რეკლამაspot_img

ხეების უკონტროლო დარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ლანდშაფტს

ხის დარგვა სასიცოცხლო ინვესტიციაა, განსაკუთრებით ახლა – როცა დედამიწაზე ტყის
საფარი საგრძნობლად მცირდება. თუ როგორ გაიზრდება ხსენებული ინვესტიცია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ხე როგორ ადგილზე დაირგვება. ხის დარგვა, ერთგვარად, ყველას მარტივ პროცესად წარმოუდგენია, მაგრამ თუ ის არასწორადაა დარგული, არ გაიხარებს. შესაბამისად, საჭიროა ცოდნა იმისა თუ სად, როდის და როგორ უნდა დავრგოთ ხე.

ტყის განაშენებისადმი ინტერესი თანდათან იზრდება როგორც ინდივიდებში, ისე დიდ კომპანიებში. უელსის მთავრობას სურს, რომ 2050 წლისთვის დარგული ხეების რაოდენობამ 86 მილიონს მიაღწიოს, მაგრამ კონსერვატორები გააფრთხილეს, რომ კლიმატის ცვლილების დასაძლევად ხეების დარგვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უელსის ყველაზე თვალწარმტაც პეიზაჟებსა და ველურ ბუნებას. სნოუდონიის წარმომადგენლებმაც გამართეს ეროვნული საუბარი, რათა შეთანხმებულიყვნენ, თუ სად და როგორ უნდა დაერგოთ ხეები. დღესდღეობით მსხვილმა საინვესტიციო კომპანიებმა ქვეყნის მასშტაბით უკვე იყიდეს ფერმები, რაც იწვევს შეშფოთებას, ვინაიდან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადგილობრივ კულტურას, ენასა და მემკვიდრეობას.

უელსის მიწის ფართობის დაახლოებით 15% – 310,000 ჰექტარი – ტყეა და უელსის მთავრობას სურს, რომ 2030 წლისთვის კიდევ 100,000 ჰექტარი დაამატოს. ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უელსში 700 ჰექტარი წიწვოვანი და 800 ჰექტარი ახალი ფართოფოთლიანი ხე იყო. სნოუდონიის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ტყის პოტენციური დეველოპერებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი მიიღო. სნოუდონიის ორგანიზაციის დირექტორმა, ჯონ ჰაროლდმა თქვა, რომ წინა ტყის განაშენიანების სქემები მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს და აღნიშნა, რომ ვითარების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია გამართული პოლიტიკის არსებობა და სწორი რეაგირება მოვლენებზე. „როგორც 70-იან და 80-იან წლებში, ახლაც იგივეა მიწის აღნიშვნები და ისღა დაგვრჩენია, რომ შევიმუშაოთ ეროვნული გეგმა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება დაირგოს ხეები სწორად ისე, რომ არ მივიღოთ უკურეაქცია,“ – ამბობს ჯონ ჰაროლდი.

ჯონ ჰაროლდი – სნოუდონიის ორგანიზაციის დირექტორი

უელსის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ორგანომ ბუნებრივი რესურსების შესახებ, განაცხადა, რომ კანონმდებლობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრული ლანდშაფტების დასაცავად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მიწის მეურვეობის ხელმძღვანელი- დომინიკ დრაივერიც აღნიშნავს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, მიწის მესაკუთრეებთან, ფერმერებთან და ასევე – სატყეო სექტორთან, რათა თავიდნ აიცილონ მოსალოდნელი საფრთხეები და უარყოფითი გავლენა ახალი ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე. უელსის მთავრობამ, რომელმაც 2019 წელს კლიმატის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 86 მილიონი ახალი ხის დარგვა სოფლის ეკონომიკას შესთავაზებს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ შექმნას მწვანე სამუშაო ადგილები. ეს კი, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს როგორც გარემოსა და ეკონომიკაზე, ისე -მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

ლი უოტერსი – კლიმატის ცვლილების მინისტრის მოადგილე

”ჩვენ მზად ვართ, თავიდან ავიცილოთ გარე ინტერესები მიწის შესყიდვაზე და გვინდა ვიმუშაოთ უელსელ ფერმერებთან და მიწის მესაკუთრეებთან ამის მისაღწევად,“ – განაცხადა კლიმატის ცვლილების მინისტრის მოადგილემ ლი უოტერსმა. მან ასევე თქვა ისიც, რომ უელსის მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ტყის პროექტებს დააფინანსებს, რომლებიც სრულად შეესაბამება დაწესებულ სტანდარტებს, რათა თავიდან აიცილოს ლანდშაფტის დაზიანება და კონკრეტული პროექტის განხორციელებამ დადებითი გავლენა იქონიოს როგორც ადამიანებზე, ისე – ბუნებაზე.

სალომე მენთეშაშვილი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები