რეკლამა

ინტერვიუ თბილისის მერთან

  1. ქალაქის მერობის 4 წლის თავზე – თბილისი უფრო „მწვანე ქალაქია“?

დიახ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უფრო მწვანე ქალაქია. ამაზე მეტყველებს კონკრეტული რიცხვები, კერძოდ, ჩემი მერობის პერიოდში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია; გარდა ამისა, დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი, მათგან –73 000 ხე და 142 000 ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე. ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 მწვანე ნარგავს; 500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო და დაითესა ბალახი; ნიადაგის მულჩირება 40 000 კვ.მ-ზე განხორციელდა; სანიტარიული ჭრა ჩაუტარდა 70 000 დაავადებულ ფიჭვის ხეს; 20 ჰექტარზე,ტყის გაშენების მიზნით, დაირგო 28 000 მწვანე ნარგავი.

ასევე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მშენებლობის სტანდარტში ცვლილებები შევიტანეთ და მშენებლებისგან მოვითხოვეთ დენდროლოგიური პროექტი, მათ ბოლო წლების განმავლობაში, 17 ათასამდე ძირი ხის დარგვის ვალდებულება აიღეს. გარდა ამისა, ახალი გენგეგმის საფუძველზე, დაახლოებით 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა და ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მთაწმინდის ფერდზე ხორციელდება.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქი უფრო მეტად გამწვანებულია და მწვანე არეალებიცმოვლილია. ამის მიუხედავად, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საკმარისი არ არის და გვაქვს რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ თბილისში გაჩნდება მწვანე სივრცეები, რომლებიც მომავალში ქალაქის სავიზიტო ბარათად გადაიქცევიან.ესენია, ფონდ „ქართუს“ მორიგი საჩუქარი თბილისს – ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის პროექტი; ვარკეთილის ხევსა და თემქის ხევში პარკების მოწყობის პროექტები, ასევე – რიგის პარკისა და ვაკის პარკის რეაბილიტაცია.

2. ჰაერის კონტროლის რა მექნიზმები გააჩნია მერიას და რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია რიგითი თბილისელისთვის?

ჰაერის კონტროლს ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში ჰაერის ხარისხის კონტროლი. ამ მიზნით თბილისის მასშტაბით დგება ყოველთვიური ბიულეტენი, რომელშიც ქუჩებისა და უბნების მიხედვით არის მოცემული ჰაერის ხარისხი და მისი როგორც გაუმჯობესების, ასევე გაუარესების დინამიკა. აღნიშნულ ბიულეტენს ყოველთვიურად ამუშავებს თბილისის მუნიციპალიტეტი. ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

3. რა ნაბიჯები გადაიდგა ნარჩენების მართვის მიმართულებით, განსაკუთრებით – ნაგავსაყრელების პრობლემის მოსაგვარებლად?

ამ მიზნით მიღებულია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტი, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. 2018  წელს ეს პროცესი არასამთავრობო სექტორთან ერთად დავიწყეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიით და დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილას, განვათავსეთ სეპარირების სტენდები.

ჯერ კიდევ ახლო წარსულში თბილისში არ არსებობდა სამშენებლო ნარჩენის ნაგავსაყრელი. დღეს კი გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც, სულ ერთი კვირის წინ, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დაიწყო ნარჩენის სეპარირება.  სეპარირების მიზანია, მოხდეს მეტალის, ხის, მინისა და პლასტიკის მეორად ნედლეულად გამოყენება.

ასევე, EBRD-თან თანამშრომლობით, ხორციელდება ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და ამავე პროექტით ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნაჟური წყლის გამწმენდი დანადგარი ჩანაცვლდება ახალი, უფრო თანამედროვე და მძლავრი დანადგარით. თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ყოველდღიურად შედის დაახლოებით 1200 ტონა ნარჩენი, რომლის განთავსება ხდება ევროპაში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად. პარალელურად მუშავდება პროექტი, რომლის მიზანია, ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ბიოგაზის შეგროვება. ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მუშავდება თბილისის ნარჩენების მართვის გრძელვადიანი სტრატეგია, რომლითაც შემდგომში განისაზღვრება ბიოგაზის ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის საკითხი.

4. მივესალმებით მშენებლობის ნებართვების აკრძალვას რეკრეაციული და სპორტული სივრცეების ხარჯზე, თუმცა როდის მივაღწევთ ისეთ სტანდარტებს, როცა მშენებლობის პროცესი ისე იქნება შეფუთული, რომ მტვერი არ აწუხებდეს გარშემო მაცხოვრებლებს?

ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მტვრით დაბინძურება, რომელიც ძირითადად წარმოიშობა მშენებლობის პროცესში ასევე მტვრიანი მასალის ტრანსპორტირებითა და მისი განთავსებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე.  ამ მიზნით, 2020 წელს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც აიკრძალაა მტვერებადი (სამშენებლო) მასალის ღია წესით ტრანსპორტირება, აიკრძალა მისი განთავსება ღია სივრცეში, ასევე, უშუალოდ სამშენებლო მოედანზე მისი განთავსება გადახურვის და შეფუთვის გარეშე. ამ რეგულაციებმა ერთი წლის შემდეგ მტვრით დაბინძურება 25%-ით შეამცირა.

5. რამდენად სრულყოფილია მერიის ხელთ არსებული ინფორმაცია მეწყერსაშიში ზონებისა და მათი სტატუსის შესახებ? რა ნაბიჯებს გეგმავთ მომავალში სიტუაციის უკეთ გაკონტროლების მიზნით?

მეწყრული უბნების ძიება-გამოვლენის მიმართულებით გარემოს ეროვნული სააგენტო მუშაობს. ჩვენ მათთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და პერიოდულად გვეგზავნება ინფორმაცია ქალაქში არსებული მეწყერსაშიში ადგილების შესახებ. მერია და გარემოს ეროვნული სააგენტო ერთობლივად წყვეტენ, სად არის საშიში მდგომარეობა, სად არის მისაღები დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებები და ზომები. ამის ნათელი მაგალითი იყო –შეშელიძის ქუჩაზე, ასევე ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებული მეწყერი, ასევე – მაჭავარიანის ქუჩა. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სააგენტო გამოავლენს გადაუდებელ საჭიროებას,  პროცესში ერთვებამერია მდგომარეობის გამოსწორების ან პროცესის შეჩერების მიზნით. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით გამაგრებულ მეწყერებზე დამონტაჟებულია მონიტორინგის სისტემა. ასეთი უბნებია: წყნეთი-სამადლოს გზაზე არსებული, გამაგრებული მეწყრული უბანი, ასევე, შეშელიძისა და მაჭავარიანის ქუჩებზე არსებული უბნები. ეს იძლევა გრძელვადიანი დაკვირვების შესაძლებლობას, რომ თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ შევაფასოთ მდგომარეობა.

  1. მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია განცხადებულმა და უკვე მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკამ, ვიხილავთ თუ არა ჭავჭავაძის გამზირის მოდელებს ქალაქის სხვა რაიონებშიც და რა კონკრეტულ შედეგებს ველოდებით აღნიშნული სატრანსპორტო პროექტის დასრულების შემდგომ?

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირი არის სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მულტიმოდალური ქუჩა დაგეგმილი. დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ჭავჭავაძის გამზირის ანალოგურ მიდგომას (პრიორიტეტი ქვეითებს, არამოტორიზირებულ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს) უნდა ველოდეთ ყველა ძირითად ქუჩაზე. თითოეული მათგანი დაპროექტდება ინდივიდუალურად, მისი გაბარიტებიდან დაარსებული გამწვანებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, სივრცე მოძრაობის ყველა მონაწილეს შორის თანაბარად გადანაწილდეს. აღნიშნული მიდგომა ზრდის ქუჩის გამტარუნარიანობას და ახალისებს მდგრადი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას საზოგადოებაში. ასევე, მიმზიდველს ხდის სხვადასხვა სარეკრეაციო თუ ბიზნეს აქტივობებისთვის.

მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, რომ ერთდროულად ბევრი ადამიანისსწრაფი და კომფორტული გადაადგილება იყოს შესაძლებელი, რისი უალტერნატივო საშუალებაცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება,  რადგან ქალაქის სივრცითი რესურსი შეზღუდულია, ხოლო მობილობის ყოველწლიური, დაახლოებით 30%–იანი,ზრდის პირობებში, შეუძლებელია მანქანების ამ რაოდენობას დავეწიოთ მხოლოდ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობით.

  1. გასაგებია, რომ ქალაქის ბიუჯეტი ლიმიტირებულია და ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრა შეუძლებელია, თუმცა მთაწმინდის ფერდისა (თბილისის ურბანული ტყე) და იპოდრომის (თბილისის ცენტრალური პარკი) პროექტები გვიჩვენებს, რომ კერძო სექტორის მონაწილეობა, ამ შემთხვევაში ფონდ „ქართუს“ინიციატივები, შეიძლება ეფექტიანად აისახოს ქალაქის განვითარების საერთო სურათში, არსებობს თუ არა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისგან მსგავსი ინიციატივები და თუ მუშაობს მერია ამ მიმართულებით თანხების მოზიდვის კუთხით?

ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები. რაც შეეხება კერძო ინიციატივებს,  „ქართუ“ ერთადერთია ამ მიმართულებით. თუ რომელიმე ბიზნესი ასეთ ინიციატივას გამოიჩენს, ცხადია, მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ.

  1. როგორია თბილისის მერის ერთი თავისუფალი დღე, რამდენად ახერხებთ ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გასვლას და რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ბუნებას?

დრო იშვიათად მაქვს, მაგრამ როცა ვახერხებ დასვენებას, ვცდილობ ის დღეები განსაკუთრებით მშვიდი და მწვანე იყოს ჩემი ოჯახისთვის. რა თქმა უნდა, ბუნება ყველაზე დიდი ენერგიის მომცემია ადამიანისთვის და სწორედ ამიტომ მინდა, რამდენადაც შესაძლებელია, დამღლელი ურბანული რიტმის გათვალისწინებით,  ბუნება ჩვენს საცხოვრებელ გარემოს მაქსიმალურად მივუახლოვოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ძალისხმევაც, გაამწვანონ თუნდაც საცხოვრებელი სახლების ეზოები, აივნები და ა.შ. რაც მეტს შევძლებთ ქალაქის მთავრობა, კერძო სექტორი და მოქალაქეები, უფრო მალე დაიძლევა ეკოლოგიური პრობლემები.

ყველა გარემოს დამცველის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობისთვის და გთხოვოთ, რომ ქალაქში არსებული ან ახლადშექმნილი რეკრეაციული სივრცის დაგეგმვისას მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბუნებრივი საფარი და ნაკლებად გამოვიყენოთ ნიადაგების დასაფარად ბეტონი,  რკინა და მოსაპირკეთებელი ხელოვნური ქვები.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები