნივერსიტეტში, რომელიც 1860 წელს დაამთავრა და იქვე მუშაობდა
ექიმად, სანამ 1865 წელს ფლორენციაში არ დასახლდა. ენების ცოდნის გამო მის
სამედიცინო მომსახურებაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო იტალიაში მცხოვრებ
უცხოელებს შორის. როგორც მისი მეგობარი და კოლეგა, იტალიელი ბოტანიკოსი სტეფან
სომიე აღნიშნავდა, ლევიეს აფასებდნენ და პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მისი
პროფესიონალიზმის, არამედ იმ გულისხმიერებისა და თანაგრძნობის გამო, რომელსაც
იგი პაციენტებთან ურთიერთობისას იჩენდა.
ემილ ლევიე ბოტანიკამ ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა. ამ გატაცებაში დიდი როლი
ითამაშა მისმა ახლო მეგობარმა, ბოტანიკოსმა შარლ გოდემ, რომელსაც ლევიე მთელი
ცხოვრების მანძილზე დიდი მადლიერებით იხსენებდა. ფლორენციაში საცხოვრებლად
გადასვლის შემდეგ იგი ჯერ ადგილობრივი ფლორით დაინტერესდა და კოლექციების
შეგროვება დაიწყო, შემდეგ კი თანდათან მისი ინტერესის არეალი მთელ იტალიაზე,
მოგვიანებით კი ევროპაზე გავრცელდა.


1890 წელს ემილ ლევიე, სტეფანო სომიესთან ერთად, კავკასიაში გაემგზავრა
ოთხთვიან ექსპედიციაში, რომლის დროსაც არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის, არამედ
სიცილიის, თურქეთისა და საბერძნეთის ბოტანიკური კოლექციები შეაგროვა. კავკასიაში
მოგზაურობის დროს მოპოვებული კოლექციების პუბლიკაციისთვის მცენარეებს თვითონ ხატავდა. სამუშაოს შესრულებისას იგი ყოველთვის სკრუპულოზური იყო, რაც ასევე კარგად ჩანს სომიესთან მის მიმოწერაში. სიცოცხლის მანძილზე ლევიემ შეაგროვა ფლორის დიდი კოლექცია, რომელიც 47 000 სახეობას მოიცავდა. ამ ჰერბარიუმის ერთი ნაწილი 1912 წლის 17 ნოემბერს ლევიეს
მეუღლემ, მატილდამ საჩუქრად გადასცა ფლორენციის ბოტანიკის მუზეუმს, დარჩენილი
ნაწილიც სამი წლის შემდეგ იმავე მუზეუმში მოხვდა – როგორც ამას ლევიეს შვილი,
ალესანდრო წერს სომიესთვის გაგზავნილ წერილში, მუზეუმმა მატილდა ლევიესგან ეს
ნაწილი 12 000 ფრანკად შეიძინა: „განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ მამაჩემის
ორივე კოლექცია – ფანეროგამული და ბრიოლოგიური – კვლავ გაერთიანდა ფლორენციის
მუზეუმში და ისინი იტალიას არ დატოვებს“.
ლევიეს განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი იყო სტეფან (სტეფანო) სომიე –
ცნობილი ბოტანიკოსი და ანთროპოლოგი. სომიე დაიბადა ფლორენციაში, 1848 წელს. მას
ფრანგი მშობლები ჰყავდა და იტალიის მოქალაქეობა 21 წლის ასაკში მიიღო. 1870 წელს
სომიემ იტალიაში მოგზაურობა და თავისი პირველი ბოტანიკური კოლექციის –
ჰერბარიუმის შედგენა დაიწყო. იგი თავდაპირველად ტოსკანის რეგიონში მუშაობდა,
მოგვიანებით კი გააფართოვა საკვლევი არეალი. სომიე იტალიის ბოტანიკოსთა
საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელი იყო 8 წლის
მანძილზე. მან სიცოცხლის მანძილზე ევროპის მრავალი მუზეუმისა სამეცნიერო
დაწესებულების ჰერბარიუმი გაამდიდრა საკუთარი კოლექციებით. გარდაცვალების
შემდეგ კი, 1922 წელს, მისი კოლექციები ფლორენციის ბოტანიკის მუზეუმს გადაეცა.
სომიეს სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს 170-მდე პუბლიკაციას ბოტანიკის,
გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის შესახებ.

კავკასიით დაინტერესება XIX საუკუნის ევროპაში
1890 წელს ემილ ლევიე და სტეფან სომიე ბოტანიკური და ანთროპოლოგიური კვლევის
მიზნით კავკასიაში გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ 1880-90-იან წლებში კავკასიაში
განსაკუთრებით ბევრი გეოლოგიური, გეოგრაფიული, ბოტანიკური, ანთროპოლოგიური,
არქეოლოგიური თუ სხვა სამეცნიერო ექსპედიცია ჩატარდა. ყოველი ასეთი ექსპედიციის
შემდეგ შეგროვებული სხვადასხვა ტიპის კოლექცია ევროპის სამეცნიერო
დაწესებულებებსა და მუზეუმებში იდებდა ბინას. გარდა ამისა თითქმის ყველა
მკვლევარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქვეყნებდა საკუთარი მივლინების
შესახებ ანგარიშს, რომელშიც, ექსპედიციის შედეგებთან ერთად, ადგილობრივი
მოსახლეობის აღწერასაც ვხვდებით. როგორც სომიე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ
კავკასიაში ტურნეფორისა და გიულდენშტედტის მოგზაურობის შემდეგ ბევრმა
ბოტანიკოსმა იმოგზაურა, ამ ფართო რეგიონის მცენარეების შესახებ კვლავ მრავალი საკითხი იყო შესასწავლი. სომიესა და ლევიეს მიზანი იშვიათი მცენარეების შეგროვება
და შესწავლა, ხოლო უკვე ცნობილი მცენარეების შემთხვევაში კი მონაცემების
დაზუსტება იყო.

ამგვარად, 1890 წლის მაისში სომიე და ლევიე ლივორნოდან გემით გაემგზავრნენ
კავკასიაში, ოთხთვიან ექსპედიციაში, აჭარის, სვანეთის, კოდორის ხეობისა და
ჩერქეზეთის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფლორის აღმოსაჩენად. ბოტანიკური
კოლექციების შეგროვებასთან ერთად, ექსპედიციის მიზანი იყო ანთროპოლოგიური
კვლევების ჩატარება და ამ მიზნით ფოტოების გადაღება. სომიესა და ლევიეს თან
ახლდათ ტოსკანელი გლეხი კონსტანტინო ვანუკი, მეტსახელად გოსტო, სან მარჩელო
პისტოიეზედან, რომელიც ექსპედიციაში ყოფნისას, მცენარეების გაშრობასთან ერთად,
ასევე კარგად ითავსებდა მონადირისა და მზარეულის საქმეს.
ევროპაში დაბრუნებისას ორივე ბოტანიკოსის უმთავრესი საზრუნავი კო ლექციების
დახარისხება, შესწავლა, და პუბლიკაციების მომზადება იყო. ლევიემ და სომიემ
კავკასიაში მოგზაურობისას მცენარეთა 1627 სახეობა შეაგროვეს. მოგზაურობიდან
ჩამოტანილი თესლები ოთხ კოლეგას სხვადასხვა ბოტანიკურ ბაღებსა და სანერგეებში
გაუგზავნეს გასამრავლებლად. ესენი იყვნენ: ლუიჯი აიუტი ფლორენციის ბოტანიკურ
ბაღში, ჰენრი კორვონი ჟენევის ბოტანიკურ ალპურ ბაღში, კარლ შპრენგერი ნეაპოლის
მახლობლად სან ჯოვანი ატედუ კიოს სანერგეში და მაქსიმილიან ლაიხტლინი ბადენ-
ბადენის ბოტანიკურ ბაღში. ამგვარად, საკუთარ სანერგეებსა და ბოტანიკურ ბაღებში
გაზრდილ ცოცხალ თუ გამხმარ მცენარეებს კოლეგები ლევიესა და სომიეს უგზავნიდნენ,
რაც ამ ორ ბოტანიკოსს საშუალებას აძლევდა მცენარეთა განვითარების ყველა ფაზა
შეესწავლა და უკეთ აღეწერა ისინი. ლევიესა და სომიეს კორესპონდენციაში ვხვდებით
მათი კოლეგების წერილებს, რომლებშიც ისინი პერიოდულად სწერენ, თუ როგორ
ხარობს ბაღებში კავკასიიდან ჩამოტანილი მცენარეები.
წერილები კავკასიიდან – პირველი პუბლიკაცია შვეიცარიულ ლიტერატურულ
კრებულში Bibliothèque universelle et Revue suisse ლიტერატურული კრებულია, რომელიც 1862-1924 წლებში ლოზანაში იბეჭდებოდა. სწორედ ამ კრებულში გამოქვეყნდა პირველად, ლევიეს ავტორობით, 1890 წელს ლევიესა და სომიეს მოგზაურობა კავკასიაში. თხრობას
წერილების ფორმა ჰქონდა და როგორც პირველი სტატიის შესავალში კრებულის
რედაქტორი აღნიშნავდა, ეს იყო წერილები, რომლებსაც ლევიე თავისი მოგზაურობის
მანძილზე ოჯახს უგზავნიდა და რომლებშიც საკუთარ შთაბეჭდილებებს აღწერდა.
წერილები ოჯახმა ლიტერატურულ კრებულს გადაუგზავნა გამოსაქვეყნებლად, რა თქმა
უნდა, პირადი მიმოწერის გარეშე, კრებულის რედაქციამ კი მათი გამოქვეყნება
საინტერესოდ მიიჩნია.

კრებულში გამოქვეყნებული პირველი ტექსტი თარიღდება 1890 წლის 29 მაისით და
ლევიესა და სომიეს ისკიას კუნძულიდან გამგზავრებას აღწერს. ლევიეს წერილები 4
ნაწილად იყო დაყოფილი და ოთხი წლის მანძილზე პერიოდულად ქვეყნდებოდა ამ
კრებულში. 1890 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ნომრებში გამოქვეყნებულ
ნაწილს ერქვა „ლივორნოდან ბათუმამდე“; 1891 წლის მაისიდან ოქტომბრის ნომრის
ჩათვლით – „მოგზაურობა კავკასიაში“; 1892 წლის ივნისიდან აგვისტომდე და
ოქტომბრიდან დეკემბრის ნომრის ჩათვლით -„კავკასიის შუაგულში“; ხოლო 1893 წლის
მარტის, აპრილისა და მაისის ნომრებში გამოქვეყნებულ დასკვნით ნაწილს კი
„კავკასიიდან დაბრუნება“.
ლევიეს თხრობის სტილი საოცრად ცოცხალი და იუმორით აღსავსეა. ავტორი დიდი
ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდება ტექსტს. იგი ცდილობს, რომ ტექსტი
თანაბრად საინტერესო იყოს ნებისმიერი მკითხველისთვის – მათთვის, ვისაც უბრალოდ
თხრობა აინტერესებს და მათთვისაც, ვინც ბოტანიკით არის გატაცებული, ამიტომ
ხშირად მცენარეების დასახელებებს ლათინურ შესატყვისებს უწერს, ოღონდ ისე, რომ
ბოტანიკურ კვლევებს საფრთხე არ მიაყენოს. სომიეც აქტიურად არის ჩართული
ტექსტში და გამომცემლობაში გაგზავნამდე ლევიეს მეუღლის, მატილდას შემდეგ,
სწორედ ის კითხულობს ტექსტს.

სომიეს ფოტოკოლექცია
ფლორენციის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცულია
სტეფან სომიეს სამი ფოტოკოლექცია: ფინეთი, კავკასია და ციმბირი. კავკასიური
კოლექცია 1890 წლის ექსპედიციის დროს გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ამ
ფოტოებთან დაკავშირებულ ისტორიებს ემილ ლევიე ხშირად იხსენებს თავის
სტატიებსა და წიგნში. სულ კავკასიის კოლექციაში შედის 78 ფოტო, საიდანაც ერთი
კადრი ორჯერ მეორდება. ეს არის მოგზაურობის დროს გადაღებული ხედები,
პორტრეტები და ჯგუფური ფოტოები, რომლებიც დაბეჭდილია ალბუმინის ქაღალდზე
და დაკრულია მუყაოზე. 78 ფოტოდან 34 გადაღებულია საქართველოში.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია სვანეთში გადაღებული ადგილობრივთა პორტრეტები.
ფოტოებს უკანა მხარეს ზოგჯერ ფანქრით აქვს მიწერილი სათაური. შესაძლებელია ეს
XIX საუკუნეშივე გაკეთებული მინაწერები იყოს. თითქმის ყველა ფოტო უკანა მხარეს
დანომრილია ფანქრით, თუმცა ნუმერაცია არეულია და, საბოლოო ჯამში, იგი ფოტოების
რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.
ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე გთავაზობთ ამონარიდს წერილებიდან ამ ორი იტალიელი
ბოტანიკოსის კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ,
თუ რა საკითხები იქცევდა XIX საუკუნის დასასრულის ევროპელ მოგზაურთა და
ქართველ მკითხველთა ყურადღებას.

გამოყენებული ლიტერატურა – ანა ჭეიშვილი, ანა მარგველაშვილი, „ემილ ლევიეს
მოგზაურობა კავკასიაში“, 2020 წ.

მოამზადა ირინა ჯაფარიძემ

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები