რეკლამაspot_img

ეროზია

გეომეცნიერებაში დენუდაცია ანუ გაშიშვლება არის ფიზიკურ და ქიმიურ პროცესთა ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ლანდშაფტისა და რელიეფის სახეცვლას.
ენდოგენური ანუ წიაღისეული პროცესები, როგორებიცაა: ამოფრქვევა, მიწისძვრა და ფილების ტექტონიკა, ამცირებს ზედაპირის მდგრადობას ეგზოგენური ანუ ზედაპირული პროცესების, გამოფიტვის, დაშლის და ნაშალის გადენის მიმართ.
დენუდაციის ციკლის შემადგენელი ფაზებია: ქანების  გამოფიტვა, დაცურება და ეროზია.
გამოფიტვა არის ქანებისა და მინერალების ადგილობრივი განადგურების პროცესი ტემპერატურული რყევების, გამყინვარების ციკლების, ატმოსფერული გაზების, ბიოლოგიური ორგანიზმებისა და წყლის ქიმიური ზემოქმედების შედეგად.

არსებობს გამოფიტვის სამი ძირითადი სახე: ფიზიკური ანუ მექანიკური გამოფიტვა, ქიმიური გამოფიტვა და ბიოლოგიური გამოფიტვა.
ქანების ფიზიკურ გამოფიტვას იწვევს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დღე-ღამის განმავლობაში, ნაპრალებში შეღწეული წყლის გაყინვა და დნობა, წყალში გახსნილი მარილების დაკრისტალება და აორთქლება. ქანების დაშლის შედეგად წარმოიქმნება უფრო მცირე, სხვადასხვა  ზომის, ნამტვრევები. ქიმიური გამოფიტვა განპირობებულია წყლის ჰიდროლიზური ზემოქმედებით, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის  ზემოქმედებით, ორგანული ნივთიერებების  დაშლით.
ბიოლოგიური გამოფიტვა ხორციელდება ცოცხალი ორგანიზმების მიერ, როგორიცაა: ბაქტერიები, სოკოები, მღრღნელი ცხოველები, მცენარეები და სხვ. ბიოლოგიური აგენტები არსებობის პროცესში  მექანიკურად ზემოქმედებენ ქანებზე. მაგალითად, ქანების დაშლა და განადგურება ხდება მცენარეების ფესვების ზრდის დროს, ასევე მღრღნელების მიერ სოროების გათხრისას.
დაცურება ანუ მასების მოძრაობა არის ნიადაგისა და კლდის ნამსხვრევების გადაადგილება ფერდობებზე, მწვერვალიდან ბაზისისკენ, მიზიდულობის ძალის ზემოქმედების შედეგად.

დაცურების პროცესის მასშტაბებს განაპირობებს მრავალრიცხოვანი ფაქტორის ერთობლიობა, როგორებიცაა: გამოფიტული ქანები ფერდობის ზედაპირზე, ქანების ზედაპირის არაერთგვაროვანი სტრუქტურა, მცენარეული საფარის განადგურება, რაც ამცირებს დაცურების მიმართ წინაღობას, მიწისძვრები, გრუნტის წყლები, ასევე კლიმატური ფაქტორები. დაცურების პროცესის გავრცელებული სახეებია: კლდოვანი ნაშალის ვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი,  ზვავი.
დენუდაციის ციკლის მნიშვნელოვან მდგენელს წარმოადგენს ეროზია, რომლის დამანგრეველი ეფექტის ხილვა  შესაძლებელია  მოკლევადიან  პერიოდებშიც.
ეროზია არის წყლის ზედაპირული ნაკადებისა და ქარის ზემოქმედების შედეგად ნიადაგის, ქანებისა და ნაშალი მასალის მოკვეთა დედამიწის ქერქის ერთი ადგილიდან და გადატანა სხვა ადგილზე. აღნიშნული ბუნებრივი პროცესის სტიმულირება გამოწვეულია ბუნებრივი და ანთროპოგენული ტიპის ეროზიული აგენტების დინამიკური მოქმედებით.
წყლისმიერი ეროზია განპირობებულია ატმოსფერული წყლების პერიოდული ნაკადების მოქმედებით, მაგალითად, ძლიერი წვიმის ან ყინულის დნობის დროს.

წვეთოვანი ეროზია არის ნიადაგის სტრუქტურული ელემენტების ნგრევა და გაფანტვა წვიმის წვეთების კინეტიკური ენერგიის ზემოქმედებით. ასხლეტილი ნაწილაკები, განსაკუთრებით დამრეც ზედაპირებზე, დიდ მანძილზე გადაადგილდება წვიმით წარმოქმნილ წყლის ნაკადებთან ერთად.
სიბრტყული ანუ ზედაპირული ეროზია არის ფერდობის თანაბარი ჩამორეცხვა, ერთი შეხედვით, წყლის ერთიანი ნაკადით, თუმცა პროცესში მონაწილეობს პატარა ნაკადების ქსელი. მასშტაბური ზედაპირული ეროზიის შემთხვევაში წარმოიქმნება დელუვიური ნალექები, ძირითადად, ქვიშნარი და თიხნარი – ოქროს, ვოლფრამის, კალის შემცველობით.
წრფივი ეროზია არის ზედაპირის ცალკეული მონაკვეთების მორეცხვა, რის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის ეროზიული ფორმები, მაგალითად, ხევები, ხეობები, კანიონები. ამავე სახეს მიეკუთვნება მდინარის ეროზია – წყლის მუდმივი ნაკადების ზემოქმედების შედეგი. არსებობს წრფივი ეროზიის გვიანი ფაზები: ფსკერის  შესართავიდან – სათავისკენ, ვიდრე ფსკერის სიღრმე არ გაუტოლდება ეროზიის ბაზისის დონეს და ნაპირებისა, როდესაც ხდება ნაპირების განადგურება. უმეტესწილად გვხვდება ფსკერის და ნაპირების კომბინირებული ეროზია.
ეგზარაცია, ანუ მყინვარისმიერი ეროზია, არის მყინვარის მიწის ზედაპირთან კონტაქტის შედეგი, გამოწვეული მყინვარზე მიყინული ქანების მოფხეკით ან ამოტეხვით, ნიადაგის ცვეთით და შემდგომი გარეცხვით ყინულისქვეშა წყლის ნაკადებით.

ეგზარაცია არის ეგზოგენური რელიეფ-წარმოქმნის ყველაზე მძლავრი აგენტი, რომლის შედეგად წარმოიქმნება რელიეფის მასიური ეროზიული ფორმები – კარები, ტროგები, ფიორდები  და  სხვა.
ქარისმიერი ეროზია არის მშრალი და ნახევრადმშრალი კლიმატური ზონებისთვის დამახასიათებელი უპირატესი გეომორფული ძალა. მისი მოქმედება იწვევს ნიადაგის დეგრადირებას და გაუდაბნოებას, ასევე – ჰაერის გამტვრიანებას, განსაკუთრებით ურბანიზებულ და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე. არსებობს ქარისმიერი ეროზიის ორი ძირითადი სახე – დეფლაცია და კორაზია. დეფლაცია არის ფხვიერი ქანების გამოქარვა და გაფანტვა, რის შედეგად მიწის ზედაპირი განიცდის თანმიმდევრულ დაწევას. კორაზია არის ქარით გადატანილი ნაწილაკების მყარ ქანებთან კონტაქტის შედეგად კლდეების, ქვების, ნაგებობების და მექანიზმების ზედაპირების მოპრიალება, რაც განაპირობებს სპეციფიკური ეროზიული ფორმების ჩამოყალიბებას.

გრუნტის დასტაბილურებისა და ნიადაგის ნებისმიერი სახის ეროზიისგან დაცვის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მცენარეული საფარი. მაგალითისთვის, ფესვთა განვითარებული სისტემის მქონე მცენარეები მნიშვნელოვნად ამცირებს ზედაპირული საჰაერო ნაკადების სიჩქარეს ქარის დროს, ასევე შთანთქავს წვიმის წვეთების დაცემის ენერგიას და ამცირებს წყლის ნაკადების ფანტვას ზედაპირზე.
ადამიანის ზემოქმედების პირობებში, მაგალითად, სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ან წიაღისეულის მოპოვების შედეგად ნიადაგის მოშიშვლების შემდეგ აუცილებელია მცენარეული საფარის ხელოვნურად აღდგენა.
სანაპიროს ეროზია არის სახმელეთო ზონის ნგრევა ტალღების, დინებებისა და ატმოსფერული მოვლენების ზემოქმედების შედეგად.

სანაპირო ზოლი არის ხმელეთისა და ზღვის გამყოფი მუდმივად ცვალებადი ზღვარი. საზღვაო, ატმოსფერული და ადამიანის ზემოქმედების შედეგად სანაპირო ზოლმა შესაძლოა განიცადოს როგორც კატასტროფული ეროზია, ისე პერიოდული შევსება.
სანაპირო ზოლის ეროზია უპირატესად გამოწვეულია დინებებისა და ტალღების ზემოქმედების შედეგად, ასევე ზღვის დონის ცვლილებით.
ზღვის ჰიდრავლიკური მოქმედება გამოიხატება მოახლოებული ტალღის მიერ ჰაერის შეკუმშვით ქანების ნაპრალებში, რაც იწვევს მის თანმიმდევრულ დაშლას. დარტყმის შედეგად, ტალღის კუთრი ენერგიის ძალით, ხდება კლდის ან ქვის ნაწილაკების მოკვეთა. ამის შემდეგ ნაწილაკები განიცდის შემდგომ დეგრადირებას. აბრაზია ანუ ცვეთა არის ეროზიული პროცესი, რომლის დროს ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა იფქვება ზედაპირთან ხახუნის შედეგად.
აბრაზიის ინტენსივობა დამოკიდებულია მოძრავი ნაწილაკების სიმტკიცეზე, შემადგენლობაზე, სიჩქარესა და მასაზე. ატრიცია ანუ მსხვრევა არის აბრაზიის მონათესავე, თუმცა გაცილებით სწრაფი პროცესი, რომლის დროს ხდება ტრანსპორტირებული ნაწილაკების მსხვრევა ერთმანეთთან შეჯახების შედეგად.
ზღვაში ჩადენილი ნაშალი მასალა ნაწილობრივ ტრანსპორტირდება სანაპიროს გასწვრივ გაბატონებული დინების მიმართულებით (ნაპირგასწვრივი დრიფტი). როდესაც ტრანსპორტირებული ნაშალის აღმავალი (ნაპირისკენა) რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე გადენილი რაოდენობა, ირღვევა სანაპირო ზოლი, საპირისპირო შემთხვევაში კი ხდება ქვიშისა და ხრეშის დეპონირება და ზოლის დროებითი აღდგენა. სანაპიროს ეროზიას თან სდევს არა მხოლოდ გეოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური ეფექტები. ზღვისპირა რაიონებში პლაჟებისა და ნავმისადგომების ეროზიამ შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი შემცირება. ამის მიზეზებია სასოფლო-სამეურნეო მიწების განადგურება, ეროზიულ ზონაში განლაგებული საცხოვრებელი და სამეწარმეო ობიექტების ღირებულების გაუფასურება, მითუმეტეს, როცა ამგვარ პირობებში ქონების დაზღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქონების კარგვა გარდაუვალია ნაპირდაცვითი ღონისძიებების არარსებობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამასთან, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია სახსრები დაზიანებული ქონების აღსადგენად ან ალტერნატული ქონების  შესაძენად ან საქირაოდ.
ეროზიულ ზონებში მცირდება ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საწარმოების, მაგალითად, ლოჯისტიკური კომპანიების წარმადობა, გარდა იმისა, რომ დიდია თვით ინფრასტრუქტურის (როგორიცაა საავტომობილო გზები და რკინიგზა) განადგურების რისკები. პრობლემა ექმნება აკვაკულტურულ მეურნეობებსა და პორტებს, ვინაიდან ნადგურდება როგორც სახმელეთო მისასვლელი გზები, ასევე საზღვაო სანავიგაციო მარშრუტები.
უდავო ფაქტია, რომ ტურიზმი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან მდგენელს. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტების წლიური ჯამური რაოდენობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ზაფხულის სეზონზე და ზღვისპირა რაიონებში სტუმრობს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პლაჟი არ არის მხოლოდ ტალღების საწინააღმდეგო ბუფერი – ეს არის ადგილი, სადაც ტურისტი მიდის მშვიდი და კომფორტული გარემოს მოლოდინით, ცურვით, ან უბრალოდ გარუჯვით, სიამოვნების მისაღებად, რაც მიუღწევადია ეროზიული საპლაჟე ზონების პირობებში. უფრო მეტი, პლაჟზე მოთხოვნა ხასიათდება ორმხრივი დინამიკით: ერთი მხრივ, ნებისმიერ ტურისტს სჭირდება პირადი სივრცე – პლაჟზე კვადრატული მეტრების მინიმალური რაოდენობა, რომელზე ნაკლები ფართობი მისთვის არადამაკმაყოფილებელია და მეორე მხრივ – დამსვენებლისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მომენტები, ამდენად, სივრცის სიჭარბე, რაც დამახასიათებელია უსახური ეროზიული პლაჟებისთვის, ასევე არადამაკმაყოფილებელია, რადგან ჩნდება ერთფეროვნებისა და მოწყენილობის შეგრძნება. შედეგად, ასეთ პლაჟებზე მცირდება ვიზიტორთა რაოდენობა, ტუროპერატორების აქტივობა, მდგრადი განვითარება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ათწლიანი გეგმის (საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025) თანახმად, „საქართველოს მთავრობის ამოცანაა შემუშავდეს და განხორციელდეს გეგმა, რომელიც მდიდარ ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს მსოფლიო დონის ტურისტულ პროდუქტად და უნიკალური შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობად აქცევს“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიზიტორების  რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე სამოგზაურო სახსრების ხარჯვის საშუალო მაჩვენებელი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, რასაც ადმინისტრაცია კონტინგენტის წარმომავლობით ხსნის და მიზნად ისახავს მოიზიდოს „მაღალგადახდისუნარიანი ტურისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან“. იქვე გაწერილია სამიზნე ინდიკატორები, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტებისა და საშუალო ტურისტული დანახარჯის ორჯერ ზრდას, მაღალგადახდისუნარიანი სტუმრების რაოდენობის წლიური 8%-დან წლიურ 30%-მდე ზრდის პირობებში. პრიორიტეტული აქტივობების ნუსხა მოიცავს სახელმწიფო და კერძო ინვესტირების გზით ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარებას, საავიაციო გადაადგილების გამარტივებას, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საკრუიზო ლაინერებისთვის ნავმისადგომების მშენებლობას, საინფორმაციო დაფებისა და მიმმართველი აბრების მონტაჟს, ტურისტული ობიექტების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე „ინვესტიციების განხორციელება საზღვაო ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების განვითარებისათვის (საშხაპეები, გამოსაცვლელი ოთახები, ნაგვის ურნები, სანაპირო ზოლებზე მისასვლელი ტერიტორიები და ა.შ.). უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები სანაპირო ზოლის ან პლაჟების ფიზიკური მდგომარეობა, რომლებიც საზღვაო სეზონზე წარმოადგენს ტურისტული ვიზიტების ძირითად დანიშნულებას. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, მაღალბიუჯეტიანი უცხოელი დამსვენებელი, კარგად რეკლამირებული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით, კომფორტული ავიარეისით ჩამოდის საქართველოში, სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილდება მატარებლით ან ავტომობილით ზღვისპირა ზონაში, ბინავდება მყუდრო სასტუმროში, თავაზიანი და მომღიმარი პერსონალით, აგემოვნებს ადგილობრივ დელიკატესებს და საჩუქრად მირთმეულ ღვინოს, მიდის გამოსაცვლელ ოთახში, იცვამს საცურაო კოსტუმს და… პლაჟის ნაცვლად აღმოჩნდება ეროზიით დანაწევრებულ გაურკვეველ ლოკაციაზე. ასეთ პირობებში რთული იქნება კონკურირება სხვა ქვეყნების ზღვისპირა კურორტებთან, სადაც საზღვაო ტურიზმის ინდუსტრია უკვე დიდი  ხანია, რაც ვითარდება.
შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლის სიგრძე, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მდინარე ფსოუს შესართავამდე, შეადგენს დაახლოებით 315კმ-ს. აქედან დაახლოებით 200კმ ზოლი გასდევს აფხაზეთს, დანარჩენი 115 კმ კი სამეგრელოს, გურიასა და აჭარას უკავია.
თანამედროვე ფორმირების ზღვისპირა ზოლი ძირითადად მარაგდებოდა ენგურის, რიონისა და ჭოროხის ნატანი მასალით. ანთროპოგენულმა ზემოქმედებამ, კერძოდ, გასულ და მიმდინარე საუკუნეებში მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ, ასევე შესართავებში აკუმულირებული ინერტული მასალის უსისტემო გატანამ გამოიწვია მკვებავი ნაშალის მწვავე დეფიციტი და სანაპირო ზოლის კატასტროფული რეცხვა.
შედეგად მივიღეთ ასეულობით ჰექტარი დაკარგული ლანდშაფტი, უსახური პლაჟები და დროებით დაცვით ღონისძიებებზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუცილებლობა.
პრაქტიკაში გამოიყენება ეროზიის კონტროლის სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად: ეროზიის ხისტი კონტროლის მეთოდი ითვალისწინებს ჯებირებისა და მოლოების აგებას. მყარი ქანების გამოყენებით აწყობილი ეს მასიური ნაგებობები თითქოსდა უნდა უზრუნველყოფდეს ზღვის შემოტევის მოგერიებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, საჭიროებს ხშირ განახლებას. გარდა ამისა, სანაპირო კარგავს ბუნებრივ სახეს და უსახური ხელოვნური ნაგებობების გარემოცვაში აღმოჩენის პერსპექტივას მინიმუმამდე დაჰყავს პლაჟის ვიზიტორთა რაოდენობა. აღნიშნული მეთოდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაკლს წარმოადგენს მშენებლობისა და ექსპლუატირების სიძვირე, მით უმეტეს, რომ არასწორი დაგეგმარების ან მშენებლობის შემთხვევაში არსებობს როგორც ნაგებობის, ასევე პლაჟისა და მიმდებარე ტერიტორიების განადგურების რისკები.
ეროზიის მსუბუქი კონტროლის მეთოდი განეკუთვნება დროებითი ღონისძიებების კატეგორიას და განსაზღვრულია ემსახუროს ეროზიის პროცესის შენელებას. იგი გულისხმობს დროებითი ჯებირების სახით ქვიშიანი ტომრების დაწყობასა და პლაჟის ხელოვნურ მოსილვას. ისევე როგორც ხისტი კონტროლის შემთხვევაში, სანაპირო კარგავს ბუნებრივ იერსახეს და მიმზიდველობას დამსვენებელთათვის. ასეთ პირობებში განხორციელებული ხელოვნური მოსილვის შედეგი ძალზე ხანმოკლე ეფექტურობით ხასიათდება.
გარიდების მეთოდი გულისხმობს დასახლებისა და ინფრასტრუქტურის სრულად გადატანას ეროზიული სანაპირო ზოლიდან მოშორებით, რაიმე სახის დამცავი ან აღდგენითი ღონისძიებების ჩატარების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ლანდშაფტი უბრალოდ იკარგება და რასაკვირველია, ნებისმიერი განვითარებული საზოგადოებისთვის აღნიშნული მეთოდი მიუღებელი უნდა იყოს.
იმისთვის, რომ შევასუსტოთ ეროზიის მოქმედება, მივაღწიოთ სანაპირო ზოლის აღდგენას, მყარ და ხანგრძლივ დაცვას, აუცილებელია გავითვალისწინოთ ათწლეულების მანძილზე ბუნებრივი რესურსების არასწორად განკარგვის შედეგები, დავნერგოთ თანამედროვე ნაპირდაცვით ღონისძიებებში წარმატებით აპრობირებული ტექნოლოგიები. კერძოდ, საქართველოს სანაპირო ზოლის დაცვის პროექტი, ისევე როგორც ნებისმიერი სრულყოფილი სამშენებლო პროექტი, უნდა მოიცავდეს აუცილებელ ფაზებს:
1. პირველი, გადაუდებელი და ძალზე მნიშვნელოვანია მიზანშეწონილობის შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. აღნიშნული ფაზა მოიცავს ჰიდროგრაფულ კვლევებს. აუცილებელია დღეს კონტროლირებად დაახლოებით 115 კმ სიგრძის სანაპირო ზოლზე განხორციელდეს: ტოპოგრაფია, ბათიმეტრია, სედიმენტური კვლევა, დინებების, ტალღური კლიმატის და ზღვის დონეების კვლევა, კაბინეტური ანალიზი. ფაზის დასრულების შემდეგ მივიღებთ სახელმძღვანელოდ აუცილებელ ერთიან დოკუმენტს, გარკვეული სახის გენერალურ გეგმას, რომლის მიხედვით, პრიორიტეტულობის პრინციპით, გვექნება საშუალება თანმიმდევრულად და ეფექტურად აღვადგინოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლი.
2. მეორე ეტაპი მოიცავს კვალიფიციური საინჟინრო პროექტის შედგენას გენერალური გეგმის მონაცემების გათვალისწინებით, როგორც მათემატიკური, ისე ფიზიკური, ორ ან სამ განზომილებიანი მოდელირების გამოყენებით, რის საშუალებასაც იძლევა სპეციალიზებული თანამედროვე საერთაშორისო ლაბორატორიები.
3. მესამე, დამასრულებელი ფაზის პროცესში გენერალური გეგმის და საინჟინრო პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ტალღმტეხი ნაგებობების, წყალქვეშა ზღუდარების და სხვა აუცილებელი დამცავი საშუალებების მშენებლობა და მონტაჟი.
დღეს ვდგავართ მწვავე პრობლემის წინაშე, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ გადაწყვეტას. ცალკეულ ადგილებზე დროებითი და ძვირადღირებული ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, არსებობს რეალური რისკი, ათწლიან პერსპექტივაში მივიღოთ თითქმის ნულოვან ნიშნულზე დასული სანაპირო ზოლი, უარეს შემთხვევაში კი – განადგურებული სამეურნეო და საცხოვრებელი ზონები. გაცილებით უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს პრობლემაზე დროული რეაგირება და თანაზომად პერიოდში მაღალი საკურორტო სტანდარტების შესაბამისი საპლაჟე ზონების გაშენება, დამატებითი საკურორტო მომსახურებების დანერგვა, მაღალბიუჯეტიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, სექტორის კონტრიბუციების ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში.

ვიქტორ ნანობაშვილი
კომპანია “სანაპიროს მართვის ჯგუფი”-ს დამფუძნებელი

ENG
In geosciences denudation is a combination of physical and chemical processes that change the landscape and terrain over a long period of time.

Endogenous processes, such as volcanoes, earthquakes and plate tectonics reduce surface resilience to exogenous or surface processes of weathering, erosion and mass movement.

Weathering is the process of local destruction of rocks and minerals due to the temperature fluctuations, freezing cycles, atmospheric gases, biological organisms and chemical impact of water.

Mass movement is the process by which soil and rock move down slope under the force of gravity.

Erosion is the removal of soil, rocks and debris from one location on the earth’s crust and transportation to another location under the action of water flows and wind.

Erosion is a real time degradation process with significant geological, social and economical impacts.

Coastal erosion is a great issue for seaside countries like Georgia. There exist several ways of coastal protection, though in order to achieve long-lasting effect, qualified feasibility study with mapping have to be done, which shall be followed by laboratory tested design and accomplished by professional constructions.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები