რეკლამაspot_img

ნუგზარ ზაზანაშვილი

ბუნების დიდი გულშემატკივარი და დამცველი, ეკოლოგი, გეოგრაფი, პოეტი და პუბლიცისტი  ნუგზარ ზაზანაშვილი 2021 წლის 10 მაისს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ ზაზანაშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. მან ასევე დაამთავრა ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში, სადაც 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის ეკოლოგიურ-გეობოტანიკური კარტოგრაფირება“.

80-იანი წლებიდან ნუგზარ ზაზანაშვილი ჩაბმული იყო გარემოსდაცვით მოძრაობაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან ის აქტიურად ჩაერთო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) საქართველოს პროგრამის განვითარების პროცესში და შემდგომ პერიოდში იკავებდა WWF-ის კავკასიის პროგრამის ოფისის კონსერვაციის დირექტორის თანამდებობას.მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების, სახეობათა კონსერვაციისა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი მართვის გამოყენების მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი კონსერვაციული პროექტი საქართველოსა თუ კავკასიაში.

2008 წლიდან ნუგზარ ზაზანაშვილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის კითხულობდა ლექციებს ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით, მათ შორის – ბიოგეოგრაფიას, დაცული ტერიტორიების მართვას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას მდგრადი განვითარების პარადიგმის კონტექსტში. მისი სამეცნიერო ინტერესი იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა, ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება.

ნუგზარ ზაზანაშვილი მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორია. მას გამოქვეყნებული აქვს სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსები და ლიტერატურული წერილები 1980 წლიდან იბეჭდებოდა.იგი 5 კრებულის ავტორია. მისი ლექსები პირველად 1981 წელს გამოქვეყნდა. ლექსების პირველი კრებული – „ასეთი დროა“ 1998 წელსგამოიცა, ხოლო მისი ბოლო პოეტური კრებული – ,,წავა წავა წავა“2020 წელს დაიბეჭდა.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები