რეკლამაspot_img

პოლონელი „ქართველი“- ლუდვიგ მლოკოსევიჩი

ლუდვიგ მლოკოსევიჩი 1831 წელს ვარშავაში, მდიდარი არისტოკრატების -გენერალ ფრანტიშეკ მლოკოსევიჩის და ანა იანიკოვსკას ოჯახში,დაიბადა. მამამისი ცნობილი გენერალი იყო, ნაპოლეონის არმიის ოფიცერი, შვილსაც სამხედრო კარიერისთვის ამზადებდა და სასწავლებლად ბრესტის კადეტთა სკოლაში მიაბარა. თავად ლუდვიგ მლოკოსევიჩს სხვა მიზნები და გატაცებები ჰქონდა,  ყველაზე მეტად ბუნება უყვარდა და კადეტთა სკოლის მკაცრი წესები ციხეს აგონებდა – „ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, არასდროს მომწონდა ქალაქი. დიდი მოთმინებით ველოდი იმ დღეს, როცა მშობლები სოფელში წამიყვანდნენ, სადაც ყველაფერი იყო ბედნიერებისთვის – ტყე, ტბა, ყვავილების ბაღი, ორანჟერეა, ცხოველები. თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვება – შესწავლას ვუთმობდი. ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდა“ – იხსენებს იგი თავის ავტობიოგრაფიაში.

ლუდვიგ მლოკოსევიჩი პოლონეთის ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი იყო. მეფის რუსეთმა აჯანყებაში მონაწილეობის გამო მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, გავლენიანი ოჯახის წყალობით სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ1853 წელს კავკასიაში გადმოასახლეს, როგორც არასანდო პოლონელი ოფიცერი და ტფილისის გრენადერთა „პოლკში“ გაამწესეს, რომელიც იმ დროს ლაგოდეხში იყო განლაგებული.

ლაგოდეხი ახალგაზრდა ნატურალისტისთვის მეორე სახლად იქცა – „კავკასიით ისე მოვიხიბლე, რომ უკვე 36 წელია აქ ვცხოვრობ და ასე ვაპირებ გაგრძელებას“, – აღნიშნავდა მოგონებებში მლოკოსევიჩი. მან მთელი ცხოვრება ლაგოდეხში გაატარა, სწორედ ამ ადგილმა მოუტანა აღიარება, როგორც მეცნიერ – ნატურალისტს.

ლუდვიგ მლოკოსევიჩს განათლებული, თვითმყოფადი, შრომისმოყვარე მეცნიერის სახელიჰქონდა.

1879 წელს მან მეტყევედ დაიწყო მუშაობა. ტყის მახლობლად,  ხალხისგან მოშორებულ ადგილას, ქვითკირის სახლი ააშენა და მთელ დროს ლაგოდეხის ბუნების შესწავლას უთმობდა, იკვლევდა როგორც მთის მცენარეულობას, ისეცხოველთა სამყაროს. მოგვიანებით მრავალი წლის დაკვირვების შედეგები წიგნად გამოსცა, რომელშიც ლაგოდეხში გავრცელებული არაერთი სახეობის მცენარე თუ ფრინველი აღწერა. ის ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, სწავლობდა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთის ბუნებას. კახეთში ჩამოიტანა თამბაქოსა და სხვა სამხრეთული კულტურების ნერგები, შეისწავლა ვაზის ჯიშები.

 

ლუდვიგ მლოკოსევოჩმა სახლთან ახლოს დენდრარიუმი მოაწყო, სადაც
ეგზოტიკური მცენარეების აკლიმატიზაციას აკვირდებოდა (ხებუერი, თეთრიაკაცია, კორპის ხე, ამერიკული კაკალი, ბამბუკი და სხვა), შემოჰქონდა ნერგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მლოკოსევიჩი ხილისა და დეკორატიული მცენარეების ნერგებს ურიგებდა ადგილობრივ მკვიდრებს.

თავად უმაღლესი განათლება არჰქონდა, მაგრამ მის დაკვირვებულ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ახალი სახეობების შესწავლის მიზნით, ჰერბარიუმებისთვის, მუზეუმებისთვის, მეგობარი მეცნიერებისთვის სხვადასხვა ნიმუშს აგროვებდა და ექსპედიციებიდან ყვავილების, პეპლების, ფრთოსნების კოლექციებითა და ახალი სამეცნიერო აღმოჩენებით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა. თავის ღვაწლს მოკრძალებულად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ უფრო შეძლებული რომ ყოფილიყო გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებდა.

1895 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური მუზეუმის კორესპოდენტად ირჩევენ, 1896 წელს კი აჯილდოებენ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედლით–კავკასიის ფლორის შესწავლისათვის. იგი იყო თბილისის ბუნებისმეტყველების მოყვარულთა საზოგადოებისა და ალპური კლუბის წევრი.

 

ლუდვიგ მლოკოსევიჩთან მუდმივი მიმოწერა ჰქონდათ საქართველოს, სომხეთის, მოსკოვის, პეტერბურგის ბოტანიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ცნობილ მეცნიერებს. მას მიმართავდნენ რჩევისათვის, უთანხმებდნენ და სთხოვდნენ ერთობლივი ექსპედიციების მოწყობას, ხდებოდა სამეცნიერო დაკვირვებებისა და ნაშრომთა საქმიანი გაცვლა-გამოცვლა. სულ მალე იგი მთელმა ევროპამ გაიცნო: ,,იყო კავკასიაში, არ ესტუმრო და არ ნახო მლოკოსევიჩი თავის ბინაში, ეს იგივეა, რომ ჩახვიდე ომში და არ ნახო რომის პაპი,“ – იხსენებდა მოგონებებში ერთ-ერთი მოგზაური.

ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსება ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელს უკავშირდება. 1875 წელს მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ლაგოდეხის მთებში მობინადრე როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) ევროპულისგან განსხვავდებოდა. რამდენიმე ინდივიდი მან იმ დროის მოწინავე მეცნიერებს გაუგზავნა და მათი შესწავლა სთხოვა- „ექსპედიეციებში ხშირად ვხედავდი როჭოს, გარეგნულად განსხვავდებოდა ევროპული სახეობისგან. მის შესახებ მონადირეებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და მეცნიერებს ვეკითხებოდი, მაგრამ ყველა მიმტკიცებდა, რომ მათ შორის განსხვავება არ იყო, შესაბამისად, არ წარმოადგენდა საინტერესო სახეობას. თავიდან ჩავთვალე, რომ ჩემი დაკვირვებული თვალი მატყუებდა,  მაგრამ, საბოლოოდ, ცნობისმოყვარეობას ვერაფრით ვძლიე და შესასწავლად რამდნიმე მათგანი ბუნებიდან ამოვიღე. დათვალიერების შედეგად ეჭვი გამიმართლდა, ის მართლაც ძალიან განსხვავდებოდა ევროპული როჭოსგან. უფრო ზუსტი მტკიცებულებისთვის მისი ეგემპლარები ვარშავაში ცნობილ ორნითოლოგ გ. ტაჩანოვსკისთან გავაგზავნე, რომელმაც დაადგინა, რომ ეს იყო როჭოს სრულიად ახალი და საკმაოდ საინტერესო სახეობა.“

ლუდვიგ მლოკოსევიჩმა ლაგოდეხში ფლორისა და ფაუნის 60-მდე სახეობა აღმოაჩინა. მრავალ აღმოჩენას მისი სახელიც ჰქვია. მათ შორისაა მლოკოსევიჩის იორდასალამი (Paeonia mlocosewitschii), რომელიც ენდემური სახეობაა და ლაგოდეხშია გავრცელებული, იულიას ფურისულა (Primula Juliae), რომელსაც თავისი ქალიშვილის სახელი უწოდა, ასევე კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), რომლის შესახებ ჩანაწერები პარიზელ ზოოლოგს არტურ ვაგეს გაუგზავნა.

1889 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩმა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების საკითხი დასვა. აკადემიამ  ამ საკითხის შესასწავლად ლაგოდეხში ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლაი კუზნეცოვი მიავლინა. მათ ერთობლივად რამდენიმე ექსპედიცია მოაწყვეს. ამ ექსპედიციების შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობის მცენარეული საფარი აერთიანებს უიშვიათეს მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა ენდემური სახეობებია.

1911 წლის   8 ივნისს კუზნეცოვმა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე კვლავ დასვა ლაგოდეხის ხეობის, როგორც ბუნების უნიკალური ძეგლის დაცვის საკითხი. რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ ამ საკითხის მოსაგვარებლად სპეციალური კომისია შექმნა და 1912 წელს ხეობის 3500 ჰა ნაკრძალად გამოაცხადა. ტერიტორიაზე აიკრძალა ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება.

ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებას ლუდვიგ მლოკოსევიჩი თავად ვერ მოესწრო. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა მისმა მეგობარმა და თანამოაზრემ, ტფილისის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ – თანამშრომელმა და იურიევის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნ.ი.კუზნეცოვმა.

მლოკოსევიჩი 1909 წელს, დაღესტანში, ექსპედიციაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლაგოდეხში, სლობოდკის (კალინოვკის) რუსულ სასაფლაოზე.

მლოკოსევიჩის საქმის დღევანდელი გამგრძელებელია განათლებით ისტორიკოსი ვალერი ოღიაშვილი. წარსულის პროფესიულმა ცოდნამ დააინტერესა ის მლოკოსევიჩით და ამ ინტერესმა იქამდე მიიყვანა, რომ, ფაქტობრივად, ტყის მცველი გახდა. ვალერი თვლის, რომ მლოკოსევიჩის მიერ დაგროვებული გამოცდილება გამოადგება როგორც ვიწრო სპეციალისტს, ასევე ლაგოდეხის ყველა მკვიდრს.

ვალერი ამბობს, რომ ასეთი ხალხის დავიწყება არ შეიძლება. ის ხშირად აწყობს მლოკოსევიჩისადმი მიძღვნილ გამოფენებს, ბავშვებს უყვება ლეგენდარულ ეკოლოგზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეგზოტიკური მცენარეები დღესაც გვხვდება ლაგოდეხში ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყოველ ბაღსა თუ ეზოში. სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა თუ აზიის ფლორა ყოველ ნაბიჯზეა. ესენია: პალმები და ბანანები, საოცარი ყვავილები, შროშანები, ორქიდეები, გვიმრები და სურო. ეს ყველაფერი კი სწორედ მლოკოსევიჩის მიერ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შექმნილი დენდრო პარკის წყალობით.

2003 წელს დაცული ტერიტორიის გაფართოებისა და მის ფუნქციონირებაში ახალი სფეროს – ტურიზმის განვითარების ინტეგრირების მიზნით, ლაგოდეხის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ორი დაცული ტერიტორია: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი. შედეგად, ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიამ ბუნების დაცვის პარალელურად, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციაც შეიძინა.

დღეს ლაგოდეხს საკმაოდ ხშირად სტუმრობენ უცხოელი ბიოლოგები და ეკოლოგები. ათასი სირთულის მიუხედავად, უნიკალური ნაკრძალი დღესაც არსებობს. ლუდვიგ ფრანცის ძე კმაყოფილი იქნებოდა.

 

გამოყენებულილიტერატურა – ლუდვიგ მლოკოსევიჩი –  „ავტობიოგრაფია.“
ჯემალ ხაჩიძე –  „ლუდვიგ მლოკოსევიჩი, ქართველი ხალხის პოლონელი მეგობარი.“

პეტრე ზგონნიკოვის საიტი – lagodekhi. net

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები