რეკლამაspot_img

ინგლისური ბაღები და ფილიპ მილერის ლექსიკონი

ინგლისელმა მებაღემ ჯონ გარდენერმა 1440-1450 წლებში შექმნა მებაღეობა–მეხილეობის პირველი თეორიული სახელმძღვანელო.მეთექვსმეტე საუკუნეში, ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის – ელიზაბეტ პირველის (1558-1603) მმართველობის პერიოდში ინგლისში დაიწყო ახალი მცენარეების მასობრივი შემოტანა მთელი მსოფლიოდან.ბოტანიკა მეცნიერების დარგად ჩამოყალიბდა.

ინგლისური ბაღები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, რაც ამ ქვეყნის ნესტიანი კლიმატისა და მცენარეთა სამყაროს მიმართ ბრიტანელების ტრადიციული სიყვარულით არის განპირობებული.ევროპულ და იაპონურ ბაღებთან შედარებით, ისინი პირველყოფილი, ველური სილამაზითა და ბუნებრივ ლანდშაფტთან მაქსიმალური მიახლოვებით გამოირჩევიან.

ინგლისური ბაღის ისტორია სამ პერიოდად იყოფა:თავდაპირველად ბაღს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა.პირველი მებაღეები იყვნენ ქრისტიანი ბერები.მათ მოჰყავდათ საკვებად გამოსაყენებელი ბოსტნეული და სამკურნალო მცენარეები.

ბრიტანელები მეთხუთმეტე საუკუნეს უილიამ კეკსტონის (1422-1491) ეპოქას უწოდებენ. ამ პირველი მბეჭდავის მიერ გამოცემულმა წიგნებმა დიდი გავლენა იქონია ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებაზე, ჩამოაყალიბა ინგლისური ენის თანამედროვე სტილი.

ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ორნიტოლოგმა უილიამ ტერნერმა (1508-1568) ბრიტანული ფლორის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის პირველი მცდელობა ჩამოაყალიბა წიგნში „ბალახთა ახალიკრებული“–„A new Herball“. ავტორმა გამოცემა მიუძღვნა დედოფალ ელიზაბეტს. ორტომეული 1551 და 1562 წლებში დაიბეჭდა.ამ პერიოდიდან ინგლისური ბაღი თავისი არაჩვეულებრივი ლანდშაფტური დიზაინით ხელოვნების ნიმუშად გადაიქცა.

1673 წელს  ლონდონის ისტორიულ რაიონში – ჩელსიში – დაარსდა სააფთიაქო ბაღი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის შემდეგ მეორე იყო დიდ ბრიტანეთში არა მარტო თავისი ასაკით,არამედ სიდიდითაც. ჩელსის ბაღი ფარმაცევტთა საზოგადოებამ შექმნა ჯონ დანვერსის ბაღის ნაკვეთზე. ბაღის ტერიტორიაზე აგებულ სახლს„Danvers House“-სუწოდებენ. ის 1696 წელს დაანგრიეს, რათა აეშენებინათ დანვერის ქუჩა. ჩელსის ქონება, დაახლოებით 1,6 ჰექტარი,1713 წელს დოქტორმა ჰანს სლოანმა შეიძინა.მან ბაღი 1722 წელს განუსაზღვრელი ვადით იჯარით გადასცა ფარმაცევტთა საზოგადოებას. სანაცვლოდ სლოანი ითხოვდა წელიწადში 5 ფუნტ სტერლინგს მხოლოდ იმ პირობით, რომ ბაღი მოამარაგებდა ლონდონის სამეფო საზოგადოებას წელიწადში 50 ჰერბარიუმის ნიმუშით, სანამ საერთო რაოდენობა არ მიაღწევდა ორ ათასს. ჰანს სლოანი გახლდათ ლონდონის სამეფო საზოგადოების ხელმძღვანელი და სწორედ აქედან მომდინარეობდა მისი ინტერესი.

 

ჩელსიის სააფთიაქო ბაღის ოქროს ხანა დაიწყო 1722 წელს,მაშინ, როდესაც მის ხელმძღვანელად დაინიშნა ინგლისელი ბოტანიკოსი და ნატურალისტი ფილიპ მილერი (1691–1771). იგი სიკვდილამდე, თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ემსახურებოდა და უძღვებოდა სააფთიაქო ბოტანიკურ ბაღს. მილერი აწარმოებდა მიმოწერას სხვა ბოტანიკოსებთან და გასამრავლებელი მცენარეების თესლებს მთელი მსოფლიოდან იღებდა. მისი დამსახურებით მრავალმა მცენარემ განიცადა აკლიმატიზაცია ინგლისში. „Chelsea Apothecary Garden“ იქცა  მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვან ბოტანიკურ ბაღად.

შოტლანდიური წარმოშობის ინგლისელი ბოტანიკოსი- ფილიპ მილერი გახლდათ ველური ბუნების სისტემატიზატორი, ბოტანიკური ტაქსონების დასახელებების ავტორი. ბოტანიკურ ნომენკლატურაში ამ სახელებს ემატება აბრევიატურა„Mill.“. ასეთი ტაქსონების ჩამონათვალი ინტერნეტ საიტზე გვხვდება „IPNI“ – ით, ზოგიერთ პუბლიკაციაში იყენებენ ავტორის სახელისთვის განსხვავებულ აბრევიატურას  – „P.Mill“.

ფილიპ მილერის პროფესიული ცოდნა ძალიან ღრმა იყო იმ დროისთვის. ის გახლდათ ცნობილი ბოტანიკოსების – უილიამ აიტონის და უილიამ ფორსაიტის მასწავლებელი.

ფილიპ მილერი მრავალი საბუნებისმეტყველო ნაშრომის ავტორია. მათ შორის იყო პოპულარული ბოტანიკური ცნობარი„მებაღეობის ლექსიკონი“ – „The Gardeners Dictionary“.საქვეყნოდ ცნობილი და ხშირად ციტირებული ბოტანიკური ცნობარის  პირველი გამოცემა დაიბეჭდა 1731 წლის აპრილში. წიგნმა მაშინვე ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მომდევნო წელს მისი უნებართვო ასლი გამოვიდა დუბლინში.„ლექსიკონი“ იქ დაიბეჭდილ მრავალ პირატულ წიგნს შორის ერთ-ერთი მრავალტირაჟიანი გამოცემა გახლდათ. ის მებაღეთა სამაგიდე წიგნად გადაიქცა. მართალია, გამოცემა ძირითადად ბრიტანელი მებაღეებისთვის იყო განკუთვნილი და მცენარეთა კულტივირებას ეხებოდაინგლისის კლიმატური პირობებისათვის, მაგრამ იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.

„The Gardeners Dictionary“–ის ფრანგულ ენაზე თარგმნილი გამოცემა „Dictionnaire des Jardiniers et des Cultivateurs“ დაცულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში.ეგზემპლარს თავფურცელზე ახლავს ბეჭდები: „Тифлисская публичная библиотека“საიმპერატორო ორთავიანი არწივის გამოსახულებით და„საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა“.

ავტორის სიცოცხლეში გამოიცა ლექსიკონის რვა ტომი. წიგნში მოცემულია ხილის, ბოსტნეულის, ვაზის, სამკურნალო ბალახების, ხემცენარეების სახეობები, მათი ლათინური სახელწოდებები ინგლისური შესატყვისებით, გავრცელების ისტორია, ახსნილია სხვადასხვა ტერმინები, რომლებიც გამოიყენება ბოტანიკასა და მებაღეობა-მებოსტნეობაში. იქვემოცემულია პრაქტიკული დავალებები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესასწავლად, განხილულია მცენარეთა მოვლა-მოყვანის მეთოდები, ველური ბუნებიდან მათი ბაღში გადმოტანისა და მოშენების წესები. ყურადღება აქვს დათმობილი ზამთრის ბაღში მცენარეთა მოვლა-მოყვანის რჩევებს. მერვე ტომში მოცემულია მებაღეობა-მევენახეობის საკითხები.

მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისში დაიწყო მთელი მსოფლიოდან  ახალი მცენარეების მასობრივი შემოტანის მეორე ტალღა. მილერის სახელმძღვანელოში აღწერილი, კლასიფიცირებული და დახასიათებული იყო მრავალი მათგანი.

მილერი უარყოფითად იყო განწყობილიშვედი ბიოლოგის, ბუნებისმეტყველისა და ექიმის კარლლინეის(1707-1778) ახალი ბიომინური ნომენკლატურის მიმართ. ლინეი გახლდათ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1762). იგი მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიკას.

ფილიპ მილერი ამჯობინებდა ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორისა და ჯონ რეის კლასიფიკაციას, მაგრამ მოგვიანებით მილერი მთლიანად გადავიდა ლინეის სისტემაზე. 1768 წელს გამოცემული „მებაღეობის ლექსიკონის“ მერვე ტომი მხოლოდ ლინეის კლასიფიკაციას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთი ბოტანიკური გვარი – მაგალითად, ლარიქსი(Larix)  და ვანილი(Vanilla)- მან აღწერა ლინეის სისტემის შესაბამისად. ამ ორი გვარის აღწერილობა ავტორმა დაბეჭდა ლექსიკონის მეოთხე გამოცემაში, რომელიც ჯერ კიდევ 1754 წელს გამოვიდა.

სადა და დახვეწილია „Dictionnaire des Jardiniers et des Cultivateurs“გამოცემის მხატვრული გაფორმება. რვატომეულის თითქმის ყველა თავფურცელზე განსხვავებული გრავირებული ვინიეტია. რვიდან შვიდი ტომის ყუა მაქმანისებური ორნამენტითაა გაფორმებული.

ფილიპ მილერის მარჯვენა ხელი გახლდათ ჯონ მილერი (1715-1792), იგივე იოჰან სებასტიან მილერი. ის იყო გერმანელი გრავიორი და ბოტანიკოსი. ფილიპი დაიბადა ნიურნბერგში, განათლება მიიღო იოჰან კრისტოფ ვეიგელის ხელმძღვანელობით და 1744 წელს ჩამოვიდა ინგლისში თავის ძმასთან, ტობიასთან ერთად. ტობიასი გახლდათ გრავიორი არქიტექტურის განხრით. ჯონ მილერი ლონდონში დარჩა მთელი ცხოვრების განმავლობაში. იგი მუშაობდა ჩელსიში ფილიპ მილერთან.

ჯონ მილერის ნამუშევრები შედიოდა 20ნაწილიან სერიაშიც – „Illustratio Systematis Sexualis Linnaei“. ეს გამოცემა, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა კარლ ლინეის სისტემატიკის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ინგლისელ მკითხველებს ეხმარებოდა გარკვეულიყვნენამ სისტემაში.

 

ჯონ მილერი ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობდა, თუმცა მისი ჯონ სტიუარტთან თანამშრომლობის შედეგად 1785 წელს გამოიცა ერთობლივი ნაშრომი „ბოტანიკური ტაბულები“ – „The Botanical Tables“.  გარდა ამისა, ის ქმნიდა პეიზაჟებს.თავისი ნამუშევრები  გამოჰქონდა სამეფო აკადემიაში არსებულ ხელოვნების საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც 1762-1788 წლებში იმართებოდა.

ბოტანიკური სახელის მითითებისას იყენებდნენ ამ პიროვნების, როგორც ავტორის აბრევიატურას. ჯონმილერი თავის პირველ ნამუშევრებს ხელს აწერდა, როგორც „J.S. Müller“ ან „J. S. Miller“, 1760 წლის შემდეგ კი – მხოლოდ ჯონ მილერის სახელით.

ჯონ მილერი ორჯერ იყო დაქორწინებული და ოცდაშვიდი შვილი ჰყავდა. მათგან ორი ვაჟი – ჯონ ფრედერიკ მილერი და ჯეიმს მიულერი ან მილერი, ასევე  ცნობილი ილუსტრატორები გახდნენ.

ფილიპ მილერის ლექსიკონმა უდავოდ დიდი როლი შეასრულა არა მარტო ინგლისის,  არამედ მთელი ევროპის ბოტანიკური მეცნიერების განვითარებაში.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები