რეკლამაspot_img

საგამომცემლო საქმე თბილისში

მირიან ხოსიტაშვილი – ეთნოლოგიის დოქტორი

იმ დროს, როდესაც საქართველოს ძალიან მძიმე დროება ედგა, იოჰან გუტენბერგმა XV საუკუნის შუა ხანებში მსოფლიოს წიგნის საბეჭდი დაზგა შეუქმნა, ამ აღმოჩენიდან დიდი დროის, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1629 წელს, უცხოეთში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი. „ქართულ-
იტალიურმა ლექსიკონმა“ დღის სინათლე რომში იხილა. მოგვიანებით, 1708- 1709 წლებისათვის, ქართლის მეფემ, ვახტანგ VI-მ წიგნის საბეჭდი სტამბა თბილისშიც მოაწყო, რომელმაც მხოლოდ 1723 წლამდე იარსება. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ევროპულ ანალოგებს. აღნიშნულ სტამბაში დაიბეჭდა : „სახარება“, „სამოციქულო“, „ვეფხისტყაოსანი“, „დავითნი“ და სხვები. 1749 წელს ერეკლე II-მ ახალი სასტამბო დანადგარი მოაწყო, მაგრამ 1795 წელს, თბილისის დარბევის დროს, „ სტამბა დაშთა უქმად და მბეჭდავნი უსაქმოდ“ (პ. იოსელიანი, ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა, თბ. 1978, გვ. 106). ამის შემდეგ, 1802 წელს, კავკასიის რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ თავისი პირველი სტამბა თბილისში დაარსა. მას ეწოდა კავკასიის სამხედრო ოკრუგის შტაბის სტამბა.
1828 წელს, სოლომონ დოდაშვილის ინიციატივით, დაარსდა ქართული სტამბა, რომელშიც იბეჭდებოდა „ტფილისის უწყებანი“. ამის შემდეგ გაიხსნა კავკასიის მეფისნაცვლის სტამბა, სადაც იბეჭდებოდა გაზეთი „კავკაზი“, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე იწყება კერძო სტამებების ჩამოყალიბება. ამ დროს წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და ბროშურები მხოლოდ ქართულ ენაზე კი არა, არამედ იბეჭდებოდა აზერბაიჯანულად, აფხაზურად, ოსურად, ჩეჩნურად, ყაბარდოულად და გერმანულადაც კი (ო.ჯანელიძე, თბილისი- კავკასიის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი (XX საუკუნე), გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული, 2020, N19, გვ. 252). XX საუკუნიდან იწყება არალეგალური-იატაკქვეშა სტამბების არსებობა, რაც პირდაპირ კავშირში იყო პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და მათ
მრავალფეროვნებასთან. მათგან ყველზე ცნობილი აღმოჩნდა ავლაბრის არალეგალური სტამბა, რომელიც 1903-1906 წლებში მოქმედებდა და ძირითადად ბოლშევიკური გაზეთები იბეჭდებოდა. დღეს ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია. 1918 წლის 26 მასის შემდგომ საქართველოს დედაქალაქშიც განჩნდა რამდენიმე ახალი სტამბა, კერძოდ: სახელწიფო სტამბა, დამფუძნებელთა
კრების, საქართველოს მთავრობისა და სხვა. ამას ემატებოდა ცალკეულ სამინისტროებსა და უწყებებს დაქვემდებარებული სტამბები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ განიცდიდა კულტურული მიღწევების სიმცირეს. წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პლაკატები, საფოსტო მარკები, სარეკლამო აფიშები და ღია ბარათები გამოირჩეოდა სიუხვითა და მრავალფეროვნებით. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, პირველ რიგში განათლების ნაციონალიზაცია დაიწყო,
შესაბამისად, იბეჭდებოდა ახალი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამოიცა 150-ზე მეტი გაზეთი, 60-მდე ჟურნალი და 600-მდე დასახელების წიგნი. აღსანიშნავია, რომ ასეთი მრავალფეროვნება, თემატიკა და ხარისხი განსაზღვრავდა კულტურის დონესა
და ხასიათს. ცხადია, იმ პერიოდის პოლიტიკურ ლიდერებს კარგად ესმოდათ საგამომცემლო საქმიანობის მნიშვნელობა. ამას მოწმობს ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა ამ საქმიანობაში, რაც მათ საზოგადოებში ცნობადობის გაზრდასაც განაპირობებდა; ზოგი კი თავად იყო ამა თუ იმ წიგნის ავტორი, ბევრი მათგანის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა პერიოდულ პრესას.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან რევულუციური მოძრაობის აღმავლობასა და ეკონომიკურ კრიზისს მეფის რუსეთის მხრიდან წნეხი და შევიწროება ახალი ძალით დაატყდა თავს ქართულ საგანმანათლებლო სფეროსა და კულტურას. საქართველოს რუსიფიკაციის გზაზე იმპერიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქართული ენის განდევნა როგორც საერო სკოლებიდან, ასევე
სასულიერო სასწავლებლებიდან. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან ქართველ მასწავლებლებს მასობრივად ათავისუფლებდნენ და მათ ადგილს რუსი და სხვა ეროვნების პედაგოგები იკავებდნენ, რომ ქართული ენის სწავლებისთვის ხელი შეეშალათ. ამ რუსიფიკაციის შემოტევას მტკიცედ აღუდგნენ წინ ქართველი ხალხი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და მის დასასრულს ცარიზმის გარუსების პოლიტიკამ, რომელიც იმპერიის განაპირა მხარეებში ხორციელდებოდა, კრახი განიცადა.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის (ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის) უდავოდ დიდი მოვლენა იყო 1917 წელს 19 ნოემბერს ჩატარებული ეროვნული ყრილობა. სხვა საკითხებთან ერთად, ყრილობამ საფუძვლიანად იმსჯელა და აუცილებლად მიიჩნია სკოლის ნაციონალიზაცია (გაქართულება).  1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სფეროს. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში უამრავი სირთულე და გამოწვევა იყო
საქართველოს წინაშე, მთავრობა ახერხებდა ბიუჯეტის 7% განათლების საჭიროებისთვის გამოეყო (1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით ეს თანხა 137 456 956 მანეთს შეადგენდა. ი.ირემაძე, „დემოკრატია სოციალურის ინერციით“ – რესპუბლიკა ახალი სკოლის შენებაში.https://civil.ge/ka/archives/249198)

განათლების სისტემის შეცვლასა და ახალი სისტემის დანერგვას სათავეში ჩაუდგა სახალხო განათლების სამინისტრო. სამინისტროს მუშაობის ძირითადი მიმართულება სკოლის გაქართულება, სხვადასხვა სასწავლებლების გახსნა და განათლების ეროვნული სისტემის შექმნა- ჩამოყალიბება იყო. ქართული სახელმწიფოს საგანმანათლებლო
სისტემის ფორმირებაში მისი დედაქალაქი თბილისი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. იგი არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრს, არამედ სამხრეთ კავკასიის კულტურულ, ეკონომიკურ და საგანმათლებლო მთავარ ქალაქს წარმოადგენდა.

პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, საგანმანათლებლო თვალსაზრისით, მთელი რიგი რეფორმები გაატარა. მთავარი, რაც დაიგეგმა იყო, საშუალო სკოლის მოზარდი თაობის აღზრდა და უმაღლესი სასწავლებლისთვის მომზადება. სასკოლო რეფორმის მოსამზადებელ კომისიას ცნობილი მეცნიერი დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიამ შეიმუშავა სახალხო განათლების ერთიანი გეგმა და სასწავლო პროგრამები, რომელიც თანმიმდევრულად ინერგებოდა პრაქტიკაში. განხორციელებული რეფორმების მიხედვით, ერთიანი სასკოლო სისტემა სამი საფეხურისაგან შედგებოდა: პირველი ე.წ. სახალხო სკოლა, მეორე – უმაღლესი დაწყებითი სკოლა და მესამე – ოთხკლასიანი საშუალო სკოლა, რომელიც მე-5 კლასიდან იწყებოდა. (ო. ჯანელიძე, ა. დაუშვილი, მ. ხოსიტაშვილი, თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში, თბ., 2019, გვ. ). სასწავლო საგნებიდან ამოიღეს კლასიკური ენები, სანაცვლოდ, სასწავლო პროგრამაში შეიტანეს გერმანული, ინგლისური და ფრანგული ენები. კომისია გულდასმით ეცნობოდა თითოეული საგნის შინაარსს, დიდი ყურადღებით ეკიდებოდა სწავლების მეთოდიკას, სახელმძღვანელოების შერჩევას, სწავლებისას თვალსაჩინოების გამოყენებას, თეორიული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოყენებას.

ქვეყანაში საგანმანათლებლო რეფორმისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნასა და სასწავლო კურსში ჩართვას. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი სახელმძღვანელოების გამოცემას, როგორებიც იყო: იაკობ გოგებაშვილის „ დედაენა“ და „ბუნების კარი“, დიმიტრი უზნაძის „ძველი საბერძნეთი“ და „ რომის ისტორია“, მიხეილ ზაალიშვილის „ბუნების მოკლე სახელმძღვანელო – ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია“, სიმონ ქვარიანის „საქართველოს ისტორია შემოკლებული და ეპიზოდური
კურსი“, ილია ფერაძის „საქართველოს მოკლე ისტორია“, სიმონ ხუნდაძის „ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო“, ალექსანდრე ჯანელიძის „დაწყებითი ფიზიკა“, გიორგი ახვლედიანის „რუსული ენის გრამატიკა“. საშუალო სკოლებში გათვალისწინებული იყო: დედაენის, მშობლიური ლიტერატურის, სამშობლოსა და მსოფლიო ისტორიის, გეოგრაფიის,
ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, ზნეობისა და უფლებების, ფიზკულტურის, ხელგარჯილობის და სხვა დისციპლინების სწავლება (ტ. სარიშვილი. სკოლა და პედაგოგიური მიმდინარეობანი რევოლუციურ საქართველოში, განათლება. თბ., 1956, გვ. ). სახელმძღვანელოები იბეჭდებოდა თბილისისა და ქუთაისის სტამბებში, ასევე ოზურგეთში. თბილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქი, ისევე როგორც ბევრ სფეროში, წიგნის ბეჭვდა-გავრცელების საქმეშიც მთავარი ქალაქისა და ცენტრის როლს ასრულებდა. იმ პერიოდისთვის დედაქალაქში თავი მოიყარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილმა ავტორებმა. თბილისში მუშაობდა რამდენიმე კომისია, რომლებსაც სახელმძღვანელოების შინაარსობრივი ნაწილის განხილვა ევალებოდათ. ასევე განათლების სამინისტრო ყურადღებით აკვირდებოდა მთარგმნელობით საქმიანობას, კონკრეტულად კი იმ ტიპის გამოცემებს, რომლებიც უცო ენიდან ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების პარალელურად ქართულენოვანი სახელმძღვანელოები შეიქმნა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც, რაც მთლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა დამსახურებაა. მათი ჩამონათვალი უტყუარი დადასტურებაა განსაკუთრებული შრომისა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში არაერთი საინტერესო ჟურნალი და გაზეთი გამოდიოდა, რომლებიც დაკავშირებული იყო საგანმანათლებლო სფეროსთან. ამ გამოცემათაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჟურნალი „განათლება“, რომელშიც აქტიურად შუქდებოდა სასკოლო რეფორმის მიმდინარეობა, სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ამბები. ყოველთვიურ ჟურნალში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საგამომცემლო საქმიანობას. იბეჭდებოდა ინფორმაცია თითქმის ყველა სახელმძღვანელოს შესახებ, რომლებიც იმ პერიოდში საქართველოში გამოიცემოდა და მათ „განათლების“ ფურცლებზე გარკვეული გამოხმაურებაც მოჰყვებოდა ხოლმე. ცალკე აღსანიშნავია საქმიანობა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, რომელსაც დაფუძნებიდან მთელი მისი არსებობის განმავლობაში მრავალი ეროვნული საქმე აქვს გაკეთებული. ამ საზოგადოების უმთავრესი მიზანი საქართველოში განათლების დონის ამაღლება და ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება იყო. პირველი რესპუბლიკის დროს განათლების რეფორმა შეეხო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ორგანიზაციას. ეს საზოგადოება დიდ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, ამიტომ მთავრობამ, განათლების სამინისტროს მეშვეობით, 10-მილიონიანი ფონდიდან გამოუყო 500 000 მანეთი სახელმძღვანელოების და სხვა ლიტერატურის დასაბეჭდად. გამოსაცემ წიგნთა სიაში იყო „დედა-ენა“, „ბუნების კარი“, მათემატიკის, ფიზიკის სახელმძღვანელოები, რუსულ-ქართული ლექსიკონი დ. კარიჭაშვილისა, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ვაჟა- ფშაველას, დ.კლდიაშვილის, გ. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, რ. ერისთავის, ნ. ლომოურის თხზულებები, ასევე – უცხო ენებიდან თარგმნილი საკითხავი ლიტერატურა.

თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას უნდა მისცემოდა ნაწილ-ნაწილ, უპროცენტოდ, თავად ორგანიზაციას ასევე ეტაპობრივად უნდა დაებრუნებინა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 1919 წლის 26 ივლისს მიიღო. გამოსაცემ წიგნებს არჩევდნენ წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებული სპეციალური კომისიები:

1. ლიტერატორ-კრიტიკოსთა (წევრები: ივ. გომართელი, დ. კასრაძე, ვ. ბაქრაძე, დ. ხოშტარია, შ. დედაბრიშვილი);
2. ისტორიკოსთა (ივ.ჯავახიშვილი, გრ. ნათაძე, ალ. ჟორჟოლიანი, პ. ინგოროყვა, ს.ს კაკაბაძე, ე. თაყაიშვილი, კ. ქავთარაძე, მ. ჯანაშვილი);
3. საბუნებისმეტყველო (ს. იაშვილი, ს. გულისაშვილი, ტ. ხარაძე, მ. სირაძე, თ. ყიფშიძე);
4. პირველდაწყებითი სახელმძღვანელო წიგნების შემსწორებელი (ივ. გომელაური, თ. კიკვაძე, პ. კაკაბაძე, იპ. ვართაგავა და სხვა).

აღნიშნული კომისიების მუშაობის დროს გამოიცა შემდეგი სახის უმნიშვნელოვანესი წიგნები: ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა, აზრის მნათობი; აჩრდილი, ი. ჭავჭავაძისა; ასპინძის ომი, ი. გოგებაშვილისა; ბუნების ცოდნა, პოლ. ბერისა. გეომეტრია, ll ნაწ. ყიფიანისა. გულივერის მოგზაურობა. „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროის სცენები“, „დედა და შვილი“, „დიმიტრე თავდადებული“, – ი. ჭავჭავაძისა; „გიორგი სააკაძე“, ს. კაკაბაძისა; „გადამდები სნეულებანი,“ მ. წინამძღვრიშვილისა; „დედა-ენა“, პირველი ნაწილი მაჰმადიანთათვის. „დედა-ენა“, მეორე ნაწილი, მაჰმადიანთათვის. „თავდადებულნი ქართველნი“, „თავდადებული ქართველი ეჯიბი“, ი. გოგებაშვილისა; ლექსები და პოემები, გ. ქუჩიშვილისა. „მოგზაურობა სისხლის წვეთისა“, თიკანაძისა; მოთხრობები, ი. ევდოშვილისა; მოთხრობები, ეკ. გაბაშვილისა; მეორე ნაწ. მცირეწლოვანთათვის, მეხის ამბავი, ოქროს თავთავი, შ. მღვიმელის;. „რობინზონ კრუზო“, საყმაწვილო მოთხრობები, ი.ევდოშვილისა; „სახალხო ასტრონომია“, პირველი ნაწ. ნ. კალანდაძისა; „საქართველოს საზღვრები“, ივ. ჯავახიშვილისა; „ქართული ეროვნული ერთხმოვანი სიმღერები“, დ. არაყიშვილისა; „ქართული სიტყვიერების ისტორია მეთვრამეტე საუკ.“ ალ. ხახანაშვილისა; „ჰაერი და სითბო“, „ქართული სიტყვიერების ისტ. გაკვეთილები“,ბარნოვისა და სხვა.

წიგნების ეს ასრასრული ჩამონათვალიც მოწმობს, რა მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი სამუშაო ჩატარდა სახელმძღვანელოების გამოცემის კუთხით საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში. ზემოთ წარმოდგენილია ჩამონათვალი თბილისის სტამბებში დაბეჭდილი წიგნებისა. მოგვეპოვება მრავალი სახელმძღვანელო, რომელიც შედეგია დიდი მოსამზადებელი მუშაობისა და ბეჯითი შრომისა. სახელმძღვანელოების გამოცემის საკითხში, გარდა შემდგენელ-გამომცემლებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ კრიტიკოსებიც, რომლებიც დეტალურად
განიხილავდნენ და შესაბაბის კრიტიკასაც არ ერიდებოდნენ ამა თუ იმ ავტორიტეტული ავტორის მიმართ. იმავე პერიოდში ფართო საგამომცემლო საქმიანობას, თბილისის სტამბების
გარდა, საქართველოს ცალკეულ ქალაქებსა თუ დაბებში არსებული სტამბებიც აქტიურად ეწეოდნენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისში მოქმედი „თ. მთავრიშვილისა და ამხანაგობის“ გამომცემლობა და სხვა. ქვეყანაში გამოცემული სახელმძღვანელოების მრავალფეროვნება და შინაარსი ნათლად მიგვანიშნებს იმ პერიოდის ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს
პროგრესულობაზე.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები