რეკლამაspot_img

გლობალური შეთანხმება პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესახებ

მსოფლიოს 200-მდე ქვეყანამ დაიწყო მოლაპარაკებები გლობალური საერთაშორისო
შეთანხმების მისაღებად, რომელიც უზრუნველყოფს ე.წ. „პლასტმასას კრიზისის“
დაძლევას პლანეტის მასშტაბით.
გაეროს წევრებს დაევალათ შეიმუშაონ პლასტიკური ნარჩენების შემცირების
გლობალური ჩარჩო-შეთანხმება, რადგან მათი გარემოზე მავნე ზეგავლენა
ყოველწლიურად იზრდება. ის ანადგურებს ჰაბიტატებს, ზიანს აყენებს ბუნებას და
აბინძურებს კვებით ჯაჭვს.
ჩარჩო-შეთანხმებას მხადამჭერები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით
საერთაშორისო დოკუმენტად განიხილავენ და თავისი მნიშვნელობით 1989 წელს
მიღებულ მონრეალის პროტოკოლს ადარებენ(მონრეალის პროტოკოლი – ოზონის შრის
დამშლელი ნივთიერებების შესახებ, რომელიც შეიმუშავეს ოზონის შრის დაცვის
მიზნით).
მომხრეები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების მსგავსად,
პლასტიკური ნარჩენების მიმართულებითაც უნდა არსებობდეს საერთაშორისო
ხელშეკრულება, რომელიც მსოფლიოს პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზაზე
დააყენებს.
პორტსმუთის უნივერსიტეტის პროფესორი, გაეროს გარემოსდაცითი პროგრამის (UNEP)
მრჩეველი პლასტმასის ნარჩენების საკითხებში, სტივ ფლეთჩერი ამბობს – „მხოლოდ
ცალკეული ქვეყნების ძალისხმევით ვერ მოხდება პლასტმასის დაბინძურების შეჩერება,
რაც არ უნდა კარგი იყოს მათ მიერ გატარებული პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება
გლობალური შეთანხმება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ ამ
მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.“
გლობალური ხელშეკრულებით შესაძლებელი იქნება დაწესდეს პლასტმასის წარმოების,
გამოყენებისა და განადგურების წესები. ეს გადაწყვეტილება, ნაირობიში, გაეროს
გაერმოს დაცვის ასამბლეაზე მიიღეს.
მსოფლიო ლიდერები 2024 წლამდე უნდა შეთანხმდნენ პლასტმასის დაბუნძურების
საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომელშიც გაწერილი იქნება იურიდიული
ვალდებულებები და ასევე ფინანსირების საკითხები. გარემოსდამცველები ითხოვენ
შემუშავდეს მკაფიო და ქმედითი სტანდარტები, რომლებიც წაახალისებს ქვეყნებს,
დაიცვან საერთო წესები და რეგულაციები პლასტმასის შესახებ.
ტრადიციულად, გაიმართება დებატები ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნებს შორის.
ფინანსურად ძლიერი ჩრდილოეთი ვალდებულია სამხრეთს დაეხმაროს პრობლემის
მოგვარებაში, რადგან ჩრდილოეთში წარმოქმნილ პლასტიკურ ნარჩენებთან გამკლავება
სწორედ სამხრეთს უწევს.

პროფესორი ფლეთჩერი აცხადებს – „იქნება დებატები თუ ვინ გადაიხდის? როგორ უნდა
დავრწმუნდეთ, რომ სამხრეთის ქვეყნებს ექნებათ რესურსები, რათა გაუმკლავდნენ
პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების კრიზისს“.
გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, საერთაშორისო ჩარჩო –
შეთანხმებას კი „ისტორიული“ უწოდა.
„ჩვენ გლობალურად წარმოუდგენელი ზიანი მივაყენეთ გარემოს, მსოფლიო ოკეანეს კი
პლასტიკურ ნარჩენებში ვახრჩობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის
გასაკეთებელი, რათა ეს ხელშეკრულება ამბიციურ დოკუმენტად გადაიქცეს, ჩვენ ახლა
გვაქვს შესაძლებლობა დავხუროთ ეს მახინჯი თავი,“ – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს
გარემოს დაცვის საერთაშორისო მინისტრმა, ლორდ ზაკ გოლდსმიტმა.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები