რეკლამაspot_img

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“, ფინანსური მხარდაჭერით, 2014 წელს დაარსდა. მისი შექმნის მიზანი აგრარულ სექტორში სამცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენა იყო.დღეს აქ 18 სამეცნიერო დანაყოფი ფუნქციონირებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს. ცენტრის ეგიდით არაერთი წარმატებული, დროული და საჭირო პროექტი განხორციელდა.

წლების წინ საქართველოში აგრარული მიმართულებით 16-მდე სამეცნიერო -კვლევითი ინსიტუტი მუშაობდა, შემდგომ ისინი ეტაპობრივად გაუქმდა, რამაც სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. მაგალითისთვის –აღარ არსებობდა სერტიფიცირების სისტემა, შედეგად ბაზარზე გამოჩნდა საეჭვო წარმომავლობის სათესლე და სანერგე მასალები, მოიშალა სასელექციო საქმიანობა, სასუქების არასწორმა გამოყენებამ ნიადაგის ნაყოფიერება გააუარესა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსები – გენოფონდი. უმაღლეს სასწავლებელებში აგარარული მიმართულებები აღარ ისწავლებოდა, არც ფერმერების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდა ვინმე, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის სფეროს ყურადღებას აღარავინ აქცევდა.  ეს, რა თქმა უნდა, უარყოფიდათ აისახა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებზეც.  შემდგომში მთავრობამ აგრარული მიმართულებით ძირეული ცვლილებები განახორციელა, სამეცნიერო -კვლევით ცენტრს კი აგრარული სექტორის მოწესრიგება და განვითარება დაევალა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო სფერო ადგილობრივი მცენარეებისა და ცხოველების გენოფონდის აღდგენა/დაცვაა, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია აგრობრიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ამასთან ერთად,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2019 წლიდან კვლავ გახდა ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის წევრი (ECPGR)

   

ლევან უჯმაჯურიძე                                           მეაბრეშუმეობის სადგური

ინ-ვიტრო ლაბორატორია

ცენტრის ანასეულის ბაზაზე გაშენდა სუბტროპიკულ კულტურათა საკოლექციო ბაღი: ჩაი, ციტრუსი, აქტინიდია, ფეიჰოა, სუბტროპიკული ხურმა, კულტურული წყავი, ზეთისხილი, დაფნა, ბამბუკი, კენკროვნებიდან: ლურჯი მოცვი, ჟოლო და მაყვალი. ცენტრში წარმატებით ხორციელდება ხორბლის ენდემური ჯიშების მოძიება, აღწერა, აღდგენა, მინდვრის კოლექციებსა და თესლის გენეტიკურ ბანკში დამაგრება, ამ ჯიშების პირველადი მეთესლეობა, სერტიფიცირება, პოპულარიზაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება. მინდვრის კოლექციებში დაცულია ბოსტნეული, ბაღჩეული, პარკოსანი და ტექნიკური კულტურების – პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, ბროკოლი, ყვავილოვანი და თეთრთავიანი კომბოსტო, გოგრა, ნესვი, ყაბაყი, ლობიო, ცერცველა, ბარდა, ოსპი, მუხუდო, სატაცური, არტიშოკი, თამბაქო, სელი, ალისარჩულისა და რაფსის – ჯიშფორმები.  დარეგისტრირებულია კარტოფილის 3 ადგილობრივი ჯიში „მესხური“, ‘მესხური წითელი“. მოძიებული და აღდგენილია ნივრის, ხახვისა და ცერცველას ადგილობრივი ჯიშები. აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემების შენარჩუნების მიზნით  კი ინ ვიტრო გენბანკში ინახება კარტოფილის, ვაზის, გოჯი ბერის, ბატატის სინჯარის მცენარეები.

ასევე საინტერესო მიმართულებაამეცხოველეობის სექტორი. კვლევებით გამოვლინდა ქართული მთისა და კავკასიური წაბლას ჯიშის ძროხის ტიპური ინდივიდები და ჯგუფები. ამან ხელი შეუწყო კრწანისისა და დმანისის ბაზაზე სასელექციო ბირთვების შექმნას, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ამ ჯიშების მოშენება. მნიშვნელოვანი პროექტები მეღორეობის მიმართულებითაც განხორციელდა, მოძიებული და აღდგენილია კახური ჯიშის ღორის სასელექციო კოლტი  300 სულამდე, რომლებიც, პირველ რიგში, რეპროდუქციულ ფუნქციას ასრულებს. დმანისის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქართული სასელექციო ცხვრის ჯიშების საკოლექციო ბირთვი. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მეფრინველეობისა და მეთევზეობის სექტორის განვითრებისთვის.

ჯიღაურა – ვაზის კოლექცია

ქართული ფუტკრის პოპულაციების მოძიება და კვლევა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა. მუხურის ბაზაზე სელექციური მუშაობის შედეგად აღდგენილია ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია. წარმოებს სელექცირებული დედა ფუტკრების შეფასება, გამრავლება და არსებული წესით ფერმერებისათვის გადაცემა.

წილკანში მეაბრეშუმეობის საცდელ ლაბორატორიაში მიმდინარეობს ქართული აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და სისხლის განახლება. აბრეშუმხვევიას 64 ჯიშის საწყისი მასალა საფუძვლად დაედო ახალი მაღალპროდუქტიული ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანას. საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიას გააჩნია ყველა პირობა გრენის საწარმოო მიზნებისათვის წარმოებისათვის.

სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ნიადაგების კვლევა წარმოადგენს. რეგიონში ყველაზე თანამედროვე კლასის ნიადაგის ლაბორატორიამ, შესაბამისი კვალიფიკაციის რესურსებით,  საშუალება მისცა ცენტრს ჩართულიყო ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის  ერთობლივ  პროექტში „გრძელვადიანი მიწის დეგრადაცია კავკასიაში“,რომელმაც გაიმარჯვა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ, NASA-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. უცხოელ მეცნიერებთან ერთად განსახორციელებელი პროექტი მიზნად ისახავს მიწის დეგრადაციის შესწავლას კავკასიის რეგიონში. კვლევების შედეგად კი შეიქმნება საქართველოს მიწათსარგებლობის და მიწის დაფარულობის, აგრეთვე, მიწის დეგრადაციის ამსახველი მეთოდოლოგიური რუკები.სპეციალისტების მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამოკვლეულია 80 000 ჰა ნიადაგი;შედგენილია ნიადაგის ციფრული რუკები, გრძელდება რეკომენდაციების შემუშავება დამლაშებული, მჟავე, გაუდაბნოებული და  სხვადასხვა პრობლემური ნიადაგების გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ.

ცენტრი აქტიურად მონაწილეობს ხარისხიანი სელექციური სათესლე და სარგავი მასალის წარმოების, ადგილობრივი, ასევე ახალი, ინტროდუცირებული ჯიშების შესწავლა-  გავრცელების ხელშეწყობის საქმეში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ცენტრმა განახორციელა, დაკავშირებულია სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემასთან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სფეროში ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით და დაინტერესებულ მეწარმეთა მონაწილეობით,  მიღებულ იქნა კანონი „სავალდებულო სერთიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გავრცელების შესახებ“  შესაბამის კანონქვემდებარე აქტებთან ერთად. ამით საფუძველი ჩაეყარა ხორბლისა და ქერის სათესლე მასალის სავალდებულო რეგულაციის შემოღებას, საბაზრო ავტორიზაციის მიზნით ეროვნული კატალოგის შექმნასა და სარგავი მასალის სფეროში ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემის დანერგვის განხორციელებას.

ბოლო პერიოდამდე ქვეყანაში არ ფასდებოდა რისკები სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით. სწორედ ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში შეიქმნა რისკის შეფასების სამსახური, რომელიც მნიშვნელოვნად არის ჩართული აღნიშნულ პროცესებში. მაგალითისთვის შეიძლება აღინიშნოს საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომლებიც   სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმების ნორმირებას,  ასევე პალმისცხიმისადა ფრინველისგაყინულ, მექანიკურადგანცალკევებულხორცში salmonella-სრისკებისშეფასებასეხება და ცენტრის მიერ შემუშავებულირეკომენდაციებისშედეგად იქნა მიღებული.

აღნიშნული სამსახური ახორციელებს აგრეთვე სურსათშიტყვიის, ანტიბიოტიკებითსასურსათოპროდუქციისდაბინძურების, აკრილამიდისდასასმელწყალთანდაკავშირებული პოტენციური რისკების შეფასებას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს რისკის მმართველებისთვის. 2019 წლიდან სამსახურს, სურსათის უვნებლობის რისკის შეფასებასთან ერთად, დაემატა ფიტოსანიტარული და ვეტერინარული რისკების შეფასების ფუნქცია.

8000  წლიანი ისტორიის მქონე ქართული ვაზის ჯიშები ჯიღურას უნიკალურ გენოფონდიშია დაცული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობები უნიკალურია, რადგან აქ ერთ სივრცეში თავმოყრილია ქართული უძველესი კულტურული v,vinifera sativ. და ველური v,vinifera silv; ვაზის ჯიშები, ასევე ხეხილოვანი და აგრო-სატყეო კულტურები. ძალიან რთული პროცესი იყო ვაზის უძველესი ჯიშების მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე მის საზღვრებს გარეთ მოძიება. კვლევები მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ასევე მისძირძველ ტერიტორიებზე – ტაო – კლარჯეთსა და ჰერეთში,  ქვეყნის გარეთ – უკრაინის, მოლდოვას, შუააზიისა და საფრანგეთის საკოლექციო ნაკვეთებში. ახლად აღდგენილი ვაზის უძველესი ჯიშები ახალი სიტყვაა ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში, მათი არსებობა საქართველოს, როგორც ღვინის უძველესიქვეყნის, პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ჯიღაურას სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობისსაერთაშორისო კოლექციაში (GEO038) ამჟამად ქართული კულტურული ვაზის 450 ჯიში, ველური ვაზის 140 ფორმა და უცხოური ვაზის 350 ჯიშია დაცული. აქვეა გაშენებული წამყვანი ქართული ვაზის კულტურული ჯიშების სანამყენეთა და ვაზის ფილოქსერაგამძლე საძირეთა 15-ზე მეტი ჯიშ-კლონის სადედეები.

ჯიღაურა – ხეხილის კოლექცია

მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს მევენახეობა-მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიული და სამუზეუმო სივრცის მოწყობა, რომლის პროექტიც უკვე შედგენილია და მალე დაიწყება მშენებლობა ჯიღაურას ტერიტორიაზე.საგამოფენო სივრცეში განთავსდება ვაზისა და ღვინის მუზეუმი, ქართული მარანი, ოფისი და სხვა. თანამედროვე ლაბორატორიები საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად განხორციელდეს აღდგენილი და მოძიებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების საცდელი ნიმუშების შესწავლა და მათი პოტენციალის გამოვლენა. შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიური სივრცე დაეთმობა თანამედროვე მეთოდების კვლევასა და მათი დანერგვის ხელშეწყობასა და სხვა სამეცნიერო აქტივობებს.

დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მოეწყობა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მრავალპროფილური ლაბორატორია, რომელშიც განთავსდება ფაროსანას ბუნებრივი მტრის, აგრეთვე ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებების, მავნებლების, ბიოლოგიური და ქიმიური კვლევებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურა.

სასოფლო სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის მიზანია საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოება და დაგეგმილ პროექტებში ახალგაზრდების ჩართვა. აქ, საცდელ ბაზებსა და ლაბორატორიებში, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ახალგაზრდებმა თავიათი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უახლოეს მომავალში იგეგმება სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერების საერთაშორისო ორგანიზაციაში GABI გაწევრიანება, ასევე ევროპის სურსათის უვნებლობის საააგენტოსა (EFSA) და გერმანიის ფედერალური რისკის შეფასების ინსტიტუტთან (BfR) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. მიმდინარე და სამომავლო სამუშაოები ძალზე ბევრია.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები