სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეისათვის თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია მოქცეული. მეცხრამეტე საუკუნესა(რუსეთ თურქეთის ომის შემდეგ 1877-1878წ) და მეოცე საუკუნის დასაწყისში მრავალი ექსპედიცია მოეწყო ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, მრავალი მკვლევარ-მოგზაური აფიქსირებდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაში ამა თუ იმ ელემენტის არსებობას ქართული კულტურიდან. ასეთ ელემენტებს დღესაც შევხვდებით მეტ-ნაკლები ინტენსივობით. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ,1921 წლის თებერვალში,ბოლშევიკური რუსეთიაქტიურად შეუდგა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დანაწილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამ სიტუაციაში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ყარსში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ისტორიული მხარეების ნაწილი ოსმალეთს გადასცა, საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ საქართველომ თავისი მიწა-წყლის ნაწილი დაკარგა. 1921 წლიდან მოყოლებული 90-იანი წლების დასაწყისამდე ქართველი მკვლევრები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ამ ისტორიულ მხარეში სამეცნიერო კვლევა-ძიება ეწარმოებინათ. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და თურქეთის სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგება დაიწყო, ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყოთ და დღესაც გრძელდება ასეთი ექსპედიციები ტაო-კლარჯეთში, თავადაც მრავალი ექსპედიციის წევრი გახლდით ამ მხარეში.
ქართველთა ისტორიული ძნელბედობის მიუხედავად, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და მისი მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა და დღესაც ინარჩუნებს ქართული კულტურის მახასიათებლებს. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ხშირად შევხვდებით ეთნოლოგიურ მასალას, რომელსაც ცალსახად ქართულ ფესვებთან აქვს კავშირი.
მასალის გაანალიზებისას ვიგებთ, რომ ართვინსა და თურქეთის სხვა ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრებმა ქართველებმა, ისტორიულ სამშობლოსთან დიდი ხნის თანაცხოვრების წყვეტის მიუხედავად, ყოფითი კულტურის მახასიათებლები კვლავაც შეინარჩუნეს. ართვინის ვილაიეთის ადგილობრივ ქართველებში დანარჩენ საქართველოსთან ყველაზე დიდი კავშირი თამარ მეფის ხსოვნასა და მის საკრალურ არსებობაზე გადის. დიდი მეფის ხატება საქართველოს ყველა მხრის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად შევხვდებით სხვადასხვა ადგილს, ხიდს, რუსა თუ ნაგზაურს, რომელიც, ადგილობრივ ქართველთა წარმოდგენით, თამარის აგებულია და მის სახელს ატარებს. ცხადია, ეს ყოველივე რწმენით დაკავშირებულია იმ დიდ და ძლევამოსილ წარსულთან, რომელიც სწორედ თამარ მეფის დროს იყო და მათი საამაყო წარმომავლობის ნაწილია, რომლითაც დღესაც საზრდოობს და ქართველობასთან ისტორიულ წარსულს აიგივებს.
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, თურქეთის რესპუბლიკაში, ისტორიული საქართველოს მხარე- ტაოში, მდებარეობს ართვინი. ართვინში დიდი აღმშენებლობა ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდგომი განვითარება, როგორც ართვინის, ისე მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი, ბაგრატიონებს უკავშირდება. იგი იყო ქართველთა სამეფოს განუყოფელი ნაწილი და ისტორიული ქარტეხილებიც ისევე გაიარა (შეიძლება უფრო რთულადაც), როგორც დანარჩენმა საქართველომ.
ართვინის გუბერნია (ვილაიეთი) დღეისათვის 7267 კვ.კმ-ს მოიცავს, რომელსაც არტაანის, ერზრუმის, ყარსისა და რიზეს გუბერნიები ესაზღვრება. ართვინის ტერიტორია საკმაოდ კლდოვანია, შუა კი მდინარე ჭოროხი ჩამოუდის, რომელიც დღეს დიდი კაშხლების წყლით მომარაგების წყაროდ აქციეს. ვინაიდან ართვინის მხარეში გავრცელებულია ერთის მხრივ, შავი ზღვის თბილი, ხოლო მეორეს მხრივ, კლიმატი, დაბლობებში კარგად ხარობს ხილისა და ბოსტნეულის მრავალი სახეობა. აქაურ ქართველებში დღესაც შემორჩენილია ტრადიციული ქართული კვებითი კულტურა. ტრადიციულ კერძებს განსაკუთრებით დღეობებზე ამზადებენ. ხალხში ისტორიული დღეობები დღესაც ცოცხალია და ადგილობრივები დღესაც აღნიშნავენ. ასეთი დღეობებია: მარიობა და შუამთობა, ასევე ტრადიციულად აწყობენ ბუღების დაჭიდებას. ამ ღონისძიებისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან და ხშირად ბუღებს სწორედ ამ დღისთვის ზრდიან. ადგილობრივებში ეს ღონისძიება „კავკასორსის“ სახელითაა ცნობილი. ეთნოგრაფიულად დადასტურებულია, რომ ამ ტიპის პაექრობა საქართველოს სხვა მხარეებშიც იმართებოდა.
1877-1878 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ, ართვინი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. ოსმალეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა თურქეთის ქალაქებში გადასახლების საშუალება. მიგრაციულ პროცესებს ორივე მხარე აქტიურად უწყობდა ხელს. რუსეთი მისთვის არასასურველ მოსახლეობას იშორებდა, ხოლო ოსმალეთი სანდო ხალხს ასახლებდა თავის ცენტრალურ ტერიტორიებზე. ასე შეიქმნა მრავალი დასახლება ეთნიკური ქართველებისა ბურსის რეგიონში, სტამბოლში და სხვა დიდი ქალაქების სიახლოვეს. დღეისათვის საუკუნე–ნახევრის წინ გადასახლებული მოსახლეობა ზაფხულობით უბრუნდება მშობლიურ მიწა-წყალს. 2011 წლის თურქეთში მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ართვინის გუბერნიაში ცხოვრობდა 166 394 ადამიანი. ცხადია, ეთნიკური შემადგენლობის გამორკვევა ამ რაოდენობიდან ძალიან ძნელია, ვინაიდან თურქეთის კანონმდებლობით მოსახლეობის აღწერისას ეთნიკური კუთვნილება არ იწერება და ყველა თურქადაა მიჩნეული, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეთნიკურ ქართველთა ხვედრითი წილი დიდი უნდა იყოს. საქართველოს სამეფოს ზეობის პერიოდში მრავალი ციხე, ეკლესია თუ ხიდია აგებული, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ძეგლია აშენებული, რომელებიც დღეს მსოფლიო საგანძურის ნაწილია: ხანძთის მონასტერი, პარხლის მონასტერი, ტბეთის ტაძარი, არტანუჯის ციხე, სათლის ციხე, ფეთერექის ციხე, ბერთას ხიდი, დოლისყანის ეკლესია და სხვა უნიშვნელოვანესი ძეგლები, რომლებიც დღეს დიდი ზრუნვის საგნად უნდა იქცეს.
სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ოსმალეთის მიერ მწვავედ დადგა ეთნიკური ქართველების გამაჰმადიანების საკითხი. ქართველი მოსახლეობის ნაწილმა ამ მოცემულობიდან თავის ასარიდებლად კათოლიკობა მიიღო. კათოლიკე ქართველების სულიერი მწყემსვა ლათინი სასულიერო პირების ნაცვლად სომეხ კათოლიკეთა სამღვდელოებას დაეკისრა, ასევე, მათი აქტიური მოთხოვნით, წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე აღესრულებოდა, ამას გარდა სომხეთის სამღვდელოება აქტიურად ერეოდა ქართველთა ცხოვრებაში და გარკვეულ წნეხშიც მოაქცია ეთნიკური ნიშნით, რასაც ქართული მოსახლეობა სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა ართვინის მხარეშიც. ამ პრობლემას ქართველმა საზოგადოებამ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მიაქცია ყურადღება, რაც აისახებოდა იმდროინდელ პრესაში. იმ პერიოდის გაზეთები – „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „ივერია“, „მწყემსი“, „კვალი“ და სხვა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ართვინს, მის გეოგრაფიულ დახასიათებას, იქაური მოსახლეობის ეთნიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის აღწერას, რელიგიურ ვითარებას, ენობრივ მდომარეობას ეთნიკურ ქართველებში. განსაკუთრებულად შუქდებოდა ქართველთა ეთნიკური თვითშეგნებისა და წარმომავლობის საკითხები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პრესის ფურცლებიდან ავტორები დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას აცნობდნენ ართვინში მიმდინარე ამბებს. კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის ამსახველ სტატიებს დიდი ადგილი ეკავა აღნიშნული პრესის ფურცლებზე.
მნიშვნელოვანია თვალი გადავავლოთ იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რაც საუკუნე–ნახევრის წინ ართვინში ხდებოდა და ასევე საინტერესოა გავეცნოთ, თუ როგორ ეხმაურებოდა ამ ყოველივეს ქართული პრესა. გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 1896 წლის 4 ნოემბრის ნომერში ვკითხულობთ: „ართვინელების სამდურავი: ართვინში ფოსტა მხოლოდ ერთხელ მოგვდის კვირაში და ამიტომ აქაურები საფუძვლიანად სჩივიან ამის გამო. ართვინი უმთავრესი ქალაქია მთელის ოლქისა და სამართალიც მოითხოვს, რომ იქ სამჯერ მაინც მივიდეს კვირაში ფოსტა. უეჭველია ამ გარემოებას ყურადღებას მიაქცევს ბ.ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი.“
გაზეთი „ივერია“ (1893წ. 10 ივლისი) კი გვამცნობს საინტერესო ამბავს: „ჩვენ მივიღეთ ართვინიდამ, ბ-ნ მ.მრევლიშვილისაგან, 60 მან. ნ. ბარათაშვილის სახელობაზედ დაარსებულ სალიტერატურო ფონდის სასარგებლოდ. ეს ფული შეუგროვებიათ პ.მიქელაძესა და ნ.აბაშიძეს ართვინის ქართველთა შორის. ‘’
კვლავ გაზეთი ივერია გვამცნობს(1898, 11 მოემბერი): „წელს ართვინის ოლქში ღვინის მოსავალი შარშანდელზედ უკეთესი იყო. ყურძენი იყიდებოდა ფუთი 60-80 კაპეიკად, მაჭარი – ერთი ბათმანი 60 კაპ. სიმინდის მოსავალი საშუალოზედ ნაკლები იყო. ზეთისხილი, ზამთრის ყინვების გამო ნაკლები მოვიდა, ვიდრე წინა წლებში“.
უაღრესად საინტერესო სტატიას ვხვდებით გაზეთ „კვალის“ 1903 წლის 18 მაისის ნომერში: „ქალაქ ართვინის მცხოვრებლები არიან სომხები და მცირე ნაწილი მაჰმადიანი ქართველებიც. არიან საკმაოთ ქრისტიანი ქართველებიც. ეს ქალაქი დღეს-დღეობით პირველყოფილ მდგომარეობაშია. მთელ ქალაქში არ მოიპოვება ერთი ბიბლიოთეკა; ბიბლიოთეკას დავეთხოვოთ, წიგნის მაღაზიაც კი არ არის. ასე განსაჯეთ, ჟურანალ-გაზეთებსაც კი იშვიათად შეხვდებით“.
უღრესად მნიშვნელოვან ცნობას ვაწყდებით გაზეთ „ამირანის“ 1908 წლის 26 ივლისის ნომერში: „ როგორც ვწერდით, ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადასწყვიტა ართვინის ოლქში, სოფელ ჭინკათხევში, ქართველ მაჰმადიანთათვის გამართოს ერთკლასიანი სასწავლებელი ოთხი წლის კურსით. ამ დღეებში საზოგადოების გამგეობამ ჭინკათხევის მომავალ სკოლის სასწავლო გეგმა გაუგზავნა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს და სთხოვა, შუამდგომლობა გაუწიოს საზოგადოებას სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე, ნება დაერთდოს სკოლის დაარსებისა“.
ამ სანიმუშოდ წარმოდგენილი საგაზეთო პუბლიკაციებიდან ნათლად ჩანს ქართული საზოგადოების უდიდესი ინტერესი და მზრუნველობა საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის, ართვინისა და მისი მოსახლეობის მიმართ. თითოეული სტატიის გაანალიზებისას თვალსაჩინოა ქართული ელიტის ინტერესი ართვინის ოლქის კულტურული ცხოვრების, სამეურნეო თავისებურებებისა და ყოველდღიური ყოფის მიმართ. ასევე ვლინდება ცხოველმყოფელი ინტერესი განათლების გაღრმავების თვალსაზრისით. ნიშანდობლივია, ართვინი და მისი მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსათვის ყოველთვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და სწორედ ამით არის განპირობებული განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა.